კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გავლენა მოახდინა ინტერნეტპორტალმა „მაისფეისმა“ ლილი ალენის მუსიკალურ კარიერაზე და რატომ გაწყვიტა მან კავშირი პროდიუსერებთან



ყველაზე არაორდინალური, უცნაური ბრიტანელი მომღერალი, რომელიც ახალი თაობის ბრიტანული პოპმუსიკის ახალ ვარსკვლავად ითვლება. საუბარია ლილი ალენზე, შემსრულებელზე, რომელიც პოპულარული, მსოფლიო გლობალური ინტერნეტქსელის მეშვეობით გახდა.

ლილი ალენი 1985 წელს ლონდონში, ცნობილი ბრიტანელი კომიკოსის კიტ ალენის და პროდიუსერ ელისონ ოუენის ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში ლილიმ რამდენიმეჯერ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. თავდაპირველად, ოჯახი ლონდონში ცხოვრობდა, მაგრამ მშობლების დაშორების შემდეგ ლილი დედასთან ერთად ირლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად. ისე მოხდა, რომ ხშირი მოგზაურობის გამო, ათი წლის განმავლობაში ლილიმ 13 სკოლა გამოიცვალა. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობიდან ლილის უბრალოდ, რიცხავდნენ. ის ხომ ნამდვილი „ბანდიტი“ იყო, რომელიც არც მშობელს და არც მასწავლებლებს არ უჯერებდა. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ლილი ყველაზე პრესტიჟულ ბრიტანულ სკოლებში სწავლობდა, მაგალითად, კერძო სკოლა „ჰილ ჰაუსი“ ან სკოლა „ბიდეილსი“, რომელიც ბრიტანეთის 5 ყველაზე ძვირად ღირებულ სკოლებს შორის ფიგურირებს. სკოლების ხშირი ცვლის გამო ლილის არ ჰქონდა საშუალება, მეგობრები ჰყოლოდა და ამიტომაც, საკუთარ თავს თვითონვე ირთობდა უმეტეს შემთხვევაში წიგნებითა და მუსიკით. მუსიკამ იმდენად გაიტაცა ლილი, რომ 14 წლის ასაკში, დედასგან მალულად, თავისი საყვარელი ჯგუფების – „ზი სლითსის“ და „ჰეფი მონდეის“ მოსასმენად გლასთონბერის მუსიკალურ ფესტივალზე მარტო გაიპარა.

