კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (51)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

დაუმორჩილებელნი 2



ფარული მბრძანებელი





გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹30-42(460)



ჩეჩენმა მუსტაფამ სასაფლაო ლამის ფორთხვით გაიარა. შემდეგ მარცხნივ შეუხვია და ტყეში შევარდა. ტყე რომ გაიარა, პატარა მდელოზე აღმოჩნდა, სადაც ხანში შესული კაცი ცელით ბალახს თიბავდა. მუსტაფა შეჩერდა, ჩასისხლიანებული თვალები არემარეს მოავლო, რომ გასაქცევი მოეძებნა, მაგრამ მდელო სალი კლდეებით ბოლოვდებოდა და მუსტაფა მიხვდა, რომ გაება. ტერორისტი შემოტრიალდა და ჰამოს მგლურ მზერას წააწყდა, რომელიც პისტოლეტმომარჯვებული იდგა. მთაწმინდელმა ზიზღნარევი სახით მიმართა:

– გაები, შე ვირთხა?

მუსტაფამ ვაზნებდაცლილი ავტომატი მხრიდან მოიხსნა, მიწაზე დააგდო და ჰამოს უთხრა:

– შეიარაღებული ლაპარაკი ადვილია! ეგ რკინა დაადგე და მაშინ ვნახოთ, რა ჯიგიტი ხარ!

ჰამომ მინისტრის ავტომატური „ბერეტა“ ზურგსუკან, ათიოდე მეტრში მოისროლა და დოინჯშემოყრილმა ცინიკურად უთხრა მუსტაფას:

– შენისთანა ვირთხის დასახრჩობად ეს ხელებიც კმარა!

მუსტაფამ რომ განიარაღებული ჰამო დაინახა, ქამრიდან სამართებელივით ალესილი ხანჯალი იშიშვლა და ჭყივილით გაქანდა მისკენ... ჩეჩენი ოსტატურად ხმარობდა ხანჯალს და ორჯერ საკმაოდ ღრმა ჭრილობაც მიაყენა ჰამოს მარჯვენა მხარსა და მკერდში, მაგრამ ჰამომ ხელში ფეხის არტყმით გააგდებინა მუსტაფას მარცხენა ხელში ჩაბღუჯული ხანჯალი, რომელიც უცნაური ტრაექტორიით გაფრინდა, გაოგნებულ ცელიან მამაკაცს ნიკაპთან გაუქროლა და წუილით შეერჭო ფიჭვს. წაქცეულმა ჩეჩენმა უკუსვლით ექვსიოდე მეტრი იფოფხა. შემდეგ გაშეშებულ გლეხკაცს ცელი გამოჰგლიჯა ხელიდან და ჰამოს შეუტია. მუსტაფა ცელსაც ოსტატურად ხმარობდა, მაგრამ ჰამოც არანაკლები ოსტატობით იცავდა თავს და იშვიათი სიმარჯვით იცილებდა მოქნეულ ცელს. მთაწმინდელმა, ერთი შეხედვით, წინდაუხედავი მოძრაობა გააკეთა და მუსტაფას ცელს თავი შეუშვირა. ჩეჩენმა ტერორისტმა სამართებელივით ალესილი სათიბი იარაღი მთელი ძალით მოიქნია, რომ ჰამოსთვის თავი მოეკვეთა. მაგრამ ჰამომ მოხდენილი მოძრაობით აიცილა და მუსტაფას ზურგიდან მოექცა, შემდეგ ცელის ტარს ჩაავლო ხელები და მარცხნივ გადაატრიალა, რამაც მუსტაფა ჰაერში ააგდო, დააბზრიალა და ჩეჩენის ძარღვებდაბერილი კისერი მზის შუქზე ალაპლაპებულმა ცელმა გადახიპა, რომლის ტარიც მთაწმინდელს ეპყრა ხელთ... მუსტაფას თავი მოცელილ ბალახზე ბზრიალ-ბზრიალით გასრიალდა და ხანჯალგარჭობილ ფიჭვს დაეჯახა, საიდანაც ხანჯალი ჩამოვარდა და მოკვეთილ თავს მარცხენა თვალში ჩაერჭო... თავმოკვეთილი სხეული კი დუნდულებით დაჯდა ბალახზე და გადაჭრილი არტერიებიდან სისხლი შადრევანივით ასხამდა... ჰამომ ცელი იქვე დააგდო და მაჯით ოფლი მოიწმინდა შუბლიდან, შემდეგ „ბერეტას“ დასწვდა და პირდაღებულ მინისტრს მიაწოდა, რომელმაც, თავის თანმხლებ პირებთან ერთად, საკუთარი თვალით ნახა მუსტაფას საშინელი აღსასრული.

მინისტრმა „ბერეტა“ ქამარში გაირჭო და ჰამოს უთხრა:

– შაკალს შაკლური სიკვდილი ერგო და ჯანდაბასაც წაუღია მისი თავი. ახლა ჩემები მოვლენ და ამ ყველაფერს შესაბამისად გააპრავებენ. მოიცადე და ვერტმფრენით წაგიყვან.

– არა, – თავი გააქნია ჰამომ, – მარტო სიარული მირჩევნია.

მთაწმინდელი ფეხით გაუდგა გზას, მინისტრი კი გაოგნებულ გლეხს მიუახლოვდა და ჰკითხა:

– მე ხომ მიცანი, ძიაკაცო?

– გიცანი, მაშ, როგორ არა! შენ ის არ ხარ? – აღარ დაასრულა მამაკაცმა.

