კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იღლება და ითენთება იოლად იმედა არაბული და რას „შეეწირა“ ლიკა ქორქია



 მარხვის შემდეგ ერთად მიდიან ზაფხულის გასატარებლად... სექტემბერში, ალბათ, ქორწილსაც ვნახავთ... ერთმანეთთან ინტერვიუს დროს ლიკა ქორქიამ და იმედა არაბულმა აღმოაჩინეს, რომ ზუსტად ისეთები არიან, როგორი მეორე ნახევარიც სურთ რომ გვერდით ჰყავდეთ.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ლიკა ქორქია
– საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვს. როდის იწყება შენი დილა და როგორი გრაფიკით ცხოვრობ?
– თუ „რუსთავი 2-ში” ვარ, მაშინ კვირაში ორჯერ ჩემთვის დილა გამთენიის ხუთ საათზე იწყება. თეატრში სეზონი ცოტა ხნის წინ დავხურეთ და ამიტომ, შედარებით, თავისუფალი ვარ. სეზონის დროს, როცა რეპეტიციები მქონდა, თორმეტ საათზე, გაურკვეველი ვადით, თეატრში ვიყავი.  სპექტაკლების დროს კი, ეთერის შემდეგ, პატარა პაუზა მქონდა, მერე მცირე რეპეტიცია და სპექტაკლი.
– ივლისის ბოლოს სატელევიზიო სეზონიც იხურება და მერე დასვენებას აპირებ ხომ?
– კი. შარშან ფანტასტიკური ზაფხული მქონდა. გადაღებებზე ვიყავი და მთელი დასვენების დღეები თბილისში, ერთ-ერთ ბინაში გავატარე.
– შარშან ხომ ბევრი იმოგზაურე?
– კი, „მაკბეტი” ჩავიტანეთ რამდენიმე ქვეყანაში. ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ ამას დასვენება მაინც არ ჰქვია. დასვენება ნიშნავს, არაფრის კეთებას, არაფერზე ფიქრსა და ნერვიულობას. აგვისტოში, იმედია, საქმე არ იქნება და ზუსტად ასე დავისვენებ. ოთხი წელია, ეს ვერ მოვახერხე. ან გადაღებები მაქვს, ან რეპეტიციები, ან ფული არ მყოფნის... ცხვარიჭამიაში მაქვს აგარაკი და ორი-სამი დღით თუ ვახერხებდი იქ ასვლას.
– ტელევიზიას როგორ შეეგუე?
– თავიდან მაგრად მიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა შევეგუე. მეუბნებოდნენ, ისე გამოიყურები გეტყობა, რომ გძინავსო. წამყვანობა არ არის ჩემი პროფესია, საქმე. ამიტომ ვფიქრობ, ნელ-ნელა კიდევ ვსწავლობ რაღაცეებს. სტუმრებთან ინტერვიუები, დიალოგი არ ვიცი. არ იყო ეს ჩემი საქმე, მაგრამ ნელ-ნელა ვეჩვევი. მგონი, ისეთი „უტყვი” აღარ ვარ, როგორც თავიდან ვიყავი (იცინიან).
– პირადისთვის დრო გრჩება?
– არ მრჩებოდა არასდროს, მაგრამ ახლა მაქვს და ამ საღამოს რას აკეთებ, ლიკა (იცინიან)? ამდენი ხანია, ერთად ვმუშაობთ, მაგრამ არასდროს არ გვქონდა დრო. სულ დაკავებული ვიყავი და შენც კიდევ სულ ცუდად ხარ. რაც ვიცნობ (მე მომმართავს – ავტორი), სულ გაციებულია, სულ გამოცდები აქვს, სულ სწავლობს, ხან „კრანი” ეჯახება თავში, ხან რაღაც სხვა უბედურება.
– „ფეისბუქზეც” ასე მწერს – როგორ ხარ კი არა, ცუდად ხარ თუ გამოცდა გაქვსო. მოკლედ, გავიგეთ რომ დრო გაქვს და აბა, ახლა რას უპირებ პირად ცხოვრებას?
