კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამაში ბედთან



გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹14-24(546)
ახვლედიანი თავის კაბინეტში ბოლთას სცემდა და ბდღვინავდა. გაცეცხლებული იმასღა ფიქრობდა, ვისზე გადმოენთხია ბოღმა. თანამშრომლებიდან არც ერთი არ იმსახურებდა მის რისხვას, არადა, ყველაზე ახლოს სწორედ ისინი იყვნენ. განყოფილების ახალგაზრდა უფროსს ძალიან არ უყვარდა ისეთი სიტუაციები, რომლებიც მის მომავალ ცხოვრებას უქმნიდა საფრთხეს. ღიზიანდებოდა, იბნეოდა და ბოლოს, მოთმინებადაკარგული, მცდარ გადაწყვეტილებას იღებდა. ასეთ საქმეში გამოცდილება ნამდვილად ჰქონდა, მიუხედავად თავისი ასაკისა. როცა არც მწვადი უნდა დაეწვა და არც შამფური, ბავშვივით უსუსური და ჭირვეული ხდებოდა. ფანჯარასთან მდგომმა შეიგინა და მდივანი გამოიძახა:
– შენ, ერთი, პაპავას დაუძახე და სიგარეტი მომიტანე! ცივი მინერალურიც მინდა... რატომ არ არის მაცივარში? განა ძნელია, მოიტანოთ და შედოთ, რომ, როცა ვიხრჩობი, დავლიო!
– დიახ, ბატონო გიორგი... რა თქმა უნდა, არ არის ძნელი. მაპატიეთ, აღარ დამავიწყდება, – დაიბნა ქალი და ოთახიდან უკუსვლით გაიპარა.
***
პაპავა დაზარალებულის ქვრივთან დაკითხვაზე წასასვლელად ემზადებოდა და ძალიან გაბრაზდა, როცა ახვლედიანთან კაბინეტში გამოიძახეს.
– ეს კაცი თვითონ არაფერს აკეთებს და სხვასაც არ აცდის მუშაობას, – შესჩივლა ვახო ლელაძეს, რომელიც უფროსის აშკარად გალანძღვას მოერიდა, ვერც იმ უფროსის ქვემოთ მდგომ უფროსს აწყენინა და პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
– რა ვქნა ახლა, დაკითხვაზე წავიდე თუ ახვლედიანს ვურჩიო საქმეები? დროს ტყუილად დამაკარგვინებს, ხომ ვიცი, მაგისი ამბავი. იცი, რა ვქნათ? შენ მიდი და უთხარი, რომ ნათიას ზარს ერთი ფეხით გავასწარი. იმან ხომ არ იცის, აქ რომ ვიყავი.
ვახო აიწურა:
– ოღონდ ეგ არა, რა! ტყუილს ვერ ვეტყვი, ჭირივით მძულს. თან, ეგრევე შემეტყობა. ძალიან გთხოვთ, რა... ბატონო თემო. თუ გინდათ, წამოგყვებით ან სხვა რამე დამავალეთ... ოღონდ,  არ გეწყინოთ. a
– ჰო, კარგი, კარგი, წავალ... სად უნდა გამომყვე? აქ, კაბინეტში დამელოდე. დღეს უნდა ვნახოთ ის ქალი აუცილებლად.
– თქვენ რომ მითხარით, მარიკას მიაკითხეო, ეგ როდის უნდა გავაკეთო.
კართან მისული თემო შედგა, უკმაყოფილო სახით შემობრუნდა და თავი გადააქნია:
– ვახო, რატომ არ იცი ადამიანის მოსმენა? სულ ასეა: ნახევარს იგებ, ნახევარს – არა. მარიკას იმ შემთხვევაში მიაკითხავ, თუ მას ამისი აუცილებლობა შეექმნება. ხოლო თუ შეექმნება, ან მესიჯს მოგწერს, ან დაგირეკავს. ერთი სიტყვით, თვითონვე შეგეხმიანება. შენ ხელი არ შეუშალო.
ვახომ, იმის ნიშნად, რომ ყველაფერი გაიგო, სწრაფად დაუქნია თავი და გაუღიმა. პაპავამ ხელი ჩაიქნია და ოთახიდან გავიდა...
***
მარიკამ მიმოიხედა. საეჭვო ვერაფერი შენიშნა და კაფეში შევიდა. აქ სპეციალურად დაუნიშნა შეხვედრა – ნაცნობი გარემო იყო, ნაცნობი მომსახურე პერსონალი და, თანაც, ქუჩაში მყოფს შეეძლო, ყველაფერი დაენახა, რაც კაფეში ხდებოდა – დიდი ვიტრაჟები და ამ ვიტრაჟებთან განლაგებული მაგიდები ამის საშუალებას იძლეოდა. სიღრმეში მხოლოდ ბარი იყო და სამზარეულო. „პაემანზე“ წასვლის წინ მარიკა დევიმ „დამოძღვრა“:
– აბა, შენ იცი, ჭკვიანი გოგო ხარ და არ შეგეშლება. მთავარია, გავიგოთ, რა კავშირი აქვს მაგ ბიჭს იმ ქალთან. უცხო რომ იყოს, თავის სახელზე აღებულ ნომერს არ აჩუქებდა.
