კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (99)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

რომელი რესურსის ამოწურვას აპირებს ბოლომდე ცირა სუქნიძე და რაზე არ იტყვის უარს ერთი-ორჯერ



როგორც იცით, სულ ახლახან „მის საქართველო 2009“ 19 წლის ცირა სუქნიძე გახდა. ვისაც ცირა პირადად ჰყავს ნანახი, დამეთანხმება, რომ ის ცხოვრებაში უფრო ლამაზია, ულამაზესი მწვანე თვალებით, მშვენიერი სახის ნაკვთებით და უზადო აღნაგობით. თუმცა მას საკუთარ გარეგნობაში ყველაზე მეტად თვალები და თმის ხარისხი მოსწონს. „მის საქართველო 2009“, მშვენიერი, საკმაოდ ჭკვიანი, მიზანმიმართული და დადებითი პიროვნებაა. ცირა ამჟამად „მის მსოფლიოში“ მონაწილეობის მისაღებად ემზადება, ფოტოებს იღებს, მაკიაჟის გაკეთებას სწავლობს, ვარჯიშობს „მედიში“, ხოლო მის საკონკურსო ჩაცმულობაზე „მარიონელა“ ზრუნავს.



ცირა: „მის საქართველო“ რომ ხდები, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გეკისრება. როდესაც ქუჩაში დადიხარ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხვდები, უფრო მეტი დაკვირვება გმართებს, ყველაფერი უნდა გათვალო, რომ რამე შეცდომა არ დაუშვა. რასაც ადრე ვაკეთებდი, იმას აღარ ვაკეთებ, იმდენად თავისუფლად ვეღარ ვიქცევი, მაგალითად, ქუჩაში ვერ ავხტები. ისე, საკმაოდ მხიარული, თავისუფალი, კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, ასევე ყურადღებიანი, თბილი და ჯიუტიც. თუ მიმაჩნია, ოღონდ ობიექტურად, რომ მართალი ვარ, აუცილებლად ბოლომდე გავიტან ჩემსას, თუმცა ადამიანების აზრს ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევ.

– შენ თქვი, თავისუფალი ადამიანი ვარო.

– თავისუფალი ადამიანი ვარ, მაგრამ ესეც გარკვეულ ჩარჩოებში ჯდება, ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს და არასდროს გადავდივარ ამ ზღვარს. არ მაწუხებს სულელური კომპლექსები, თუმცა, ზოგი კომპლექსი აუცილებელია, რომ გქონდეს და ასეთი, ალბათ, მეც მექნება. ვერ ვიტყვი, რომ კონკურსის შემდეგ შევიცვალე, ისევ ისეთი ვარ, უბრალოდ, უფრო თავდაჯერებული გავხდი და საკუთარი თავის უფრო მეტად ვირწმუნე, მივხვდი, რომ რაღაცის გაკეთება შემიძლია. წარმატება ქალს ალამაზებს და თვალებში დადებით მუხტს ჰმატებს.

– ვისი აზრია შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

– დედის, მამის, ახლობლების, შეიძლება, სრულიად უცხო ადამიანის აზრიც გავითვალისწინო, – გააჩნია, რას მეტყვიან. თუ ისეთ რამეს მეტყვის, რომელიც ჭკუასთან ახლოს იქნება, მაშინ გავითვალისწინებ, თუმცა გადაწყვეტილებას ყოველთვის თავად ვიღებ. უკვე ორი წელია, დამოუკიდებლად ვცხოვრობ. იმერელი ვარ, ჭიათურიდან, ორი წლის წინ 100-პროცენტიანი გრანტი მივიღე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე იურიდიულ ფაკულტეტზე და, შესაბამისად, მას შემდეგ მარტო ვცხოვრობ.

– როგორი ბავშვი იყავი?