– ახლა ცოტა დრო გამომითავისუფლდა და დავიწყე ვარჯიში (იცინიან). ვარჯიშით დავიწყე ყველაფერი. „სირანოს” რომ ვაკეთებდით, ძალიან ბევრი ენერგია და ჯანი წაიღო. საკმაოდ დავსუსტდი და ამას უკვე ყოველდღიურად ვგრძნობდი. სულ მინდოდა, ვარჯიში, მაგრამ არასდროს მქონდა ამის დრო, ისევ და ისევ გრაფიკიდან გამომდინარე. არ არის სასიამოვნო, ახალგაზრდა ბიჭი ზღვაზე ან აუზზე რომ გაიხდის და ღიპით დასეირნობს. არ ვამბობ, რომ კუნთები ბატი-ბუტებივით უნდა გქონდეს, თუ რაღაც ეგეთი, მაგრამ კარგ ფორმაში ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, კაცისთვისაც და ქალისთვისაც. ერთი პერიოდი, რაღაც მოვეშვისავით და აუზზე აღარ დავდიოდი. თან, ჯანმრთელობისთვის არის კარგი, აღარ ვიღლები იოლად, არ ვითენთები, უფრო კარგ ხასიათზე ვარ.
– და შემდეგი ეტაპი რა არის?
– მერე ცურვაზე შევალ და ცოტა ხანში ინგლისურსაც ვისწავლი. (იცინიან), კომპიუტერსა და ფორტეპიანოს ვეღარ ვასწრებ.
– დასვენებას სად აპირებ?
– მინდა, თურქეთში წასვლა. არ ვარ ნამყოფი არც ზღვისპირა, არც შუაგულ თურქეთში და მირჩევენ ერთ კუნძულს. გაგებაში არ ვარ, სად რა და რატომ ჯობია, ცოტას გავერკვევი და წავალ. კი არ ვკეკლუცობ, ძალიან მომწონს აჭარა, ბათუმი, მაგრამ ჩვენთან დღეში ათჯერ იცვლება ამინდი. ათი დღით ჩავიდე და რვა დღე – წვიმდეს, საშინელება იქნება.
– ვიყავი თურქეთში და რვა დღიდან ოთხი დღე კოკისპირულად წვიმდა. თურმე ექვს თვეში ერთხელ ასეთი ამბები იქაც არის.
– იმედია, ის ექვსი თვე არ დამემთხვევა. როგორი ამინდი გველის, ლიკა (იცინიან)? თუ შენ „უცხოეთზე არ მუშაობ”?!
– წასვლის წინ მკითხე და ზუსტად გეტყვი. საკურორტო რომანებზე რა აზრის ხარ?
– ყველანაირ რომანებზე გადასარევი აზრის ვარ. იქ რომ მიდიხარ, ერთობი და ეს ფლირტიც, რომანიც იმ გართობის ნაწილია. გადართული ხარ სხვა ადამიანებზე, სხვა რაღაცეებზე. თუმცა, გამიგია, რომ საკურორტო გართობა კონკაშიც დამთავრებულა, მაგრამ ეს იშვიათად.
– თურქეთში იმდენი ტურისტია, თან უკრაინელი გოგოები. იქ საკურორტო რომანი რომ არ განგივითარდეს, შეუძლებელია.
– მაგას საკურორტო მამაძაღლობა და ვირიშვილობა ჰქვია. ეს რომანი არ არის. ამას დასასვენებლად წასვლა აღარ ჰქვია. (იცინიან) გამხდარი რომ ჩამოხვალ, ფერი არ გადევს და იტყვი: რა ვიცი, ბიჭო, დასასვენებლად ვიყავი.
– შემოქმედებაში რა ხდება, არის რამე სიახლე, გეგმები?
– გეგმები მსახიობების საქმე არ არის. ჩვენი გეგმები და სიახლეები მხოლოდ რეჟისორებზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით სექტემბრამდე გაჩერებულები ვართ. ამწუთას თეატრიდანაც ვისვენებ, ოთხთვიანი გადაბმული რეპეტიციებისა და სპექტაკლების შემდეგ, ეს ძალიან კარგი (იცინიან).
– თეატრალურში როგორ მოხვდი, ამაზე შენმა მამიდამ ხომ არ იქონია გავლენა (მსახიობ მზია არაბულს გულისხმობს – ავტორი)?
