კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ფუნქცია წაართვა ნატო გელაშვილმა საკუთარ მეუღლეს და როდის დუმს ის

ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორის ნატო გელაშვილისა და მისი მეუღლის თანაცხოვრება, 7 წლის წინათ დაიწყო. მანამდე, ვახო ნატოს, ერთ-ერთი აქტიური მსმენელი და თაყვანისმცემელი იყო. ის დიდხანს და მიზანმიმართულად ცდილობდა საყვარელი კომპოზიტორის გულის მოგებას. ნატო ამბობს, რომ შიშით მიიღო გადაწყვეტილება, 30 წლის ასაკში მეორედ შეექმნა ოჯახი. თუმცა, დღეს იგი ბედნიერი ქალია.



– როგორ დაიწყო თქვენი და ვახოს ურთიერთობა?

– ჩვენი ურთიერთობა დაიწყო ძალიან უცნაურად და მე ვფიქრობ, ამას ერქვა ბედისწერა. ჩვენი ოჯახის შექმნაში დიდი დამსახურება ვახოს მიუძღვის. ჩვენი წყვილის ოჯახი შედგა და დაფუძნდა მის სიყვარულზე. იმიტომ, რომ სანამ საერთოდ გავიცნობდი მას, როგორც თვითონვე გამომიტყდა, წლების განმავლობაში ჰქონდა მას ჩემს მიმართ ეს გრძნობა და ის აბსოლუტურად მიზანდასახულად მოქმედებდა გაცნობიდან – ქორწინებამდე.

– ვახოს გაცნობის შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი ურთიერთობა?

– ვახო აღმოჩნდა საკმაოდ საინტერესო ადამიანი. ის ყოველთვის სავსეა სიახლეებით. ისეთი პიროვნებაა, რომელთანაც არასოდეს მოიწყენ. მასთან შეიძლება, ყველა თემაზე საუბარი და რაც მთავარია, მუსიკალურია. მე მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

– მაგალითად?

– მუსიკის რამდენიმე მიმდინარეობა ჩემთვის არ იყო ახლობელი, მაგრამ ვახო ისე გაწვდის ამ მუსიკას, რომლის ფესვებზეც თვითონ არის გაზრდილი და ისეთი სიყვარულითა და აღტაცებით გიამბობს მასზე, არ შეიძლება, შენც არ შეგაყვაროს. ყველაზე უცნაურია, რომ მუსიკოსების ოჯახში, ყველაზე ხშირად უკრავს ვახო. (იცინის) ან ოჯახიდან თუ გამოდის მუსიკის ხმა, ესე იგი ვახო უკრავს გიტარას. მე, მაგალითად, შეიძლება, ისე გავიდეს კვირა, ტელევიზიით რაც მესმის, იმითაც დავკმაყოფილდე, და არ ჩავჯდე მოსასმენად. ის კი მოვა თუ არა სახლში, ჩართავს. წლების მიხედვით აქვს დალაგებული ყველა ანსამბლისა თუ მომღერლის ალბომები. ეს თვისება ჩვენს ბიჭებსაც გადაედოთ. ამას წინათ რაღაც გადაღება იყო ჩვენს ოჯახში და ინტერვიუს დროს ლუკას ჰკითხეს, რა მუსიკას უსმენო. ალბათ, ჟურნალისტი ელოდებოდა, რომ პასუხი იქნებოდა ქალაქური, ან დედას სიმღერები. მან კი – „ლედ ზეპელინსო“. ეს საკმაოდ რთული მუსიკაა, ვინ შეგაყვარა, ნატომო? – ისევ ჰკითხა მან. არა, ვახომო. (იცინის) ვახოს დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ბავშვები იზრდებიან „ზეპელინებზე“, „ფაიაზე“, „ჩიკაგოზე“, „ქვინებზე“... საკმაოდ ხარისხიან მუსიკას უსმენენ. რა თქმა უნდა, მეც ვუსმენდი ხოლმე ამ მუსიკას, მაგრამ არა ამ დოზით. მოკლედ, ჩვენი მუსიკალური ოჯახი შეივსო ყველანაირი მუსიკალური მიმდინარეობით.