– შეიძლება, უბრალოდ, თანამშრომელია. მაგალითად, მძღოლი... – ვარაუდი გამოთქვა მარიკამ.
– რატომღაც საყვარელი მგონია. შენ კი – მძღოლიო... რა სასაცილო, პატარა გოგო ხარ... მაგრამ, რა არის, იცი? გამოცდილება გაკლია. ცოტას გამოგწვრთნით და ყველაფერი კარგად იქნება.
მარიკამ კარის სახელურს ხელი მოჰკიდა. ფიქრებში დევის გაუცინა და კაფეში შეაბიჯა. იქ თითქმის არავინ იყო. კუთხეში მდგარ მაგიდასთან ერთმანეთზე თავებმიდებულები ჩურჩულებდნენ გოგო და ბიჭი... კარის მარცხნივ, მაგიდასთან, ზურგით იჯდა მამაკაცი. მარიკამ პირველად მისი ფართო მხრები დაინახა და გუნებაში აღიარა, რომ დამჯდარსაც კი ეტყობოდა, უზადო აღნაგობის რომ იყო: „ეტყობა, სპორტსმენია – მოცურავე ან კალათბურთელი, ან, სულაც, წყალბურთელი. მოჭიდავეები და მძლეოსნები ასეთი მაღლები არ არიან“.
– გამარჯობა! – მარიკა მაგიდასთან გაჩერდა და თავი ოდნავ გვერდით გადახარა, – ესე იგი, ეს შენ ხარ!
ბიჭი წამოდგა, გოგოს ჩააშტერდა და მარიკას საშუალება მიეცა, თავიდან ფეხებამდე შეეთვალიერებინა მისი უზადო სხეული.
– ჰო. ეს მე ვარ! – გაუღიმა ბიჭმა და გოგოს უნებლიეთ გული შეუქანდა, – იმედი აღარ მქონდა, რომ შემხვდებოდი.
– მართლა? ეს კარგია, – ანგარიშმიუცემლად ჩაილაპარაკა გოგომ და დაჯდა.
– აბა, რატომ მთხოვდი ასე დაჟინებით, რომ შეგხვედროდი?
ბიჭი დაჯდომას არ ჩქარობდა, ისევ ისე იდგა და უყურებდა. ბოლოს მარიკამ ვეღარ მოითმინა და მიახალა:
– თუ ჩემი ყურება გინდოდა, მოგეწერა მესიჯით და ფოტოს გამოგიგზავნიდი.
– უკაცრავად, რაღაცაზე დავფიქრდი და... – ბიჭმა ნაძალადევად გაიცინა და მაგიდას მიუჯდა, – არაფერი შევუკვეთოთ?
– როგორც გინდა.
– მაშინ, შენ გამოიჩინე ინიციატივა. კაფე ხომ შენ შეარჩიე. ეს კი შემთხვევით არ მოხდებოდა – ესე იგი, აქ შინაური ხარ და მენიუც გეცოდინება. რას ამზადებენ განსაკუთრებულად გემრიელს?
– დაკვირვებული ყოფილხარ. ახლა მითხარი, ვინ მოგცა ჩემი მობილურის ნომერი და რატომ ურეკავდი სრულიად უცნობ ადამიანს?
– ასე პირდაპირ? ახლავე უნდა გითხრა?
– ჰო, ასე პირდაპირ და აუცილებლად ახლავე უნდა მითხრა.
– ჯერ ერთმანეთი ხომ არ გაგვეცნო?
მარიკა შეყოყმანდა. ბიჭი მართლა ძალიან მოეწონა, თან, დევის დავალებაც გაახსენდა...
– კარგი. რადგან მოვედი, ესე იგი, თანახმა ვარ გაცნობაზე. დარწმუნებული ვარ, ჩემზე ყველაფერი იცი. ამიტომ, შენით დავიწყოთ.
– გვარი, სახელი, მამის სახელი? – გაიცინა ბიჭმა, – სხვათა შორის, მე ეს გავითვალისწინე და „სივი“ წამოვიღე, აი, – და ცოტათი გაკვირვებულ გოგოს თაბახის ფურცელი გაუწოდა.
– ეს რა არის?
– ინფორმაცია ჩემზე. წაიკითხე და მზად ვარ, დამატებით შეკითხვებზეც გიპასუხო.
მარიკამ სწრაფად ჩაიკითხა ნაბეჭდი.
– მერე?
– რა მერე? მკითხე, რაც გინდა.
– უკვე გკითხე და პასუხი ვერ მივიღე.
– მოდი, ეგ პასუხი ცოტა გადავავადოთ. არ იფიქრო, რომ რამეს ვმალავდე, უბრალოდ, ჯერ მინდა, ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება შეგიქმნა.
