კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

როგორ გახდა ცნობილი ქართველი კანონიერი ქურდი, მეტსახელად „ფუკა“, მილიციის მაიორი



დღევანდელ პუბლიკაციაში აღწერილი ისტორია გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მოხდა და იმის გამო, რომ მის მონაწილეთა უმრავლესობა დღესაც ცოცხალია, უმეტესი მათგანის ვინაობა შევცვალეთ...

გაუჩინარებული მილიონები

ჯემალ გოგსაძე თბილისის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის საშუალო დონის ჩინოვნიკი იყო და სამეურნეო საქმიანობას ლექტორობასაც უთავსებდა. თუმცა, მას საკმაოდ კარგად იცნობდნენ, როგორც საქართველოს ცენტრალურ კომიტეტში, ასევე მოსკოვშიც. გოგსაძის ასეთი მყარი კავშირები იმით იყო განპირობებული, რომ ის ეგრეთ წოდებული ფინანსური კურიერი იყო. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში კორუფციული გზით მოგროვილი ფული მოსკოვში მიჰქონდა და „ცეკას“ იმ ჩინოვნიკს აბარებდა, რომელიც ეგრეთ წოდებულ სასწავლო მაფიას მფარველობდა საქართველოში. კორუფციული ფული უმაღლეს სასწავლებლებში ქრთამით მოწყობილთა მიერ შეგროვილი თანხა იყო და ყოველწლიურად 10 მილიონ მანეთს შეადგენდა. ეს თანხა გოგსაძეს რეგულარულად მიჰქონდა მოსკოვში და როგორც წესი, ოპერაციას ხუთ ეტაპად ახორციელებდა. ანუ, ყოველ ვოიაჟზე 2-2 მილიონი ჩაჰქონდა და ადრესატს აბარებდა. სექტემბრის დასაწყისში, როდესაც ჯემალ გოგსაძეს ბოლო 2 მილიონი უნდა წაეღო მოსკოვში და ყველაფერი მზად ჰქონდა საამისოდ, თანხა გაქრა...

ჯემალ გოგსაძე ვაკეში, ერთ-ერთ კერძო ბინაში ცხოვრობდა და ფულს საიდუმლო ნიშაში ინახავდა, სახლის შემოსასვლელში მდებარე ტანსაცმლის საკიდის უკან. გოგსაძემ რომ ნიშა გამოაღო და 200 ცალი ასმანეთიანების დასტა ადგილზე არ დახვდა, გული წაუვიდა და გონება დაკარგა...

„ფუკა“ და „გონჯი“

ფულის დაკარგვა რომ აღმოაჩინა, ჯემალ გოგსაძე სახლში მარტო იყო. მისი მეუღლე ფლორა დედასთან გახლდათ სტუმრად. 17 წლის ვაჟიშვილი ვაჟა კი, რომელიც სამედიცინო ინსტიტუტში მოეწყო იმ წელიწადს, სწავლის დაწყებამდე მეგობრებთან ერთად სოჭში ისვენებდა და მამის მიერ მიცემული ფულით დროს ატარებდა. ჯემალი გონს მოვიდა, ჯერ დამშვიდდა, შემდეგ მოსკოვში დარეკა და ქართველი კორუფციონერების მფარველს დაშიფრული ტექსტით შეატყობინა, რომ ბოლო 2 მილიონ მანეთს ზუსტად ერთ კვირაში ჩაუტანდა. თანხმობა რომ მიიღო, ტელეფონი გათიშა. ჯემალმა კედლის საათს შეხედა, საღამოს 9 საათი სრულდებოდა. შემდეგ თავისი „ვოლგა“ დაქოქა და თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში გაემგზავრა, ცნობილ კანონიერ ქურდებთან ანზორ ბაინდურაშვილთან, მეტსახელად „ფუკა“ და ზაზა პაპავასთან – მეტსახელად „გონჯთან“ შესახვედრად. ფუკა და გონჯი გოგსაძის ნაცნობ-ახლობლები იყვნენ და მათ ჯემალი რეგულარულად ეხმარებოდა მატერიალურად. ამიტომ, ჯემალი რომ მიადგა, ფუკამ უთხრა:

– ხომ მშვიდობაა, ძმაო-ჯან, რაღაც შენი სახის ფერი არ მომწონს.

