კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არის მამუკა მუმლაძისთვის მთავარი სირთულე, როგორი ურთიერთობის არ სწამს და როდის ითრგუნება ის



მსახიობ მამუკა მუმლაძის ცხოვრება თავისუფალი და არცთუ ისე დატვირთულია. იმის მიუხედავად, რომ გადაღებები და რეპეტიციები აქვს, მაინც ახერხებს მეგობრებთან ერთად გასართობად წასვლას და დასვენებას. როგორია მისი ცხოვრება ამ ეტაპზე და რა სიახლეებია სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“ ამაზე მსახიობი თავად გვესაუბრება.
– როგორია შენი ცხოვრების სტილი?
– ჩემი ცხოვრების სტილი ამ ეტაპზე სრულიად დამაკმაყოფილებელია. რაც ადრე მინდოდა, რომ გამეკეთებინა, სწორედ იმას ვაკეთებ. ვმუშაობ იმ პროფესიით, რაც მიყვარს. მოკლედ ისე ვარ, როგორც მინდა და ღმერთს ვთხოვ, სულ ასე ვიყო. ხან ძალიან დატვირთული ვარ და უამრავი საქმეა, ხან მეტი თავისუფალი დრო მაქვს და ასე. ცხოვრებაში ერთნაირად ხომ არაფერი ხდება. საწუწუნოდ ნამდვილად არ მაქვს საქმე. მეგობრებთან ერთად ბილიარდის თამაშსაც ვასწრებ, დალევასაც და ყველაფერს. როგორც ჩანს, დროის სწორად გადანაწილება გამომდის.
 – თეატრში სეზონი ნელ-ნელა იხურება. მერე რას აპირებ?
 – მერე უკვე დავისვენებ. შეიძლება, რაღაც გადაღებები მქონდეს, ჯერ წინასწარ არ ვიცი, გამოვა თუ არა. მერე კი, ალბათ, დაახლოებით თვე-ნახევარი დავისვენებ. ეს თითქოს ბევრი მეჩვენება, მაგრამ ამასაც აქვს თავისი ხიბლი (იცინის).
 – საერთოდ, წინასწარ გეგმავ, რა რის შემდეგ გააკეთო?
 – არა, უმეტეს შემთხვევაში, წინასწარ არაფერს ვგეგმავ. თუმცა, ეს არ ეხება რეპეტიციებსა და გადაღებებს. ამ შემთხვევაში ყველაფერი წინასწარ არის დაგეგმილი. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, არ გამომდის გეგმების დაწყობა. ბოლოს მაინც რაღაც ისე არ ხდება, როგორც ჩემს გეგმებში იყო. მირჩევნია, ექსპრომტად მოხდეს ყველაფერი. თავისუფლებას რა ჯობია.
 – ესე იგი თავისუფალი ადამიანი ხარ?
 – ვცდილობ, თავი არაფრით შევიზღუდო. თუმცა, ისეც არ არის, როცა მინდა, გავიღვიძებ და როცა მინდა, დავიძინებ (იცინის). საერთოდ, ძილი ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით დილის, თუმცა, რეპეტიციების გამო, ეგ ბედნიერება ხშირად არ მაქვს. ხანდახან ვფიქრობ, ცხოვრების სტილი შევიცვალო. მინდა, ვიღვიძებდე დილის შვიდ საათზე, ვდგებოდე, ვვარჯიშობდე, მერე ძაღლს ვასეირნებდე, რომელიც არ მყავს. კარგია ასეთი ცხოვრებაც, მაგრამ, მე მაინც ძილი მიბირებს ხოლმე (იცინის). ალბათ, ძილით უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ.
 – სერიალში რა ხდება. რამე სიახლე ხომ არ იგეგმება?
 – კი, სიახლეები სულ იგეგმება ეტაპობრივად. თუმცა, ჩემი გმირი კვლავ უიღბლოდ შეყვარებულად რჩება (იცინის). სეზონი უკვე დავხურეთ. წინასწარ გადავიღეთ და ახლა ვისვენებთ.
 – კონკურენტი გამოგიჩნდა?
 – კი, სხვათა შორის, ღირსეული კონკურენტია (იცინის). მასაც დიდი სიმპათიები აქვს თამუნასადმი. თუმცა, მე მაინც ჩემს პერსონაჟს ვგულშემატკივრობ. ძალიან მომწონს, რაღაცნაირი სუფთა ბიჭია. მგონი, გოგომ ეს უნდა დააფასოს (იცინის).
 – მერე რატომ არ აქტიურობ?