– რომ უცებ არ წამოვხტე და არ გაგექცე?
– ზუსტად. როგორ გამოიცანი?
– ლოგიკურია და მივხვდი.
ნიკას მზერაში აღფრთოვანება გაკრთა.
– თქვენ წაიკითხეთ სამასგვერდიანი წიგნი?! – თქვა მოულოდნელად, – ესე იგი, თქვენმა თვალებმა ერთკილომეტრიანი დისტანცია გაიარა.
– ეს რა იყო? – სიცილი ვერ შეიკავა მარიკამ.
– ლოგიკასთან დაკავშირებით წამომცდა – ინტელექტის გარეშე ლოგიკა არ მუშაობს. ინტელექტი რომ გქონდეს, ბევრი სამასგვერდიანი წიგნი უნდა წაიკითხო, – ესეც ლოგიკაა.
– ბევრი ლაპარაკი გიყვარს?
– უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ლაპარაკი არ მეზარება. აბა,  რას ვუკვეთავთ? – ხელები მოიფშვნიტა ნიკამ, – გაფრთხილებ, კარგი მადა მაქვს და კარგი გემოვნება.
– მაშინ, ლუდი და თევზის სალათა.
– გენდობი. ვნახოთ, რა გამოვა. ხაჭაპურსაც დავამატებ. რა ვქნა, ძალიან მიყვარს ხაჭაპური.
– შენს „სივში“ ერთი პუნქტი აკლია.
– რომელი?
– არაფერი წერია შენს საქმიანობაზე.
– როგორ არა. წყალბურთელი ვარ-მეთქი.
– ეგ ჰობი არ არის?
ბიჭი ყასიდად გაბრაზდა.
– ახლა მაწყენინე. როგორ არის ჰობი, როცა ამ საქმეში სულსა და გულს ვდებ? თუ, გგონია, წყალბურთელები, უბრალოდ, წყალში ვჭყუმპალაობთ და აუზზე ვირუჯებით? ერთხელ წამომყევი აუზზე, ვარჯიშზე და ნახავ...
***
ახვლედიანის შეხვედრამ პაპავა გააკვირვა. ასეთი შუბლგახსნილი და მეგობრულად მოღიმარი უფროსი აქამდე არასდროს უნახავს. ლამის ზღურბლთან მიეგება და კაბინეტში შეიპატიჟა. პაპავას დიდად არ ესიამოვნა მისი უჩვეულო კეთილგანწყობა. გულმა რეჩხი უყო, მაგრამ გაბრწყინებულ ახვლედიანს მაინც გაუღიმა.
– როგორი ოპერატიული ხარ, მალე მოხვედი.
– საქმეზე გავდიოდი და შემოვბრუნდი...
ახვლედიანი ვითომ ვერ მიხვდა, რა იგულისხმა მისმა გამომძიებელმა. მხარზე მეგობრულად მიუტყაპუნა ხელი და შეაქო:
– ვიცი, ვიცი, სულ საქმე და საქმე... სხვათა შორის, არც მე დამიბარებიხარ მოსაკითხავად. მეც საქმე მაქვს. უფრო სწორად, საქმე გვაქვს. ეს ორივეს საქმეა – ჩემიც და შენიც.
– ეჭვი არ მეპარება, – ორაზროვანი ღიმილით დაუდასტურა თემომ, – გისმენთ, მთელი ყურადღებით გისმენთ...
– მოკლედ გეტყვი, რადგან შენც გეჩქარება. შენ, მგონი, იმ ქალს რაღაცნაირად მიუდექი, ხომ?
– რომელ ქალს?
– ბერაძის მკვლელობაში რომ გვყავს ეჭვმიტანილი. იმის თქმა მინდა, რომ ყველაზე ინტენსიური კონტაქტი მასთან შენ გქონდა.
– ინტენსიურ კონტაქტში თუ ის იგულისხმება, რომ რამდენჯერმე, როგორც ეჭვმიტანილი, დავკითხე, მაშინ, კი...
– ჰო, რა თქმა უნდა, სხვა რა უნდა მეგულისხმა, ცოლიანი კაცი ხარ, – უნიჭოდ იხუმრა ახვლედიანმა და თემოს საბოლოოდ წაუხდა გუნება.
– მეჩქარება, ბატონო გიორგი...
 – ახლავე, ახლავე, უკვე მივადექი მთავარ სათქმელს... საქმე ისაა, რომ ხვალ პროცესია...
– მერე, ეს ჩვენ რომ აღარ გვეხება?
– ოფიციალურად არ გვეხება, მაგრამ... – ახვლედიანმა რატომღაც ხმას დაუწია და ჩურჩულზე გადავიდა, – მითითება გვაქვს, რომ პროცესზე მეთვალყურეობა საკუთარ თავზე ავიღოთ.
– რა?! – ლამის იყვირა პაპავამ, – რა ზედამხედველობა, რას ამბობთ? მე გამომძიებელი ვარ, ზედამხედველი კი არა. სასამართლოს ამისთვის აქვს შესაფერისი სამსახურიც და მომზადებული კადრიც ჰყავს. ამის სათქმელად დამიბარეთ?
– მოიცა, დამამთავრებინე სათქმელი, ჯერ ბოლომდე არ მითქვამს. პრობლემა ისაა, რომ სერგი ბერაძის საცოლეს პროცესზე დასწრება უნდა...
– მერე, ეგ ჩვენ რატომ უნდა გვაინტერესებდეს, ან, სად ხედავთ პრობლემას?
– მოიცა და დამამთავრებინე-მეთქი. პროცესი დახურულია, ის კი მაინც დაჟინებით მოითხოვს, რომ პროცესს დაესწროს. სიტუაციის გართულებაა მოსალოდნელი. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს ქალი ცოტა გაუწონასწორებელია და მეორე – თუ მედიამ ეს ამბავი გაიგო, ხომ წარმოგიდგენია, იქ რა ატყდება. ამიტომ, პირადად მთხოვეს, ამ პროცესს მეთვალყურეობა გავუწიო.
თემოს ნერვებმა უმტყუნა:
– მერე, გაუწიეთ, მე რა შუაში ვარ?
– პაპავა, შენ ხომ არ გავიწყდება, სად ხარ და ვის ელაპარაკები?
– სამწუხაროდ, არა, ბატონო გიორგი. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ, მაგ საქმეში ჩემი იმედი ნუ გექნებათ. მით უმეტეს, რომ იმ ქალის – ნათია დეისაძის ბრალეულობაში დარწმუნებული არ ვარ.
ახვლედიანს ყბა ჩამოუვარდა:
– შენ ამას სერიოზულად ამბობ?
– რა თქმა უნდა. მეყოფა, ამ ფარსში მონაწილეობას აღარ მივიღებ!
– მოიცა, რა ფარსზე ლაპარაკობ, რაში მადანაშაულებ და რა გინდა ჩემგან, არ იტყვი?
– მე არც გადანაშაულებთ და არაფერიც არ მინდა თქვენგან. უბრალოდ, გიხსნით, რომ ჩემი იმედი არ უნდა გქონდეთ.
– ესე იგი, დეისაძეს არ დაელაპარაკები?
– არ ვიცი, რაზე უნდა დაველაპარაკო.
ახვლედიანს ოდნავ გამოუკეთდა გუნება:
– მე გეტყვი...
– მართლა? აბა, გისმენთ, – ირონიულად ჩაილაპარაკა პაპავამ და უცერემონიოდ და, ისე, რომ ნებართვის თხოვნა არც გახსენებია, სიგარეტს მოუკიდა. ახვლედიანმა არ შეიმჩნია მისი გამომწვევი საქციელი. პირიქით, საფერფლე ახლოს მიუჩოჩა და თვითონაც მოუკიდა:
– უბრალოდ, მიხვალ მასთან და აუხსნი, რა არ უნდა გააკეთოს პროცესზე. თუ შემთხვევით, ვიმეორებ – შემთხვევით, ელჩის ქალიშვილს ნერვები უმტყუნებს. ხმაური არ უნდა ატყდეს. ხვდები, ხომ?
– როგორ არა. თავიდანვე მივხვდი, – თავი დაუქნია თემომ, – მესმის კიდეც თქვენი. მაგრამ, ხომ არ აჯობებდა, სასამართლო დარბაზში პრევენციული ზომების მიღების საშუალება მოგეცათ ჩემთვის, რომ ეგ ქალბატონი დამეკითხა, ან, კიდევ უკეთესი – საერთოდ ნუ მოვა პროცესზე, ავუკრძალოთ და მორჩა!
ახვლედიანი გაშრა:
– შენ რა, დამცინი?
– მე დაგცინით? როგორ გეკადრებათ?! არც მიფიქრია, მხოლოდ ალტერნატიული ვარიანტები შემოგთავაზეთ.
– ალტერნატიური ვარიანტი არ გვაქვს. მოკლედ, ბევრს აღარ ვილაპარაკებ. დეისაძეს დაელაპარაკები. აუხსნი, რა და როგორ... ეტყვი, რომ ისევ მისთვის აჯობებს, თუ პროცესზე მშვიდად იქნება და ამით სერიოზულ შეღავათებს მიიღებს.
– აჰა, ესეც მე უნდა ვუთხრა? საერთოდ გათავისუფლებას ხომ არ დავპირდე?
– გეყოფა, პაპავა, მეც მაქვს ნერვები და შენი ცინიზმის ატანა უკვე შეუძლებელია.
– ცინიზმი რა შუაშია? ბოლომდე ინფორმირებული ხომ უნდა ვიყო? თუმცა, ერთი პატარა მოთხოვნა მეც მაქვს.
– ესე იგი, თანახმა ხარ? დაელაპარაკები?..
– გააჩნია, თუ ჩემს მოთხოვნას გაითვალისწინებთ...
– ულტიმატუმებს არ ვიღებ, – გააპროტესტა ახვლედიანმა.
