კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის კვდება ადამიანი ხორციელად და როგორ იბადება მასში ახალი სიცოცხლე



ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებლური ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს მიაგებს და მათ თავთამოციქულებად მოიხსენიებს. ესენი არიან წმიდა პეტრე და წმიდა პავლე, რომლებიც წმიდა მღვდელმთავარ იოანე ოქროპირის სიტყვებით: „აღემატნენ ყოველგვარ მიწიერსა და ზეციურს. ისინი, ხორცში მყოფნი, აღემატნენ ანგელოსებს“... პეტრე – დასაბამი მართლმადიდებლობისა, დიდებული მღვდელთმსახური ეკლესიისა; პავლე – ჭეშმარიტების ჩინებული მქადაგებელი, ქრისტეს ეკლესიის ფხიზელი მესაჭე. 20 ივნისს სწორედ პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო, რომელიც თავის არსით ძალიან მნიშვნელოვანია. თავად დღესასწაულს კი მართლმადიდებლები 12 ივლისს აღვნიშნავთ. პეტრე-პავლობის მარხვის მნიშვნელობის შესახებ, გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– ქართველებს არ გვიყვარს ექიმთან სიარული, მაგრამ როდესაც გავბედავთ და მივალთ, რომ გვგონია, არაფერი გვაწუხებს, გავივლით რენტგენს და აღმოჩნდება, რომ ჩვენში არის უამრავი დაავადება. როცა ადამიანი მოდის ეკლესიაში, მისი სული გადის რენტგენს. როდესაც ისმენს სახარებას, სახარება სულიერ რენტგენზე ატარებს მის შინაგან მდგომარეობას და აღმოჩნდება, რომ ჩვენ უამრავი სნეულება გვაქვს, როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური. ქრისტიანული ანთროპოლოგია მოძღვრებაა ადამიანში ორი სიცოცხლის არსებობის შესახებ. ერთს ბერძნულად ჰქვია – „ბიოსი“, რაც იწყება შობით და მთავრდება გარდაცვალებით.  ეს არის ეგოცენტრული და არსებობისთვის საჭიროებს ოთხივე სტიქიას – წყალს, ჰაერს, ცეცხლს, მიწას. მეორე სიცოცხლე არის „ზოე“, რომელიც იბადება ადამიანში, გარდაცვალებით გრძელდება და მარადიულია. ეს არის ადამიანის სულიერი სიცოცხლე, პიროვნება, პერსონა, სული. ამიტომაც, ამ ორ სიცოცხლეს ერთმანეთში ძალიან დიდი კამათი და დავა აქვს. პირველი – „ბიოსი“ არის ხორციელი, ეგოცენტრული, ხოლო „ზოე“ არის სულიერი, მარადიული და იბადება ადამიანში ძველი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, ანუ ძველი ცხოვრების მიტევებით და ქრისტეში განახლებით. მარხვა სჭირდება პიროვნებას, რომელიც არის სულიერი. მას სჭირდება ხორციელი მოკვდინება, ხორციელი ცოდვების მიტოვება და სულიერი ცხოვრების დაწყება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარხვა არ არის ხორციელი, მარხვა არის სულიერი – განშორება ყოველგვარი უკეთურებისგან და ისეთ სულიერ მდგომარეობაში ყოფნა, როგორიც უფალს უნდა. წმიდა გრიგოლ ნოსელს დაწერილი აქვს შესანიშნავი შრომა – „რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა“, სადაც ასეთ რამეს გვეუბნება: თუკი ადამიანი ქრისტიანად იწოდება, უკვე სხვა ადამიანია, სხვა პასუხისმგებლობის მქონე, რადგან ყველა მისი მოქმედება სხვათა წინაშე, რომლებიც ქრისტიანები არ არიან, წარმოჩინდება, როგორც ქრისტიანობა. შენ ქრისტიანი ხარ და რასაც აკეთებ, მათთვის ყველაფერი ქრისტიანის ნამოქმედარია. ამიტომ, თუ უღირსად მოიქცევი, ქრისტიანობა მათთვის უკვე არის მოძღვრება უღირსობის შესახებ. ისინი ფიქრობენ, რომ ამ უღირსის მოძღვრებაც ასეთივეა. ამიტომ, ვინც მისიონერობას იტვირთებს, ცოტად თუ ბევრად, ამ აღმატებულ პასუხისმგებლობას, უნდა გრძნობდეს, რომ თავისი სამოღვაწეო თვისებებით, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ნებისმიერი სამოღვაწეო ქმედებით, ცხოვრების წესით, მისაბაძი იყოს.