ჯემალმა მაგიდაზე ოთხი ცალი ასმანეთიანების დასტა დააგდო და თქვა:

– აქ 40 ათასი მანეთია, ძმებო. კიდევ 60 ათასს მიიღებთ, ოღონდ, ერთ საქმეში უნდა დამეხმაროთ სასწრაფოდ.

– მაინც, რა საქმეში? – ჰკითხა ჯემალს გონჯმა, რომელსაც ტკიცინა ფულმა თვალები მოსჭრა.

ჯემალმა ქურდებს ყველაფერი დაწვრილებით უამბო და არც ის დაუმალავს, თუ რა ფული იყო გაუჩინარებული და 2 მილიონი ვისთან მიჰქონდა მოსკოვში, თან დაამატა:

– ეს ფული რომ ვერ მოვიტანო, თავი უნდა დავდო და წამითაც არავინ შემიცოდებს. მილიცია-პოლიციას მე ვერ მივაკითხავ და თქვენთან იმიტომ მოვედი, რომ დამეხმაროთ. დარწმუნებული ვარ, პროფესიონალი პრისტუპნიკის ნაჩალიჩარია ეს ყველაფერი. ეს სფერო კი თქვენია.

გონჯს ხმა არ ამოუღია. ფუკამ კი დაწვრილებით, გამოცდილი გამომძიებელივით გამოკითხა გოგსაძეს ყველაფერი. შეიტყო, რომ საიდუმლო ნიშის ადგილსამყოფელი არც მისმა ცოლმა, ფლორამ იცოდა და არც მისმა ვაჟიშვილმა, ვაჟამ.

– აბა, თავისით ხომ არ გაქრებოდა მაყუთი? – მხრები აიჩეჩა ფუკამ, – მით უმეტეს, რომ ამბობ, სახლი არეულ-დარეული არ ყოფილა და ქურდმა იცოდა, საიდან, რა უნდა წაეღოო.

– მეც ეგ მიკვირს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ნიშის ამბავი არავინ იცოდა, – უთხრა გოგსაძემ ქურდებს.

– კარგი, კარგი, – თავი დააქნია ფუკამ, – ორ დღეში ზუსტად გვეცოდინება, ეს ფული ჩვენებმა წაიღეს თუ ვიღაც პასტარონიმ. მე მგონია, რომ ეს საქმე ჩვენიანის კი არა, შემთხვევითი ადამიანის გაკეთებულია.

ტყვიის შავი დიპლომატი

ფუკა და გონჯი ორი დღის მერე თავად ესტუმრნენ გოგსაძეს და ფუკამ უთხრა:

– თავს დავდებ, რომ მაყუთი ჩვენებს არ წაუღიათ. დიდი სხოდკა შევკრიბე, ბიჭები საფუძვლიანად დავამუშავე და დავადგინე, რომ მაყუთი სხვისი ნაჩალიჩარია.

– სხვისი, ვისი? – ჰკითხა გოგსაძემ.

– ამაზე ბევრი ვიფიქრე და მაყუთი ან შენი ბიჭის წაღებულია, ან მისი ნაკოლითაა ეს საქმე გაკეთებული.

– რას ამბობ? – შეცბა გოგსაძე, – ვაჟიკო და მისი ძმაკაცები ფულის დაკარგვამდე ორი დღით ადრე გაემგზავრნენ სოჭში. თანაც ხომ გითხარი, მან ნიშის შესახებ არაფერი იცის-მეთქი.

– ასეა თუ ისე, – თავი გააქნია გონჯმა, – ჩვენ შენს ბიჭს უნდა შევხვდეთ და დაველაპარაკოთ. მერე კი ვნახოთ.

– ჯემალ გოგსაძემ იმავე დღეს ჩამოიყვანა ვაჟიკო სოჭიდან, ქურდებს წარუდგინა და ვაჟმა აღიარა, რომ საიდუმლო ნიშის ამბავი იცოდა. 17 წლის ვაჟა გოგსაძემ თავი ჩაღუნა და ფუკას უთხრა:

– სეიფის ამბავიც ვიცოდი და ისიც, რომ იქ 2 მილიონი მანეთი იდო. ერთხელ შემთხვევით აღმოვაჩინე ეს ნიშა, მაგრამ მამისთვის არაფერი მითქვამს.

