კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეუძლია ადამიანს საკუთარი ცხოვრების განსაზღვრა და რა შემთხვევაში შეცვლის ის თავის მომავალს

 

საუკუნეების განმავლობაში ადამიანები ფიქრობდნენ, რომ არსებობს ბედისწერა, რომელიც პიროვნების ცხოვრებას წინასწარ განსაზღვრავს და რომ მათ საკუთარი მომავლის შეცვლა არ შეუძლიათ, რადგან ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული. არსებობს თუ არა ბედისწერა და როგორია ამ საკითხის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება, ამის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი).

– მამაო, დღემდე გავრცელებულია წარმოდგენა ბედისწერის შესახებ, რომელიც პიროვნების ცხოვრებას წინასწარ განსაზღვრავს და მისი შეცვლა შეუძლებელია. საიდან იღებს სათავეს ეს ყველაფერი?

– ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ ჩვენი ქვეყნის წარსული, ამ საკითხთან დაკავშირებული წარმართული რელიგიური სწავლება. ამ წარმოდგენით, როდესაც ადამიანი იბადებოდა, ზეცაში ჩნდებოდა მისი ვარსკვლავი, ხოლო ბედისაღმწერელი, რომელსაც ქართულ წარმართულ რელიგიაში ეწოდებოდა „მწერალთმწერალი“, „მწერალი“, „ბედისმწერალი“, წერდა მის ცხოვრებას: რა შეემთხვეოდა, როგორ უნდა ეცხოვრა – მოკლედ, წინასწარ განსაზღვრავდა მის მომავალს, სვე-ბედს, რომლის შეცვლა მოკვდავ ადამიანს აღარ შეეძლო. ასევე, არსებობდა ასეთი სწავლებაც, რომ უკვე „ბედიანი“, ბედდაწერილი“ ადამიანების ცხოვრებას, მის დანიშნულებას ამ სამზეოში განაგებდა სულთა საუფლო, სამეფო. სულეთის გარეშე არაფერი ხდებოდა.  როდესაც ადამიანი გარდაიცვლებოდა და სამზეოდან გავიდოდა, ის ჩადიოდა სულეთში და შუბლზე დაწერილი ბედისწერის მიერ წინასწარ დადგენილ ადგილს იკავებდა. სწორედ აქედან მოდის წარმართული სწავლება: ადამიანს რაც შუბლზე აწერია, ისე მოხდება ყველაფერიო. წინათაც და ახლაც არსებობს მრავალი რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომლებიც ქადაგებენ, რომ ხდება ადამიანის ბედის წინასწარ განსაზღვრა.

– როგორია საკითხის მიმართ ეკლესიური მიდგომა, ეკლესია მთლიანად უარყოფს ბედისწერის არსებობას?

– ქრისტიანული ღვთისმეტყველება, რა თქმა უნდა, ეთანხმება ადამიანის ბედის არა წინასწარ განსაზღვრას, არამედ ცხოვრებას მთლიანად უმორჩილებს ადამიანს. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა თვითუფლებრივი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანი საკუთარი თავის,  ცხოვრების, აზრების განმკარგავია და მისი ბედი თავად მასზეა დამოკიდებული. ღმერთი არის ყველაფრის შემოქმედი, ყველაფრის მიზეზი, მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრებას განაგებს ბუნებითობა. ბედს ადამიანები ხშირად უკავშირებენ არა პირდაპირი გაგებით ადამიანის ცხოვრების წინასწარ განსაზღვრულობას, არამედ მას უკავშირებენ შემთხვევითობას, მოულოდნელობას, რაც თავისთავად ხდება ცხოვრებაში. ანუ, ბედი განსაზღვრავს ამ შემთხვევითობას და ადამიანს მისი შეცვლა აღარ შეუძლია. ასე რომ, არსებობს ასეთი მიდგომები. თუ ადამიანი ემორჩილება ბედს, წინასწარგანსაზღვრულობას, მას შუბლზე დააწერეს, როგორ უნდა იცხოვროს და ის ვერ შეცვლის რეალობას, ესე იგი, გამოდის, რომ ადამიანი არ ყოფილა თვითუფლებრივი. თვითუფლებრიობა ადამიანს გამოარჩევს, მას, უპირველეს ყოვლისა, ანიჭებს ადამიანობას, შემოქმედებითობას და ამით ის ემსგავსება ღმერთს. მაგრამ, თუ ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია, ადამიანი ამ მთავარ თვისებას კარგავს. მისი ცხოვრება დამოკიდებულია წინასწარ დაგეგმილ ქმედებებზე, მათ განზრახვაზე, გადაწყვეტილებებზე. მაგალითად, ერთი ადამიანი თავისი ნებით, წინასწარ განზრახვით მიწაში ჩაფლავს განძს, მაგრამ, მეორე ადამიანი საფლავს თხრის და ის ზუსტად ამ განძს პოულობს. რა თქმა უნდა, არც პირველს ჩაუფლავს ეს განძი იმიტომ, რომ მეორე ადამიანს ეპოვა და არც მეორემ გათხარა საფლავი ამ განძის საპოვნელად. ამ შემთხვევაში ორივეს ქმედება წინასწარ განზრახული და განსხვავებული იყო, ანუ ყველაფერი, მათი გადაწყვეტილებით, ასე უნდა მომხდარიყო და ეს, რა თქმა უნდა, ბედს არ გადაუწყვეტია, ანუ, ყველაფერი ადამიანის ქმედებებზეა დამოკიდებული. როგორც აღვნიშნე, ადამიანი ყველაფერს თვითუფლებრიობით აკეთებს, ესე იგი, მასში არის უნარი განზრახულობისა, ანუ, მას უნდა, ესა თუ ის საქმე გააკეთოს, მოიმოქმედოს. მაგრამ, თუ ჩვენ ისე მივუდგებით საკითხს, რომ არ არსებობს ადამიანის თვითუფლებიობა, ის არ ბატონობს საკუთარ ქმედებასა და განსაზღვრაზე, ასეთ შემთხვევაში, თუ ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული, მაშინ ადამიანს არ სჭირდება განზრახულობა, რაც, სინამდვილეში, ნებისმიერი საქმის დასაწყისია. ასეთ დროს გამოდის, რომ მას არც სწავლა სჭირდება, არც გარჯა, რადგან მისი ცხოვრება ისედაც განსაზღვრულია. თუ ადამიანის ცხონება განსაზღვრულია, მაშინ  აღარ ყოფილა საჭირო ძალისხმევა, არც პირად ცხოვრებაში და არც ეკლესიაში. თუ წინასწარ განსაზღვრულია, რომ ადამიანი დაიბადა ცოდვილად და ის ასე იქნება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მაშ, რაღა საჭიროა ეკლესიური ცხოვრება, ღვაწლი, ლოცვა, მარხვა?! ასეთი წარმოდგენით ის თავად კარგავს ფუნქციას და, ზოგადად, ყველაფერს ეკარგება აზრი. რა თქმა უნდა, ეს არასწორი მიდგომაა და, როგორც ამბობენ: ადამიანი თავის ბედს თვითონ ქმნის.