– ჰო, ძიაკაცო, ის ვარ, – დაეთანხმა მინისტრი, შემდეგ ათი ცალი ასდოლარიანი ჩაუბღუჯა ხელში და ღიმილით დაამატა: – ამით თივა იყიდე...

***

ნაბრძოლი, დაჭრილი და დასისხლიანებული ჰამო სახლში დაბრუნდა, სადაც სოფი და ჩვილი, აგრეთვე პეტიკო და მინისტრიც დახვდნენ. ჰამომ ჯერ შხაპი მიიღო, ტანსაცმელი გამოიცვალა და ცოლ-შვილს გადაეხვია. მინისტრმა ღიმილით უთხრა პეტიკოს:

– და კი არა, ნამდვილი „ლედი კარატეა“. ჩეჩენი ტერორისტი ისე დაუქნევია, რომ ხერხემალში გადატეხა. ექიმები ამბობენ, რა ძალის ვაჟკაცმა დაახეთქა ასე ეს გოლიათი, რომ ასეთ დღეში ჩააგდოო.

სოფის უხმოდ გაეცინა და ატირებული ჩვილი ძუძუს მოსაწოვებლად გაიყვანა. პეტიკომ კი მინისტრს უპასუხა:

– სოფი ძველი კარატისტია, მაგრამ ეს ჩემი სიძე თუ ასე ოსტატურად ხმარობდა ცელს, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. შენმა მძღოლმა მითხრა, იმ ჩეჩენს ისე მოჰკვეთა თავი, რომ საგანგებოდ დადგმულ კინოსცენარშიც არ მინახავსო.

– ნუ იტყვი, – თავი გააქნია მინისტრმა, – ეგ მე მკითხე და მოგიყვები. ჰამოს და მუსტაფას ორთაბრძოლას რომ ვუყურებდი, თავი კინოში მეგონა. ის ურჯულო ისე მარჯვედ ხმარობდა ცელს, რომ რამდენჯერმე სროლაც კი დავაპირე ჰამოს გადასარჩენად. მაგრამ შენმა სიძემ ისე ოსტატურად წაართვა ცელი და მოსხიპა თავი იმ ტერორისტს, რომ დამიზნებაც ვერ მოვასწარით.

– ჯანდაბას მაგის თავი! – ხელი ჩაიქნია პეტიკომ, – ახლა რა ხდება ჩეჩნებთან დაკავშირებით?

– თუ მშრალი სტატისტიკით ვილაპარაკებთ, სამი ტერორისტი განადგურებულია, ორი კი ჩვენთანაა, თუმცა ერთ-ერთს ხერხემალი აქვს გადამტვრეული და, გინდ ყოფილა, გინდ არა. სხვაგვარად კი, ამ ყველაფერზე ოფიციალურად უნდა განვაცხადოთ, რომ მუსტაფას ტერორისტული ჯგუფი, რომელიც თბილისში შემოიპარა, საქართველოს დედაქალაქში ტერაქტების სერიას გეგმავდა, რაც ჩვენ მიერ იქნა აღკვეთილი. მე მგონი, ცუდი ვერსია არაა. პრეზიდენტიც კმაყოფილი იქნება, რუსებიც და ჩვენი ჩეჩენი მეგობარი შამილიც, – უთხრა პეტიკოს მინისტრმა, – პრეს-ცენტრმა შესაბამისი მასალა უკვე მოამზადა, სულ მალე ეთერში გავა და, მაქსიმუმ ერთ საათში რუსების რეაქციაც გვეცოდინება.

მინისტრის მობილურზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.

– პრეზიდენტი რეკავს, – თქვა მინისტრმა, შემდეგ ტელეფონი გაშალა და უპასუხა: – გისმენთ, ბატონო პრეზიდენტო!

ახლახან მაცნობეს, თითქოს ჩეჩნები დაგიხოცავთ თბილისსა და საგარეჯოში. რა ხდება? – ჰკითხა პრეზიდენტმა.

– საგარეჯოში ერთი ტერორისტი ავიყვანეთ, თბილისში კი სპეცოპერაცია ჩავატარეთ – ჩეჩენ ტერორისტებს მძლევლად აყვანილი დედა-შვილი გამოვტაცეთ. სწორედ ამ დროს მოვკალით ერთი ჩეჩენი, მეორე მძიმედ დაშავდა, ორი გაქცეული კი, რომელთა შორის ცნობილი საველე მეთაური მუსტაფა იყო, მოგვიანებით იქნენ ლიკვიდირებული.

– ხომ ნამდვილად ასე იყო?

– დიახ, ბატონო პრეზიდენტო, ზუსტად ასე იყო!

– კარგი, კარგი. მაგრამ ამ ყველაფერს შესაბამისი ფიარი უნდა, რომ არავინ არაფერში დაგვადანაშაულოს, გასაგებია?

– რა თქმა უნდა, გასაგებია, ბატონო პრეზიდენტო, ამ მხრივაც ყველაფერი რიგზეა. პრეს-ცენტრმა შესაბამისი მასალა უკვე მოამზადა და ტელევიზორში სამ-ოთხ წუთში იქნება.

– კარგი. აუცილებლად ვნახავ და მოგვიანებით შეგეხმიანები, – უთხრა პრეზიდენტმა და ტელეფონი გათიშა.

