კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

„ეჭვიანი“ პატიმრები მკვლელობის გამო ციხეში დამატებით 12-დან 15 წელიწადს გაატარებენ



საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ციხე-კოლონიებში, სადაც ათასობით პატიმარი იხდის სასჯელს, სასტიკი დანაშაულები ხდება. განსაკუთრებით წინა წლებში, უმძიმესი ბრალდებით გასამართლებულებს შორის საპატიმროში „შტირით“ დაჭრა თუ მკვლელობა ისეთივე ჩვეულებრივი ამბავი იყო, როგორც გარეთ. მართალია, ციხის ადმინისტრაცია ვალდებული იყო პატიმრები მუდმივი მეთვალყურეობისა და კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა, მაგრამ ციხეს თავის დაუწერელი კანონები აქვს...

ისტორია, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ, ერთ-ერთ საპატიმრო დაწესებულებაში მოხდა, იქ, სადაც სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები იხდიან. იმ პერიოდში ციხე მართლაც თავისი კანონებით ცხოვრობდა და ყველა იქ მყოფი ვალდებული იყო, „განაწესს“ დამორჩილებოდა. იმ პერიოდში, როდესაც დანაშაული მოხდა, ციხეში ეგრეთ წოდებული „მაყურებლები“ მრავლად იყვნენ, ანუ მათ სიტყვას პატიმრებისთვის ოქროს ფასი ჰქონდა, მაგრამ, პარალელურად, ციხე არც ეგრეთ წოდებული „ნასედკების“, ანუ ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირების ნაკლებობას უჩიოდა, რომლებიც ზედამხედველებს ინფორმაციას აწვდიდნენ. სწორედ „ნასედკების“ გაშიფრვას მოსდევდა უმძიმესი შედეგი და, ამიტომაც იყო, რომ ადმინისტრაცია ყველანაირად ცდილობდა, ენის მიმტანები დაცული ჰყოლოდა. ასეთებს კოლონიებში ცალკე გამოყოფილი ოთახებიც კი ჰქონდათ.

ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა: ციხეში პატიმრებმა ეჭვი აიღეს, რომ ერთ-ერთი მათგანი ადმინისტრაციას ინფორმაციას აწვდიდა, მაგრამ, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს მათი ვარაუდი, ეს დღემდე გაურკვეველია. სწორედ ამ ეჭვს მოჰყვა უმძიმესი დანაშაული: პატიმრებმა, მათი ვერსიით „ნასედკა“ ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი გააუპატიურეს. პატიმარი იმავე ღამეს გარდაიცვალა.

საქმის მასალების მიხედვით, გია გ., რომელიც სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდიდა, ქურდი არ ყოფილა, მაგრამ კოლონიაში „ყოჩად“ ითვლებოდა და პატიმრების დიდი ნაწილისთვის მისი სიტყვა კანონი იყო. გიას 19 წელი ჰქონდა მისჯილი, სასჯელის დიდი ნაწილი უკვე მოხდილი ჰქონდა და მალე უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ მკვლელობის გამო მას სასჯელი 15 წლით დაუმძიმდა.

საქმე ისაა, რომ გია გ.-მ, რომელსაც ციხე ხელში ეჭირა, ერთ-ერთი მსჯავრდებულის საქციელიდან გამომდინარე, ეჭვი აიღო, რომ ის ადმინისტრაციასთან იყო შეკრული. ეს ეჭვი იმან გამოიწვია, რომ პატიმარი ეურჩებოდა, მის მოთხოვნებს არათუ არ ემორჩილებოდა, უპირისპირდებოდა კიდეც. საქმის მასალების თანახმად, გია გ. ვარაუდობდა, რომ ლევანი სხვებსაც გადაიბირებდა და, შესაძლოა, ციხეში მისი საქმეები ცუდად წასულიყო.

