კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ცვლილებები შედის საგადასახადო კოდექსში და როგორ აისახება ეს მეწარმისა და მომხმარებლის ჯიბეზე

 

 

მართალია, გვპირდებოდნენ, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი (თუმცა რაღა ახალი, როდესაც აგერ უკვე მეექვსე თვეა, მოქმედებს) იქნებოდა სტაბილურობის ერთგვარი გარანტია, თუმცა ამოქმედებიდან ერთ კვირაში ითქვა, რომ საგადასახადო კოდექსი ამოქმედების პროცესშივე დაიხვეწებოდა. შესაბამისად, იგრძნობოდა, რომ მასში არაერთი ცვლილებაც შევიდოდა და ასეც მოხდა: კერძო საწარმოების შემოწმების უფლება კერძო აუდიტებს ეძლევათ (მათ დასკვნას ოფიციალური ძალა ექნება, თუმცა დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, საგადასახადო უკვე აუდიტორებს დააკისრებს პასუხისმგებლობას); განისაზღვრა საწარმოო დანაკარგების ოდენობა და მეწარმეებს პროდუქციის თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაყიდვის უფლებაც მიეცათ. წინასწარი ინფორმაციით, ჯარიმების ნაწილი უქმდება, ნაწილი –  მცირდება. როგორ აისახება ეს ცვლილებები მეწარმეებსა და მომხმარებლებზე? –  ექსპერტი ნოდარ ხადური გვესაუბრება.

– დავიწყოთ იმით, რამდენად უწყობს ბიზნესის განვითარებას და მეწარმეებში სტაბილურობის შეგრძნების გაჩენას ჯერ საგადასახადო კოდექსის მიღება და შემდეგ მისი მუშაობის პროცესში დახვეწა?

– დამოუკიდებელი საქართველოს საგადასახადო კოდექსმა ისტორიის 14-წლიანი გზა გაიარა. პირველი კოდექსი 1997 წელს მივიღეთ.

– აბა, მანამდე რა ხდებოდა?

– ცალკეული კანონები არეგულირებდა ამ სფეროს, 1997 წელს კი მივიღეთ პირველი კოდექსი, რომელმაც ყველა საკითხს მოუყარა თავი. იმ კოდექსის მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მასში ცვლილებები, ფაქტობრივად, ყოველ კვირას, პარლამენტის ყოველ სხდომაზე, შედიოდა. სათვალავიც ამერია, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში თავად ვმუშაობდი შესაბამისი კომიტეტის აპარატში და ჩემ თვალწინ შედიოდა კოდექსში ეს ცვლილებები. ყველა ცვლილებას თან ახლდა განმარტება, რომ ეს კეთდებოდა კოდექსის სრულყოფის მიზნით და, საბოლოოდ, მივიღეთ ეკლექტური დოკუმენტი, რომელსაც ერთიანობის აღარანაირი კვალი არ ჰქონდა. შემდეგი კოდექსი 2004 წლის ბოლოს მივიღეთ და ძალიან საინტერესოდ: მივიღეთ 31 დეკემბერს და ამოქმედდა პირველ იანვარს, რაც, ასევე, არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა. კოდექსი რომ ამოქმედდეს, მას უნდა იცნობდნენ ადამიანები, რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა ხდებოდეს დამუშავება. ხშირად რჩება შთაბეჭდილება, რომ მუშაობა ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, როგორიც საგადასახადო კოდექსია, დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და, ცხადია, ამ სიჩქარეში იპარება შეცდომები ან ისეთი ნიუანსები, რომლებიც ან მეწარმეს უშლის ხელს და ნერვებს, ან სახელმწიფოს.

– ისეთებიც იპარება, სახელმწიფოს რომ უშლის ხელს და ნერვებს?