მინისტრმა ტელეფონი დაკეცა, ტელევიზორისკენ გაიშვირა ხელი და პეტიკოს და ჰამოს უთხრა:

– აი, იწყება და, ვნახოთ ერთი, რა მოგვიმზადეს ქართველმა ჟურნალისტებმა.

საგანგებო საინფორმაციო გამოშვებაში საგარეჯოში და ვაკის პარკთან გადაღებული კადრები უჩვენეს, სადაც ტერორისტების აყვანა და ლიკვიდაციის დაწყება იყო ასახული. დიქტორის შესაბამისი კომენტარების შემდეგ, ორივე ადგილიდან პირდაპირი ჩართვები განხორციელდა და რამდენიმე თვითმხილველი ალაპარაკეს. ბოლოს კი მოკლულებიც ანახვეს. ხოლო თავმოკვეთილ მუსტაფაზე ითქვა, რომ თავი მას აფეთქების ტალღამ მოაგლიჯა. რეპორტაჟში შამილისა და მუსტაფას დაპირისპირებაც იყო ნახსენები და მუსტაფას მიერ თბილისში დაგეგმილი ტერაქტები იმით ახსნეს, რომ თითქოს მუსტაფას ჯგუფს ოფიციალური თბილისისგან უარი ეთქვა პანკისის ხეობაში ბაზირებაზე. რეპორტაჟში არც ჰამო და პეტიკო იყვნენ ნახსენები, არც სოფი და ჩვილი და, მით უმეტეს, არც ჰამოს და მუსტაფას შორის გამართული ორთაბრძოლა. სიუჟეტი რომ დასრულდა, მინისტრმა კმაყოფილებით მოიფშვნიტა ხელები:

– ყოჩაღ, ჟურნალისტებო, მშვენივრად გაუკეთებიათ! პრემიები და სხვა სიურპრიზები ჩემზე იყოს! მე მგონი, პირველიც კმაყოფილი იქნება.

პეტიკოს რაღაცის თქმა უნდოდა მინისტრისთვის, მაგრამ მობილურზე კვლავ საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. მინისტრმა ტელეფონი გაშალა და უპასუხა:

– გისმენთ, ბატონო პრეზიდენტო!

– ყოჩაღ, კარგად გაკეთებული სიუჟეტი იყო. ზუსტად ისეთი, როგორც ჩვენ გვჭირდება და ჩვენი მეზობელი ვერაფერში შემოგვედავება. სიუჟეტის ავტორებსა და სპეცრაზმელებს პრემიები და ჯილდოები გადაეცი!

– გასაგებია, ბატონო პრეზიდენტო!

– იმ მუსტაფას მართლა აფეთქების ტალღამ მოაგლიჯა თავი?

– არა, ბატონო პრეზიდენტო, მას ცელით მოკვეთეს თავი!

– ცელით?

– დიახ, ცელით. ერთ ყოჩაღ ახალგაზრდასთან მოუწია შეტაკება და ორთაბრძოლაში თავი დაკარგა.

– კარგი, გასაგებია. ის ყოჩაღი ახალგაზრდა პირადად ჩემგან მოიკითხე, – თქვა პრეზიდენტმა და ტელეფონი გათიშა.

მინისტრმა ტელეფონი დაკეცა და ჰამოს უთხრა:

– პრეზიდენტმა პირადად მოგიკითხა!

***

მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი და პეტიკო დამეგობრდნენ, ერთ საქმეს მოჰკიდეს ხელი და ჩეჩნებისთვის მიწოდებული იარაღით ნაშოვნ ფულს შუაზე იყოფდნენ, მინისტრს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ პეტიკო და ჰამო მათესთან იყვნენ დაკავშირებულები. თავის მხრივ, არც მინისტრი ამხელდა, რომ საქართველოში ნარკოვაჭრობა მისი პატრონაჟით წარმოებდა. თუმცა პეტიკო და ჰამო კარგად უწყოდნენ ამ ამბავს და ნიადაგს ამზადებდნენ, რომ ეს საქმიანობა მაქსიმალურად აღეკვეთათ.

მინისტრი კიდევ ოციოდე წუთი გაჩერდა პეტიკოსთან, შემდეგ საათს დახედა და სანამ წავიდოდა, თქვა:

– ერთ საათში ჟურნალისტებთან ბრიფინგი მაქვს. შემდეგ პრეზიდენტთან უნდა ვიყო. წავედი. აბა, თქვენ იცით!

ჰამომ და პეტიკომ ხელი ჩამოართვეს მინისტრს და კარამდე მიაცილეს. შემდეგ პეტიკოს კაბინეტში განმარტოების შემდეგ მთაწმინდელმა ცოლისძმას უთხრა:

– ურთიერთობაში ცუდი ვინმე არ ჩანს, მაგრამ გამდიდრების გამო ერს დაღუპავს, გენოფონდს გვისპობს და რამე უნდა ვიღონოთ.

პეტიკოს გაეცინა:

– ისევ დაიწყე?

– აბა, რა ვქნათ, მშვიდად ვუყუროთ, როგორ ვნადგურდებით?

– ხომ გითხარი, რომ ეს ბაზარი ჯერ ადრეა. შენ ხომ არ გგონია, რადგან ერთ საქმეში ვართ და ვმეგობრობთ, ჩვენს ერთ სიტყვაზე სუპერშემოსავლიან ბიზნესს დათმობს?