ამის გამო, ერთ დღეს, გია გ.-მ რამდენიმე პატიმართან მოითათბირა, რომ ლევანზე შური ეძიათ. მან თანამზრახველები დაარწმუნა, რომ პატიმრების მხრიდან შინაგანაწესის დარღვევის შესახებ ადმინისტრაციასთან ლევანს არა მხოლოდ ამბავი მიჰქონდა, არამედ, არც მათ აზრებს იზიარებდა. „ყოჩის“ სიტყვას დანარჩენებიც აჰყვნენ და პატიმარზე შურისძიება გარდაუვალი გახდა. გეგმაც შედგა: პატიმრებს, მათი აზრით, „ნასედკა“, გიას ოთახში უნდა შეეყვანათ და პასუხი მოეთხოვათ.

დაახლოებით ღამის 23 საათზე, პატიმრებმა მოტყუებით შეიყვანეს ოთახში „ნასედკა“ და ცემა დაუწყეს. საქმის მასალების მიხედვით, პირველი ძლიერი დარტყმა მას თავად გიამ მიაყენა, რის შემდეგაც დანარჩენი ხუთი პატიმარი მსხვერპლს წიხლებით გაუსწორდა; ერთ-ერთი ამასაც არ დასჯერდა და იქვე დაგდებული აგურის ნატეხით თავი გაუტეხა. გააფთრებულ დამნაშავესთან გამკლავება მარტო მყოფმა პატიმარმა ვერ შეძლო. იგი ცდილობდა აეხსნა, რომ მათი ეჭვები უსაფუძვლო იყო, მაგრამ სასტიკად ნაცემმა გონება დაკარგა და თავის მართლება ვეღარ მოახერხა. აგრესიული პატიმრები გონდაკარგულის დანახვაზე შეშფოთდნენ, მაგრამ გამოსავალი წამქეზებელმა იპოვა: გია გ.-მ ბრძანება გასცა, რომ წყალი დაესხათ და მოესულიერებინათ. პატიმრებმა სასტიკად ნაცემს წყალი შეასხეს, რის შემდეგაც ლევანი გონზე მოვიდა, თვალი გაახილა, მაგრამ მოსულიერებისთანავე მისი წამება განაგრძეს. როგორც ჩანს, არც ეს მიიჩნიეს პატიმრებმა საკმარისად და, როგორც საქმის მასალებშია აღნიშნული, გიას ორგანიზებითა და წაქეზებით, მისი გაუპატიურება გადაწყვიტეს. სიტყვას საქმე მოჰყვა: ორმა პატიმარმა სასტიკად ნაცემ ბიჭს საცვალი გახადა და ერთ-ერთმა ის უკანა ტანიდან გააუპატიურა... ამის შემდეგ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პატიმარი იქვე მიაგდეს. ლევან მ. გამთენიისას გარდაიცვალა.

მკვლელობის ფაქტი ციხის ადმინისტრაციისთვის დილით გახდა ცნობილი და მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დანაშაულში ეჭვმიტანილთა ვინაობა მალე გაირკვა და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სექსუალური დანაშაულისა და ჯგუფური მკვლელობის მუხლით აღძრეს.

წინასწარი გამოძიების მასალებში ორი პატიმარი დეტალურად აღიარებდა დანაშაულს. ისინი სხვებსაც ამხელდნენ, თუმცა, სასამართლოზე მათ უარყვეს წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები და აცხადებდნენ, რომ აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცეს. რაც შეეხება წამქეზებლად დასახელებულ გია გ-ს, ის არც წინასწარი გამოძიების დროს და არც სასამართლოზე დანაშაულს არ აღიარებდა. თავს საერთოდ უდანაშაულოდ მიიჩნევდა და სასამართლოს გამართლებას სთხოვდა. მან განაცხადა, რომ ვინაიდან 4 თვეში სასჯელის ვადა გასდიოდა, ტყუილად დასდეს ბრალი, რათა ციხიდან ვერ გაეღწია.

