კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიკვდილამდე შევაშინე



ჯერი ჰოგლანდმა მანქანა სანსეტისა და ბევერლის გადაკვეთაზე გააჩერა. მოწევას აპირებდა. ამ დროს რადიომიმღებში ოპერატორის ხმა გაისმა.
– ოცდამეშვიდე, სად ხარ? სასტუმრო „ბელ ეირის“ ჰოლში კლიენტი გელოდებათ.
ჰოგლანდმა მანქანა დაქოქა და სიბნელეში გაუჩინარდა. „ბელ ეირიდან“ კლიენტის აყვანა ტაქსისთვის დიდი ბედნიერება იყო, რადგან იქ ფულიანი ხალხი ჩერდებოდა.
ვიდრე კლიენტი მანქანამდე მოვიდოდა, ჯერი სიარულის მანერაზე მიხვდა, რომ „ნაყლაპში“ იყო.  მას გულზე სქელი პორტფელი ჰქონდა მიხუტებული, თითქოს ეშინოდა ქარმა არ მომტაცოსო. კლიენტმა მისამართი დაასახელა და  ჯერი მიხვდა, რომ ბევრს ვერაფერს გამორჩებოდა. იქამდე სულ ორი მილი იყო. თან პრეტენზიულიც აღმოჩნდა. ჯერის იმაზე აუხირდა, რატომ არ მელაპარაკები, ტაქსისტებს ხომ გიყვართ ენის მოფხანაო. ჯერიმ ისიც კი გაიფიქრა, მანქანას გავაჩერებ და შუა გზაში ჩამოვსვამო.
მანქანა დიდ შავ სახლთან გაჩერდა, რომელსაც კუბის ფორმა ჰქონდა. კლიენტი მანქანიდან ძლივს გადავიდა. მერე ფანჯარაში ხელი შემოყო და სავარძელზე ათდოლარიანი დააგდო. მრიცხველი დოლარს და ოც ცენტს უჩვენებდა. ვიდრე ჯერი ხურდას ეძებდა კლიენტი სიბნელეში გაუჩინარდა.
მხოლოდ ნახევარი მილი ჰქონდა გავლილი, რომ მიხვდა, რაც აწუხებდა. როდესაც მთვრალი მგზავრი სახლში შედიოდა, მას რაღაც აკლდა. ასეც იყო – სალონში პორტფელი იდო. ჯერიმ მანქანა გააჩერა. სამწუხაროდ, პორტფელში ფული არ აღმოჩნდა. ის საქმიანი დოკუმენტაციით იყო გატენილი. ჯერი უკან, გულმავიწყი კლიენტის სახლთან დაბრუნდა და პორტფელით ხელში კარისკენ გაემართა. მაგრამ ერთბაშად,  გასროლის მოგუდულმა ხმამ შეაჩერა. ვიდრე იდგა და ყურს უგდებდა, ერთი მეორის მიყოლებით, კიდევ ორი გასროლის ხმა გაისმა.
რაღაც ძალა ჯერის სახლისკენ ეწეოდა. სასტუმრო ოთახის ფანჯრიდან ჯერიმ ახალგაზრდა, ლამაზი, ქერა ქალი დაინახა. იმასაც მიხვდა, რომ იგი მის ტაქსის მისჩერებოდა. ჯერი უცებ  გაჩნდა კართან და ზარი დარეკა.
– რა... რა გნებავთ? – დაბნეულად იკითხა ქალმა, რომელმაც კარი მხოლოდ გარკვეული პაუზის შემდეგ გააღო.
ჯერი მაშინვე მიხვდა, რომ ქალი ისტერიკის ზღვარზე იყო.
– ჯენტლმენმა პორტფელის მოტანა მთხოვა, – იმპროვიზაციას მიმართა მან, სასტუმროში დარჩა და მითხრა, მომეტანა.
– კარგი, კარგი... – ძლივს ამოთქვა ქალმა, – გადავცემ...
– თქვენ ცოლი ხართ?
– არა. ოჯახის მეგობარი.
