კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ებრძვიან ერთმანეთს რუსეთი და ცივილიზებული სამყარო აფხაზეთის აღიარება-არაღიარებაზე და რატომ ამოვარდა რუსეთის სქემიდან „იუჟნაია ოსეტია“



ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გასულ კვირას გაკეთებული განცხადებით, რომელიც აფხაზეთისთვის ქართული აღიარების მიცემას გულისხმობდა, საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა და, ჩვეულებისამებრ, სრულიად საზოგადოება ორ დაპირისპირებულ ბანაკად დაყო. ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა ამ განცხადებას აბსურდულიც უწოდა და ის კრემლისთვის ყველაზე მისაღებ ვარიანტადაც დაასახელა, თუმცა, რაკი უძრაობას მოძრაობა სჯობს, პირში წყლის ჩაგუბებას კი კამათი, ინიციატივის ავტორი თავად განგვიმარტავს საკუთარი ინიციატივის მიზან-მოტივებს.
– თქვენ ხმამაღლა თქვით ის, რის თქმასაც ყველა ერიდება. როგორ ხედავთ კონკრეტულად ამ იდეის განხორციელებას?
– ძალიან ცუდია, რომ აქამდე ვერ ბედავდნენ ამის თქმას, რადგან აღმოჩნდა, რომ საზოგადოება, ამ თვალსაზრისით, ძალიან სერიოზულად ყოფილა გახლეჩილი და მის დიდ ნაწილს წარმოდგენაც არ აქვს, რა ხდება აფხაზეთში. საზოგადოება მსუბუქად ნერვიულ მდგომარეობაშია, ფიქრობს, რომ აფხაზეთი აუცილებლად დაბრუნდება, მაგრამ არავინ იცის, როდის მოხდება ეს და, რაც მთავარია, არც აინტერესებს. მთავარია, რომ ეს არის მოლოდინის მუდმივი პროცესი. ღვთის ნებას და განგებას უფრო მეტად ენდობიან, ვიდრე საკუთარ თავს. ჩემი აზრით, მდგომარეობა ისეთ ჩიხშია, რომ, თუ გამოსავლის ძებნა ახლავე არ დავიწყეთ, ხვალ ძალიან გვიან იქნება. რა რეალობა გვაქვს დღეს? აფხაზეთის ცნობის პროცესი რთულად, მაგრამ მიმდინარეობს და ეს არის რუსული დიპლომატიის ცნობილი მეთოდი.
– პირადად მე ნაურუსა და ვანუატუს აღიარებები აღვიქვი, როგორც დამცირების ელემენტის შემცველი?
– არა, ეს ერთგვარი მეთოდია. რუსეთმა რამდენიმე მეთოდი სცადა: მსოფლიო პოლიტიკის შემქმნელი ქვეყნების მხრიდან აფხაზეთის აღიარება, დსთ-ის სივრცის მიერ აფხაზეთის აღიარება, მაგრამ არ გამოუვიდა, ამიტომ სხვა მეთოდი აირჩია და გადაწყვიტა, რომ გაეროს წევრების მეშვეობით მოახერხოს აფხაზეთის ცნობადობის ამაღლება და აფხაზეთის პრობლემის გაეროს ტრიბუნაზე უფრო აქტიურად გატანა. ამ მიზნით, ზოგს პირდაპირ ყიდულობს, ზოგს სხვა ტიპის დახმარებას ჰპირდება, ზოგს ატყუებს, მაგალითად, ნაურუს 50 მილიონს დაჰპირდა, მაგრამ 10 მილიონი მისცა. ჩვენმა საზოგადოებამ ისიც არ იცის, როგორ მიდის ბრძოლა ამ პატარა ქვეყნების ხელისუფლებებსა და დასავლეთის ძლიერი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის, რომ მათ არ აღიარონ ან აღიარონ აფხაზეთი. მაგალითებს მოვიყვან: თუ გახსოვთ, პირველი დარტყმა რუსეთმა ლათინური ამერიკიდან წამოიწყო და მიაღწია იმას, რომ ნიკარაგუისა და ვენესუელისგან აღიარება მიიღო. რიგში იდგა ბოლივია. ამ მიზნით, ბოლივიის ხელმძღვანელი –  მორალესი ჩაიყვანეს მოსკოვში. მორალესს არანაირი განათლება არ აქვს, ის არის მწყემსი, მაგრამ თავისი ბუნებრივი მონაცემების გამო და იმიტომ, რომ ინდიელთა ყველაზე მრავალრიცხოვანი ტომის წარმომადგენელია, მოახერხა მაღალი პოლიტიკური პოსტის მიღება. მორალესი გახადეს მოსკოვის უნივერსიტეტის საპატიო აკადემიკოსი. დაჰპირდნენ ორი მილიარდი დოლარის სესხს, მაგრამ რუსეთმა, ჩვეულებისამებრ, როგორც კი, ცოტათი მოატყუა მორალესი, ამ პროცესში მაშინვე ჩაერთო შეერთებული შტატები და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბოლივიას თავისი მოსალოდნელი აღიარება უკან წაეღო. შემდგომ, გახსოვთ, ძალიან დაიძაბა სიტუაცია კარიბის აუზის ქვეყნებში. სწორედ ამიტომ, ამერიკელების მოთხოვნით, ჩვენი პრეზიდენტი კოსტა-რიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გაფრინდა. მე მაშინაც ვამართლებდი ამ ნაბიჯს, რადგან ინაუგურაციას ესწრებოდნენ ლათინური ამერიკის სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები და, როგორც ჩანს, იქ მოხდა გარიგება, რომ ლათინურ ამერიკაში შეჩერდებოდა აღიარების პროცესი. ამ ბოლო დროს ვაშაძე იყო კუბაში, ეტყობა, სწორედ კოსტა-რიკაში მიღწეული გადაწყვეტილების გასამყარებლად.
– აფრიკასთან ჩვენი ინტენსიური დიპურთიერთობაც ამას უკავშირდება, ალბათ?
– აფრიკაში განსაკუთრებულად ნაყოფიერად მუშაობენ ფრანგი და ინგლისელი დიპლომატები, რომ აღიარება არ მოხდეს, მაგრამ მთელი მსოფლიო მოეცვათ, ეტყობა, ვერ შეძლეს. მოკლედ, ჩვენი პარტნიორები ჩვენ ნაცვლად მუშაობენ. მეორე მხრივ, ეს საქართველოს გამო კი არ კეთდება, არამედ იმიტომ, რომ დასავლეთისთვის ეს პოლიტიკური პრესტიჟის საკითხია. საინტერესოა, რომ ავსტრალიას ჰქონდა გადაბარებული წყნარი ოკეანე, მაგრამ, როგორც ჩანს, ავსტრალიას არ ეყო სურვილი ან მოქნილობა საიმისოდ, რომ ნაურუს აღიარების შემდეგ დაებლოკა აღიარებები. ასეა თუ ის ვანუატუმ აღიარა აფხაზეთი.
– აღიარა კი?
– დღემდე ეს აღიარება ვანუატუს ხელმძღვანელობაში საშინელი დაპირისპირების თემაა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც გაეროშია ელჩი, კატეგორიულად უარყოფს აღიარებას.
– დოკუმენტი არ არსებობს?
– დოკუმენტი არსებობს, მაგრამ იმ დოკუმენტზე ხელი მოაწერა ვანუატუს ხელისუფლებამ, რომელიც დღეს აღარ არის ხელისუფლებაში. ანუ ახლა საქმე მიდგა აღიარების გაწვევამდე.
– ოსი სეპარატისტები რატომ „დაგვიჩაგრეს“?
