კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

როგორ იპოვეს ერთმანეთი წლების წინ დაკარგულმა მეგობრებმა და ვინ ეძებდა თავის მეგობარს კეცხოველის შესახვევში



52 წლის ანდრო ლურსმანაშვილი ეძებდა 51-52 წლის ელა ანატოლის ასულ ერემენკოს.

ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს: 51-52 წლის ელა ანატოლის ასულ ერემენკოს.

მე და ელამ ერთმანეთი ბავშვობაში გავიცანით და ძალიან დავმეგობრდით, 1975 წლიდან 1979 წლამდე ჩვენ მიმოწერა გვქონდა. ელა ცხოვრობდა თბილისში, კეცხოველის შესახვევში ¹2 სახლის 28-ე ბინაში. 1979 წლიდან ჩვენი მიმოწერა შეწყდა ბანალური ცხოვრებისეული სიტუაციების გამო. ორივე გავიზარდეთ და ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვქონდა. მას შემდეგ წლებია გასული და ძალიან მინდა ჩემი მეგობრის პოვნა. დამოუკიდებლად მე ეს ვერ შევძელი და დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ დამეხმარებით.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჩვენ „თბილისელების“ მკითხველს 5 ოქტომბრის ნომერში გავაცანით. საბედნიეროდ, ელა ნაპოვნია. როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, მისი სახელი ანდროს არასწორად ახსოვდა. ელა სინამდვილეში ელეონორაა. შეიძლება, მან ამის გამოც ვერ იპოვა ამდენი წლის განმავლობაში. საბედნიეროდ, ისტორია კეთილად დასრულდა და 30 წლის წინ შეწყვეტილი წერილობითი მიმოწერა ამჟამად ინტერნეტში გრძელდება.

ინტერვიუ ანდრო ლურსმანაშვილთან:

– ანდრო, რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ ელეონორა ნაპოვნია.

– ძალიან გამიხარდა. თავიდან ვერც კი დავიჯერე, თან სასწაულებრივი დამთხვევა იყო, რომ თქვენ ის სწორედ მის დაბადების დღეზე იპოვეთ და მე ამდენი წლის შემდეგ მომეცა საშუალება, მისთვის ეს თარიღი მიმელოცა. სიტყვებიც კი არ მყოფნის, არ ვიცი, როგორ აღვწერო ჩემი სიხარული. ამჟამად ჩვენ კონტაქტი გვაქვს, ვიცი, რომ მას ჰყავს ოჯახი და შვილებიც. მიხარია, ამდენი წლის შემდეგ ჩემი ახალგაზრდობის მეგობართან საუბრის საშუალება რომ მომეცა. ძალიან ბევრს ვეძებდი. მისი სახლის ფოტოების მოძებნაც კი დავიწყე ინტერნეტში. ძალიან განვიცადე, იმ სახლის მახლობლად კაზინოა. რომ ვნახე ვიფიქრე, ხომ შესაძლებელია, ის სახლიც რეკონსტრუქციას დაექვემდებარა და ვეღარასდროს ვიპოვო-მეთქი. შემდეგ თბილისში მცხოვრებ ადამიანებს ვუკავშირდებოდი და დახმარებას ვთხოვდი, რომ ჩემთვის ბოლოს ცნობილ მისამართზე მისულიყვნენ და გაეგოთ მისი ადგილსამყოფელი. მხოლოდ თქვენი ცდა დასრულდა წარმატებით.

– თქვენ ელას დიდხანს ეძებდით. გულშემატკივარი თუ გყავდათ ამ საკითხში. ვინ თანაგიგრძნობდათ ყველაზე მეტად?

– დედაჩემი. მისთვისაც მეგობრობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი გრძნობა იყო, მაგრამ, ის გარდაიცვალა. ყველაზე მეტად მას გაუხარდებოდა, ეს ამბავი რომ გაეგო.

– აპირებთ თუ არა ერთმანეთთან შეხვედრას?

– ჯერჯერობით არ ვიცი, გადაწყვეტილი არ გვაქვს. იმედია, თუ ჩამოვალ, მიმიღებენ და შევხვდებით კიდეც.

– როგორი იყო თქვენი პირველი საუბარი ამდენი წლის შემდეგ და რით დაიწყო ის?

– თქვენ წარმოიდგინეთ, 70-იანი წლების გახსენებით დაიწყო. სასიამოვნო საუბარი გამოგვივიდა. ელეონორას გაუკვირდა კიდეც, ამდენი რამ რომ მახსოვდა მათ სახლზე, ქუჩაზე და ალბათ, ჩემმა ამდენმა ხნის გულმოდგინე ძებნამაც გააოცა. ბევრჯერ მინდოდა მისი მოძებნა, რადგან ადრე სწორედ ჩემს გამო შეწყდა ჩვენი მიმოწერა. დამნაშავედ ვგრძნობდი თავს, მაგრამ დამოუკიდებლად მისი მოძებნის ყველა ცდა კრახით დამთავრდა. თქვენ რომ არა, შეიძლება, დღესაც ვერ მიმეკვლია მისთვის. სასწაული ის იყო, რომ მისი პოვნა მისივე დაბადების დღეს დაემთხვა. დიდი მადლობელი ვარ თქვენი. ყოველთვის მეხსომება ეს სასწაული. ვფიქრობ, ახალგაზრდობის მეგობრები არასდროს არ უნდა დაკარგო.

ინტერვიუ ელეონორა ერემენკოსთან:

– თქვენ როგორი რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ გეძებენ?

– როდესაც ეს ამბავი გავიგე, გამიხარდა და გამიკვირდა, რადგან ჩვენ შორის მიმოწერა დაახლოებით, 30 წლის წინ შეწყდა. არ მეგონა, ანდროს ამდენი წლის მერეც თუ ვემახსოვრებოდი.

– თქვენ თუ გიცდიათ მისი მოძებნა?

– სიმართლე გითხრათ, მე ის არ მიძებნია. მიმოწერა მან შეწყვიტა და მე არც მიცდია გაგრძელება. თუმცა, სასიამოვნო ფაქტია, როდესაც იგებ, რომ შენ გეძებენ. არ მეგონა, ამდენი რამ თუ ემახსოვრებოდა. თქვენი სტატია რომ წავიკითხე, გაოგნებული დავრჩი, ანდროს ყველაფერი ახსოვდა.

– ამჟამად თუ გაქვთ ურთიერთობა და შეხვედრას თუ აპირებთ ერთმანეთთან?

– დიახ, მიმოწერა გვაქვს, მაგრამ რაც შეეხება შეხვედრას, მე რუსეთში ვერ ჩავალ და მან თუ გადაწყვიტა ჩამოსვლა, რა თქმა უნდა, შევხვდებით ერთმანეთს.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.



ნატალია მახარაშვილი


скачать dle 11.3