კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეიმჩნევა ბოლო წლებში ქართველ ქალებში ლტოლვა ძალოვან სტრუქტურებში სამსახურისკენ და რატომ არის ამ სფეროში დასაქმებული ბევრი ქალი ადამიანის უფლებების დაცვის გარანტია



მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ფანჯრებში ოცდამეერთე საუკუნეა, ჩვენი განწყობები უმეტესად პატრიარქალურია, რაც იმასაც ნიშნავს, რომ კვლავაც ცოცხალია შეგონება, ქალმა იმდენი უნდა იცოდეს, სახლი არ გადაწვასო. ოღონდ, სტატისტიკის მიხედვით, ირკვევა, რომ საქართველოში ქალებს განსაკუთრებით გამოუვლინდათ ძალოვან სტრუქტურებში სამსახურის მიდრეკილება. ამ ტენდენციის მიზეზებზე ნინო ციხისთავი გვესაუბრება.
– ქართველ ქალებს გამოეკვეთათ ამგვარი ტენდენცია თუ ეს მსოფლიოში არსებული რეალობაა?
– სინამდვილეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ ძალოვან სტრუქტურებში იზრდება ქალების პროცენტული მაჩვენებელი  და ზოგადად მსოფლიოში შეიმჩნევა ასეთი ტენდენცია, ოღონდ ამ ტენდენციას სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული საფუძველი და მიზანი აქვს. იმ ქვეყანაში, სადაც კონფლიქტური და პოსტკონფლიქტური სიტუაციაა, დაბალია სოციალური და პოლიტიკური განვითარების მაჩვენებელი, ქალების ლტოლვა ძალოვანი სტრუქტურებისადმი სხვა მოტივებითაა განპირობებული, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანის უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების მაღალი ინდექსია. ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, ერთი მხრივ, არსებობს სპეციალური შეთავაზებები ქალებისთვის, რათა გაიზარდოს ძალოვან სტრუქტურებში მათი რაოდენობა და, მეორე მხრივ, შექმნილია ნორმატივები ძალოვან სტრუქტურებში ქალთა დაწინაურების უზრუნველსაყოფად, რაც ქალებისთვის მომხიბვლელს ხდის ასეთ სტრუქტურებში მუშაობას. თუ გადავხედავთ სამსახურებრივ პირამიდას ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ქალთა დაწინაურების არანაირი შიდა მექანიზმი არ არსებობს და თითო-ოროლა ქალის დაწინაურებას მხოლოდ შემთხვევითობას თუ მივაწერთ, ვნახავთ, რომ ამ პირამიდის ქვედა რგოლში გაცილებით მეტი ქალია და მათი რაოდენობა იკლებს, რაც უფრო ზემოთ ავდივართ. ბუნებრივია, კარიერული გზა ხელფასის მატებასთანაც არის დაკავშირებული, რის საშუალებაც საქართველოში ქალებს არ აქვთ.
– მაშინ რით აიხსნება მათი ლტოლვა ძალოვანი სტრუქტურებისადმი, ყავას სხვა სტრუქტურაში ვერ მოადუღებენ?
– ერთი შეხედვით, თითქოს ეს ქალისთვის მომხიბვლელი არ უნდა იყოს და, მართლაც, ისმის კითხვა, მაშინ რა განაპირობებს ქალების რაოდენობას ძალოვან სტრუქტურებში? სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი კვლევა არ ტარდება. რაც შეეხება შედარებას: ჩვენ, ბუნებრივია,  ვერ შევედრებით ისრაელს, სადაც გაწვევა სავალდებულოა როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის, მაგრამ, დაახლოებით, ჩვენს მსგავს ქვეყანაში ეს ტენდენცია შემდეგნაირად იხსნება: ჯერ ერთი, ძალოვან სტრუქტურაში სამსახური ქალისთვის დაკავშირებულია პერსონალურ უსაფრთხოებასთან.  ეს არის გარანტირებული კუნძული, სადაც თვითონ ქალი და, სულ მცირე, მისი ოჯახის წევრები დაცული იქნებიან. ასევე, მინდა, ვთქვა, რომ ასეთი კვლევის შედეგები ხშირად შესაბამისობაშია რეალობასთან. წელს გამოქვეყნდა ბოლო პერიოდის ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა: ოჯახური ურთიერთობებისა და თაობათა ურთიერთამოკიდებულების ანგარიში ქალბატონი ირინა ბადურაშვილის ორგანიზაციით. მასში მოტანილია ძალიან საინტერესო მონაცემები. მაგალითად, როგორ აფასებს ახალგაზრდობა ბოლო სამი წლის განმავლობაში ახალი ტანსაცმლის შეძენისა და სათანადო კვებით უზრუნველყოფის საკითხებს. ახალგაზრდები პასუხობენ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ოჯახებს უჭირთ ახალი ტანსაცმლით მათი უზრუნველყოფა და ესეც შეიძლება, მივიჩნიოთ იმის მოტივად, თუ რატომ მიილტვიან ქალები ძალოვან სტრუქტურებში სამსახურისკენ. მოგეხსენებათ, ძალოვან სტრუქტურებში ფორმა გარანტირებულია.
