კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

იყო თუ არა კოლმეურნეობების შექმნა სტალინის წარმატებული რეფორმა



იოსებ სტალინის ერთ-ერთ დიდ დამსახურებად ქვეყნის წინაშე თავის დროზე მიაჩნდათ კოლექტიური მეურნეობების შექმნა და სოფლის კრიზისიდან გამოყვანა. მოგვიანებით ყველაფერი უკუღმა შებრუნდა, კოლექტიური მეურნეობების შექმნა უარყოფითად შეფასდა და, საბოლოო ჯამში, საბჭოთა კავშირში სოფლის მეურნეობაში შექმნილი კრიზისი სტალინს დაბრალდა. ამ ორ უკიდურესობას შორის იმალება ისტორიული სიმართლე, რომლის მიგნება და აღიარება სხვადასხვა მიზეზის გამო ძალზე გაჭიანურდა.

რუსეთი მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეთა მიჯნაზე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ხორბლის მწარმოებელი ქვეყანა იყო. რუსები მოიხმარდნენ წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით პურს, ხოლო მოწეული ხორბლის დიდი ნაწილი გაჰქონდათ უცხოეთში. რუსეთში ბატონყმობის გაუქმების შემდეგ (1861 წელს), მართალია, გლეხმა მიწა მიიღო, მაგრამ ეს მიწა მას არ ებოძა კერძო საკუთრებაში. მიწა ითვლებოდა სასოფლო თემის (ობშჩინის) საკუთრებად, რომელიც გლეხს ბატონყმობის გაუქმების შემდეგ გამოუყოფდა მისთვის გადაცემული მიწის რაოდენობას. ამ მიწას გლეხი და მისი შთამომავლობა გამოიყენებდა შეუზღუდავად, მაგრამ ვერ გაყოფდა და ვერ გააჩუქებდა. თუ გლეხი თემიდან წავიდოდა, მიწა თემისათვის უნდა ჩაებარებინა. ამრიგად, რუსეთში იყო არა კერძო მესაკუთრე გლეხი (ფერმერი), არამედ მეთემე გლეხი. სახელმწიფოს მიწის მფლობელობის ასეთი წესი ხელს აძლევდა, რადგან, გადასახადი კონკრეტულ გლეხზე კი არ იყო გაწერილი, არამედ თემზე. გლეხი თუ იმდენად გაღატაკდებოდა, რომ გადასახადის გადახდა არ შეეძლო, მისი გადასახადი თემის სხვა წევრებზე უნდა გადანაწილებულიყო და ამდენად მთავრობა არაფერს კარგავდა.

მეოცე საუკუნის დამდეგს, ცნობილმა მოღვაწემ, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრე სტოლიპინმა, დაიწყო სასოფლო თემის დაშლა – სათემო საკუთრების კერძო საკუთრებით შეცვლა. ამ რეფორმას დიდი წარმატება არ მოჰყოლია. გლეხობის ძალიან მცირე ნაწილმა ისარგებლა მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემით, დანარჩენმა გლეხობამ ვერ გამოიყენა კერძო საკუთრებაში გადაცემული მიწა და ძველ დროს მისტიროდა, ანუ თემური საკუთრების მომხრე რჩებოდა.

იოსებ სტალინმა მეოცე საუკუნის 20-იან წლებში ჩაიფიქრა და განახორციელა გრანდიოზული რეფორმა – სოფლად მიწის კერძო საკუთრება შეცვალა კოლექტიური საკუთრებით (კოლმეურნეობებით). სტალინის მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული რეფორმა არ იყო მხოლოდ აგრარული ხასიათის. იგი, შეიძლება ითქვას, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური ღონისძიება იყო. ამ დროისათვის რუსეთის სოფლებში უმძიმესი ვითარება სუფევდა. მართალია, სოფლად ხორბალი ჯერაც დიდი რაოდენობით მოდიოდა, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლება მოწეული მოსავლის უდიდეს ნაწილს ძალდატანებით ართმევდა გლეხობას. სოფლიდან ამოღებული პურით იკვებებოდა ქალაქების დამშეული მოსახლეობა და არმია. ხორბლის მნიშვნელოვანი ნაწილი იყიდებოდა უცხოეთში, რადგან ეს იყო ქვეყანაში ვალუტის შემოტანის ერთადერთი წყარო. სოფლად მძვინვარებდა შიმშილი. გლეხობას პური გამოსაკვებად კი არა, გაზაფხულზე დასათესადაც კი აღარ ჰყოფნიდა. ასეთი ვითარება დიდხანს აღარ შეიძლება გაგრძელებულიყო. იოსებ სტალინი იყო ერთადერთი პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც მიხვდა, რომ სოფლად დაიწყებოდა დიდი სოციალური ამბოხი, რომელიც შემდეგ მოედებოდა მთელ ქვეყანას და, საბოლოო ჯამში, დაამხობდა საბჭოთა ხელისუფლებას. საფრთხე ნამდვილად რეალური იყო. ალექსანდრე პუშკინი წერდა: „ღმერთმა ნუ ქნას რუსული ბუნტი, ყველაზე დაუნდობელი და ყველაზე უაზროო“ სწორედ ასეთი ბუნტი უახლოვდებოდა რუსეთს. ამ დიდ საფრთხეს ვერ ხედავდნენ სხვები. მაგალითად, ლევ ტროცკი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა რუსი გლეხის ბუნებაზე, დარწმუნებული იყო, რომ რეპრესიების გზით მოსპობდა სოფლად ამბოხების საფრთხეს, მაგრამ ასე არ ფიქრობდა სტალინი. შექმნილ ვითარებაში მან იპოვა ერთადერთი რეალური გამოსავალი.