– ბოდიში, მაგრამ ასე არ გამოვა. პორტფელი პატრონს პირადად უნდა ჩავაბარო. შემოვალ და დაველოდები, თუ წინააღმდეგი არ ხართ.
ვიდრე ქალი პასუხს გასცემდა, ის სასტუმრო ოთახში შევიდა.
– რას აკეთებთ? – აღშფოთდა ქალი, – ახლავე გაეთრიეთ!
– თავი გააკონტროლეთ, – ჯერი სკამზე მოხერხებულად მოკალათდა. – მე არავის მოკვლას არ ვაპირებ. მე მხოლოდ პორტფელის პატრონისთვის მიცემა მინდა. თუ საჭირო გახდა, მზად ვარ აქ მთელი ღამე ვიჯდე.
– მგონი, ვხვდები, რაც გინდათ – ფული გაწეული სამსახურისთვის. თუ ასეა, ორმოცდაათი დოლარი გეყოფათ?
– ორმოცდაათი დოლარი? – ჩაფიქრდა ჯერი, – ეს ძალიან ბევრია ხუთდოლარიანი სამსახურისთვის, მაქსიმუმ ათ დოლარზე „გაქაჩოს“. მიკვირს, ამისთვის ორმოცდაათ დოლარს რომ მთავაზობთ. უფრო მეტიც, მე ეს მაშფოთებს. მეჩვენება, რომ თქვენ აქ ისეთ რამეს მალავთ, რაც ასჯერ უფრო ძვირია.
– ამით რისი თქმა გინდათ? – ქალმა სიგარეტს მოუკიდა, რომ დრო მოეგო.
– კარგი. დროა ეს სპექტაკლი დავამთავროთ. მე გასროლის ხმა გავიგონე.
ქალი აკანკალდა და სავარძელში ჩავარდა. შემდეგ ნელა ატირდა და სახე ხელებით დაიფარა.
– ეს უბედური შემთხვევა იყო, – ამოიკვნესა ქალმა.
– უბედური შემთხვევა სამი გასროლით? არ მჯერა. საინტერესოა, ვინ არის ის, ვისზეც ვლაპარაკობთ?
– ვანდერგრიფტი... ფლოიდ ვილსონ ვანდერგრიფტი. თავისი სიამოვნებისთვის ცხოვრობდა. მამამისმა 40 მილიონი დაუტოვა. გამოუსწორებელი ნაძირალა და სადისტი იყო.
ჯერი მეორე ოთახში გავიდა, სადაც იატაკზე მკვდარი ფლოიდ ვანდერგრიფტი ეგდო. სახეზე გაკვირვება შეყინვოდა, თითქოს ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ 40 მილიონი მას უკვდავებას ვერ უყიდდა.
– მან მაგიდაზე გადამაწვინა და მახრჩობდა, – აუხსნა ქალმა, – ვიცოდი, რომ ზედა უჯრაში პისტოლეტი იდო. როდესაც ვიგრძენი, რომ გონებას ვკარგავდი, გავისროლე.
– სახლში როგორ მოხვდით?
– ფლოიდმა თავად მომიყვანა. ვიჩხუბეთ. შემდეგ მას დაურეკეს. დამელოდეო, მითხრა და წავიდა. კაბინეტში ველოდებოდი, რომ დაბრუნდა. ჩემთან სექსი მოინდომა. მე უარი ვუთხარი. ეს გრძელი ამბავია. ჩვენ დიდი ხანი ვხვდებოდით ერთმანეთს. იგი ცოლთან განშორებას და დაქორწინებას მპირდებოდა. შემდეგ რამდენიმე ქალის წერილი ვიპოვე და მივხვდი,  ჩემზე არასოდეს დაქორწინდებოდა. როდესაც ვუთხარი, რომ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა. ფლოიდმა ასდოლარიანების ორი შეკვრა ამოიღო, მომაყარა და ჩემთან დაწოლა მოინდომა, თითქოს მიყიდა... – ქალმა ჩანთიდან დოლარების შეკვრა ამოიღო, –  არ გინდა, ერთი წელი სამუშაოსგან დაისვენო? ერთადერთი, რაც უნდა ქნა, უნდა გაჩუმდე.