– ეს ულტიმატუმი არ არის, მაგრამ, თქვენ შეგიძლიათ, როგორც ულტიმატუმი, ისე მიიღოთ – უკან არ დაიხია პაპავამ.
– რა გინდა?
– ეს ამბავი რომ ჩაივლის და ვნებათაღელვა ჩაცხრება... – დაიწყო თემომ მძიმედ და ახვლედიანს ჯიქურ მიაჩერდა, – ანუ, იმის თქმა მინდოდა, თქვენი კარიერისთვის შესაძლო გართულებების საფრთხე რომ გადაივლის-მეთქი, მომცემთ საშუალებას, რომ ბერაძის მკვლელობა არაოფიციალურად დავაბრუნოთ ძიებაში.
ახვლედიანს  პირი გაუშრა. ორი ჭიქა მინერალური წყალი მაინც დალია, რომ საუბრის გაგრძელება შესძლებოდა. პაპავამ ამით ისარგებლა და „საკონტროლო გასროლაც“ გააკეთა:
– მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს შესაძლებლობებშია და კიდევ უფრო მეტს – თქვენს ტყავს გადავარჩენ, სასამართლო დარბაზში სკანდალის ატეხვის შემთხვევაში აუცილებლად რომ დაზარალდება. სამაგიეროდ, თქვენ  ხელს არ შემიშლით და მშვიდად გამაკეთებინებთ იმას, რისი გაკეთებაც საჭიროდ მიმაჩნია.
– ეს რა უაზრო სიჯიუტეა!  – აღმოხდა ახვლედიანს.
– სიჯიუტე არაფერ შუაშია. მე არ მინდა, უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს და ეს ჩემს სინდისზე დარჩეს. მკვლელობა სანახევროდაც არ არის გამოძიებული.
– მაინც რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ ის ქალი დამნაშავე არ არის? მე გავეცანი საქმეს, სანამ სასამართლოს გადავუგზავნიდით. მაგ ქალს ჰქონდა საფუძველი ბერაძე მოეკლა.
– ეგ დამტკიცებული არ არის, მხოლოდ ვარაუდის დონეზეა. მე არ ვამბობ, რომ დეისაძე მას არ მოკლავდა, სანამ არ დავამტკიცებ, რომ უდანაშაულოა.
ახვლედიანმა ამოიოხრა. პაპავა გაჩუმდა და შეფს ფიქრის საშუალება მისცა. 
– კარგი, ხელს არ შეგიშლი. მაგრამ, ეს ამბავი ამ კაბინეტის კედლებს არ უნდა გასცდეს, – თქვა ბოლოს.
– პასუხს ვაგებ ამაზე, – თავი დაუქნია პაპავამ, – მოვრჩით თუ კიდევ გაქვთ სათქმელი?
– არა, მოვრჩით. იმედია, პირობას არ გადახვალ.
– მე არასდროს გადავდივარ პირობას. და, კიდევ ერთიც: წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, თუ შემთხვევით ვისარგებლებ და სერგი ბერაძის დამწუხრებულ საცოლეს გავესაუბრები? ნუ, მივუსამძიმრებ მაინც...
– ახვლედიანმა ხელები გაასავსავა.
– არაფერი გამიგონია და არაფერი ვიცი...
– გმადლობ. სწორედ ამის მოსმენა მინდოდა...
პაპავა ადგა და ნირწამხდარ ახვლედიანს თავაზიანად დაემშვიდობა...
***
დათომ დანიშნული ადგილიდან კარგა მოშორებით გააჩერა მანქანა, მაგნიტოფონის ხმას აუწია და კარი გააღო. ნიკამ მოსწერა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა და მალე შეძლებდა მასთან შეხვედრას. დათომ საათზე დაიხედა. ვარჯიშამდე საკმარისზე მეტი დრო რჩებოდა. მუსიკას ხმადაბალი ღიღინით აჰყვა და მაკასთან თავისი ბოლო საუბარი გაახსენდა. „არა, რა... ოჯახური ურთიერთობა ყველაფერს ცვლის და აფუჭებს. აი, მაგალითად, მაკა... როგორი ხალისიანი, ბუნებრივი და თბილი იყო გათხოვებამდე და, ახლა როგორია? – ნერვები სიმებივით აქვს დაჭიმული. სულ გაღიზიანებულია და აგრესიული. სიცილი დაავიწყდა. რამდენი ძალისხმევა მჭირდება, რომ ცოტათი მაინც გავამხიარულო. ზოგჯერ მისი ნახვაც კი არ მინდა, ისე მგრუზავს. რატომ არ შეუძლია, იცხოვროს თავისი სიამოვნებისთვის და სხვასაც აცადოს მშვიდი ცხოვრება? ნეტავი, ყველა ქალი ასეთია? მაშინ, საერთოდ არ ღირს ცოლის მოყვანა. დღეს დილითაც რამდენი ისლუკუნა და იჭირვეულა... თუ არ შეუძლია ქმრის გვერდით ცხოვრება, მაშინ, რაღა უნდა მასთან? გაშორდეს და ის იქნება“...