 – არ ვიცი, ასეთი ტიპია, თუმცა საერთოდ არ აქტიურობსო, ამას ვახოზე ვერ ვიტყვით. ცდილობს, რაღაც დაანახვოს, აგრძნობინოს, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც ისე არ გამოსდის. წყნარი და პატიოსანი ბიჭია (იცინის). არასოდეს არ თამაშობს. გოგოსგან ვერ დაინახა ინიციატივა და გადაწყვიტა, ჩამოშორდეს.
 – ასე ადვილად ყრი ხოლმე ფარ-ხმალს?
 – უნდა იბრძოლო იმისთვის, რისთვისაც ბრძოლა ღირს. როცა იცი, რომ რაღაც არარეალურია, რატომ უნდა გააგრძელო ასეთი ურთიერთობა. როცა გოგო გაგრძნობინებს, რომ სხვასთან უფრო კარგად გრძნობს თავს, ვიდრე შენთან, თავის მობეზრებას რაღა აზრი აქვს. მე ასე ვფიქრობ. გოგოს თავისუფლება უნდა მისცე. ამიტომ, პატივს ვცემ ვახოს.
 – ესე იგი, მის ადგილას შენც ასე მოიქცეოდი?
 – მის ადგილას მე უფრო ადრე ჩამოვეცლებოდი. ამდენ ხანს არ გავაგრძელებდი ურთიერთობას. თუ თავიდანვე არ ვგრძნობ გოგოსგან ინიციატივას, ამ ურთიერთობის გაგრძელების აზრს ვერ ვხედავ. თუ ჩემს ნაბიჯს იმანაც საპასუხო ნაბიჯით არ უპასუხა, სტიმული მეკარგება. არ შემიძლია, ცალმხრივი რაღაცეები. მომწონს, როცა გოგოები იჩენენ ინიციატივას. რატომღაც ეს ცუდ ტონად ითვლება, თუმცა, არ მესმის, რატომ?! რადგან გოგოა, აზრის გამოხატვის უფლება არ უნდა ჰქონდეს?! პირიქით, ეს უფრო მხიბლავს.
 – ცხოვრებაშიც ასეთი მორიდებული ხარ, როგორც სერიალში?
 – რაღაც საკითხში კი, რაღაცაში – არა. თუმცა, ვფიქრობ, ვახო უფრო მორიდებულია, ვიდრე მე. მოურიდებელი და თავხედი ვარ-მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი (იცინის).
 – შენი ცხოვრების სტილი იცვლება მაშინ, როცა შეყვარებული ხარ?
 – კი, ბუნებრივია, იცვლება. როცა საყვარელი ადამიანი გყავს გვერდით, დილას მასზე ფიქრით იღვიძებ. ცდილობ, სულ ნახო და შესაბამისად, ცხოვრებაც სხვანაირი ხდება. თუ სიყვარული ცალმხრივია, ამ შემთხვევაში ძალიან ძნელია ცხოვრებაც. თუმცა, მე ეს არ გამომიცდია, საბედნიეროდ. თუ სიყვარულია, არ უნდა დაგტანჯოს, პირიქით, სიამოვნება უნდა მოგანიჭოს.
 – შენთან რა ხდება ახლა?
 – შენ იცი, რაც ხდება და იცი, რომ ამაზე ლაპარაკი ჯერ საჯაროდ არ მინდა. აუცილებლად შენ გეტყვი პირველად, როცა ამ თემაზე ლაპარაკს დავიწყებ (იცინის).
 – კარგი, ახლა იცი, რა მითხარი, შენთან ურთიერთობა მარტივია თუ რთული?
 – ძალიან მარტივად რთული. (იცინის). ალბათ, გააჩნია, ვისთან მექნება საქმე. შეიძლება, ადამიანი ძალიან ადვილად შემოვიდეს კონტაქტში, მაგრამ ძალიან რთულად წავიდეს. ან, რთულად შემოვიდეს და მარტივად წავიდეს (იცინის). ყველანაირად ვცდილობ, კომუნიკაბელური ვიყო. თუ ადამიანში რაღაც საერთო ვერ აღმოვაჩინე, გულთან ახლოს ვერ მოვა. არ მიყვარს ყალბი ურთიერთობები, ვითომ დაქალძმაკაცობა. თუ სულში არ ჩახედეთ ერთმანეთს, ისე ვერ გაიგებ, ის რა ადამიანია. ის დაახლოება, რაც ჭეშმარიტი მეგობრობა, ძმაკაცობა ან სიყვარულია, ისე ვერ შედგება, თუ ერთმანეთს. ბოლომდე არ გაუგეთ. არ მწამს ორ დღეში დამეგობრების ან შეყვარების. „ლაითი“ ურთიერთობა ძალიან მარტივია, მთავარი სირთულე ადამიანთან დაახლოებაა.