სასამართლო პროცესზე არც სხვებმა ცნეს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ. ისინიც და მათი ადვოკატებიც მიიჩნევდნენ, რომ საქმე ობიექტურად გამოძიებული არ იყო და საქმის ხელახლა გამოძიებაში დაბრუნებას ითხოვდნენ. ირწმუნებოდნენ, რომ დანაშაული სრულიად სხვა პატიმრების მიერ იყო ჩადენილი, მაგრამ ხელი ამათ შეახოცეს. თუმცა მათ ამ პოზიციას არ დაეთანხმა სახელმწიფო ბრალმდებელი, რომელმაც განაცხადა, რომ თითოეული განსასჯელის ბრალეულობა საქმის მასალებით უტყუარად იყო დადასტურებული.

თუმცა, საქმის მასალებში უტყუარი მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნა იყო, რომლის მიხედვითაც ლევანის წამების ფაქტი დასტურდებოდა. მას სხეულზე უამრავი დაზიანება ჰქონდა, მათ შორის ქალა-ტვინის დაზიანება. ექსპერტიზითვე დასტურდებოდა, რომ ის უკანა ტანიდან იყო გაუპატიურებული.

გამოძიებით, გაუპატიურებაში ბრალდებული პატიმრის ვინაობაც იყო გარკვეული, თუმცა, აღნიშნული პატიმრის ადვოკატი ცდილობდა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლებას, რადგან აცხადებდა, რომ პატიმარს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა. ამის დასადასტურებლად მან სასამართლოს დოკუმენტებიც წარუდგინა, დასტურდებოდა, რომ პატიმარს სერიოზული ტრავმა მართლაც ჰქონდა გადატანილი და გარკვეული პერიოდი ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც მკურნალობდა. სწორედ ამიტომ, ადვოკატი ითხოვდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკური მდგომარეობა გამოერკვიათ, მაგრამ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღმოჩნდა, რომ, როდესაც გაუპატიურებაში ბრალდებული პირველი დანაშაულისთვის დააკავეს, ფსიქიატრიული ექსპერტიზა მას იმ პერიოდში ჩაუტარეს, დასკვნაში კი მითითებული იყო, რომ პატიმარი ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანია. ამიტომ, ხელმეორედ ექსპერტიზის ჩატარებაზე სასამართლომ უარი თქვა.

საბოლოო სიტყვაში განსასჯელებმა გამართლება მოითხოვეს. რაც შეეხება მოკლული პატიმრის ცოლს, ანუ დაზარალებულს, ის დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვდა და ასეც მოხდა: ორგანიზატორს, გია გ-ს, დარჩენილ სასჯელზე ახალი სასჯელი დაემატა და საბოლოოდ მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რაც შეეხება დანარჩენებს, გაუპატიურებაში ბრალდებულს და, მესამე მსჯავრდებულს – 12-12 წელი მიუსაჯეს, დანარჩენებს კი – 14-14 წელი. არადა, როგორც აღმოჩნდა, ამ პატიმართა უმრავლესობას ადრე თავიანთი სასჯელები თითქმის მოხდილი ჰქონდათ.

სასამართლოს განაჩენი ბრალდებულების ადვოკატებმა საკასაციო პალატაში გაასაჩივრეს. მათი მოთხოვნა ერთნაირი იყო: ისინი გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალ გამოძიებაში დაბრუნებას ითხოვდნენ, მაგრამ პროკურორმა და დაზარალებულმა განაჩენის ძალაში დატოვებაზე იშუამდგომლეს. საბოლოოდ, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ განაჩენის გაუქმების კანონიერი საფუძველი არ არსებობდა, რადგან საქმის მასალებით უტყუარად იყო დადასტურებული მსჯავრდებულების დანაშაული. გარდა ამისა, ჩათვალა, რომ სასამართლომ მათ ქმედებას სწორი და სამართლებრივი შეფასება მისცა და პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა.



ეკა ბარაბაძე


скачать dle 11.3