– შენ რა, საკუთარ თავს ელაპარაკები? – დასცინა თავს წამომდგარმა ნიკამ, – დაგეწყო?
 – რა დამეწყო, ტო, რაღაცაზე ჩავფიქრდი.
– რა ჩაფიქრდი, მოსახვევში გავიგონე შენი ბურდღუნი.
– რა იცოდი, აქ რომ გელოდებოდი?
– ბიჭო, რა უნდოდა მაგის მიხვედრას? შენ ისეთი პრიმიტივი ხარ, ძალიან მარტივია იმის გამოცნობა, როდის როგორ მოიქცევი, – ნიკა არხეინად მოკალათდა სავარძელზე.
– ჰე, მოყევი ახლა, რა ქენი?
– რა უნდა მექნა? შევხვდი და გავიცანი.
– როგორია?
ნიკამ გაიღიმა და არაფერი უთქვამს. დათომ მსუბუქად უბიძგა მხარზე:
– არ გესმის? როგორია-მეთქი.
– ვინ?
– ვინ და ის გოგო. ნუ გამოიშტერებ ახლა თავს. ნაშაა?
– რა ნაშა, ნაშას საგამომძიებლო დეპარტამენტში რა უნდა, ერთი ჩვეულებრივი გოგოა.
– „ერთი ჩვეულებრივი გოგოა“, – გამოაჯავრა მეგობარს დათომ, – არ შეიძლება ჩვეულებრივი გოგო, ნაშა იყოს?
– არ შეიძლება, – მეოცნებე სახით ჩაილაპარაკა ნიკამ. დათო მეგობარს ჩააშტერდა და წაუსტვინა:
– ეჰე! შენ რაღაც სხვანაირად ალაპარაკდი. მართლა ხომ არ მოგეწონა, ბიჭო, ის გოგო?
– მოდი, ეს კითხვა უპასუხოდ დავტოვოთ. შენ რა გინდა, მომეწონა თუ არა? შენს დავალებას ვასრულებ და ჯერჯერობით გეგმას მივყვები. ისე, მაგას, მგონი, სანერვიულო არაფერი აქვს, შეგიძლია, დაამშვიდო.
– ვითომ რატომ?
– ვაჰ, ხომ გითხარი, ნაშა არ არის-მეთქი.
– ასე, ერთხელ შეხვდი და დაასკვენი?
– ჰო, ასე ერთხელ შევხვდი და დავასკვენი, –  გამოაჯავრა ნიკამ, – რას გაშტერებულხარ, დაქოქე მანქანა და წადი, ვარჯიშზე დაგაგვიანდება.
– ვარჯიშამდე ორი საათია კიდევ. ტყუილად ცდილობ, თავი დაიძვრინო. მომიყევი, როგორი ტიპია, რაზე ილაპარაკეთ... ყველაფერი მაინტერესებს.
– ყველაფერი აინტერესებს ბიჭს... რაც გაინტერესებდა, უკვე გითხარი. არ მგონია, მარიკას საყვარელი ჰყავდეს, მით უმეტეს – ცოლიანი კაცი. არ ჰგავს ასეთს.
– ბევრი იცი შენ!.. გამომივიდა ესეც ქალების ექსპერტი... იმაში ვერ დაგარწმუნე, ამდენ ხანს, რომ სექსი მსოფლიო ინდუსტრიის ნაწილია და ისიც ისევე განიცდის პროგრესს, როგორც სხვა დანარჩენი. ადამიანი ყველაფერს აკეთებს მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად: იგონებს ახალ-ახალ საშუალებებს, რეცეპტებს... დიდი ხანია, „პური ჩვენი არსობისა“ აღარ აკმაყოფილებს. ჩალიჩობს და წვალობს, პირის გემო რომ გაიუმჯობესოს. კულინარიულ ტრაქტატებს წერს. ის კი არა, დედამიწა ეპატარავება და საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად კოსმოსში მიძვრება...
– აუ, შენ ძალიან შორს წახვედი, აი! დაამუხრუჭე, დაამუხრუჭე, სანამ დროა...
– მომისმინე, შენთვის სასარგებლო რაღაცას ვყვები, – გააპროტესტა დათომ, – სხვათა შორის, სადღაც წავიკითხე, რომ ბიჭებს ენაზე გემოს გაცილებით ნაკლები რეცეპტორები აქვთ, ვიდრე გოგოებს.
– ეს საიდანღა მოიგონე? – გაეცინა ნიკას, – თან მობილურში ტექსტს კრეფდა.
– რა ვიცი... მოიცა, რას აკეთებ?
– აბა, თუ გამოიცნობ.
– მესიჯს უგზავნი „იმას“?
– ჰო, აბა?! რა იყო?
– გეუბნები, რა, ნაღდია, რასაც ვამბობ – მოგეწონა ეგ გოგო... ცვეტში, დაგევასა და ახლა უკვე მართლა ცდილობ, შეაბა. ეგეთი მაგარია, ტო? ანუ ეგეთი ლამაზია-მეთქი?