– როგორი იყო შეყვარებული ნატო?

– შეყვარებული ნატო იყო ძალიან ლამაზი, მოწესრიგებული – ასე მეუბნებიან. რომ გითხრათ, სიყვარული ძალიან მემჩნევა საქციელზე-მეთქი, მოგატყუებთ. ჩემი სიყვარულიც და საერთოდ, სათქმელიც, გამოიხატება სიმღერით. ლაპარაკი არ მიყვარს. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ, როცა რაღაცას ვწერ, ვახო შიშით იწყებს მის მოსმენას. აინტერესებს, ხომ არ ისმის, მასში სიტყვა „ნახვამდის“. მე მაქვს ამ სახელწოდების ერთი სიმღერა, რომელიც მასაც ძალიან უყვარს (იცინის). სიმღერა რომ ამ სიტყვის გარეშე ჩაივლის, მერე მეუბნება: ახლა ჩართე და თავიდან უნდა მოვისმინო, დამშვიდებულადო. (იცინის).

– ქორწინება როგორი გქონდათ, ტრადიციული, დაგეგმილი თუ პირიქით?

– ქორწილი არ გვქონია და რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ჯვარიც არ გვაქვს დაწერილი. დღემდე ვერ მოვაბით თავი. გვინდა, ეს ყველაფერი იყოს ძალიან ლამაზი და ორიგინალური. 3 მეგობარი ვართ ჯვარდაუწერელები და გვინდა, ერთად დავიწეროთ ჯვარი სამივე წყვილმა. ვფიქრობ, ეს ჩვენი ჩანაფიქრი ახლო მომავალში განხორციელდება.

– როგორია თქვენი ცხოვრება შვიდი წლის თანაცხოვრების შემდეგ, ანუ მას მერე, რაც უკვე შესანიშნავად გაეცანით ერთმანეთის ხასიათის მინუსებსა და პლუსებს და შესაძლოა, აღმოჩენაც გააკეთეთ?!

– შემიძლია ვთქვა, რომ მე დღეს ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ და ბევრად ბედნიერი, ვიდრე თავიდან, როდესაც ჩვენი ოჯახი იქმნებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ მე მეორედ ვქმნიდი ოჯახს, ბოლომდე ვებრძოდი საკუთარ თავს, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. სულ იმაზე ვფიქრობდი, ვდგამდი, თუ არა სწორ ნაბიჯს. ეს გასაკვირიც არაა, მას შემდეგ, რაც ერთხელ, უკვე თავზე დაგენგრა ოჯახი, მით უმეტეს ისეთი ადამიანისთვის, ვისთვისაც „ოჯახი“ არ არის მხოლოდ სიტყვა. შვიდი წელი გავიდა და დღეს შემიძლია, თამამად გითხრათ, მე მყავს გვერდით ადამიანი, მეუღლე, რომელთანაც ბედნიერი ვარ. საერთოდ, ამბობენ, როდესაც ბედნიერი ხარ ძალიან ბევრი არ უნდა ილაპარაკო ამაზეო...

– არ არსებობს, ყველაფერზე და ყოველთვის გქონდეთ საერთო აზრი. როცა იცით, რომ მართლი ხართ, მაინც წახვალთ დათმობაზე?

– მე ერთი თვისება მაქვს, არ ვიცი ცუდია თუ კარგი: ცხოვრებაში არაფრის დამტკიცება არ მიყვარს და თუ ჩემს სიმართლეში ვინმეს ეჭვი შეეპარა და ის კითხვას მიბრუნებს, მე აუცილებლად ვჩუმდები. გამორიცხულია, პასუხი გავცე, ან დავიწყო მტკიცება, რომ მართალი ვარ. ამ დროს ჩემგან მხოლოდ ერთ წინადადებას გაიგებთ და ისიც მხოლოდ ერთხელ, ეს არის: „შენ ამით მე მაყენებ შეურაცხყოფას“. მტკიცებას აზრი არ აქვს. მართალი ადამიანი, კი, ჩემი აზრით, ბევრს არ ლაპარაკობს. მე ვჩუმდები და აუცილებლად დავუტოვებ საფიქრალს, რომ თვითონ მივიდეს დასკვნამდე – მართალი ვარ თუ მტყუანი. მე და ვახოს შემთხვევაშიც თუ ყოფილა ასეთი სიტუაცია, მაშინაც ასე მოვქცეულვარ. რა ვქნა, ვერ ვიტან სკანდალს და ხმამაღლა ლაპარაკს.