 – თუ შეგიძლია, ადამიანი გაიცნო ტელეფონით ან სოციალური ქსელით?
 – შეძლებით, როგორ არ შემიძლია, მაგრამ ამით ნამდვილად არ ვცხოვრობ (იცინის). ამას ჩემს ჰობად ვერ ჩავთვლი. თუმცა, გააჩნია, ვინ მომწერს და რას. მაგალითად, ვიღაც კახა თუ მომწერს, რომ ძალიან კარგი მსახიობი ვარ, ჯიგარი ხარ, შენთან უნდა ვიძმაკაცოო, მაშინ ცუდი რეაქცია არ მექნება, მაგრამ კახა თუ მეტყვის, ლამაზი თვალები გაქვსო, მაშინ შეიძლება, დავითრგუნო (იცინის).
 – ბევრი თაყვანისმცემელი გყავს?
 – არ ვიცი, ამაზე მე როგორ ვილაპარაკო. „ფეისბუქში“ მწერენ ხოლმე თბილ სიტყვებს. მათ თაყვანისმცემლებს ვერ დავარქმევ. უბრალოდ, სიმპათიას გამოხატავენ ხოლმე ჩემ მიმართ. მეუბნებიან, რომ ძალიან კარგად ვთამაშობ და კარგ ადამიანად მივაჩნივარ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. ეს უდიდეს სტიმულს მაძლევს და მახარებს – შრომას უსაფუძვლოდ არ ჩაუვლია.
 – საზაფხულოდ რა გეგმები გაქვს, სად აპირებ წასვლას დასასვენებლად?
 – ძალიან მიხარია ზაფხულის მოსვლა, თან ორ ივლისს ჩემი დაბადების დღეა და ორმაგად მიხარია. რიცხვი იმიტომ გამოვაცხადე, რომ ვისაც საჩუქრის გამოგზავნა უნდა, იცოდეს ზუსტი თარიღი და არ მოერიდოს (იცინის). სად წავალ დასასვენებლად, წინასწარ დაგეგმილი არ მაქვს. ვიცი, რომ რაღაც მიზეზების გამო, ივლისის ბოლომდე თბილისში მომიწევს ყოფნა. აგვისტოში კი რომც დამაბა, ავიწყვეტ და აქ მაინც ვერ გავჩერდები (იცინის).
 – აქტიური დასვენება გიყვარს თუ უფრო პასიური?
 – ამას წინათ, ვიყავი კახეთში, ლოპოტას ტბასთან ახლოს. იქ ულამაზესი ბუნებაა, გარშემო მთები. საოცარი სიმშვიდე. ცხენები, ტბა, ნავით სეირნობა. აი, ეს არის ის დასვენება, რაც მომწონს და რაზეც ვგიჟდები.
 – ანუ, კლუბები და ღამის ცხოვრება არ გიზიდავს?
 – მაგასაც თავის დრო აქვს. ვერ ვიტყვი, კლუბებში არ დავდივარ-მეთქი. ამასაც თავისი ხიბლი აქვს. თუმცა, ყოველდღე ასეთი რეჟიმით ჩემმა მტერმა იცხოვრა. თავისუფალ დროს ვცდილობ, კარგად დავისვენო. ანუ, ისე, რომ სიამოვნება მივიღო და არა დავიღალო. ძალიან მიყვარს ბილიარდის თამაში, ქუჩაში სეირნობა, თუმცა, არა წვიმაში (იცინის). თუ დავსველდი და შევწუხდი, ამით სიამოვნებას როგორ მივიღებ?! ალბათ, განსაკუთრებული პერიოდი უნდა გქონდეს ცხოვრებაში, რომ ეს გაგიჟებდეს და გსიამოვნებდეს. მე მიყვარს ნაწვიმარზე სეირნობა (იცინის), როცა ცხელ ასფალტს, წვიმის შემდეგ თავისებური სუნი ასდის. ეს გაცილებით სასიამოვნოა.
 – რომანტიკოსი ხარ?
 – მგონი, არ არსებობს ადამიანი, რომანტიკოსი არ იყოს. ზოგი ამას ნაკლებად გამოხატავს, ზოგიც მეტად. მე, ალბათ, უფრო საშუალოზე ოდნავ მეტად რომანტიკოსი ვარ. მგონი, ამაში ცუდი არაფერია.

скачать dle 11.3