– ესე იგი, შენც ფეხებზე გკიდია ყველაფერი, – ხელი ჩაიქნია ჰამომ, სიგარეტს მოუკიდა და კაბინეტიდან გასვლა დააპირა, მაგრამ პეტიკომ გააჩერა:

– ნუ ცხარობ, სიძე-ბატონო, დამშვიდდი. მართალია, ძალიან მძიმე დღე გქონდა, მაგრამ არც ჩვენ ვყოფილვართ არხეინად. ასე ერთი ხელის მოსმით არ გამოვა ეს საქმე და მინისტრს ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ, სანაცვლო საქმე, გესმის?

– რა სანაცვლო საქმე?

– რამდენიმე ვარიანტი მაქვს თავში და ყველაფერს კარგად უნდა მოფიქრება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მასთან საუბარი. ნარკოტიკების ვაჭრობით ის დიდ მაყუთს ღუნავს და ამ საქმეს ასე იოლად არ დათმობს, თუ საერთოდ დაგვთანხმდა ამაზე.

– არ დაგვთანხმდება და... – ჰამომ ხელის გაშლილი მტევანი ყელში გამოისვა, – მაშინ, ასე ვქნათ!

– „მაშინ, ასე ვქნათ“! – გამოაჯავრა პეტიკომ, – მერედა, ვინ შეგარჩენს ამას? რომც შეგრჩეს, მის ადგილზე სხვა არ მოვა? თუ, ფიქრობ, რომ ყველას ასე უნდა გაუსწორდე?

ჰამოს არ მოეწონა ცოლისძმის ტონი და წარბებაწეულმა უთხრა:

– ვინც ჩვენს სამშობლოს აქცევს და ანადგურებს, ყველას უნდა გაუსწორდე.

– ყველას ვერ გაუსწორდები, – არ შეეპუა სიძეს პეტიკო, – ის ყველა – ნახევარი სამყაროა და მაშინ მთელ ქვეყანას უნდა დაუპირისპირდე!

– აბა, შენ გინდა, რომ მთელმა ქვეყანამ გაგვსრისოს? – უთხრა ჰამომ პეტიკოს და სიგარეტის ნამწვავი საფერფლეში ჩაასრისა.

პეტიკომ ღრმად ამოისუნთქა და ჰამოს ჰკითხა:

– იცი, რით განსხვავდება უგუნური გონიერისგან? – პეტიკომ პაუზა გააკეთა და განაგრძო, – უგუნური ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს, გონიერი კი – პირიქით.

– შენ თუ იცი, რით განსხვავდება პატრიოტი არაპატრიოტისგან? – არ დააყოვნა პასუხი ჰამომ, – პატრიოტს გული შესტკივა სამშობლოსთვის, არაპატრიოტს კი ის ერთ ადგილზე ჰკიდია!

– უგუნურება უფრო მეტად დამღუპველია, – უმალვე უპასუხა პეტიკომ სიძეს, – ერთი უგუნური ძალადპატრიოტი მილიონ მტერზე უარესია.

– ეს მე ვარ ძალად პატრიოტი?

– მე ეს არ მითქვამს.

– აბა, რა თქვი?

– სიმართლე.

– რა სიმართლე?

– ის სიმართლე, რომ ნაჩქარევად გადადგმული ნაბიჯი მთელ საქმეს დაღუპავს და ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ ორნი რომ ვიყოთ, მაშინ ჯანდაბას ჩვენი თავი, მაგრამ ჩვენს უკან მრავალი ღირსეული ადამიანი დგას, ის დიდი საქმე, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით და ხოშმა და უტვინობამ არ უნდა გვძლიოს!

– ეს მე ვარ უტვინო და ხოშს აყოლილი კაცი? – თქვა ჰამომ, სავარძლიდან წამოდგა და დოინჯშემოყრილი დააცქერდა პეტიკოს, რომელმაც მშვიდად მოუკიდა სიგარას, გააბოლა და სიძეს უთხრა:

– მე არ მითქვამს, რომ შენ გგულისხმობდი.

– აბა, ვის?

– ისე, ზოგადად.

– რა ზოგადად, როცა აქ მხოლოდ მე და შენ ვართ?

– შენ რა, პასუხს მთხოვ?

– მე კითხვა დავსვი.

– ესე იგი, პასუხს მთხოვ, – გაეცინა პეტიკოს, – ჰამო, ძამიკო, გამოცდილი კაცი ხარ და ასეთი სიჩქარე არ გეკადრება. კიდევ ერთხელ გიმეორებ, რომ ჩვენს საქმეში მცირე იაღლიშიც კი დამღუპველია. შენ კიდევ, მეუბნები, რომ მინისტრს ნარკოვაჭრობაზე ავაღებინოთ ხელი და, უარს თუ იტყვის, მოვკლათო. ერთი წუთით დამშვიდდი, დაფიქრდი და მიპასუხე, ეს ყველაფერი რამდენად ახლოა ჭკუასთან და თუ გიფიქრია იმაზე, რა შეიძლება ამას მოჰყვეს.

– მე არ მითქვამს, პირდაპირ მოვკლათ-მეთქი. მე ამას უკიდურეს შემთხვევაში ვგულისხმობდი.