– რატომ უნდა დავიჯერო, რომ სიმართლეს ამბობთ? – მოიღუშა ტაქსისტი. თუმცა, ფული ჯიბისკენ მაინც გააქანა.
– სიტყვაზე უნდა მენდოთ.
– კარგი... სად არის პისტოლეტი? აქ ყველაფერი უნდა გაწმინდოთ, რასაც კი შეხებიხართ.
ქალმა ყველაფერი შეასრულა. მერე ჯერის აკოცა.
– კარგი ბიჭი ხარ, არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო.
– აჯობებს,  ყოველი შემთხვევისთვის სავარძელზე გაწვეთ, – უთხრა ჯერიმ, როდესაც მანქანაში ჩასხდნენ, – სად ცხოვრობთ?
– „ბევერლი ჰილტონში” წამიყვანეთ. ჩემზე რაც ნაკლები გეცოდინებათ, მით უკეთესი იქნება, თქვენი უსაფრთხოებისთვის. იცხოვრეთ თქვეთვის და ბედნიერი იყავით.
– ის მაინც მითხარით, რა გქვიათ?
– ლაურა დამიძახეთ.
ქალი ოტელში შევიდა, ჰოგლანდმა ცოტა გაიარა და გაჩერდა. დარწმუნებული იყო, რომ ქალი სასტუმროში არ ცხოვრობდა. ლაურა ოც წუთში გამოვიდა, ტაქსიში ჩაჯდა და წავიდა. ჯერიც გაჰყვა.
მეორე დღეს, სადილის შემდეგ, ჯერი ლაურასთან სტუმრად წავიდა. ლაურა შავ საბანაო კოსტუმში იყო გამოწყობილი.
– მითვალთვალებდით, – გაბრაზდა ქალი, – როგორ არ გრცხვენიათ! მე ხომ გენდეთ. რატომ მოხვედით?
– არ ვიცი, – აღიარა ჯერიმ, – ალბათ, ცნობისმოყვარეობის გამო.
ქალი ოთახში შებრუნდა. ჯერიც მიჰყვა და კარი მოხურა.
– კიდევ ფული გინდა? – უთხრა მასპინძელმა, – ეს შანტაჟია. რამდენი?
– მაგისთვის არ მოვსულვარ. მრცხვენია, რომ თქვენი გამოუვალი მდგომარეობით ვისარგებლე და თქვენგან ფული ავიღე. დახმარება იმიტომ გაგიწიეთ, რომ თქვენი დავიჯერე. ფული კი იმპულსურად ავიღე. ვიფიქრე, ეს ცხოვრების თავიდან დაწყებაში დამეხმარებოდა. შემდეგ მივხვდი, რომ ეს სისხლიანი ფულია.... მოდი, შუაზე გავიყოთ. ერთად დავხარჯოთ.
ქალი რამდენიმე წუთი უნდობლად მისჩერებოდა.
– ამას სერიოზულად ამბობთ? – ჰკითხა ბოლოს მან, – ასეთ შემთხვევაში, თქვენ ფსიქოპათი ხართ. მიმზიდველი და კეთილი ფსიქოპათი. ასეთ ადამიანს ჯერ არ შევხვედრივარ... დაივიწყეთ, თქვენი დანაშაულის შესახებ.  გაერთეთ ბოლომდე, ოღონდ ჩემ გარეშე. ჩემში გართობისთვის ადგილი არ დარჩა. შიგნიდან მე უკვე მკვდარი ვარ.
– ესე იგი, ჩვენ ერთნაირები ვართ, – გაუხარდა ჯერის, – მეც უკვე, დიდი ხანია, დამმარხეს.
მან ქალს ხელი ბეჭებზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა. ქალი რამდენიმე წამი მსუბუქ წინააღმდეგობას უწევდა, შემდეგ კი მის ტუჩებს თავისი მიაწება. ბოლოს  უთხრა:
– შემეშვით და აღარასდროს დაბრუნდეთ. თქვეთვისაც და ჩემთვისაც ასე აჯობებს. მარტო დამტოვეთ.