– არც უზრდელი ვყოფილვარ და არც ცელქი. ახლა მივდივარ დათმობებზე, ბავშვობაში კი უფრო ვჯიუტობდი ხოლმე. ყოველთვის კარგად ვსწავლობდი და მასწავლებლების ფავორიტი ვიყავი. სიმაღლითაც სულ გამოვირჩეოდი, თვალებითაც. კლასშიც და სხვაგანაც ყველაზე მაღალი ვიყავი, ეს მაკომპლექსებდა და წელში ვიხრებოდი. მაგრამ მერე გავაცნობიერე, რომ სიმაღლე ძალიან კარგია.

– თაყვანისმცემლების მხრიდან განებივრებული იყავი?

– მყავდა თაყვანისმცემლები, მაგრამ მათი ჯარი არ მდგომია. არ მქონდა ისეთი სტილი, როგორიც ბიჭებს იზიდავს, სულ სპორტულად ჩაცმული დავდიოდი.

– ყოველთვის დამოუკიდებელი ადამიანი იყავი?

– ეს ამპლუა ზუსტად მაშინ მოვირგე, როდესაც თბილისში ჩამოვედი და გავაცნობიერე, რომ ჩემ გვერდით ისე ხშირად ვეღარ იქნებოდნენ ჩემი დედიკო, ახლობლები და საკუთარი თავისთვის თავად უნდა მიმეხედა. ასე რომ, ყველაფერს თვითონ ჩავუდექი სათავეში. თავიდან მიჭირდა მარტო ცხოვრება, მაგრამ, საერთოდ, ყველაფერს მალე ვეჩვევი. ძალიან მიყვარს სიახლეები, კარგად ვრეაგირებ და ვცდილობ, მოვერგო. „სადაც მიდიხარ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო“ – ამ გამოთქმაში რაღაც სიმართლე დევს, მით უმეტეს, თუ შენ გარშემო კარგი გარემო შეიქმნება, ისევე, როგორც ახლა, ამ კონკურსის შემდეგ. შესაბამისად, ყოველთვის ვერგები ახალ სიტუაციებს და ვცდილობ, მივყვე დინებას. არასდროს ვიკეტები საკუთარ თავში, პირიქით, ვცდილობ, ახალი და საინტერესო ურთიერთობები გავაბა.

– როცა ცუდ ხასიათზე ხარ, არც მაშინ იკეტები საკუთარ თავში?

– იშვიათად ვარ ცუდ ხასიათზე, ეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება. მაგალითად, თუ წვიმიანი, ძალიან ცუდი ამინდია, მაგრამ ეს ძალიან ცოტა ხანს გრძელდება, პატარა რაღაცაც მახალისებს. საერთოდ, არ ვარ დეპრესიული ადამიანი, თუ ცუდ ხასიათზე ვარ, მუსიკას ვრთავ.

– როგორ რეაგირებ წინააღმდეგობებზე?

– ჯერჯერობით სერიოზული წინააღმდეგობა არ შემხვედრია, მაგრამ პრობლემას ყოველთვის მტკიცედ ვხვდები და ვცდილობ, გადავლახო. შეიძლება, რაღაც მომენტში შემეშინდეს, მისი გადალახვა წარმოუდგენლად მიმაჩნდეს, მაგრამ არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრის გზას ვერ გამონახავ.

– როგორი ცხოვრების სტილი გქონდა „მის საქართველოდ“ გახდომამდე?

– ძირითადად სწავლით ვიყავი დაკავებული: დილით ადრე ლექციებზე, სემინარებზე მივდიოდი, მაღაზიებში დავდივარ, ფული რომც არ მქონდეს, მაინც შევალ, მიყვარს შოპინგები. „მის საქართველომდეც“ ვიყავი სპორტით დაკავებული, ვვარჯიშობდი, ცურვა და აერობიკა მიზიდავს. რაც შეეხება გართობას, ესეც ზომიერების ფარგლებში მიყვარს და არა ღრეობაში გადაზრდილი. კარგ დროს ვატარებ მეგობრების წრეში – პატარა სუფრა და კარგი მუსიკა... ღამის ცხოვრება დიდად არ მხიბლავს, მაგრამ კლუბებში ათასში ერთხელ წასვლაზე უარს არ ვიტყვი. წყნარ, მაგრამ ხალისიან გარემოში მიყვარს ყოფნა, გართობა, რომ არ მოვიწყინო.