– რა თქმა უნდა. სახელმწიფოს მხრიდან რამდენი ადამიანი მუშაობს იმაზე, რომ გადასახადებისგან თავის არიდება ძალიან რთული იყოს? ალბათ, რამდენიმე; მაშინ, როდესაც ამაზე ათასჯერ, შეიძლება, ათი ათასჯერ მეტი ადამიანი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ აარიდოს თავი გადასახადებს კანონიერი გზებით. კომპანიებთან მუშაობს რამდენიმე ძალიან კარგი იურისტი და საგადასახადოს ძალიან კარგი სპეციალისტი იმისთვის, რომ აბსოლუტურად ლეგალურად შეუმცირონ გადასახადები კომპანიას.

– დიდ კონკურენციაში ყოფილა ფინანსთა სამინისტრო?!

– ამიტომ, თავისთავად ცხადია, რომ მუშაობის პროცესში ჩნდება კოდექსის ხარვეზები, თუმცა, ვიმეორებ, არ იყო აუცილებელი, ახალი კოდექსი 2011 წლის პირველი იანვრიდანვე ამოქმედებულიყო, მით უმეტეს, რომ, სიმართლე გითხრათ, რაღაც განსაკუთრებული და რევოლუციური ამ ახალ კოდექსში არაფერია. ასე რომ, შეიძლებოდა, ძველ კოდექსს 2011 წლის პირველი იანვრიდან, თუნდაც, ექვსი თვის განმავლობაში გაეგრძელებინა მოქმედება და შემდეგ მიგვეღო ახალი კოდექსი.

– მაგრამ  მაშინ, 2010 წლის 31 დეკემბერს შეჩერებული კოდექსით, საშემოსავლო 20-პროცენტიანი გადასახადი 18-პროცენტამდე უნდა შემცირებულიყო?

– ჯერ ერთი, ძალიან ცუდია, როდესაც ხელისუფლება თავის დანაპირებს არ ასრულებს და გადასახადს არ ამცირებს, რაც ინვესტორებისთვის იმის სიგნალია, რომ ხელისუფლება არ ასრულებს თავის საგადასახადო დაპირებას, არადა ქვეყანას ყველანაირი რესურსი ჰქონდა, რომ 2 პროცენტული მუხლით შეემცირებინა საშემოსავლო გადასახადი. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალი კოდექსით,  ზოგიერთი კატეგორიის ადამიანს გაეზარდა გადასახადი 12-დან 20 პროცენტამდე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ უცხოურ დიპლომატიურ ან მათთან გათანაბრებულ უცხოურ ორგანიზაციებში; აგრეთვე, გრანტების მიმღებებს და მათ, ვინც აქირავებს ქონებას. მათი გადასახადები გაიზარდა, მიუხედავად დაპირებისა, რომ საქართველოში საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები არასდროს აღარ გაიზრდებოდა. გახსოვთ ეს დაპირება?

– რა თქმა უნდა. თითქოს კონსტიტუციაშიც უნდა ჩაწერილიყო, რომ გადასახადების გაზრდის საკითხი რეფერენდუმზე გადაწყვეტილიყო.

– სამწუხაროდ, ეს მექანიზმიც ჯერჯერობით არ ამუშავებულა, რაც ძალიან ცუდია.

– კერძო აუდიტებისთვის საწარმოების შემოწმების უფლების გადალოცვა ქართული ნოვაციაა? თქვით, რომ სახელმწიფოს მოტივაციაა, მეწარმეებმა ვერ შეძლონ კანონიერი გზით გადასახადისგან თავის არიდება, როდესაც ამ საქმეს გადაულოცავენ კერძო აუდიტებს, რა შეიძლება იყოს ამის მოტივი?