– საქმე ისაა, რომ უკიდურესობამდე არ უნდა მიიყვანო საქმე. ხოლო შენ რომ დაგიჯერო და მინისტრს მოუმზადებლად შევუგდო ეს ბაზარი, უკიდურესზე მეტი მოხდება. ამიტომ, დაჯექი, დამშვიდდი, ჩამოვყალიბდეთ და ერთად მოვიფიქროთ სამოქმედო გეგმა. მე შენ მხოლოდ და მხოლოდ ეს გითხარი, შენ კი ერთი ამბავი ამიტეხე და პასუხს მთხოვ იმაზე, რაც არც კი გამიფიქრებია, – უთხრა პეტიკომ ჰამოს, რომელზეც ცოლისძმის სიტყვებმა მაგიურად იმოქმედა, სავარძელში ჩაჯდა, მოდუნდა და ჩაფიქრდა. ხუთიოდე წუთის მერე კი პეტიკოს უთხრა: – აბა, თქვი, რას ფიქრობ!

– ერთი ვარიანტი ისაა, რომ მინისტრს ჩვენს ევროპულ ბიზნესზე მოვუყვებით და წილში ჩავსვამთ. სამაგიეროდ კი, საქართველოში ნარკობიზნესის მოსპობას მოვთხოვთ.

– შენ გინდა, მას მათეს ამბავი გავუმხილო?

პეტიკომ თავი გააქნია:

– კიდევ კარგი, რომ აქ მარტონი ვართ. ისევ ჩქარობ, სიძე-ბატონო. მე ხომ ევროპული ბიზნესი ვახსენე და არა მათე. რამაზი, ჰოლანდია, კუნძული მასი... რა გჭირს, ჰამო, რა შუაშია აქ მათე? მაგრამ, სიმართლე თუ გინდა, თუ ჩვენი და მინისტრის კავშირი ბოლომდე შედგა, მაშინ მათეს ამბის გამხელაც მოგვიწევს.

– მათეს ამბის?

– ჰო, მათეს ამბის, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თანაც მოგვიანებით, თუკი მინისტრს მეორე ვარიანტს შევთავაზებთ.

– აბა, თქვი, შენი მეორე ვარიანტი, – უთხრა ჰამომ პეტიკოს და სიგარას მოუკიდა.

სიგარა პეტიკომაც სიამოვნებით გააბოლა და ჰამოს უთხრა:

– თუ დააკვირდი, როგორ ელაპარაკებოდა მინისტრი პრეზიდენტს?

– როგორ – როგორ? როგორ და, ბატონობით, – მხრები აიჩეჩა ჰამომ.

– მე ფორმას არ ვგულისხმობ.

– აბა, რას?

– შინაარსს.

– რა შინაარსს? – მხრები აიჩეჩა ჰამომ, – ზუსტად არ მახსოვს მათი საუბრის შინაარსი, მაგრამ ჩეჩნებზე არ ებაზრებოდა?

პეტიკომ გაიცინა:

– მაგ შინაარსს არ ვგულისხმობ. მე მის მიმიკებს ვაკვირდებოდი პრეზიდენტთან საუბრისას და მივხვდი, რომ მინისტრს საპრეზიდენტო ამბიციები აქვს. ანუ მას პირველპირობა უნდა და სწორედ ეს ვიგულისხმე, როცა მეორე ვარიანტზე დავიწყე საუბარი.

– ვერაფერი გავიგე, – მხრები აიჩეჩა ჰამომ.

– რა ვერ გაიგე, ჰამო? მინისტრს ვეტყვით, რომ ის მომავალი პრეზიდენტი უნდა გახდეს და ამაში სრულ მხარდაჭერას შევპირდებით, თან გავუიასნებთ, როგორ უნდა განხორციელდეს ეს საქმე.

– შენ რა, პრეზიდენტის წინააღმდეგ აპირებ შეთქმულების მოწყობას? – კოპები შეკრა ჰამომ, რომელიც ჯერჯერობით ვერ ჩაწვდომოდა პეტიკოს ფარულ აზრს.

– შენ თუ მანგუსტის წინააღმდეგ აპირებ შეთქმულების მოწყობას, თანაც, საერთაშორისო დონეზე, მე რატომ არ უნდა ვფიქრობდე ასეთ რამეს? – გაეცინა პეტიკოს. შემდეგ სიძეს მხარზე მოუთათუნა ხელი და უთხრა, – ვხუმრობ. არანაირ შეთქმულებას არ ვაპირებ. უბრალოდ, მინისტრს ვეტყვით, რომ, თუ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, აუცილებლად გაიმარჯვებს, თუ, რა თქმა უნდა, შესაბამისად მოიქცევა.

– არჩევნებს თუ გააყალბებს, ხომ?

– სულაც არა, – თავი გააქნია პეტიკომ, – ვერ გამოიცანი. სწორად უნდა წარმართოს წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც აქედანვე უნდა დაიწყოს.

ჰამომ გულიანად გადაიხარხარა:

– კარგი რა, ნუ გამაცინე, პეტიკო! მინისტრმა ისეთი რა უნდა მოიმოქმედოს, რომ ხალხის გული მოიგოს, თანაც, იმ დონეზე, რომ მას გაუყალბებელ არჩევნებში ხმა მისცენ?

– სწორედ აქაა, ჩემო ჰამო, ძაღლის თავი დამარხული. მინისტრმა რამდენიმე გახმაურებული სპეცოპერაცია უნდა ჩაატაროს, სერიოზული ნარკობარიგები აყაროს, საკუთარი ხელით გაანადგუროს უამრავი ნარკოტიკი. ერთი სიტყვით, ნარკოტიკებით ვაჭრობა მართლა უნდა მოსპოს და, მერწმუნე, რომ ის საქართველოს ახალი გმირი და ქვეყნის მომავალი პრეზიდენტიც გახდება. თანაც, ამ ყველაფერს ტელევიზია და პრესა გააშუქებენ სათანადოდ და პირველკაცობა გარანტირებული აქვს.