სტალინმა კარგად უწყოდა რუსი გლეხის ბუნება, იცოდა, რომ რუს გლეხს კერძო საკუთრებას ერჩივნა სათემო, ანუ კოლექტიური საკუთრება. მისთვის კერძო საკუთრება არ წარმოადგენდა იდეალს. ეს ვერ გაითვალისწინა პეტრე სტოლიპინმა, მის მიერ ჩაფიქრებული კერძო საკუთრების ბუმი მიწაზე – არ შედგა. სტალინმა ზედმიწევნით ზუსტად გააანალიზა სტოლიპინის რეფორმის წარუმატებლობის მიზეზები. იგი დაადგა იმ გზას, რაც სურდა რუსი გლეხების აბსოლუტურ უმრავლესობას. სოფლად კოლმეურნეობების შექმნით სტალინმა აღადგინა ძველი რუსული გლეხური თემის პრინციპები. 1917 წლის 25 ოქტომბრის დეკრეტით საბჭოთა ხელისუფლებამ მიწა გლეხობას უბოძა, მაგრამ გავიდა ათი წელი და ხელისუფლებისაგან ნაბოძები მიწა გლეხმა ვერ გამოიყენა. ეკონომიკურ კეთილდღეობას მიაღწია გლეხობის (კულაკობის) მხოლოდ 7-8 პროცენტმა; გლეხობის 30 პროცენტი (საშუალო გლეხობა) ასე თუ ისე ახერხებდა თავის რჩენას; გლეხობის 60 პროცენტზე მეტი (უღარიბესი გლეხობა) პრაქტიკულად განწირული იყო შიმშილით სიკვდილისთვის. სტალინმა კარგად იცოდა, რომ უღარიბესი გლეხობა კოლმეურნეობების შექმნას სიხარულით დაეთანხმებოდა. გარკვეულ მერყეობას გამოიჩენდა საშუალო გლეხობა, მაგრამ მათი გადაბირება შეიძლებოდა; რაც შეეხება კულაკობას, იგი სასტიკ წინააღმდეგობას გაუწევდა კოლექტიური მეურნეობების შექმნას, ამ კულაკობის ნეიტრალიზებას სტალინი რეპრესიებით აპირებდა. ამრიგად, ბელადი ვარაუდობდა გლეხობის 90 პროცენტზე მეტის მხარდაჭერას, დანარჩენი კი წინასწარ იყო განწირული.