ფუკამ ღიმილიანი სახით შეხედა ჯემალს და უთხრა:

– ხომ გეუბნებოდი, შენი ბიჭის საქმეა-მეთქი, – შემდეგ ვაჟიკოს მიუბრუნდა, – ფული შენ აიღე?

– არა, – თავი გააქნია ბიჭმა.

– ვინმესთან თქვი, რომ სახლში საიდუმლო ნიშა გაქვს და იქ ფული დევს?

– ჩემს მეგობრებთან ვთქვი. იმ საღამოს სოჭის რესტორანში ვისხედით, მაყუთზე ვლაპარაკობდით და ნიშის და ფულის ამბავი წამომცდა...

მეორე დღეს სოჭიდან ვაჟიკო გოგსაძის მეგობრები, 19 წლის კოტე ვასაძე, 20 წლის მირიან მიროტაძე და მირიანის 21 წლის ბიძაშვილი ნონა მიროტაძე ჩამოიყვანეს. გოგონა ვაჟიკოს უყვარდა. ზემოაღნიშნული პირები კი 17 წლის ვაჟა გოგსაძესთან ფულის გამო მეგობრობდნენ. როცა მთვრალი ყმაწვილისგან ნიშაში დამალული 2 მილიონის ამბავი შეიტყვეს, 21 წლის ნონამ თავის ბიძაშვილ მირიანს თბილისში გამგზავრება და ფულის მოპარვა, შემდეგ კი უკან დაბრუნება შესთავაზა. თავად კი მთვრალ ვაჟიკოს ლოგინში ჩაუწვა თვალის ასახვევად. მირიანმა წარმატებით შეასრულა ეს მისია და მოპარული ფული სოფელ ტაბახმელაში, ბაბუის სახლის სარდაფში გადამალა.

ქურდებმა ვაჟიკოს სამივე ეგრეთ წოდებული მეგობარი დაიმარტოხელეს და ზეწოლის შედეგად ცდილობდნენ მათ გამოტეხვას. თუმცა, სამივე უარყოფდა ამ ფაქტს. ბოლოს გამოცდილმა ფუკამ მირიან მიროტაძეს უთხრა:

– ჩვენ განა ფული გვინდა, ძამიკო, ქურდი ვარ და ფული მომპარავისაა, ანუ თქვენი. ერთი პრეტენზია მაქვს, იმ დიპლომატში ორი პისტოლეტი იდო. იარაღები ჩვენია და მხოლოდ ისინი დაგვიბრუნე.

მირიანი ვერ მიუხვდა გამოცდილ ქურდს მანევრს და გულწრფელად უთხრა:

– დედას გეფიცები, ძია ანზორ, იმ დიპლომატში მხოლოდ ფული ელაგა და იარაღები არ იყო...

დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო და ქურდებს არ გასჭირვებიათ ფულის უკან დაბრუნება. ისინი მირიანთან ერთად ავიდნენ ტაბახმელაში და სარდაფიდან გამოტანილი ტყავის შავი დიპლომატი რომ გახსნეს, მოსკოვში გასაგზავნი 2 მილიონი მანეთი იქ ხელუხლებლად იდო...

ოპერაცია „ხაფანგი“

ზემოთ აღწერილი მოვლენების პარალელურად, მოსკოვში სხვა ისტორია ვითარდებოდა. ახლად დანიშნული საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით, რომელმაც მექრთამეებთან ბრძოლის კამპანია წამოიწყო, მოსკოვში ისააკ როიზმანი დააპატიმრეს. სწორედ ეს პიროვნება მფარველობდა კორუმპირებულ ქართველ პროფესურას და გოგსაძეს მასთან მიჰქონდა ფული. ხოლო, როდესაც გოგსაძემ როიზმანს დაურეკა და ფულის გადაცემა ერთი კვირით გადაავადებინა, მას უკვე შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი და მილიციამ ყველაფერი იცოდა. შევარდნაძის მიერ დაგეგმილ ოპერაციას „ხაფანგი“ უწოდეს და, როდესაც ქურდები გოგსაძის ბინიდან გატაცებულ ფულს ეძებდნენ, მილიცია მათ უთვალთვალებდა.