– ბავშვობიდან ამაზე არ მიოცნებია. რომ ამბობენ ხოლმე, ეროსი მანჯგალაძე დამესიზმრა, მისი ხმა ჩამესმა – მსახიობი უნდა იყო და რაღაც ეგეთები არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. ჩაბარებამდე ერთ წელიწადში მომეწონა ეს საქმე. მანამდე ათი წელი ვცეკვავდი, დამემართა მენისკი. მარჯვენა ფეხი ნაოპერაციები მაქვს, მარცხენა – არა. იმდენად არ მაწუხებს, მაგრამ ცეკვას ვეღარ გავაგრძელებდი. თეატრალურში ვცდი-მეთქი, რომ ვთქვი, ოთხმოცდაჩვიდმეტი წელი იყო და მამიდაჩემი გადაირია – მთელი ცხოვრება უფულოდ უნდა იყო, გაჭირვებაშიო. გავჯიუტდი, რაღაც შეიცვლება, მიშა მოვა და უკეთესობისკენ წავა ყველაფერი-მეთქი... ოთხმოცდაჩვიდმეტში ვთქვი, სხვათა შორის, ეს (იცინიან). მამიდაჩემმა წამიყვანა თავის მეგობრებთან – ქეთი დოლიძესთან და ნანა კვასხვაძესთან და უთხრა, ოდნავი ნიჭი თუ არ აქვს, ცოდოა და უთხარით ტყუილად არ ისწავლოს ამდენი წელიო. ანუ, ნუ დაღუპავთო. ეტყობა, ეგეთი წყალწაღებულიც არ აღმოვჩნდი და მათ ჯგუფში მოვხვდი.
– სულ მაინტერესებს მსახიობების გამოცდა. მთხოვეს და ჩაიდანი გავაკეთე და რაღაც ეგეთები, ხომ ხდება – შენ რა გაგაკეთებინეს?
– სამი ეტიუდი მქონდა. ვენტილატორი, სეკატორი და ჩაიდანი. ოღონდ ამ ვენტილატორს თავის ისტორია ჰქონდა, სადღაც სხვენში მიგდებული იყო. მერე ჩამოიღეს, გაწმინდეს და ახალი სიცოცხლე დაიწყო. მას კი ეს უხაროდა და სხვა.
– ვენტილატორს როგორ უხაროდა... რა საყვარელი იქნება გახარებული ვენტილატორი. შემიყვარდა ჩემი ვენტილატორი. სულ მოვეფერები ხოლმე.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია იმედა არაბული
– ლიკა, გამოცდები გაქვს?
– კი, ჩვიდმეტში მაქვს სახელმწიფო გამოცდა. ცხრა საგანი უკვე ჩავაბარე და სახელწმიფოსთვის ვემზადები. ექვსი ათასი ტესტი მაქვს სასწავლი. არა, სასწავლი აღარ, მაპატიე, უკვე ვისწავლე და დამრჩა ოთხას ოცდასამი თუ ოცდაოთხი.
– ოთხას ოცდასამი ტესტი?! ნერვი დაგრჩა?
– ნერვი ისედაც არ მაქვს უკვე, შვიდი წელია. თავიდან გადავათვალიერე, ყველაზე ადვილები ვისწავლე, მერე საშუალოდ რთულები და ბოლოს, უკვე საშინლად გადაღლილი რომ მქონდა ტვინი, დამრჩა ყველაზე რთულები. მივხვდი, რომ ვეღარ ვსწავლობ. საერთოდ, ახლა მგონია, რომ არაფერი მახსოვს.
– წელს ამთავრებ?
– კი, სტომატოლოგიას. ვიყავი ყბა-სახის ქირურგიაზე და წელს შევცვალე. ჩვენთან ნაკლებად განვითარებადი პროფესიაა, ვერ გადიხარ პრაქტიკებს. აუცილებელია, ცოტა ხნით მაინც უცხოეთში გააგრძელო სწავლა, რომ ახალ ტექნოლოგიებს, თანამედროვე რაღაცეებს დაეუფლო. არანაირი გასაქანი არ მექნებოდა.
– აპირებ მუშაობას ამ სპეციალობით?
– ამ ეტაპზე არა. სტომატოლოგია დაამთავრე და კაბინეტი გახსენი, ასე ადვილად არ ვუყურებ ამ პროფესიას. თუ გადავწყვეტ, რომ ეს საქმე მინდა, აუცილებლად წავალ სადმე, ერთი-ორი წელი, კვალიფიკაციის ასამაღლებლად და მერე დავიწყებ მუშაობას. თუმცა იმას არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება, ისე მომინდეს პროფესიით მუშაობა, სხვას ყველაფერს თავი დავანებო.
– ტელევიზია მაინც ჰობია? შეიძლება, რომ ბოლომდე მიყვე ამ საქმეს?
– რატომაც არა. თავიდან, ალბათ, უფრო ჰობი იყო. მაგრამ ახლა ისე ჩავერთე, ისეთ აზარტში ვარ, რომ სამედიცინო გვერდით გადავდე და უფრო ამ ამბავში ვარ.
– ამ ქორქიებმა შეგვჭამეს რაა, იქით გიორგი ქორქია, აქეთ ანუკი, ლიკა... მოვა კიდევ ვიღაც „რუსთავი 2-ში”.