– დავით! – შეიჭმუხნა ნიკა, – ჯერ ერთი, სილამაზე ცოტა სადავო და საკამათო თემაა. ჩემთვის ლამაზი, შეიძლება, შენთვის სიმპათიურიც კი არ იყოს. მეორეც, – მომეშვი, რა! გეუბნები, რაც მთხოვე, იმას ვაკეთებ და ხელს ნუ მიშლი. ხომ გინდა, მაკა მშვიდად იყოს? ჰოდა, მაცადე.
– გაცდი, ტო, როგორ არ გაცდი, მაგრამ ინტერესით რომ ვკვდები, ამას რა ვუყო?
– ცნობისმოყვარეობა არც ისე კარგი თვისებაა და, გირჩევ, ძალიანაც ნუ აჰყვები, – მეგობრულად გააფრთხილა ნიკამ.
– მე შენზე ვღელავ, ტო... რომ შეგიყვარდეს?
– მე მეუბნები მაგას? – ნიკამ მესიჯი გაგზავნა და ძმაკაცს გახედა.
– ჰო, შენ. რაღაც საეჭვოდ ხარ აცერცეტებული. ბოლოს ასეთი მაშინ გნახე, როცა..
– როცა რა... მიდი, თქვი! – მოიღუშა ნიკა, – როცა ლენუკას ვხვდებოდი, ხომ?! მერე რა. არ უარვყოფ, რომ ის გოგო მიყვარდა. ჩვენი ურთიერთობა არ გამოვიდა და არ მაინტერესებს, ჩვენ ორს შორის დამნაშავე ვინ იყო. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, ახალ ურთიერთობაზე არ ვიფიქრო.
დათო შეიშმუშნა:
– რაღაცის თქმა გინდა და მითხარი ბარემ, – სიტყვა მიაშველა ნიკამ.
– რაღაც კარგად არ გამოდის, ტო... შენ რომ ეგ გოგო შეგიყვარდეს და მერე აღმოჩნდეს, რომ მართლა თემოს საყვარელი ყოფილა... მე როგორ პონტში აღმოვჩნდები, ხომ ხვდები? რა გამოვა, რომ მე გაგჭედე და გაგიმეტე? აუ, ნაღდად არ მინდა, ტო...
– მაგაზე ცოტა ადრე უნდა გეფიქრა, – ნიშნის მოგებით თქვა ნიკამ.
– აუუ, მაგით რისი თქმა გინდა, რომ უკვე გვიანაა და გიყვარს? კარგი რა, ტო, რა გულს მიხეთქავ.
– კარგი. გეხუმრე. რა მიყვარს, ჯერ ერთხელ შევხვდი.
– ერთხელ ნახვით სიყვარულიც ხომ შეიძლება?
– ალბათ. ოღონდ, მე მაგის არ მჯერა. მიდი, დაქოქე, თორემ, ახლა უკვე მართლა დაგვაგვიანდება....
***
თემოს არ უყვარდა დაზარალებულის ოჯახის წევრებთან თანაგრძნობის გამოხატვა და არც შეეძლო. ფიქრობდა, რატომ უნდა ვითამაშო მწუხარება, როცა ჩემთვის ამ სიტუაციაში აბსოლუტურად სხვა რამეა მთავარიო. ამიტომ, პირდაპირ საქმეზე გადადიოდა... გარდაცვლილი გია ნოდიას მეუღლეს თავი საკმაოდ მშვიდად და ღირსეულად ეჭირა. „ეს კარგია... – მოეწონა პაპავას, – ესე იგი, ისტერიკას უკვე გაუვლია, თუკი საერთოდ იყო“.
– ქალბატონო, სანამ რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ, უფლებას მომცემთ, ბინა დავათვალიერო და თქვენი მეუღლის პირადი ნივთები ვნახო?
ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გამომძიებელს საკმაოდ მოზრდილი საძინებლის კარი შეუღო:
– აი, ეს იყო მისი ოთახი.
– და, თქვენი, შესაბამისად... – უთხრა მარიკამ.
– დიახ. უბრალოდ, ზოგჯერ მე სასტუმრო ოთახში ვიძინებდი ხოლმე, როცა შვილიშვილი რჩებოდა ჩვენთან. გიას წნევა აწუხებდა და ბავშვის ტირილს ვერ იტანდა. ისე, შვილიშვილი ძალიან უყვარდა, გიჟდებოდა მისთვის.
მარიკამ და თემომ ყურადღებით დაათვალიერეს საძინებელი ოთახი, მერე – კაბინეტი, მთელი ბინა, მაგრამ, საეჭვო ან ხელჩასაჭიდი არაფერი შეუნიშნავთ. თემომ ვახოს ანიშნა, ბინის დათვალიერება განაგრძეო, თავად კი სასტუმრო ოთახში, დივანზე დაჯდა და დიასახლისს გამომცდელი მზერა მიაპყრო:
– მაშ, თქვენს მეუღლეს წნევა აწუხებდა?