– მეორე მიზეზი, ალბათ, კვება იქნება?
– რა თქმა უნდა, მეორე მიზეზი კვებაა. ამას გარდა, ძალოვან სტრუქტურებში სამსახურს თან ახლავს ბონუსები, წახალისებები. ანუ ამ სტრუქტურებში მოგვარებულია ყოფითი პრობლემები. ასეთი მიდგომა სხვა არც ერთ სტრუქტურაში არ არის, თუ არ ჩავთვლით პარლამენტს, სადაც პარლამენტის წევრებს, გარდა მაღალი თანამდებობრივი სარგოებისა, აქვთ საშუალება, შეღავათიან ფასად მიიღონ საკვები პარლამენტის ბუფეტში. მაგრამ ეს სრულიად სხვა თემაა და ამაზე აღარ შევჩერდები. ამას გარდა, თუ ავიღებთ ბოლო სამი წლის განმავლობაში დასაქმებულთა მონაცემებს, ვნახავთ, რომ დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 35-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში და, რაც მთავარია, ეს მაჩვენებელი არ იზრდება. ასევე, ძალოვან სტრუქტურებში არის მეტ-ნაკლები სტაბილურობა და იმედი იმისა, თუ ერთხელ შეაღწიე იქ, სამსახურს აღარ დაკარგავ, რადგან ისინი თავიანთ კადრებს სხვაზე მეტად უფრთხილდებიან და ქალებს შესაძლოა, ნაკლები კონკურენცია მოუწიოთ.
– როდესაც სახელმწიფო მოხელეების ქონებრივ დეკლარაციებზე ვმუშაობდი, პარალელურად მათ ბიოგრაფიასაც ვეცნობოდი და შემიძლია, გითხრათ, რომ, მაგალითად, პროკურატურის სისტემაში, ყველა პროკურორს გავლილი აქვს სტაჟიორით დაწყებული კარიერული ზრდის ყველა საფეხური. ასეთი რამ მე არ შემხვედრია სხვა არც ერთ სტრუქტურაში.
– როდესაც დაცულია კარიერული ზრდის პრინციპი, ეს ეხმარება იმ სტრუქტურას მუშაობაში და ქალების მოტივიც ეს არის, როდესაც ძალოვან სტრუქტურას ირჩევენ.  კიდევ ერთი: იგივე კვლევის მიხედვით, ბოლო სამწლიან პერიოდში ქალებში გაზრდილია დეპრესიის დონე და გარკვეულწილად, ეს მიუთითებს იმაზე, რომ, ერთი მხრივ, ქალები აპროტესტებენ საზოგადოების მათდამი დამოკიდებულებას და, მეორე მხრივ, უკმაყოფილო არიან მათდამი უთანასწორო დამოკიდებულებით. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ქალებს არ აქვთ თანაბარი შესაძლებლობები, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში იმ კითხვარის მიხედვით, რომელიც ძალოვანმა სტრუქტურებმა მოგვაწოდეს, ქალების რაოდენობა იქ მცირე არ არის. რა თქმა უნდა, ყველა ძალოვანი სტრუქტურა ამბობს, რომ ისინი არ ასხვავებენ თანამშრომლებს სქესის მიხედვით და გენდერული ბალანსი დაცულია, მაგრამ ფაქტია, რომ ქალებს ძალოვან სტრუქტურაში თანამდებობრივი ზრდის შესაძლებლობა არ აქვთ. მინდა გითხრათ, რომ არსებობს სტანდარტები, რომლებიც ეხება ქალებისა და მამაკაცების თანასწორობასა და კარიერულ ზრდას და ეს სტანდარტები მოწოდებულია საქართველოსთვის. ამდენად, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ აჩვენოს, რომ ის მართლაც მიილტვის ევროპული ღირებულებებისკენ. მაგალითად, ძალოვან სტრუქტურაში არ არსებობს ქალებისა და მამაკაცების ყველანაირი ფორმა. არადა ფორმა მნიშვნელოვანი კომპონენტია, იმდენად, რომ დასავლეთში ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე ქალების აქსესუარებს ცალკე უწყებები ემსახურება. ჩვენთან კი ვერ მაჩვენებთ ფორმას, რომელიც გათვლილია ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე ფეხმძიმე ქალისთვის. ასეთი ფორმა უბრალოდ არ არსებობს, ვერც, ქალის ფორმების შესაბამის პერანგს ნახავთ.