– „კოზა ნოსტრას“ კლანი გვაქვს. ამ შემთხვევაში – ქორქიების კლანი.
– ზაფხულში რას აპირებ?
– ჯერჯერობით ვერაფერი დავგეგმე. ანის მთელი ზაფხული თბილისში ყოფნა უწევს, გადაღებები აქვს და ამიტომ, არც მე მიშვებენ უცხოეთში. მარტო გაშვების პრობლემა კი არ არის, ანი ეცოდებათ. ოცდაოთხი საათი სამსახურშია, სულ გადაღებები აქვს და მითხრეს, რა ნამუსით უნდა წახვიდე, როცა ეს თბილისში ასეთ დღეშიაო. ნამუსზე ამაგდეს. საქართველოს ფარგლებს ვერ გავცდებით, მაგრამ ზღვაზე წავალთ.
– პირადში რა ხდება?
– პირადში არაფერი. ჯერ ერთი ცოტა, დრო მაქვს და არ მინდა, ის ძალიან ცოტა დრო პირადს მოვახმარო. ან გამოცდები მაქვს, ან ცუდად ვარ, ან გადაღებები მაქვს, ან სამსახურში ვარ. არის აქ სადმე სიყვარულის ადგილი?!
– ანუ, დრო არ გრჩება კი არა და არ ფიქრობ.
– ალბათ, ორივე ერთად და არც გამოჩნდა ალბათ ის, ვინც დროსაც მაპოვნინებს და დამაფიქრებს კიდეც.
– აი, ეს არის მთავარი, აქედან უნდა დაგეწყო. როგორი უნდა იყოს „ის”?
– მწვანე ან ცისფერთვალება უნდა იყოს, ასე არ მაქვს ჩამოყალიბებული.
– დავიჯერო, ამდენი ხნის განმავლობაში არავინ მოგწონებია? მეც მომწონს სხვათა შორის, ლიკა ქორქია (იცინიან).
– როგორ არ მომწონებია, მაგრამ რაღაც ისეთს გააკეთებს, ერთ წამში ყველაფერი ამოგეწურება. სენია, რომ ასი ბიჭიდან ოთხმოცდათვრამეტი გაუნათლებელია. ეს მხოლოდ წიგნზე არ არის, რაღაცის აზრზე ხომ უნდა იყოს, სხვადასხვა თემაზე საუბარი შეეძლოს.
– ერთს გააკეთებსო თქვი. მინუსი და პლუსი ყველას აქვს. ამისთანას რას აკეთებენ, რომ ერთი საქციელით ხურავ მის ფაილს.
– ასე, კონკრეტულად, არ მინდა გახსენება. ვერ ვიტან „მოძველბიჭო” ტიპებს, საკუთარ თავში უზომოდ დარწმუნებულები და ნიშნის მოგებით თუ გაბრაზებით რომ გეკონტაქტებიან სულ. თვითკმაყოფილი იდიოტები გამოდიან, საბოლოო ჯამში.
– ეს მაინც არასრულფასოვნების კომპლექსია.
– ცუდი თემაა მამიკოს ბიჭები. ბიჭები, რომლებიც თავიდან ბოლომდე ოჯახზე არიან დამოკიდებული. შეიძლება, თვრამეტი წლიდან იმხელა ხელფასი არ გქონდეს, რომ მშობლის დახმარება არ დაგჭირდეს, მაგრამ ამისკენ უნდა ისწრაფოდე მაინც, უნდა გქონდეს მიზანი და მისკენ მიდიოდე. უსაქმურ ადამიანთან ურთიერთობა ძალიან რთულია.
– უსაქმური, გაუნათლებელი და კიდევ როგორი?! „ბლატნოი”, კიდევ მამიკოს ბიჭი და რაღა დაგვრჩა?
– დაგვრჩა იმედა (იცინიან). მომწონს ჩვეულებრივი, უშუალო, ნორმალური ადამიანები, ცოტა ტრადიციული.
– ამაში რას გულისხმობ?
– მიხარია, ჩვენი ბიჭები და გოგოები ევროპისკენ, გათანამედროვებისკენ  რომ მიდიან, მაგრამ,  ტრადიციული მომენტები არ ჰქონდეს, ეს მარაზმია. მაგალითად, ოჯახური ტრადიციები. ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ძალიან ბევრ რაღაცას აქცევენ ყურადღებას. არიან ადამიანები, ვისაც ეს მომენტები აბსოლუტურად დაკარგული აქვთ.
– კონკრეტულად?