– დიახ. ეს ბოლო ორი წელია, ძალიან ნერვიულობდა და მერე ცუდად ხდებოდა. სულ მეშინოდა, როცა თვითმფრინავით უწევდა მგზავრობა.
– ხშირად მიემგზავრებოდა ხოლმე?
– თვეში ერთხელ ან ორჯერ აუცილებლად. იქ ბიზნესი ჰქონდა – ღვინის მაღაზია. თუმცა, ვინ იცის, შეიძლება, მე მეუბნებოდა, რომ კიევში მიფრინავდა, – სევდიანად ჩაილაპარაკა ქალმა, – ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ გიას შეეძლო, ჩემთვის ეღალატა. ისეთი ყურადღებიანი და მზრუნველი ქმარი იყო ყოველთვის...
– ქალბატონო მეგი... არ იცოდით, თქვენს მეუღლეს რომ ბინა ჰქონდა ნაქირავები? – ჰკითხა პაპავამ და საკუთარ თავზე გაბრაზდა ამ სულელური შეკითხვისთვის.
– ვიცოდი, – პასუხი იმდენად მოულოდნელი  იყო, რომ გამომძიებელი შეკრთა.
– როგორ?
– ვიცოდი-მეთქი. ეგ ბინა მე თვითონ ვიქირავე.
– უკაცრავად, მაგრამ, არაფერი მესმის. ქმრისთვის ბინა იქირავეთ, რომ მას იქ ორგიები მოეწყო?
– როგორ გეკადრებათ, რას ჰქვია ორგიები მოეწყო, ეს როგორ იფიქრეთ?! უბრალოდ, ისე მოხდა, რომ მისი მეგობრის შვილი აქ, თბილისში მოეწყო უმაღლესში და, საცხოვრებლად ჩვენთან რომ არ მოეყვანა, გიამ ბინის ქირაობა გადაწყვიტა მისთვის. მითხრა, ყველასთვის ასე აჯობებს. გოგონაც თავისთვის მშვიდად იცხოვრებს და არც ჩვენ შეგვექმნება დისკომფორტიო.
– აჰა! – თემო შესამჩნევად გამოცოცხლდა, – თქვენ სახლში სტუმრების მიღების წინააღმდეგი ხართ?
– არანაირად. უბრალოდ, ახალგაზრდებს მაინც მარტო ცხოვრება ურჩევნიათ. ჩემმა საკუთარმა შვილებმაც არ მოინდომეს, აქ ეცხოვრათ. წავედი, ბინა შევარჩიე და ვიქირავე.
– იმ გოგონას იცნობთ? ანუ, მე იმის თქმა მინდოდა, დარწმუნებული ხართ, რომ ასეთი გოგონა ნამდვილად არსებობს? თქვენ ის გინახავთ?
– რა თქმა უნდა. მის მშობლებსაც კარგად ვიცნობ. ჩემს გარდაცვლილ ქმარს ენათესავებიან კიდეც.
– შეგიძლიათ, გოგონას გვარი, სახელი და საკონტაქტო კოორდინატები მომცეთ?
– გვარი და სახელი ვიცი. მშობლების მისამართიც რაიონში, მაგრამ, საკონტაქტო ტელეფონი ნამდვილად არ მაქვს, – ქალი გაჩუმდა, მაგრამ, უცებ შეძრწუნებულმა წამოიძახა: – თქვენ: რა, ფიქრობთ, რომ ის ჩემს ქმარს საყვარლად ჰყავდა? არა, არა, შეუძლებელია, წარმოუდგენელია! გიას არ შეეძლო, თავისი შვილის ტოლი გოგო საყვარლად დაესვა, ის ამას არ იკადრებდა, გამორიცხულია! გინდათ, მითხრათ, რომ ოცდათხუთმეტი წელი პედოფილის გვერდით ვცხოვრობდი? ღმერთო ჩემო!.. ღმერთო ჩემო!..
თემო შეშფოთდა. ისტერიკის ნიშნები გამოიკვეთა და ზომების მიღება დროულად იყო საჭირო.
– ქალბატონო მეგი, დამშვიდდით, ძალიან გთხოვთ. მარიკა, სად ხარ? წყალი მოუტანეთ რომელიმემ! სადმე წვეთებიც იქნება... ქალბატონო მეგი, შემომხედეთ! აი, ასე... ახლა ეს დალიეთ... ყველაფერი კარგად იქნება. მე არ მითქვამს, რომ ის გოგო თქვენი ქმრის საყვარელი იყო. უბრალოდ, რადგან იმ გოგონასთვის იყო ბინა ნაქირავები და, სავარაუდოდ, იქ ცხოვრობდა, ვალდებულები ვართ, შევხვდეთ და დაველაპარაკოთ. ქალბატონო მეგი, თქვენი მეუღლე არც წნევას მოუკლავს და არც გულის შეტევას. ის მოკლეს და ჩვენ ვალდებულები ვართ, გავიგოთ, ვინ მოკლა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3