– მთლად ბოლომდე ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ სახელმწიფო უარს ამბობს შემოწმებაზე. სახელმწიფო ამბობს, თქვენ შეგიძლიათ, მოიწვიოთ კერძო აუდიტი, შემდეგ მე შევამოწმებ ამ აუდიტს და თქვენ კი აღარ მოგთხოვთ პასუხს, არამედ იმ აუდიტორულ კომპანიას, რომელმაც შეგამოწმათო. ამაში დიდი რევოლუციური სიახლეც არ არის, რადგან ძალიან ბევრი მსხვილი გადამხდელი დღესაც ანალოგიური პრინციპით მუშაობს. უბრალოდ აუდიტორული კომპანია დღეს მათთან მუშაობს იმისთვის, რომ მეწარმეებს მისცეს რჩევები, მოუწესრიგოს შიდა ბუღალტერია და მოამზადოს საგადასახადო შემოწმებისთვის. ამ ცვლილების შემდეგ კი აუდიტი ისევ იმავეს გააკეთებს, ოღონდ მისი დასკვნა საკმარისი იქნება საგადასახადო შემოწმებისთვის. მაგრამ, თუ აღმოჩნდა, რომ რამე არასწორად გააკეთა, სანქციები გატარდება აუდიტორის მიმართ. აქ არის რამდენიმე უხერხულობა; პირველი და მნიშვნელოვანი: აუდიტორი, უპირველესად, უნდა იყოს კომპანიის მრჩეველი და მან უნდა დაიცვას კომპანიის საიდუმლოება, მათ შორის, კომერციულიც. დღევანდელი კანონმდებლობით კი, ჩნდება იმის საფრთხე, რომ აუდიტორულმა კომპანიამ ან უნდა დამალოს ინფორმაცია, ან წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კომპანიის შემოწმების დროს აღმოაჩინა, თუნდაც, მცირედი ლაფსუსი, აუცილებლად აცნობოს საგადასახადო სამსახურს. ამდენად, ძალიან კარგი იდეა, რომ საგადასახადოს არ ჰქონდეს მუდმივი შეხება საწარმოსთან, შესაძლოა. მაგრამ ისიც შესაძლოა, ეს ცუდად შემობრუნდეს და ისე გამოვიდეს, რომ მოხდეს აუდიტორული სამსახურის დისკრედიტება და მეწარმეს ერჩივნოს, პირდაპირ საგადასახადოსთან დაიჭიროს საქმე. ჯერ ერთი, იმიტომ რომ თავისი კომერციული საიდუმლო დაიცვას და, რაც მთავარია, აუდიტორული  შემოწმება საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა. საგადასახადო დღეს ამას უფასოდ აკეთებს. მაშინ, როდესაც აუდიტორი უნდა დაიქირავო, გადაუხადო ფული და ამ დროს ნაცვლად იმისა, რომ აუდიტორმა დაგიდოს დასკვნა, როგორ გამოასწორო მუშაობა…

– შენივე ფულით ჩაგაგდოს საგადასახადოს კლანჭებში?

– გარკვეული სანქციები დაგეკისროს. იმის თქმა მინდა, რომ დასაფიქრებელია, ეს ჩანაფიქრი ცუდად არ შეუტრიალდეს ბიზნესს.

– ისეთი შთაბეჭდილებაც იქმნება, რომ სახელმწიფომ საქმე მისცა აუდიტორებს?

– საგადასახადო სამსახური ვეღარ აუდის ამდენ შემოწმებას, ამიტომ მარტივი გამოსავალია. გარდა ამისა, ცუდი არ არის, თუ კერძო აუდიტორულ კომპანიებს გაუჩნდებათ შემოსავლის ახალი წყარო, მაგრამ, როდესაც ეს შემოსავალი ვიღაცის ხარჯზეა, ის აისახება იმ პროდუქციისა და მომსახურების ფასზე, რომელსაც მე და თქვენ ვყიდულობთ.

– თუმცა ეს ნებაყოფლობითია?

– არ არის სავალდებულო. შეგიძლიათ, არ მოიწვიოთ კერძო აუდიტი. თუმცა ერთი პერიოდი, იყო ასეთი მოთხოვნა, როდესაც კომპანიისთვის აუცილებელი იყო აუდიტორული შემოწმება და შემდეგ ამ შემოწმების შედეგები უნდა გამოქვეყნებულიყო. ახლა ეს მოთხოვნა არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაიდგმება ნაბიჯები, რომ აუდიტორული მომსახურება მოთხოვნადი გახდეს ბიზნესის მხრიდან. ყველა აუდიტორულ კომპანიას არ ექნება ამაზე მუშაობის საშუალება, გაიცემა სპეციალური ლიცენზიები.