– მივალთ მაგ საკითხამდეც. რუსეთს დიდი ჯაფა დაადგა იმისთვის, რომ ამ აღიარებისთვის მიეღწია და ზუსტად ამიტომაა, „სამხრეთ ოსეთი“ ამოვარდნილი კონტექსტიდან. აფხაზეთის აღიარება რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. იქ „საპრეზიდენტო არჩევნებია“, აფხაზ საზოგადოებაში კი დიდი გულისწყრომაა რუსეთის ქმედებების გამო.
– რაღა ყოფილი კანიბალების სახელმწიფო მონახა. ისეთი მაინც მოეძებნა, ადამიანებს რომ ცოცხლად არ ჭამდნენ?
– ისინი არ ჭამენ ადამიანებს.
– 170 წლის წინათ ჭამდნენ.
– გასული საუკუნის 30-იან წლებში შიმშილობისას უკრაინასა და ვოლგისპირეთშიც ჭამდნენ ადამიანებს, ამიტომ ეს არ არის სწორი მიდგომა. ძალიან სინტერესოა, აფხაზი ჟურნალისტები წერენ, რომ დღეს აფხაზი საზოგადოება ბევრად უფრო მშვიდად შეხვდა ვანუატუს აღიარებას, ვიდრე ნაურუს აღიარებას და ერთგვარი ირონიაც კი არის ამ სიმშვიდეში მოსკოვის წვალების მიმართ. ეს პატარ-პატარა ქვეყნები გაეროს წევრები არიან და აქვთ საშუალება, დააყენონ აფხაზეთის საკითხი გაეროს ტრიბუნაზე. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ვერ გრძნობს. რომ ჰკითხო საზოგადოების დიდ ნაწილს, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომელი რეგიონიდან იყო ის ათი ქართველი, რომლებიც რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს, 90 პროცენტი ვერ გიპასუხებს. ვერ გეტყვიან, რომ ეს არის ტრადიციული ქართულ-ოსური დღესასწაული, როდესაც ხატობაზე ერთად იკრიბებიან ქართველები, რაჭისა და იმერეთის მოსახლეობა და ასე ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში. რუსებმა კი სწორად გათვლილი იდეოლოგიური დარტყმა მიაყენეს ამ ვითარებას: იმ დღესასწაულზე ქართველების დაპატიმრებით შეურაცხყოფა მიაყენეს იმ ოსებსაც, რომლებმაც ქართველები დაპატიჟეს და ამით განხეთქილებაც შეიტანეს ქართველებსა და ოსებს შორის, მაგრამ ეს, მაქსიმუმ, 10-20-მა ადამიანმა იცოდეს საქართველოში. ამდენად, ბევრი ლანძღვა-გინება მივიღე საზოგადოების დიდი ნაწილისგან, თუმცა მხარდამჭერებიც იყვნენ. საქმე ის არის, რომ ოპონენტების ნაწილი ალალადაა შეწუხებული ჩემი პოზიციით.
– რატომ თქვით, მაინცდამაინც, ახლა?