– მამაკაცის პერანგებს აცმევენ?
– მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ეუთოს, გაეროს და ევროკავშირის  რეკომენდაციები, რომლებიც სავალდებულოა საქართველოსთვის. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ¹1325 პირდაპირ მოუწოდებს კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ქვეყნებს, რომ გაზარდონ ძალოვან სტრუქტურებში ქალთა რაოდენობა. მაგალითად, მე ვიცი, რომ შარშან ევროპის სადამკვირვებლო მისიამ უმასპინძლა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის წლისთავს და იქ გავიგე ჩემთვის ძალიან საინტერესო სიახლე: ისინი დაეხმარნენ, რომ ქართულ პოლიციაში შექმნილიყო ქალ პოლიციელთა ასოციაციები. ორი წლის წინათ ასეთი ასოციაცია შეუქმნია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციას. ასეთი ასოციაციის შესაქმნელად ემზადება მცხეთა-მთიანეთისა და გორის პოლიცია. ქალ პროფესიონალთა გაერთიანება მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
– გარდა იმისა, რომ ქალებისთვისაც უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა პროფესია, რას სძენენ თავიანთი იქ ყოფნით ძალოვან სტრუქტურებს?
– მკითხველს რომ არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ცარიელი სიტყვებია ქალთა რაოდენობის გაზრდა ძალოვან სტრუქტურებში, მოვიტან მაგალითს: ამერიკაში ჩაატარეს კვლევა, რის მეშვეობითაც მოსახლეობამ შეაფასა პოლიციელი ქალის და მამაკაცის მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები. აღმოჩნდა, რომ კვარტალურად მამაკაცი პოლიციელები რვაჯერ მეტად ამეტებენ ძალას, ვიდრე ქალი პოლიციელები. ამერიკის ძალოვანი სტრუქტურების საიტებზე რომ შეხვიდეთ, ძალიან ბევრგან ნახავთ რეკომენდაციას: მიიღეთ, რაც შეიძლება, მეტი ქალი, იმიტომ რომ ეს თქვენსავე სტრუქტურას დადებითად მოემსახურება, –  ქალები არ ამეტებენ თავიანთ უფლებამოსილებას.
– მართლაც, რა კარგები ვყოფილვართ.
– ქალები ძალიან პედანტურები არიან სამუშაოს შესრულებისას, რაც, მინიმუმ, იმის გარანტიას იძლევა, რომ ეს არ ლახავს სხვების უფლებებს. სამწუხაროდ, საქართველოში ქალები მოიაზრებიან ძალოვანი სტრუქტურების სერვის-ცენტრებსა და საინფორმაციო სტრუქტურებში. ძალოვანი სტრუქტურების კონკრეტულ ძალისმიერ თუ ძალადობრივ ქმედებაზე კომენტარს ახმოვანებენ სწორედ ქალი სპიკერები და მე ვწუხვარ, რომ ამ დროს მთელი შესაძლო აგრესია, რაც კი საზოგადოებაში იმ დროს არსებობს, ამ ქალების წინააღმდეგ მიიმართება და ილექება. მხედველობაში მაქვს  პრესასთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების უფროსის თანამდებობაზე მყოფი ქალები.
– ქალებს უფრო მეხამრიდის ფუნქცია აქვთ?
– დიახ და ამით ხდება ქალების ერთგვარი დისკრედიტაცია საზოგადოების თვალში, არადა, მართლაც, მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ბონუსი შეიძლება, მიიღოს სტრუქტურამ და ქვეყნამ, თუ მეტი ქალი იმუშავებს ძალოვან სტრუქტურაში. ორი მაგალითი უნდა მოვიყვანო. პირველი: არსებობს გაეროს მიერ ოფიციალურად აღიარებული სტამბულის პროტოკოლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველოსთვის სავალდებულო დოკუმენტია. იქ ჩამოთვლილია კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას ძალოვანმა სტრუქტურამ გამოძიებისას. მაგალითად, რა უნდა შესთავაზოს დაზარალებულს სახელმწიფომ, როდესაც გაუპატიურების საქმეა, რაც ტაბუირებული დანაშაულია. სამწუხაროდ, საქართველოში, მაინცდამაინც, არ სრულდება ეს მოთხოვნები. უპირველესად, სისტემამ მსხვერპლს უნდა შესთავაზოს თავისივე სქესის გამომძიებელი. ამ საკითხზე ორი აზრი არ არის.