– ძალიან კარგია, ალბათ, რომ განისაზღვრა დანაკარგების ოდენობა და ისიც, რომ მეწარმეს  შეეძლება, თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდოს პროდუქცია. ეს ცვლილებები როგორ აისახება მომხმარებელზე?

– მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენს საგადასახადო სისტემას ჰქონდა, იყო ის, რომ სისტემა არ იყო ჰუმანური და ის შეუვალად ბეგრავდა ყველას. არადა ყველამ ვიცით, წყალი რომ წყალია, ისიც კი ორთქლდება. ასევე, ორთქლდება საწვავიც, ანუ არის ბუნებრივი დანაკარგები, რის დადასტურებაც შეიძლება ტექნოლოგიურად. წარმოიდგინეთ, მეწარმემ შეიძინა ბენზინი, გზაში ეს ბენზინი აუორთქლდა და არათუ ამ აორთქლებული ბენზინის ზარალს ვერ ჩამოწერდა, არამედ იმ არგაყიდულის გადასახადიც უნდა გადაეხადა. საბოლოოდ კი, აი, რა ხდებოდა: ან ზომაში ატყუებდნენ მყიდველს, ან ხარისხში, ან ფასს ზრდიდნენ, რადგან მეწარმეს, როდესაც ამის შესაძლებლობა აქვს, მთელი დანაკარგი და დანახარჯი გადააქვს მომხმარებლებზე. გამოდიოდა, რომ ისევ მომხმარებელი იყო ვალდებული, ეყიდა კომპანიის ზარალი. შესაბამისად, ეს დაგვიანებული, მაგრამ კარგი ნაბიჯია. ბოლოს და ბოლოს, საქართველოს საგადასახადო სისტემამ უნდა შეცვალოს თავისი დამოკიდებულება მეწარმისადმი და მას არ უნდა უყურებდეს, როგორც პოტენციალურ დამნაშავეს. მეწარმეს უნდა უყურებდეს, როგორც ბიუჯეტის ერთ-ერთ შემავსებელს და აქეთკენ უნდა მიდიოდეს მთელი საგადასახადო სისტემა.

რაც შეეხება თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვას: მეწარმემ შემოიტანა პროდუქცია ან აწარმოა, მაგრამ შემდეგ ის გაიაფდა ბაზარზე, მორალურად, ან ფიზიკურად მოძველდა და კომპანია, იძულებულია, გააიაფოს. ეს ადრე დანაშაულად მიიჩნეოდა. ისევ ნავთობის მაგალითს მოვიყვან, რომ უფრო მარტივად გასაგები იყოს: რამდენიმე წლის წინათ ნავთობის ფასი ბარელზე 145 დოლარი იყო, შესაბამისად, საწვავი ძვირი ღირდა. შემდეგ, ძალიან მოკლე პერიოდში, ჩამოვიდა 35 დოლარზე, მაგრამ, ვისაც 145 დოლარად ჰქონდა ნაყიდი, ის 145-ის შესაბამის ფასად ვერ გაყიდდა საწვავს, იმიტომ რომ მის კონკურენტს 35 დოლარად ჰქონდა ნაყიდი საწვავი.

– ოღონდ ჩვენს ბაზარზე ეს არ ხდება: საწვავს ყველანი ერთდროულად  აძვირებენ და აიაფებენ. უფრო ხშირად კი აძვირებენ?