– ჯერ ერთი, ჯამი წვეთობით აივსოო და, რაც მთავარია, ოკუპირებული რეგიონებისადმი ახალი სტრატეგიის დიდი იმედი მქონდა, მაგრამ ის მასშტაბურად ვერ მუშაობს და აქ მხოლოდ ქართული ხელისუფლება და საზოგადოება არ არის დამნაშავე. მე ვერ ვატყობ, რომ აქ განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს პრობლემის მოგვარება უნდოდეთ. სტატუს-კვოს შენარჩუნება უნდათ, მაგრამ მეტი არაფერი. მივედით და გავჩერდით ტერმინ „ოკუპაციამდე“. დეოკუპაცია როდის დაიწყება, არ ვიცით. 70 წლის განმავლობაში ლაპარაკობდა დასავლეთი, რომ საბჭოთა კავშირი „ბოროტების იმპერიაა“ და დასანგრევია, მაგრამ, სანამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური გარდატეხა და კრიზისი არ მოხდა, ვერაფერი მოუხერხეს. დასავლეთის ამ პოლიტიკით, გამოდის, რომ უნდა ველოდოთ, როდის გაწყდება წელში რუსეთი და როდის იქნება დასავლეთის ისეთივე დამყოლი, როგორიც იყო გასული საუკუნის 80-იან წლებში. ვთქვათ, მოხდა ასეთი რამ და რუსეთმა გაიყვანა ჯარი აფხაზეთიდან. როგორ წარმოუდგენია ქართველ საზოგადოებას აფხაზეთის დაბრუნება?! აფხაზებს და ქართველებს შორს გაუცხოება ხომ ისევ ისეთი იქნება, როგორც დღეს არის?! ამასობაში თაობები წამოიზრდება და დაიკავებს ქართულ სივრცეს. ჩამოვთვლი იმ არგუმენტებს, რომლებმაც გადამაწყვეტინა ამ ნაბიჯის გადადგმა: ჯერ ერთი, ჩემთვის ნათელი გახდა ის მეთოდი, რომლითაც რუსეთი ცვლის დემოგრაფიულ ვითარებას აფხაზეთში. დემოგრაფიული სურათი აფხაზეთში ბუნებრივადაც იცვლება: ისინი, როგორც ქართველები, მაღალი შობადობით არ გამოირჩევიან, ძალიან მაღალია ნარკომანიის დონე, ძალიან ბევრი ახალგაზრდა გადის აფხაზეთიდან, ამის პარალელურად კი, ჩვენი მტერი, ჩვენგან და ჩვენი პარტნიორებისგან განსხვავებით, გაჩერებული არ არის და მუშაობს ყოველდღიურად.
– რუსი სამხედროებისთვის აფხაზეთში საცხოვრებლის დაკანონებას გულისხმობთ?
–  ამ მეთოდს იყენებდა რუსეთი მეთვრამეტე საუკუნეში კავკასიის კოლონიზაციის პერიოდში და ეს არის კლასიკური კოლონიალისტური მეთოდი: რუსებს ჯერ შემოჰყავთ ჯარი, შემდეგ ქმნიან გამაგრებულ ცენტრებს და, ბოლოს, სამხედრო დასახლებებს, რაც ხდება კიდეც დღეს გალის რაიონში. თან გაითვალისწინეთ, დღევანდელი ვითარებით არსებობს ხელშეკრულება აფხაზებსა და რუსებს შორის და ეს ხელშეკრულება აფხაზეთის ტერიტორიაზე მომსახურე რუს მესაზღვრეებს ეხება: ნებისმიერ ოფიცერს, რომელიც მსახურობს აფხაზეთის ტერიტორიაზე, თადარიგში ან პენსიაზე გასვლის შემთხვევაში, ეკუთვნის მიწა და ბინა აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამიტომაა გადავსებული რუსი მესაზღვრეების შემადგენლობა ოფიცრებით. თან, უპირველესად, გალის რაიონში. მართალია, თავდაცვის სამინისტროს ჯარებთან ასეთი ხელშეკრულება დადებული არ არის, მაგრამ სხვადასხვა მეთოდით ისინი ახერხებენ საცხოვრებლისა და მიწის მიღებას. ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წლისთვის რუსეთი აპირებს, რომ კიდევ 2 500 სამხედრო მოსამსახურით გაიზარდოს კონტინგენტი, რომელიც აფხაზეთშია. მეორე მხრივ, რუსეთის ეკლესია, რომელიც თითქოს არ ერევა აფხაზეთის საკითხებში, აგზავნის მლოცველთა ჯგუფებს, რომლებიც შემდეგ რჩებიან აფხაზეთის ტერიტორიაზე და აწყობენ რელიგიურ თემებს. ესეც რუსეთის კოლონიური პოლიტიკის პრაქტიკაა. სულ ახლახან ორენბურგის კაზაკების უზარმაზარმა რაზმმა ქალებით და ბავშვებით მოაწყვეს „ჯვრით სვლა“ სახელწოდებით: „ივერიის ღვთისმშობლის სამშობლოსკენ –  აფხაზეთისკენ.“
– ასეთი რამ ჯერ არავის უთქვამს?!