– როგორ მთავრდება ეს ყველაფერი. იბუტებით?

– არა, არ ვიბუტები. ხასიათი მიფუჭდება და მომენტალურად მემჩნევა წყენა. ამიტომ, ის ყოველთვის ცდილობს, რომ საკუთარ თავში გაერკვეს რამდენად სწორად მითხრა სათქმელი. ჩვენს ოჯახში არც ბოდიშის მოხდაა პრობლემა, თუ რომელიმეს მოსახდელი გვაქვს. თუმცა, ახლა, ძირითად შემთხვევებში, არც მიდის ბოდიშამდე საქმე. ასეთი ინციდენტები პირველ პერიოდში უფრო ხდებოდა. დღეს უკვე იმდენად კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ასეთი რამეები აღარც ხდება, თუმცა ყოფილა.

– როგორი უნდა იყოს კარგი მეუღლე?

– ბევრი აღნიშნავს, რომ ოჯახში ქალზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. მე ვიტყვი, რასაც ვფიქრობ და რაც ჩემი წინაპრებისგან მომდევს ტრადიციულად, თუ კაცი არის თავის სიმაღლეზე, ის ოჯახი ძალიან ძლიერია. მამაკაცი ყველაფერს უნდა ასწრებდეს – მუშაობას, ყურადღებას ცოლის მიმართ, შვილების მიმართ... ასევე უნდა იყოს მის მიმართ მეუღლეც. არ მესმის მათი, ვინც აღნიშნავენ, რომ მე მაქვს სამსახური და ამიტომ ვერ ვიცლი ოჯახისთვისო და პირიქით. ეს ჩემთვის მიუღებელია.

მეგობრები მიჩვეულები არიან, რომ ჩემს ტელეფონზე, თუ ყოველ საათში შემოდის ზარი, ესე იგი ვახოა. ახლა ნორმალურია, წარსულში შეიძლება უჩვეულო იყო ეს ჩემთვის, რადგან არ ვიყავი შეჩვეული, ვიღაცას საათში ერთხელ მოვეკითხე. დღეს უკვე მიკვირს, ამის გარეშე როგორ ვცხოვრობდი. მე ვიცი, რომ ვიღაცისთვის საჭირო ვარ, ძალიან ძვირფასი, აინტერესებს კარგად ვარ თუ ცუდად. როცა მეუღლისგან ასეთ ყურადღებასა და ზრუნვას გრძნობ, შენც ცდილობ, კარგი ცოლი იყო, რადგან ამისთვის ყველანაირი საფუძველი გაქვს. გრძნობ, რომ ვიღაცისთვის ხარ ძალიან სასურველი და საჭირო ადამიანი. როცა ვიღაცისთვის ხარ ძვირფასი, შენს ცხოვრებას აზრი აქვს. ცუდია, თუ ისე გავა დღე, რომ არავინ მოგიკითხავს, ალბათ, ასეთ დროს ჩნდება კომპლექსი, არასრულფასოვნების გრძნობა...

საინტერესო თემაა – მე და მანქანაც. რადგან ოჯახში საჭიროა ავტომანქანა და ვახოსთვის მანქანის მართვა არ შეიძლება მისი თვალების გამო, გადაწყდა, ეს მისია მე მეკისრა და ასეც მოვიქეცი. მე მიყვარს სიჩქარე, 140-160 კილომეტრი საათში სიჩქარით ხშირად ვმოძრაობ. ამ დროს უნდა შეხედოთ ვახოს სახეს. „არა, ნატო, ახლა ჩვენ სადმე გვეჩქარება?!“ – მიმეორებს მალ-მალე (იცინის). ის გვერდით მიზის და გზას მაჩვენებს, ჩემი შტურმანია. ერთადერთია მძღოლის ფუნქცია, რაც ვახოს წავართვი.