– მერედა, წავა ასეთ რამეზე?

– რატომაც არა?

– იმიტომ, რომ ამას პრეზიდენტი არ დაუშვებს. ხომ შეიძლება, რომ მან მინისტრი მოხსნას და ყველაფერი წყალში ჩაუყაროს.

– ასეთი ვარიანტი, ფაქტობრივად, გამორიცხულია.

– რატომ?

– ჯერ ერთი, იმიტომ, რომ პრეზიდენტმა მინისტრის მოხსნით, შეიძლება, საფლავი გაითხაროს და ხელისუფლება ვეღარ შეინარჩუნოს. ხოლო თუ ეს მაინც გააკეთა, მაშინ მინისტრი ოპოზიციაში გადავა და პრეზიდენტი ამ შემთხვევაშიც წააგებს.

– შენ ასე ფიქრობ?

– თითქმის დარწმუნებული ვარ. ამაზე ფიქრში ღამეები მაქვს გათენებული, საქმე თითქმის დეტალებში დავამუშავე და შეცდომა, ფაქტობრივად, გამორიცხულია.

– მინისტრი რომ არ დაგეთანხმოს, მაშინ?

– თითქმის ესეც გამორიცხულია.

– კი მაგრამ, რატომ?

– ჯერ ერთი, იმიტომ რომ, რასაც მე ვამბობ, მასაც ის უნდა; მეორე იმიტომ, რომ სერიოზული პარტნიორები ვართ და ხვდება, რომ სანდოები ვართ; მესამე იმიტომ, რომ ქუჩის კონტროლში სერიოზულად დავეხმარებით; მეოთხე იმიტომ, რომ ფული გვაქვს და ამ კუთხითაც საჭირო ხალხი ვართ.

– ნუთუ ეს ყველაფერი ასე ადვილია? – მხრები აიჩეჩა ჰამომ და ცოლისძმას გამომცდელად შეხედა.

– ადვილი არც ღომის ჭამაა, სიძე-ბატონო, მაგრამ, ეს ისეთი საქმეა, რომ ჩიტი ბდღვნად ღირს და, მე მგონი, უნდა გამოვიდეს. ახლა რას იტყვი, ისევ შენს აზრზე დგახარ და არაპატრიოტად მთვლი?

ჰამო შეიშმუშნა, იქვე მდგარი ბოთლიდან კონიაკი „ნაპოლეონი“ ჩამოასხა, დალია და პეტიკოს უპასუხა:

– არა, პეტიკო, შენ მე ვერ გამიგე. უბრალოდ, ძალიან აღელვებული ვიყავი, რადგან ქვეყანა თავზე გვენგრევა. თუ რამე გაწყენინე, მაპატიე.

– არ გრცხვენია? რა პატიება... უბრალოდ, მე მგონი, ასე ჯობია. შენ რას იტყვი?

– კი, მასე ჯობია. თქმას როდის აპირებ?

– მინისტრისთვის?

– ჰო.

– უახლოეს დღეებში – ხვალ, ზეგ... რაღა დარჩა. ორ წელიწადში საპრეზიდენტო არჩევნებია და ახლავე უნდა დავიწყოთ.

***

ჩეჩნების ლიკვიდაციასთან დაკავშირებულმა აჟიოტაჟმა პეტიკოს საშუალება არ მისცა, მინისტრს დაკავშირებოდა, რადგან მას გამორთული ჰქონდა პირადი ტელეფონი, რომელიც სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა და, თანაც, არ ისმინებოდა. მინისტრმა მხოლოდ მეოთხე დღეს ჩართო ტელეფონი და პეტიკოს ზარს უპასუხა:

– გისმენ!

– პეტიკო ვარ!

– გიცანი. როგორ ხარ?

– არა მიშავს. შენ?

– დაღლილი. სამი დღეა, ჟურნალისტებმა, არასამთავრობოებმა და დიპლომატებმა ერთობლივად შემჭამეს. წუხელ ისევ ვიყავი დაღლილი, რომ მანქანაში ჩამეძინა და, წყნეთში რომ მივედი, ტანსაცმელიც არ გამიხდია, ისე ჩავწექი ლოგინში.

– განმუხტვა არ გინდა?

– რას მთავაზობ?

– ერთი კერძო აბანო ვიცი. კარგადაა მოწყობილი და არც თვალშია საცემი. თუ გინდა, წყნეთში გამოგივლით მე და ჰამო და სამი-ოთხი საათით განვიტვირთოთ.

– კეთილი, ერთ საათში გელოდებით!

პეტიკო და ჰამო მინისტრს „ბეემვეს ჯიპით“ მიადგნენ წყნეთში და თხუთმეტი წუთის მერე უკვე გაქათქათებულ აბანოში შედიოდნენ დედიშობილები, სადაც უკანასკნელი მოდის საშხაპედან გოგირდის წყალი მოჩუხჩუხებდა. მათ ჯერ წყალი გადაივლეს და, გოგირდის წყლით სავსე აუზში რომ ჩავიდნენ და მოხერხებულად მოკალათდნენ, მინისტრმა თქვა:

– როგორც ვხვდები, აქ იმიტომ მომიწვიეთ, რომ რაღაც მნიშვნელოვანის თქმა გაქვთ განზრახული.