ხუთშაბათს იგი ლაურასთან ისევ მივიდა. სითამამისთვის ცოტა გადაკრა. ალბათ, საუკუნე იდგა კარებთან. იმ საღამოს ლაურას თეთრი სვიტერი და კრემისფერი ქვედაბოლო ეცვა.
– ლაურა! – წამოიძახა მან, – ჩემო პატარა...
ქალის ყინულივით ცივმა მზერამ ხმა გააკმენდინა. ლაურამ იგი ბინაში შეუშვა და ჰკითხა:
– ახლა რაღა გინდათ? ისევ ფულმა შეგაწუხათ?
– ჰო... – ჯერი იდიოტურად გაიკრიჭა, – მე ამ ფულს ვერ მივიღებ, – იცრუა მან, – მინდა,  დავაბრუნო. 
– მშვენიერია! თუ ეს ძალიან გინდათ, მომეცით!
– თან არ მაქვს. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ დათანხმდებოდით, მაგრამ შემიძლია, ერთ საათში მოვიტანო. უკეთესი იქნება, თუ ჩემთან ერთად წამოხვალთ. გზაში ბარში შევივლიდით. სახლში მარტო უნდა იყოთ და საზიზღარი ფლოიდი იტიროთ.
– საიდან მოიტანეთ, რომ ის მარტო იქნება?
ლაურა და ჯერი ერთდროულად შემობრუნდნენ. საძინებლის კარში მაღალი, შავგვრემანი მამაკაცი იდგა და ხელში პისტოლეტი ეჭირა. ჯერი მიხვდა, რომ ახლა გასროლის ხმას გაიგონებდა. მან თავისი სიმშვიდით გაკვირვებაც კი მოასწრო და მიხვდა, რომ თავიდანვე ამას ელოდა.
სროლის ხმა გაისმა. ჯერის გულში ტყვიის ფუტკარი შეიჭრა.  იგი ნელ-ნელა იატაკზე დაეშვა.
– რატომ? – ლაურამ ხელი თავში იტაცა, – ხომ დამპირდი, რომ მხოლოდ შეაშინებდი, თუ ისევ მოვიდოდა?
– ჰოდა შევაშინე, ასე არაა? სიკვდილამდე შევაშინე. ვიცნობ მაგისთანებს. დიდი შანტაჟისთვის გამზადებდა. რამდენიმე კვირაში ორმოცდაათი ათასს მოითხოვდა. ეს ტიპი იმავე ღამეს უნდა მოგვეკლა, რომ ყველას ეფიქრა, ვანდერგრიფტმა მოკლაო...  ისე, ყოჩაღ,  იმ სპექტაკლისთვის, რაც ვანდერგრიფტის წინაშე გაითამაშე, „ოსკარი“ გეკუთვნის.
– ახლა მას რა მნიშვნელობა აქვს. ჯერი უდარდელი ბიჭი იყო, რისკიანი, მას შეეძლო ჩვენ შესახებ ვინმესთვის მოეყოლა. თუ ეს უკვე გააკეთა, ჩვენზე გამოვლენ. გაიგებენ, რომ შენ ნასამართლები ხარ, მე კი მისის ვანდერგრიფტს ვუვლიდი და ყველაფერს მიხვდებიან.
– ხმა ჩაიწყვიტე!
– ფანჯარა გააღე. მინდა, სუფთა ჰაერი მაინც ჩავისუნთქო. რატომ მოკალი იგი. მე ის მომწონდა. შენ ამასთან შედარებით ურჩხული ხარ.
– ის იდიოტი იყო, რომელიც ვერ მიხვდა,  როდის უნდა გაჩერებულიყო. მასეთებს ჩვენ საუზმეზე ვჭამთ... სამაგიეროდ, დიდი ფული შეგვრჩა, დამისხი რამე დავლიო.  
           თარგმნა
ნინო  წულუკიძემ

скачать dle 11.3