– ვთქვათ, გაგიკეთათ საჩუქარი, რომელიც არ მოგეწონათ, როგორ იქცევით?

– მე უფრო წუნია ადამიანი ვარ. ყოველთვის უცნაური ნივთები და სამოსი მომწონს. თავიდან, ვახომ რამდენიმე კოსტიუმი მომიტანა, რომლებიც ძალიან ლამაზად მივიღე და არც ერთი არ ჩავიცვი. შემდეგ ასე დამემართა საყურეებზეც. თუ რამე დღესასწაულია, მეუბნება ხოლმე, წამოდი, ერთად ამოვარჩიოთ რა გინდაო. (იცინის).

– მატერიალური მხარე თუ თამაშობს გადამწყვეტ როლს ოჯახის ბედნიერებაში?

– შეიძლება, ვიღაცისთვის ასეც იყოს, მაგრამ, ჩემს შემთხვევაში, მატერიალური მხარე არ თამაშობს არანაირ როლს. მთავარია, ადამიანმა მიმიღოს ისეთი, როგორიც ვარ. ვერ ვიტან ჩარჩოს. ალბათ, ყველა შემოქმედი ასეა. შეიძლება, დაგაყარონ ძალიან ბევრი ფული, მაგრამ წაგართვან სულიერება, თავისუფლება. თუ ორივე მხარე მოწესრიგებულია ოჯახში, ამას რა სჯობს, მაგრამ ფინანსური პრობლემის გამო, რომ ოჯახი დაანგრიო, ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ცხოვრებაში ყველაფერი წინ არის და შენ უნდა იფიქრო, რომ დღევანდელი ხელმოკლეობა შენი მორიგი განსაცდელია, რომელიც ღმერთმა მოგივლინა. როცა ოჯახში მე და შენ არ არსებობს და ცოლს ქმრის წარმატება უხარია და პირიქით, ის ოჯახი ნებისმიერ განსაცდელს გადალახავს. ხშირად მსმენია, რომ ერთი მეუღლე ვერ იტანს მეორის წინსვლას და ამის გამო უჩნდება კომპლექსი. გამორიცხულია, რომ ეს ოჯახი შედგეს ან უკვე შემდგარი ოჯახი დღეგრძელი იყოს. ბედნიერებაა, როცა ოჯახისთვის ზეიმია შენი ყოველი წარმატება. მე ყოველთვის ვამბობ და დღესაც გავიმეორებ, თუ ვახოსთვის საჭირო იქნება, რომ მე გავჩერდე როგორც შემოქმედი, მე ამას მის გამო გავაკეთებ.

– სიურპრიზების მოწყობა თუ შეუძლია თქვენს მეუღლეს?

– ჩემი მეუღლე თავიდან ბოლომდე სიურპრიზია. (იცინის) მასში ეს თვისება ბუნებრივად ზის და ამას არ აკეთებს ვინმეს გასაოცებლად. ყოველდღე ვხვდები, თუ რამდენად ძვირფასია ეს ადამიანი ჩემთვის. მისი წყალობით, სიურპრიზები ნამდვილად არ მაკლია. ხანდახან მიკვირს, საიდან მოაფიქრდა... ის ძალიან უცნაურია. ამას წინათ ისრაელიდან ჩამოვედი, მოვინახულე ვახო, ბავშვები, 5 საათი გამოვიძინე და წავედი ბათუმში კონცერტებზე ერთი კვირით. ვახომ გამაცილა და დაიჩივლა, რომ ბევრი საქმე მაქვს და ნორმალურად ვერც გნახეო. საღამოს 10 საათზე, სასტუმროს კარზე კაკუნი გაისმა – გამოვაღე კარი და – ვახო. (იცინის) ვახო, აქ რა გინდა-მეთქი – თვალები გამიფართოვდა. რა ვიცი, ვერ მოვითმინე და ჩამოვედიო.

– ვახოსთვის მიგიძღვნიათ სიმღერა?

– როგორ არა, „აყვავდება როცა ნუში” ვახოს მივუძღვენი.

ეკა სალაღაია

скачать dle 11.3