– ხშირად, როდესაც ბავშვი იბადება, ზოგზე ამბობენ, ის ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადა, იღბლიანი იქნებაო; ზოგზე კი პირიქით ამბობენ – უბედურ ვარსკვლავზეა დაბადებულიო. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ ღმერთი გამორჩევით განსაზღვრავს, ვინ უნდა იყოს ბედნიერი და ვინ – უბედური?

– ამ წარმოდგენას ჭეშმარიტი საფუძველი არ გააჩნია. რა თქმა უნდა, უფალმა ყველაფერი იცის, ის წინასწარ განაგებს ყველაფერს, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ადამიანს არაფერს ეკითხება. ასე რომ იყოს, ჩვენ მართლაც ბედზე ვიქნებოდით დამოკიდებული.  სინამდვილეში ღმერთი ყველაფერს განაგებს, მაგრამ თავად ადამიანი წყვეტს საკუთარ მომავალს, ცხონება-არცხონების, სწავლა-არსწავლის, მუშაობა-არმუშაობის საქმეს და, შესაბამისად, ის ჭრის და კერავს თავის მომავალს. რაც შეეხება ადამიანების ყრმობიდანვე გამორჩეულობას, ასეთი რამ არსებობს, ოღონდ, ამას ბედი ან ვარსკვლავები კი არ განაჩინებენ, არამედ შემოქმედი უფალი. მაგალითად, წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება ავიღოთ, რომელიც ყრმობიდან ყოველმხრივ გამორჩეული იყო. უფალი ამბობს წმიდა წერილში: „მე ის დედის მუცლიდან“ გამოვარჩიე, უწინარეს, სანამ დაიბადებოდა. მაგრამ, ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ, რადგან უფალმა ასე დაადგინა, ის მთელი ცხოვრება ასეთი იქნებოდა. ერთია, რომ ღმერთმა გამოარჩია ადამიანი, მაგრამ მეორეა ის, რომ ადამიანმა თავისი ცხოვრებით, პირადი ღვაწლით შეძლო უფლის მიერ მისი გამორჩეულობა დაედასტურებინა და ასე გაეტარებინა ცხოვრება. საერთოდ, ყველა ადამიანია ღვთისგან გამორჩეული, მაგრამ, ისინი არ ცდილობენ, ისე იცხოვრონ, როგორც გამორჩეულებმა, იმიტომ, რომ ადამიანი თავისუფალია, საკუთარი თავის უფალია და მას შეუძლია, საკუთარი ქმედებებით გახდეს წმიდანი ან, პირიქით, დაეცეს. ანუ, ადამიანი, თუნდაც უფლისგან გამორჩეული, თვითონ განაგებს საკუთარ ცხოვრებას. ჩვენ ვიცით, რომ 12 მოციქულში მაცხოვარმა იუდა გამოარჩია, მაგრამ მან ეს გამოწვევა ვერ გაითავისა, ვერცხლისმოყვარეობაში ჩავარდა, უფალი გასცა და თავიც მოიკლა. ასე რომ, მას შეეძლო, კარგისგან ცუდი, ან, პირიქით, კარგი გამხდარიყო. მოციქულები, სანამ დაიბადებოდნენ, მანამდე იყვნენ გამორჩეულები, მაგრამ, ისინი ამ გამორჩეულობას, მადლს როგორ დაიტევდნენ, ეს უკვე მათ პირად ნებაზე იყო დამოკიდებული და არა გარე მოვლენებზე, ბედზე, ბედისწერაზე. ერთ-ერთი მამა ამბობს, არავისზე თქვა ის ბედნიერია, რადგან, არ იცი, როგორი იქნება მისი დასასრული; არ თქვა ადამიანზე დღეს, რომ ის ცუდია, რადგან ხვალ, შეიძლება, უკეთესი გახდესო. ასე რომ, ჩვენს სვე-ბედს თავად ადამიანები წარვმართავთ და ამიტომ ჩვენი ცხოვრება და მოღვაწეობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ სიკეთის ქმნისთვის, ცხონებისთვის.

 

скачать dle 11.3