ტაბახმელაში ნაპოვნი ფული ფუკამ და გონჯმა გოგსაძეს სახლში მიუტანეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერჯგუფი სწორედ იმ დროს შეიჭრა ჯემალ გოგსაძის ბინაში, როდესაც კანონიერი ქურდები 30-30 ათასი მანეთით სახლიდან გამოდიოდნენ. ოპერჯგუფის ხელმძღვანელმა, მილიციის გამომძიებელმა კოტე ქარუმიძემ, რომელიც შევარდნაძის უშუალო მითითებით მოქმედებდა, ქურდებს დაწვრილებითი ჩვენების მიცემა შესთავაზა. გონჯმა, იგივე ზაზა პაპავამ, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, რაც არაქურდული საქციელით ახსნა და იმავე ღამეს გონჯი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მეოთხე სართულიდან გადავარდა (მოგვიანებით, უკვე გასული საუკუნის მიწურულს, დადგინდა, რომ ზაზა პაპავა მილიციელებმა ურჩობისთვის გადააგდეს ფანჯრიდან). საპირისპიროდ მოიქცა ფუკა – მან გამომძიებელს დაწვრილებითი ჩვენება მისცა, რის შემდეგაც პატიმრობაში აიყვანეს 19 წლის კოტე ვასაძე, 20 წლის მირიან მიროტაძე და 21 წლის ნონა მიროტაძე. კოტე ვასაძე სამ დღეში გაუშვეს, ხოლო ბიძაშვილ მიროტაძეებს კი ქურდობისა და ქურდობის ორგანიზებისთვის, შესაბამისად, 5 და 3 წელი მიუსაჯეს. თუმცა, ნონა მიროტაძე მალევე, სულ რაღაც 6 თვეში გაათავისუფლეს, მირიანი კი, რომელმაც ასეთი მკაცრი სასჯელი იმისთვის მიიღო, რომ თავი დამნაშავედ არ ცნო, ორთაჭალის ციხეში გამოამწყვდიეს. 15-15 წელი მიესაჯათ ისააკ როიზმანს და ჯემალ გოგსაძეს, აგრეთვე, საქართველოს მთელი რიგი უმაღლესი სასწავლებლების მაღალჩინოსნებს. ამრიგად, ოპერაცია „ხაფანგი“ ედუარდ შევარდნაძის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად დანიშვნისას პირველი დიდი საქმე იყო, რომელსაც დიდი რეზონანსი მოჰყვა მთელ საბჭოთა კავშირში.

დიდი გარჩევა

მიუხედავად იმისა, რომ ფუკა გამოძიებასთან თანამშრომლობდა და სწორედ მან დააჭერინა ახალგაზრდები, ის მაინც ინარჩუნებდა თავის ტიტულს. თუმცა, ოპერაცია „ხაფანგის“ ჩატარებიდან ექვსი თვის მერე, ქურდულ კორპუსში მჯდომმა მირიან მიროტაძემ, სეირნობისას, კანონიერ ქურდ ვასო კაკალიას, მეტსახელად „პედროს“, ფუკას ისტორია მოუყვა და მას „ჩამშვები“ უწოდა. პედრო ქურდი იყო და მან ამ საქმეს ოფიციალური სახე მისცა როგორც კი საკანში დაბრუნდა, თანამესაკნეებს მიროტაძის მონათხრობი უამბო. მიროტაძე იმავე საღამოს დაიბარეს ქურდებმა, ყველაფერი მოაყოლეს და გაუშვეს. მეორე დღეს კი ფუკა დაიბარეს და მიროტაძესთან დააპირისპირეს.