– მამაო, როგორც ცნობილია, მაცხოვრის ორი მოციქულის, პეტრესა და პავლეს სამოციქულო მოღვაწეობა ძალიან საინტერესო იყო და მათი სახელობის მარხვის შენახვა ძალიან მნიშვნელოვანია.
– იოანე ოქროპირი მოციქულების შესახებ წერს: „ლერწმის ანკესის ნაცვლად, ისინი ქადაგებას იყენებენ, ძუის ნაცვლად – მეხსიერებას, ნემსკავის ნაცვლად – მადლმოსილ ძალას, სატყუარის ნაცვლად – სასწაულმოქმედებას, ლოდზე ჯდომის ნაცვლად – ცათა სასუფეველს, საიდანაც ისინი მოინადირებენ კიდეც თავის ნადავლს. ნავის ნაცვლად მოციქულებს წმიდა საკურთხეველი აქვთ მომარჯვებული, მეთევზეთა ხელოვნების ნაცვლად, საღმრთო მადლით მოქმედებენ. ზღვაში ნავის ნაცვლად, ადამიანთა ცხოვრებას მესაჭეობენ, ხოლო ბადის ნაცვლად, პატიოსანი და მძლე ჯვრის გამოყენება სჩვევიათ!“
– როგორც ცნობილია, პეტრე მოციქულს თავად მაცხოვარმა უწოდა სახელი – „კეფა“.
– წმიდა პეტრე მოციქული, ანდრია პირველწოდებულის ძმა, უფლის მოწაფეთა შორის გამორჩეულია, რადგან ის პირველი მოციქულია – მოციქულთა თავი. სანამ ქრისტეს შეუდგებოდა, სიმონი ერქვა, ხოლო პეტრე, ანუ ებრაულად „კეფა“ (კლდე) მას თავად უფალმა, იესო ქრისტემ უწოდა მტკიცე რწმენისა და საღვთო გულმოდგინებისთვის. „ის იყო ძე იოანესი, სიმონიეს ტომიდან, დაიბადა გალილეის პატარა და ნაკლებად ცნობილ ქალაქ ბეთსაიდში. ცოლად ჰყავდა მოციქული ბარნაბას ძმის, არისტუბელეს ასული, რომლისგანაც ქალ-ვაჟი შეეძინა. სიმონი გულმართალი, უბრალო კაცი იყო, ღრმად ღვთისმოშიში და კეთილმსახური, უფლის ყველა მცნების აღმსრულებელი“. როდესაც ის მიიყვანეს იესო ქრისტესთან, მაცხოვარმა უთხრა: „შენ ხარ სიმონ, იოანესი, შენ გეწოდოს კეფა, რომელიც ითარგმნების კლდედ (პეტრუს)“. იმ წამიდან პეტრე უფლისადმი სიყვარულით აღივსო, ირწმუნა მისი, როგორც ჭეშმარიტი  მესიისა – ქრისტესი, რომელიც ღმერთმა კაცობრიობის ხსნისთვის მოავლინა ამქვეყნად. ამის შემდეგ წმიდა პეტრე მოციქული შეუდგა ქრისტეს და თავის ძმასთან – ანდრიასთან ერთად, აღარასდროს განშორებია მას. უფალს გულწრფელობისა და უბრალოებისთვის უყვარდა პეტრე მოციქული. ერთხელ მას ღარიბულ სახლშიც ესტუმრა და ხელის ერთი შეხებით განკურნა ციებ-ცხელებით შეპყრობილი მისი სიდედრი. პეტრე მოციქული უშუალო მონაწილე და თვითმხილველი იყო უფლის მრავალი დიდი სასწაულმოქმედებისა. თუმცა, ღმერთმა თავისი მიუწვდომელი განგებულებით დაუშვა პეტრე მოციქულის სამგზის განდგომა უფლისგან. თუმცა, მან შემდეგში ცხარე ცრემლის ღვრით გამოისყიდა საკუთარი სისუსტე და შენდობაც ითხოვა. წმიდა პეტრე მოციქულთაგან პირველი ღირს იქმნა მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტეს ხილვისა. მოგვიანებით, როდესაც უფალმა მოციქულებს