– უბირი ხალხია, რაც უთხრეს, ის გააკეთეს. ისინი მოდიან, ახალი ათონის თუ სხვა ეკლესია-მონასტრების გარშემო იკრიბებიან და შემდეგ, როგორც რელიგიური თემი, რჩებიან. თუ ასე გაგრძელდა, 10-15 წელიწადში რუსი მეტი იქნება, ვიდრე აფხაზი. რაც შეეხება მეორე მიზეზს: მოდის პრეზიდენტის არჩევნები და, განსხვავებით, წინა არჩევნებისგან, როდესაც რუსეთის ფიარ-ტექნოლოგიებმა არ იმუშავეს სხვა ეთნოსებთან, იმდენად იყვნენ დარწმუნებული ხაჯიმბას გამარჯვებაში, წელს მობილიზებული ჰყავთ ყველა სომხური და სლავური ორგანიზაცია. ამდენად, ყველა აფხაზმა რომ ერთ კანდიდატს მისცეს ხმა, დანარჩენების ხმებს ვერ გადაწონიან.
– ქართველებმა რომ დაუჭირონ მხარი აფხაზებს?
– მივალ მაქამდე. გადამწყვეტი იქნება სომხებისა და სლავური თემების ერთობლიობა. იცით, რომ სწორედ ქართველებმა მოაგებინეს ბაღაფშს, დღეს კი თვითონ აფხაზებმა, მართალია, რუსების ძალდატანებით, ისეთი სიტუაცია შექმნეს, რომ 50 000 ქართველიდან მხოლოდ 3 000-ს აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.  ასე რომ, ვისაც ახლა აირჩევენ, ის უნდა იყოს მოსკოვის მადლიერი. მადლიერი ადამიანი კი იცით, როგორი სამართავია, რაც უნდა პროაფხაზი და პატრიოტი იყოს.
– ასე გკითხავთ: ბაღაფში რომ გააპრეზიდენტეს, ამით რა მიიღეს, ანუ მივიღეთ ქართველებმა?
– როდესაც ლაპარაკი იყო კულუარული მოლაპარაკების შესაძლებლობაზე, ითქვა, რომ ეს არ გახმაურებულიყო. ბაღაფშს ხელი შეეშალა, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაედგა ქართველების მიმართულებით. ბაღაფშის წინადადება იყო, რომ ყველა ქართველს ჰქონოდა ხმის უფლება. სწორედ მას უნდოდა მაქსიმალურად მოეწესრიგებინა ქართველებთან ურთიერთობა, მაგრამ მხოლოდ ბაღაფში ხომ არ იყო? მნიშვნელოვანი ძალები მოქმედებდნენ მის წინააღმდეგ. რუსები ძალიან კარგად ხვდებოდნენ, საკმარისი იყო, ქართულ-აფხაზური კულუარული პროცესი შემდგარიყო, რომ ვითარება შეიცვლებოდა. ამიტომაც ვითხოვ ღია დიალოგს, სადაც რუსეთი ასე პირდაპირ ხელს ვეღარ შეგვიშლის. რუსეთი ამბობს, რომ აფხაზეთი უნდა იყოს დამოუკიდებელი. ვინ უნდა მისცეს მას ეს დამოუკიდებლობა?
– საქართველოს მიერ მიცემული აღიარებაა ერთადერთი ლეგიტიმური აღიარება.