პირველი ნაბიჯები პროფესიულ მუსიკაში ლილიმ 16 წლის ასაკში გადადგა, როდესაც იბიცაზე დასასვენებლად ყოფნის პერიოდში გაიცნო ჯორჯ ლემი – ჯგუფ „აუდიო ბულლის„ ყოფილი პროდიუსერი და ცნობილი ადამიანი ბრიტანეთის მუსიკალურ ინდუსტრიაში. 2002 წელს ლილიმ კონტრაქტი გააფორმა „უორნერ რეკორდსთან“, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ყველაფერი მამამისის ხათრით კეთდებოდა და არავინ აპირებდა სერიოზულად ლილი ალენის მუსიკალურ კარიერაზე ზრუნვას. ამიტომაც, ერთი წლის შემდეგ ლილიმ თვითნებურად გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი პროდიუსერებთან, გააუქმა კონტრაქტი ხმის ჩამწერ სტუდიასთან და მარტომ დაიწყო თავისი მუსიკალური კარიერის წინსვლაზე ზრუნვა. 2005 წლის ბოლოს ლილიმ საკუთარი პროფილი შექმნა პოპულარულ სოციალურ ვებპორტალზე „მაისფეისი“, სადაც თავისი რამდენიმე სიმღერის და ასევე ცნობილი ჰიტების ქავერ-ვერსიების დემოჩანაწერები განათავსა. გარდა ამისა, ლილიმ საკუთარ ვებდღიურში დაიწყო ჩანაწერების გაკეთება, სადაც სახალისო ტექსტებით პირადი ცხოვრების აფიშირებას დაუდო საფუძველი. დროთა განმავლობაში, ლილი ალენის გვერდი „მაისფეისზე“ ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგული გახდა და მისი ვებ-მეგობრების რაოდენობა ყოველდღიურად იმატებდა. ცნობამ ლილის შემოქმედების შესახებ ბრიტანულ გაზეთებამდე მიაღწია და გავლენიანმა „ზი ობზერვერმა“ და ასევე რამდენიმე ჟურნალ-გაზეთმა მასზე პატარა სტატიებიც გამოაქვეყნა. 2006 წლის დასაწყისში ლილის სიმღერებს უკვე „ბი-ბი-სის“ რადიოსადგურებზე ატრიალებდნენ. ის ასევე, მიიწვიეს პოპულარულ ლონდონურ კლუბ „ნოთინგ ჰილ ართს ქლაბში“, სადაც კვირაში ერთხელ კონცერტებს მართავდა. იმავე პერიოდში ლილიმ კონტრაქტი გააფორმა ხმისჩამწერ სტუდია „რეგალ პარლოფოუნთან“, ვისთან ერთადაც პირველი პროფესიონალური ალბომის ჩაწერას შეუდგა. სადებიუტო სინგლი „სმაილ“ 2006 წლის ბრიტანული ჰიტ-აღლუმების ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ჰიტად იქცა, ხოლო მოგვიანებით გამოსული ალბომის „ოლრაით, სთილ ...“ მეშვეობით ლილის არსებობის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო. კრიტიკოსებმა ალბომი დადებითად შეაფასეს, განსაკუთრებულად კი მათ ლილი ალენის მუსიკალური მონაცემების მრავალფეროვნება გამოჰყვეს. ალბომის გამოსვლის შემდეგ ლილი ალენის, პირველი მსოფლიო ტურნე დაიწყო, რომელიც ასევე წარმატებული აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ თავისუფალი დროის დეფიციტის მიუხედავად, ლილი მაინც ახერხებდა და დღესაც განაგრძობს „მაისფეისზე“ თავისი გვერდის განახლებას და დღიურში ახალი ჩანაწერების ჩამატებას. მის გასტროლებთან დაკავშირებით, ახლახან საკმაოდ საინტერესო ცნობა გავრცელდა. ტორონტოში გამართული კონცერტის შემდეგ, ლილი ალენს საგრიმიოროში ორგანიზატორებმა გიგანტური, ორი ათასი დოლარის ღირებულების ნაყინის ტორტი დაახვედრეს, რომელიც ერთ საათში ლილი ალენმა მისი ბენდის წევრებთან ერთად გაანადგურა.

მუსიკის გარდა ლილი ალენი აქტიურად არის ჩართული მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში. ის კარლ ლაგერფელდის უსაყვარლესი მოდელია და „შანელის“ ხელჩანთების სარეკლამო კამპანიაშიც არის ჩართული. გარდა ამისა, მუსიკოსმა საკუთარი დიზაინით შექმნილი საიუველირო ნაკეთობების გამოშვება დაიწყო, რომელთა დიზაინი ძირითადად ბებიისგან სახსოვრად დატოვებული ბიჟუტერიის ნიმუშების მიხედვით შეიქმნა. ლილი ალენის საიუველირო ხაზს „ნიუ ლუქ“ ეწოდა და ის გაყიდვაში სექტემბრის ბოლოდან გამოვიდა. ლილის ხშირად იხილავთ ყველაზე ცნობილი პრიალა ჟურნალების გარეკანებზე, მაგალითად, სულ ბოლოს ის ჟურნალ „ჯიქიუს“ მიერ გამართულ საკმაოდ თამამ, ფოტოსესიაში იღებდა მონაწილეობას. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას: ხანგრძლივი დროის განმავლობაში ლილი თავისზე გაცილებით უფროს მამაკაცებს ხვდებოდა. „ქემიკალ ბრაზერსის“ სოლისტ, 40 წლის ედ საიმონს, 50 წლის ჯეი ჯოპლინგს და 30 წლის დიჯეის ლოს-ანჯელესიდან – სებ ჩუნგს. ამჟამად ლილი მღებავ სემ კუპერს ხვდება. ალენის თქმით, ის ისეთ ბოიფრენდს ეძებდა, რომელიც საზოგადოების ყურადღების ქვეშ არ იქნებოდა და კუპერი სწორედ ასეთია.

P.S. სულ ახლახან ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლილი ალენი მუსიკიდან წასვლას აპირებდა, მაგრამ თავისი მსმენელების გულის გასახარად, მუსიკოსმა სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია და განაცხადა, რომ განაგრძობს კარიერას და უფრო ახალი ძალებით შეუტევს მუსიკალურ მეკობრეებს.



უშანგი რუხაძე


скачать dle 11.3