სულიწმიდა მოუვლინა, იმ დღეს პეტრე მოციქულმა მცირე ხანში სამი ათასი მორწმუნე შესძინა ქრისტეს ეკლესიას. ამასთანავე, მან დიდი სასწაულმოქმედი ძალაც გამოამჟღავნა – ბევრ ქვეყანაში იქადაგა, ბევრი ადამიანი მოაქცია, სასწაულები აღასრულა, ბოლოს ის სხვა მოციქულებთან და ქრისტიანებთან ერთად, შეიპყრეს. პეტრეს, როგორც არარომაელს, ჯვარზე სიკვდილი ჰქონდა მისჯილი. როცა მეომრებმა ჯვარი აღმართეს, მოციქულმა ითხოვა, თავდაყირა დამკიდეთო. ამით ჯეროვან პატივს მიაგებდა უფალს, რომელმაც თავისი ნებით დაითმინა ჯვარზე სიკვდილი, ამასთან ღირსადაც არ მიაჩნდა თავი, რომ უფლის მსგავსად ჯვარცმულიყო. ამიტომ, წმიდა პეტრე მოციქული თავდაყირა მიამსჭვალეს ჯვარს. სიკვდილის წინ მან უქადაგა ხალხს და ბოლოს მადლობა მიუძღვნა ღმერთს იმისთვის, რომ მოწამეობრივი ხვედრის ღირსი გახადა და ამ სიტყვებით სულიც განუტევა.
– პავლე მოციქული, სანამ მოციქული გახდებოდა, ქრისტიანებს დევნიდა, მკაცრად უსწორდებოდა. რატომ გამოარჩია ის უფალმა?
– ის ქრისტეს მოქცევამდე, სავლედ იწოდებოდა და წარმოშობით ბენიამინის ტომიდან იყო. მიუხედავად იმისა, რომ მან კარგად იცოდა წინაპართა წეს-ჩვეულებები, მაინც არ გამხდარა ქრისტიანი და პირიქით, უფლის მიმდევართა სასტიკი მოძულე და მდევნელი გახლდათ. მისი გულმოდგინება ქრისტიანთა შევიწროებაში იმდენად დიდი იყო, რომ არ დაკმაყოფილდა იერუსალიმში მცხოვრები ერთგული მორწმუნეების დევნით და უფლებამოსილება ითხოვა პირველმღვდელმთავრისგან, დამასკოს წასულიყო, შესაბამისი წერილები ჩაეტანა იქაურ სინაგოგებში და, სადაც მოიხელთებდა, ყველგან შეეპყრო ქრისტიანები, რათა იერუსალიმში გადაეგზავნა განსასჯელად. როცა სავლე, თანამზრახველ იუდეველებთან ერთად, დამასკოსკენ მიმავალ გზას ადგა, ანაზდად ნათელი იყო ზეციდან და ისეთი ძლიერი, რომ სავლე მიწაზე დავარდა. უფლის ბრძანებით, სავლე, რომელიც ვეღარაფერს ხედავდა, გზას დაადგა. მოგვიანებით, უფლის მოციქულმა ანანიამ იხილა უფალი და აასრულა მისი ნება: მოძებნა სავლე, ხელნი დაასხა და უმალ აეხილა თვალები. ანანიამ მას პავლე დაარქვა და მას შემდეგ პავლე უფრო და უფრო მეტად მტკიცდებოდა რწმენაში. პავლე, სულიწმიდის შთაგონებით, გაემგზავრა ანტიოქიაში, სადაც ქრისტეს მიმდევრებს პირველად ეწოდათ ქრისტიანები. ნერონმა მასაც სიკვდილი მიუსაჯა – პავლეს მახვილით მოჰკვეთეს თავი და გადმოცემით მისი ჭრილობიდან სისხლი და რძე გადმოიღვარა. ორივე მოციქული, პეტრეც და პავლეც, ერთ წელს აღესრულა, ახალი სტილით – 12 ივლისს. ამიტომაც ამ დღეს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს პეტრეპავლობას, რომელსაც წინ მარხვა უძღვის და მისი დაცვა აუცილებელია.

скачать dle 11.3