მინისტრის სიტყვებმა ჰამო და პეტიკო იმდენად გააოცეს, რომ ენები მუცელში ჩაუვარდათ. თუმცა, პეტიკომ თავი ხელში აიყვანა მინისტრს გაუღიმა და ჰკითხა:

– ასე რატომ ფიქრობ?

– თუნდაც იმიტომ, რომ აქ დედიშობილები ვართ და ჩვენ საუბარს ვერც გადაიღებ და ვერც ჩაიწერ. მსგავსი რამ კი ამ აბანოშიც კი არ არის და ეს მე ზუსტად ვიცი.

ნუთუ მართლა ყველა ფეშენ-ადგილებს აკონტროლებ, როგორც ამას ხალხი ამბობს? – ჰკითხა პეტიკომ.

– თითქმის, – თავი დააქნია მინისტრმა.

აბანოს თანამშრომელმა ცივი ლუდით სავსე კათხები და მისატანებელი შემოიტანა, მაგიდაზე დაალაგა და გავიდა, პეტიკომ მინისტრს უთხრა:

– შენთან საქმიანი და პერსპექტიული წინადადება მაქვს, რომელმაც, ჩემი აზრით, უნდა დაგაინტერესოს.

– თქვი, გისმენ!

– ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ გეტყვი, რომ დიდი შანსი გაქვს, შემდეგი პრეზიდენტი გახდე.

მინისტრს ჩაეცინა:

– მეც მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გეტყვი, რომ სურვილი ნამდვილად მაქვს, მაგრამ შანსების რა მოგახსენო, ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით.

– დღეს უნდა დავიწყოთ და, თავს დავდებ, რომ ორი წლის მერე ალტერნატივა არ გეყოლება.

– შენ ასე ფიქრობ? – ჰკითხა მინისტრმა პეტიკოს. შემდეგ აუზიდან ამოვიდა, პირსახოცი შემოიხვია, ლუდით სავსე კათხა ხელში აიღო, სულმოუთქმელად დალია და თქვა: – ნამდვილი ნეტარებაა, მაგარი ლუდია!

– და არა მარტო ვფიქრობ, არამედ, გიმეორებ, – თავს ვდებ! – უპასუხა პეტიკომ.

მინისტრმა სიგარეტი გააბოლა და პეტიკოს უთხრა:

– კარგად იცი, რომ ხალხს არ ვევასები და, თუ არჩევნები არ გავაყალბე, ხმას ვინ მომცემს?! არჩევნების გაყალბების შანსი კი ორი წლის მერე ნამდვილად არ მექნება.

– ეს არც იქნება საჭირო.

– აბა, როგორ წარმოგიდგენია ჩემი გაპრეზიდენტება?

– როგორ და, ნარკობიზნესზე უნდა თქვა უარი. ყველა კრუპნი ბარიგა აყარო და ციხეში გამოამწყვდიო. ნარკოტიკები გაანადგურო და, გარწმუნებ, რომ ხალხი ორი ხელით მოგცემს ხმას.

მინისტრი პეტიკოსგან არ ელოდა ასეთ რამეს და წამოწითლდა. მერე კი თავი ჩაღუნა და თქვა:

– თქვენ გგონიათ, რომ პატრიოტი არ ვარ და ჩემი ერის გადაჯიშების ხარჯზე ვშოულობ ფულს, მაგრამ ეს საქმე აწყობილი დამხვდა და მთელი სისტემაა შექმნილი. ამ სისტემის დაშლას კი, შეიძლება, მეც გადავყვე. მაშინ პრეზიდენტობაც უკან დამრჩება და სიცოცხლეც.

– სხვა გზა არაა, – თავი გააქნია პეტიკომ, – ან ასე უნდა მოიქცე და გმირი გახდე, ან კი შენ ჯიშსა და ჯილაგს დაწყევლის ხალხი. რაც შეეხება სისტემის დაშლას, ეს არცთუ ისე რთულია და შენს ლიკვიდაციას ვერავინ გაბედავს. საქმე რომ ნარკოტიკების ტრანზიტის მოსპობას ეხებოდეს, მაშინ ასპროცენტიანი ტრუპი იქნებოდი, რადგან მსხვილ მაფიოზებს დაეჯახებოდი. ასე კი ისევ შენი ხელქვეითებისა და ნაბოზარი ბარიგების დასჯა მოგიწევს, რაზეც ფეხებსაც ვერავინ მოგჭამს, პირიქით, ეროვნული გმირი გახდები.

– შენ ამბობ, გმირი გავხდები?

– გმირი და პრეზიდენტი, თანაც, ისეთი სახელოვანი, რომ შენს სახელს ისტორიიდან ვერავინ ამოშლის.

– მე მგონი, ჩიტი ბდღვნად ღირს, – გაიცინა მინისტრმა, შემდეგ ლუდით სავსე კათხა აიღო და თქვა: – ამ სასმისით იმ ხალხს გაუმარჯოს, ვინც დღედაღამ ჩვენი ქვეყნის დაღუპვა-განადგურებაზე ფიქრობს!

– გაუმარჯოს! – ერთხმად გაიმეორეს ჰამომ და პეტიკომ, კათხები მიაჭახუნეს და ლუდი გამოცალეს.

მინისტრმა სოსისი და პური მოკბიჩა, ლუდი მიაყოლა და თქვა:

– ზეგიდანვე დავიწყებ ჩალიჩს. ჯერ „ბუხარას“ ავაგდებ, მერე კი დანარჩენებსაც მივაყოლებ.