– და ეს კარს გაუხსნიდა აფხაზეთს დასავლეთისკენ, რაც მათ ძალიან სჭირდებათ. მაგალითად, „სამხრეთ ოსეთს“ ეს არ სჭირდება, მათთვის ვლადიკავკაზი და მოსკოვი სავსებით საკმარისია. აფხაზებს უნდათ მოსკოვისგან დისტანცირება და ჩვენ უნდა შევეცადოთ, აფხაზები გავიხადოთ მოკავშირეებად რუსეთის წინააღმდეგ. შეგვიძლია? შეგვიძლია. შანსი რამდენია? ასში სამი? ეს სამი გამოვიყენოთ.
– ჩემი აზრით, აღიარებაზე მოლაპარაკების პროცესში დევნილების უპირობო და სრული დაბრუნების თემის წამოწევა ძალიან მომგებიანი იქნებოდა, მაგრამ, მეორე მხრივ, რამდენიც არ უნდა ვიფიცოთ, რომ გვინდა აფხაზეთის აღიარება, ხომ აშკარაა, რომ არ გვინდა, უბრალოდ ვიწყებთ პოლიტიკურ ვაჭრობას. ხომ ცხადია, ამ ნაბიჯზე თუ წავალთ, წავალთ არა იმ იმედით, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი იყოს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენკენ წამოვიდეს თავისი ნებით?
– მე არ მინდა, ვიყო რომის პაპზე უფრო კათოლიკე და ვთქვა, ჩემი ძირითადი მიზანი აფხაზების კარგად ყოფნაა, თუმცა არც უამისობაა, მაგრამ ამით ჩვენ ვიტოვებთ შესაძლებლობას, რომ აფხაზეთი ოდესმე მაინც იქნება საქართველოს შემადგენლობაში. აფხაზებისგან დაცლილი აფხაზეთი საქართველოს არასდროს დაუბრუნდება. ამიტომ რუსებს ჯერ აფხაზები ჰყავთ მოსაშთობი, შემდეგ კი ქართველებს მისდგებიან. ჩვენი ამოცაანა, რომ, თუ შევძელით, შეიქმნას ერთი ქართული და ერთი ქართულ-აფხაზური სახელმწიფო. ეს იქნება იდეალური ვარიანტი, შემდეგ კი უკვე შეიძლება ფიქრი იმაზე, რომ ამ ორ სახელმწიფოს შორის იყოს კავშირი. შეიძლება, 10-15 წელიწადში საზღვრები საერთოდ აღარ არსებობდეს და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. როდესაც ვამბობ, რომ დამოუკიდებლობა უნდა მივცეთ აფხაზეთს, მათ რამდენიმე პირობა უნდა შეასრულონ: ყველაზე მთავარი პირობაა რუსეთის ჯარის გაყვანა და მეორე ეტაპია დევნილების დაბრუნება. რუსეთის ჯარი რატომ დგას იქ?
– „აგრესორი ქართველებისგან“ იცავს აფხაზებს.
– თუ აღარ იქნება ეს ხიფათი, ესე იგი, რუსეთის ჯარის ფიზიკური ყოფნა იქ საფუძველს კარგავს. რა თქმა უნდა, რუსეთი მოინდომებს, რომ ჯარი არ გაიყვანოს, მაგრამ უკეთეს სასტარტო მდგომარეობაში ხარ, როდესაც ამბობ, ვაღიარებ აფხაზეთს, ვაწერ ხელს ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულებას, თუ რუსის ჯარი გავა და დევნილები დაბრუნდებიანო. ცხადია, ეს მოლაპარაკებები არ უნდა გაიმართოს მხოლოდ აფხაზებსა და ქართველებს შორის, ბუნებრივია, აუცილებლად უნდა ჩაერიონ საერთაშორისო ორგანიზაციები. დასასრულ მინდა, ვთქვა, რომ დაანებონ თავი ჯაშუშების ძებნას. დავიღალე უკვე: ხან სააკაშვილის აგენტი ვარ, ხან –  კრემლის, თურქეთისაც კი, ამ ფონზე კი აფხაზეთი, ფაქტობრივად, იკარგება.

скачать dle 11.3