– როგორ ადამიანებთან გიყვარს ურთიერთობა?

– ყურადღებიან, თბილ, კომუნიკაბელურ ადამიანებთან მიყვარს ურთიერთობა, რომელთა გვერდით თავს დაჩაგრულად არ ვიგრძნობ და ზევიდან არ გადმომხედავს, რა თქმა უნდა, თუ რამეს წარმოადგენს.

– როგორც ვიცი, შენ შარშან „ჯეოსტარის“ ქასთინგებში იღებდი მონაწილეობას.

– მაია დათუნაშვილის სტუდიაში დავდივარ. „ჯეოსტარში“ ბოლო ტურამდე მივედი, მაგრამ 14 მონაწილეს შორის ვერ მოვხვდი, თუმცა ჩემთვის ესეც წარმატება იყო. წელს კონკურსზე „მის ტალანტიც“ გავხდი და ოქროს მიკროფონი გადმომცეს. ღმერთმა სიმღერის ნიჭი მომცა და ჩემს რესურსს ბოლომდე ამოვწურავ. კიდევ, უცხო ენებს ვითვისებ იოლად, ფრანგულ და ინგლისურ ენებს ვფლობ.

– როგორც ვიცი, შეყვარებული გყავს. დიდი ხანია, ერთად ხართ და როგორ მოახერხა მან შენი გულის დაპყრობა?

– ორი წელია შეყვარებულები ვართ, ისიც 19 წლის არის. განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ჩემი გული დაეპყრო. თავად არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული სიურპრიზები სჭირდება. ალბათ, მისმა პიროვნებამ მომხიბლა და ამიტომაც გადავიხარე მისკენ.

– ანუ, როგორია?

– ჩემთვის მთავარია, ადამიანი იყოს თბილი და ყურადღებიანი და, მგონი, ის ამას აკმაყოფილებს.

– როგორ ფიქრობ, ქალისთვის თუ არის სტიმული, როდესაც მას გვერდით საყვარელი მამაკაცი ჰყავს?

– დიდი სტიმულია, თუნდაც იმიტომ, რომ ყოველდღიურად ფორმაში იყო, გახდე მიზანდასახული, რომ მის თვალში არ დაკნინდე, უფრო ამაღლდე და მეტად დაგაფასოს.

– როგორია შეყვარებული ცირა?

– ზომიერად დამთმობი, თუმცა ჩემთან ურთიერთობაში ზღვარს ვერ გადასცილდება ჩემი პარტნიორი.

– ალბათ, კონკურსის შემდეგ ძალიან დაკავებული ხარ, თუ ახერხებ საყვარელი ადამიანის ნახვას?

– უკვე ნაკლებად ვხვდებით ერთმანეთს, დრო აღარ მრჩება, მაგრამ არ აპროტესტებს, ყველაფერი ჩვეულებრივად მიიღო და ძალიან გაუხარდა ჩემი წარმატება. საერთოდ, საკმაოდ ყურადღებიანი ადამიანია, საჩუქრებითაც მანებივრებს, იცის, რომ სუნამოები მიყვარს და ყოველთვის მჩუქნის, თანაც, ზუსტად იმ სურნელისას, რომელიც მიყვარს.

– ჭიათურაში იყავი?

– კი, ბაბუა მოვინახულე. ძალიან ამაყობს ჩემით. საგვარეულო შეხვედრა მომიწყვეს თავისი სუფრით და ყველაფრით.



ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3