– თუნდაც ქალის, უფროსი ადამიანის პატივისცემა, სადილი ერთად – მამა, რომელიც შვილებს ზნეობრივად ზრდის, დედა, რომელიც აძლევს სხვა სითბოს, აახლოებს ეკლესიას. შენ წარმოიდგინე, ქართული სუფრის, ქორწილის ტრადიციები ძალიან მომწონს და არა ღრეობა, რასაც ხშირად ვხედავთ. მომწონს ნამდვილი სუფრა, ქართული სიმღერით, კომუნიკაციით. მომწონს ბიჭები ქორწილში ქართულ, ნაციონალურ სამოსში...
– გეუბნები რა, ივლისი, აგვისტო და სექტემბერში გავაკეთოთ ეგ ამბავი...
– ხედავ, უკვე სექტემბერში გადამიტანე.
– ახლა მარხვაა და იმიტომ (იცინიან).
– დასვენების შემდეგ რომ ჩამოვალთ, ეგ არის, ზუსტად ქორწილის დრო იქნება.
– მეც გეტყვი ახლა ქართველ გოგოებზე, რა მომწონს და არ მომწონს. პირველი უშუალობა აკლიათ. როგორც კი იგებენ, რომ ბიჭს მოსწონს, უცებ გოგო ხდება ძალიან სერიოზული, ცხვირს წევს და ვერაფრით ვხვდები ამის მიზეზს. რატომ უჭირთ ასე ურთიერთობა, მარტივი, უბრალო, დაძაბულობების გარეშე, არ მესმის. შეიძლება, ეს ბიჭების ბრალიც არის, არასწორი მიდგომაა. ყველა გოგოს რატომღაც ჰგონია, რომ თუ სიმპათიას გამოხატავ, „ეჩალიჩები”. არა, რომც „ეჩალიჩებოდე“, რა მოხდა, მაგრამ თუ მოგწონს სხვანაირად ეს როგორ უნდა გამოხატო?! იჩენ მეტ ყურადღებას და სხვა... გოგო რომ მოგწონს, ყველანაირად გსურს და გინდა, ეს არ ესმით. ვითომ ევროპულ ყაიდაზე გადავედით და სინამდვილეში, არის ვითომ ასე?! ამ ზედმეტი ჩაკეტილობისა და დაძაბულობისგან ისეთი სასაცილოები ჩანან, ისეთი ხელოვნურები არიან, ინტერესი მეკარგება. ეს სიამაყე სადღაც უნდა წაიღონ.
– ეს ყველაფერი შინაგანი კომპლექსებიდან მოდის და ეს ოჯახის ბრალია. ყველაფერი ოჯახიდან მოდის, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებ.
– მითხარი მოგწონვარ?
– კი.
– და რატომ?
– ჯერ ერთი ვიზუალურად ხარ ძალიან კარგი, ამასთან ერთად განათლებული. ხელოვანი რომ ხარ, ესეც დადებითად მოქმედებს შენზე. ტრადიციული რომ ხარ გეტყობა და ოჯახიც გადასარევი რომ გაქვს, ეს ვიცი. მამიდაშენს ვიცნობ და ძალიან მიყვარს. ხარ უკვე ჩამოყალიბებული, შემდგარი. რასაც ახალს იწყებ, ცდილობ, კარგად, ან საერთოდ არ გააკეთო...
– ე, გოგო, წამოდი, რაღას ველოდებით, ვერ გავიგე...
– მისაბაძი ბიჭი ხარ, სამაგალითო – ბევრი ქართველი ბიჭისთვის. და რომ ვარჯიშობ, ეს არის მთავარი.
– აი, გეუბნები სადმე „ბასეინზე” შემეფეთები და იქ დამთავრდება შენი კარიერა (იცინიან). მე იცი, რატომ მომწონხარ?! ძალიან იშვიათია, საქართველოში კი არა, ზოგადად, რომ ძალიან ლამაზი ქალი ამავე დროს ჭკვიანიც იყოს. შენ სილამაზეზე აღარაფერს ვამბობ და თან ძალიან ჭკვიანი ხარ. ზუსტად იცი რა გინდა, გაქვს შენი საქმე, რეალიზებული ხარ. და ამ ყველაფერთან ერთად, საოცარი იუმორი. გოგო კარგი იუმორით, თან თვითირონიაც რომ ჰქონდეს, როგორი იშვიათობაა, იცი?! მით უმეტეს, ლამაზი გოგოო.
– დღეს ხოტბის შესხმის დღე გამოგვივიდა. (იცინიან).

скачать dle 11.3