– როგორც ჩხრეკისას, ქალი ქალმა უნდა გაჩხრიკოს?
– დიახ, ისევე, როგორც პენიტენციურ სისტემაში ქალებთან მუშაობენ ქალები, მამაკაცებთან კი –  მამაკაცები. ასევე, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველა იმ მეთოდოლოგიის გამოყენება, რომ მსხვერპლს კი არ გაუორმაგოს და გაუსამმაგოს ტრავმა, არამედ –  შეუმსუბუქოს. საერთოდ, ქალების დასაქმება ძალოვან სტრუქტურებში, უპირველესად, უკავშირდება ტექნიკურ რევოლუციას. სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ავტომატური დაუთობა, –  ამ გამოგონებებმა ქალი გამოათავისუფლა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალების არსებობას ძალოვან სტრუქტურაში, ემოციის დონეზეც და ნდობის ფაქტორის მხრივაც.
–  ფაქტია, რომ ზოგადად ქალებს, ცოტა არასერიოზულად აღიქვამს ჩვენი საზოგადოება და, ალბათ, ეს ეტაპი დასავლეთმაც გაიარა, ოღონდ დიდი ხნის წინათ. მაგალითად, ამერიკაში როგორ შეხვდნენ, თავის დროზე, ქალი პოლიციელის გამოჩენას?
– ეს ტენდენცია ამერიკაში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო.
– ასე უკანაც თუ ვიყავით, არ ველოდი.
– მეოცე საუკუნის დასაწყისში მოიმატა ქალი პოლიციელების რაოდენობამ და ისე გაღიზიანდნენ მამაკაცები, რომ მათ „მატრონებს“ უწოდებდნენ. ჩვეული იყო მათი დაცინვა, მაგრამ დღეს ეს უკვე კანონითაა აკრძალული და ძალიანაც რომ ეცადო, პოლიციელ მამაკაცს ვერ გამოსტყუებ პოლიციელი ქალის დაცინვას, რადგან ამის გამო ის დაისჯება. ამ მიმართულებით ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ ტიპის მხატვრულმა ფილმებმა თუ ტელესერიალებმა, სადაც ქალის როლზეა აქცენტი, მაგალითად, მათ შორისაა „ჩარლის ანგელოზები“. ამერიკაში ჩამოყალიბებულია ქალისთვის კარიერული ზრდის შიდა მექანიზმები. არ არის დეპარტამენტი, რომელშიც ქალები ისევე არ იყვნენ წარმოდგენილნი, როგორც მამაკაცები. ჩვენთან, თუ საერთო სტატისტიკას შევხედავთ, საქმიანობათა ჩამონათვალიდან 25 პროცენტის შესრულებაში ქალები ჩართული არიან. მეტიც, შესაძლოა, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გითხრან, რომ მათთან მომუშავეთა 45 პროცენტი ქალია და ეს მართლაც ასეა, მაგრამ მერე რა?! ქალები მუშაობენ ქვედა რგოლებში. ბელგიაში ყოფნისას შევნიშნე, რომ ფორმიან ადამიანებს ჰქონდათ ასეთი ნიშანი: აწეული ხელი. მივედი და ვკითხე, რას ნიშნავდა. ამიხსნეს, რომ ეს იყო ბელგიის პოლიციის ემბლემა, ვისაც კი ხელი აქვს აწეული და დახმარებას გვანიშნებს, მათ რომ დავეხმაროთო. ხომ გაგაჟრიალათ სიამოვნებისგან?!
– ნამდვილად.
– დარწმუნებული ვარ, ყოველ შემთხვევაში, მართლაც მაქვს იმედი, რომ ოდესმე საქართველოც მივა იქამდე, რომ პოლიცია ხალხის კეთილდღეობის სადარაჯოზე იდგება, რაც შეიძლება, მეტი ქალი ჩაერთვება მის მუშაობაში და ეს, თავისთავად, იმის მანიშნებელი იქნება, რომ ძალოვანი სტრუქტურა მიდის არა პოლიტიზაციის, არამედ საზოგადოების ჩართულობისკენ. პოლიცია სამოქალაქო სამსახურია და არა გასაიდუმლოებული, ამიტომ ქალები ბევრნი უნდა იყვნენ იქ და დაწინაურდნენ კარიერაში.

скачать dle 11.3