დიდი ქურდული გარჩევა ¹44 საკანში მოხდა 12-სახელიანი ქურდი მთელი ღამის განმავლობაში ადგენდა ტყუილ-მართალს. გამთენიისას დიდმა ქურდულმა „სხოდკამ“ ფუკა „ბოზად“ შერაცხა და საკნიდან პანღურისკვრით გააგდეს. სამაგიეროდ, ახალგაზრდა მირიან მიროტაძეს მიაგეს პატივი და ის თავიანთ უმცროს ძმად გამოაცხადეს. ამ ფაქტის მერე, ყოფილ თანამოძმეებზე გამწარებული ფუკა საბოლოოდ განუდგა ქურდულ ტრადიციებს და მილიციას ოთხი ისეთი მსხვილი საქმე გაახსნევინა, რაზეც ორგანოს თანამშრომლები წლობით იტეხდნენ თავს. მიუხედავად იმისა, რომ 34 წლის ანზორ ბაინდურაშვილი ყოფილი ქურდი იყო, მას უფროსი ლეიტენანტობა მიანიჭეს, ნასამართლობა მოუხსნეს და სისხლის სამართლის სამძებროში დააწყებინეს მუშაობა, რათა მას ყოფილი კოლეგებისთვის ედევნა. ამ მისიას ფუკა წარმატებით უძღვებოდა, თუმცა, ყველაზე მეტი ჯინი მირიან მიროტაძის მიმართ ჰქონდა და სულმოუთქმელად ელოდა მის გათავისუფლებას...

გასროლა ვორონცოვზე

მირიან მიროტაძემ ბოლომდე მოიხადა 5 წელი. ის ციხეში კანონიერ ქურდად აკურთხეს და მეტსახელად „მიროტა“ უწოდეს. საპყრობილის დატოვებიდან, ოთხი დღის შემდეგ მირიანს 26 წელი შეუსრულდა და მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად ის რესტორან „დარიალში“ ქეიფობდა, როდესაც იქ მილიციის ოპერჯგუფი შეიჭრა და ციხიდან ოთხი დღის გამოსული მიროტა კვლავ დააპატიმრეს...

მიროტაძის დაპატიმრების ოპერაციას ანზორ ბაინდურაშვილი ხელმძღვანელობდა. მან პირადად აიყვანა მიროტაძე და, მანქანაში რომ ჩასვა ხელბორკილდადებული, ცინიკურად ჩასჩურჩულა:

– ქურდობას გამოეთხოვე, შე ნაბოზარო. ისეთ საქმეს გიკერავ, რომ შენი ძმები უკანალიდან გიხმარენ...

ყოფილი ქურდის მუქარა საკმაოდ საშიში იყო მიროტაძისთვის, რადგან მას გაუპატიურებასა და მკვლელობაში სდებდნენ ბრალს, თანაც ამ ყველაფერს ორი მოწმეც ადასტურებდა. საქმე კი ის იყო, რომ მიროტას ციხიდან გამოსვლის მეორე დღეს, ცირკთან, მეძავების ბირჟაზე, იპოვეს დანით მოკლული მეძავი, ვინმე მანანა კრახმალიშვილი, რომელსაც ყელი შამპანურის ბოთლით ჰქონდა გამოჭრილი, ბოთლზე კი მიროტაძის თითების ანაბეჭდები აღმოჩნდა. მოკლულის ორი მეგობარი მეძავი კი ამტკიცებდა, რომ მანანა ბოლოს სწორედ მიროტაძესთან ერთად ნახეს – მათ დაპირისპირებისას „ამოიცნეს მკვლელი“. ამ ჩვენებების საფუძველზე, კანონიერი ქურდი 15 წლით ჩასვეს ციხეში, თუმცა, ქურდებს არც კი უფიქრიათ მისი გაფუჭება, რადგან კარგად იცოდნენ, თუ ვისი „შეკერილი“ იყო ეს საქმე და მიროტას უდანაშაულობაში ეჭვიც არ შეპარვიათ. ამ საქმიდან 8 თვის შემდეგ კი ყოფილი ქურდი ანზორ ბაინდურაშვილი 9 ტყვიით დაცხრილული იპოვეს ვორონცოვზე, ერთ-ერთ ვიწრო ჩიხში, რომლის მცხოვრებლებმაც გასროლები ღამის 3 საათზე გაიგონეს...

P. S. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მაიორი ბაინდურაშვილი მირიანის ბიძაშვილმა – ნონამ მოკლა, თავად მირიანი კი ოთხი წლის შემდეგ პერმის კოლონიიდან გაიქცა და უცხოეთში გადაიხვეწა...



ნიკა ლაშაური


скачать dle 11.3