კოლმეურნეობები შეიქმნა შემდეგი პრინციპით: საბჭოთა ხელისუფლებისგან ნაბოძები მიწა უღარიბესმა და საშუალო გლეხობამ სოფლად შექმნილ კოლექტიურ მეურნეობაში გააერთიანა, კოლმეურნეობებში გაერთიანდა გამწევი პირუტყვი (ხარი, ცხენი, კამეჩი), ასევე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა (გუთანი, პურის საცეხველი და სხვა). ყოველივე ამის მფლობელი იყო კოლექტიური მეურნეობა, ანუ გლეხობის გაერთიანება. კოლექტიური მეურნეობა ირჩევდა გამგეობასა და კოლმეურნეობის თავმჯდომარეს. მოწეული მოსავლის განაწილების პრინციპს ადგენდა კოლექტივის საერთო კრება. საერთო კრება წყვეტდა ყველა მნიშვნელოვან საკითხს. კოლმეურნეობებმა პირველ წლებში დიდ შედეგს მიაღწიეს. ეს გაგრძელდა ძალიან მცირე ხანს. მალე სტალინმა დაიწყო იმ გეგმის რეალიზება, რომლისთვისაც მან კოლექტიური მეურნეობები შექმნა. ხელისუფლებამ ყოველ კოლექტიურ მეურნეობას დაუწესა სახელმწიფოსთვის ჩასაბარებელი ხორბლის გეგმა, მოწეულ მოსავალს კოლექტიური მეურნეობა თავის წევრებზე გაანაწილებდა მხოლოდ მას შემდეგ, როცა დაფარავდა ხორბლის დამზადების სახელმწიფო გეგმას, ეს გეგმა კი ყოველწლიურად იზრდებოდა, რაც უმძიმეს მდგომარეობაში აგდებდა გლეხობას. მიუხედავად ამისა, გლეხობას შიმშილით სიკვდილის საფრთხე არ ემუქრებოდა, ეს კი სოციალური ვითარების სტაბილიზაციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.

რა მოიგო სტალინმა კოლექტიური მეურნეობების შექმნით? უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს ჰქონდა ყოველწლიურად დაგეგმილი ხორბლის მოსავლის უმტკივნეულოდ მიღების გარანტია. ამიერიდან, ხელისუფლებას, პურის ამოღებისათვის არა მილიონობით გლეხთან, არამედ კოლექტიურ მეურნეობებთან ჰქონდა საქმე. გარდა ამისა, სახელმწიფოს იმის აბსოლუტური გარანტიაც ჰქონდა, რომ კოლექტიური მეურნეობა მოსავალს ვერ გადამალავდა, როგორც წინა წლებში ხდებოდა, როცა გლეხები ყველანაირად ცდილობდნენ პურის ამოღებისას წინააღმდეგობის გაწევას პურის გადამალვის გზით. ხელისუფლებას კი არ შეიძლებოდა სცოდნოდა, მილიონობით გლეხიდან ზუსტად ვინ რამდენი ხორბალი მოიწია. უნდა აღინიშნოს, რომ კოლმეურნეობებმა, თანდათან, ისწავლეს ეკონომიკის ანბანი, მოსავლიანობამ იმატა, რაც გლეხობის კმაყოფილებას იწვევდა და სოციალური ამბოხის საფრთხეს სპობდა.

ყოველივე ამის ფონზე, სოფლად კოლექტიური მეურნეობების შექმნა ფართომასშტაბიან რეპრესიებთანაც იყო დაკავშირებული. კულაკობის უდიდესი ნაწილი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ან ციხეებში გამოკეტეს, ან ციმბირში გადაასახლეს. ვინც რეპრესიებს გადაურჩა, თვითონ მიატოვეს მშობლიური სოფლები და ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში გადაიხვეწნენ. კულაკების კუთვნილი მიწის, გამწევი პირუტყვისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის კოლმეურნეობების ხელში გადასვლამ, კიდევ უფრო რენტაბელური გახადა კოლმეურნეობები.

საბოლოო ჯამში სტალინმა მიაღწია თავის მიზანს: სოფლად გლეხობის სამი ფენიდან ჩამოყალიბდა საბჭოთა ხელისუფლებისადმი მორჩილი ერთი ფენა – კოლმეურნე გლეხობა. სახელმწიფომ მიიღო ხორბლის დამზადების მტკიცე გარანტია, ანუ გარანტია იმისა, რომ შეუფერხებლად მოხდებოდა ქალაქის მოსახლეობისა და არმიის გამოკვება. დამზადებული ხორბლის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში გადიოდა, რაც ვალუტის მიღების ერთადერთი წყარო იყო და, ბოლოს, აღარ არსებობდა სოფლად სოციალური ამბოხის დაწყების მიზეზები.

იოსებ სტალინის აგრარულმა რეფორმამ ქვეყანა კონკრეტულ ვითარებაში იხსნა დიდი განსაცდელისგან. მიუხედავად ამისა, ეს არ იყო რეფორმა, რომელსაც საბოლოოდ უნდა დაფუძნებოდა ქვეყნის ეკონომიკა. ის, როგორც დროებითი და საგანგებო ღონისძიება, აუცილებლად საჭიროებდა შემდგომ განვითარებასა და სრულყოფას, ეს კი სტალინის პოლიტიკურმა მემკვიდრეებმა ვერ შესძლეს.



ვახტანგ გურულის

მასალების მიხედვით მოამზადა

ანრი შავლაძემ


скачать dle 11.3