– ვინ ბუხარას? – ჰკითხა პეტიკომ და მინისტრს მიაჩერდა, – სამშენებლო კომპანიის მეპატრონეს?

– სწორედ მაგას, – დაუდასტურა მინისტრმა.

– კი მაგრამ, რას ერჩი? – გულწრფელად გაუკვირდა პეტიკოს, – ეგ ხომ ფეშენ-ბინებს აშენებს?

მინისტრს გაეცინა:

– ფეშენ-ბაითების მშენებლობა კრიშაა და მისი ბიზნესის ლეგალური მხარე. სინამდვილეში კი, რაც თბილისში ჰეროინი იყიდება, 60 პროცენტი ამ ნაბოზრისაა.

– კაი, კაცო?! – თავი გააქნია პეტიკომ, ამას ნამდვილად ვერასოდეს წარმოვიდგენდი!

– აბა, რა გეგონა? ეს ნაგლი, პრეზიდენტის ოჯახის ახლობელია და იმიტომაა ასე გაგულავებული.

– პრეზიდენტი მფარველობს?

– არა, ცოლი. მისი ცოლის ბიძაშვილის ქმარია. პრეზიდენტი აზრზე არაა, ნარკობარიგა რომ არის.

– მერე, აქამდე რატომ არაფერს ერჩოდი? – ჰკითხა ჰამომ მინისტრს.

– ამ შემთხვევისთვის ვინახავდი, – გაეცინა მინისტრს, – ისე კი, მაგარი ნაგლია. ყველანი ფეხებზე ჰკიდია, მათ შორის ჩვენც და ჰგონია, რომ ბოლომდე გაუვა.

მინისტრს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ უეცრად აბანოს კარი ხმაურით გაიღო და კივილით შემოვარდა ტანწერწეტა დედიშობილა, გოგონა, რომელსაც სხეული დასისხლიანებული ჰქონდა...

მინისტრი, პეტიკო და ჰამო აბანოში ინკოგნიტოდ იყვნენ მოსულები. ამიტომ იქ არც მინისტრის დაცვა იმყოფებოდა და არც აბანოს თანამშრომლებმა იცოდნენ, ვინ იყვნენ მათი სტუმრები. აბანოს კარი კი იმიტომ არ იყო საკეტით გადარაზული, რომ მიმტანს ლუდი უნდა შემოეტანა.

დასისხლიანებულ გოგონას ზონზროხა, ღიპიანი მამაკაცი მოსდევდა, რომელსაც ხელში შამპანურის გადამსხვრეული ბოთლი ეჭირა – ეტყობოდა, რომ სწორედ ამ ნამსხვრევით დაუსისხლიანა გოგონას სხეული. დაჭრილი ლამაზმანი აუზის გარშემო დარბოდა, ვნებააშლილი ღიპიანი კი მისდევდა. უცებ გოგონას ფეხი აუცდა და აუზში ჩავარდა. ღიპიანმა ბოთლის ნამსხვრევი იქვე დააგდო, აუზში ჩახტა, გოგონა თმით დაითრია და წყალში ჩააყურყუმალავა. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ კაცებმა გონს მოსვლა ვერ მოასწრეს. ჰამომ მხრები აიჩეჩა და იკითხა:

– ვინაა ეს ახვარი?

– ვინ და, ბუხარა, – მშვიდად თქვა პეტიკომ, შემდეგ მინისტრს მიუბრუნდა და ჰკითხა: – იცანი?

– ვიცანი, – თავი დააქნია მინისტრმა, – ხომ გეუბნებოდით, ყველა და ყველაფერი ჰკიდია-მეთქი. ხედავ, რაებს აკეთებს?

– ჰოდა, მე მაგას ვუჩვენებ პათოლოგიებს, – თქვა ჰამომ და წამოდგა. შემდეგ აუზთან მივიდა, ბუხარა თმით ამოათრია წყლიდან და ორი დარტყმით იატაკზე დასცა. შემდეგ აუზში ჩახტა და თითქმის გათიშული გოგონა ამოიყვანა და გონზე მოიყვანა. ბოლოს ხალათი ჩააცვა და სავარძელში ჩასვა, ერთი ყლუპი არაყი დაალევინა და ჰკითხა: – რას გერჩოდა ეს ნაბოზარი?

– ჩემი გაუპატიურება უნდოდა, – ამოილუღლუღა გოგონამ.

– გაუპატიურება თუ გადამეტებული ხმარება?

– გაუპატიურება, – გაიმეორა გოგონამ, – დღეს პირველი დღეა, რაც სამსახურში გამოვედი და ამ გარეწარმა ლუდი და არაყი მოითხოვა. რომ მივუტანე და დალია, შამპანურიც მომატანინა. შემდეგ ტანსაცმელი შემომახია და გადამსხვრეული ბოთლით მაშინებდა.

– შენ რა, აბანოს ბოზი არ ხარ? – ჰკითხა ჰამომ გოგონას.

– რის აბანოს ბოზი? – ასლუკუნდა გოგონა, – უმუშევარი ვიყავი და აქ განცხადებით მოვედი. მიმიღეს და დღეს პირველად გამოვედი მიმტანის თანამდებობაზე...

ჰამო შეცბა და თავი გადააქნია. შემდეგ გოგონასკენ დაიხარა, შუბლზე აკოცა, თმაზე მიეფერა და უთხრა:

– მაპატიე, დაიკო! ამ დაწესებულებაში პატიოსანი ქალები არ მუშაობენ...



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3