– იმიტომ რომ, თუნდაც ამ კანონის შესაბამისად, იაფად რომ გაგეყიდათ, შეიძლება, დაჯარიმებულიყავით. მე არ ვამართლებ ნავთობიმპორტიორებს, იმ სფეროში, ალბათ, არის კითხვის ნიშნები, მაგრამ მეწარმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა: დაუჯდა ძვირი, მაგრამ ბაზარზე აღარ იყიდება იმ ფასად. თვითღირებულების მიბმა ფასთან არის მბრძანებლურ-კომუნისტური ეკონომიკის გადმონაშთი, საბაზრო ეკონომიკაში მოქმედებს მოთხოვნა-მიწოდების სქემა. ძვირი დამიჯდა, მაგრამ არ ყიდულობს არავინ ამ ფასად და ამის გამო ისევ მე არ უნდა დავჯარიმდე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საგადასახადომ თავი უნდა დაანებოს ჩასაფრების პოლიტიკას და აწარმოოს საგანმანათლებლო მუშაობა. ეს, ძირითადად, საშუალო და წვრილ მეწარმეებს ეხება, რომლებსაც არ აქვთ კარგი აუდიტორისა და კარგი ბუღალტრის დაქირავების საშუალება. ამიტომ, უპირველესად, წვრილ მეწარმეებს უნდა აუხსნას, რის გაკეთება არ შეიძლება და ეს მისცემს მორალურ უფლებას, რომ შემდეგ დააჯარიმოს, თუ კიდევ განაგრძობს მეწარმე კანონდარღვევით მუშაობას.

– ჩვენი საგადასახადო კანონმდებლობა ვის უშლის და ვის უწყობს ხელს მუშაობაში? როგორ ეტყობა, რამდენ ხანში დაღვინდება სტაბილურ დოკუმენტად სტაბილური ეკონომიკის სამსახურში?

– როგორც ჩანს, ჩვენ შორს ვართ სრულყოფილი საგადასახადო კანონმდებლობისგან,  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საგადასახადო განაკვეთებით არ მივეკუთვნებით მძიმე ქვეყნების რიცხვს, საგადასახადო ადმინისტრირება მაინც მძიმეა და დიდი წნეხია მეწარმეებზე. ამდენად, ჰუმანურობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საგადასახადო სისტემა ისეთი უნდა იყოს, რომ ხელოვნურად არ შეუშალოს ხელი მეწარმეებს ერთმანეთთან კონკურენციაში და ხელოვნურად არ შეაფერხოს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნა, რომ ამოვძვრეთ იმ ორმოდან, რომელშიც ბოლო 20 წელია, ვართ.

– პროდუქციის შემოტანისას მეწარმე იხდის თვითღირებულების თითქმის 32 პროცენტს, დღგ-საბაჟოიანად; მოგების 15 პროცენტს, 20-პროცენტიან საშემოსავლოს, ფასნამატის –  დღგ-ს. ეს მსუბუქი გადასახადებია?

– 12-პროცენტიანი საბაჟო გადასახადი ყველა ქვეყნიდან შემოტანილ პროდუქციას არ ემატება. გვაქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩვენს ყველა მეზობელთან, დსთ-ს წევრ ქვეყნებთან  და იქიდან შემოტანილი პროდუქცია მხოლოდ 18-პროცენტიანი დღგთი იბეგრება, ისევე, როგორც  ადგილზე წარმოებული. ძალიან დიდი ჩამონათვალია ისეთი პროდუქციისა, რომლებიც საერთოდ არ იბეგრება: მანქანა-დანადგარები, ტექნოლოგიები. არის საქონელი, რომელიც მხოლოდ 5-პროცენტიანი საბაჟო განაკვეთით იბეგრება.

– არც რუსეთიდან შემოტანილი პროდუქცია იბეგრება საბაჟო გადასახადით? 

– არა, იმიტომ რომ რუსეთთან გაფორმებული გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება.

– მაგრამ არ გვაქვს ევროკავშირთან?

– არ გვაქვს, მაგრამ მიმდინარეობს საუბარი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელეშეკრულებაზე, თუმცა ევროკავშირს აქვს დიდი და მნიშვნელოვანი მოთხოვნები.

– ზუსტად ვიცი, რომ აი, ის ყოვლისმომცველი და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დოკუმენტი 80 000 გვერდს მოიცავს და ისიც ვიცი, რომ თავიდან ბოლომდე ჯერ არავის აქვს წაკითხული?

– ამ ხელშეკრულებაზე მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის საქართველოსთვის და იმედია, ვისაც ეხება, აუცილებლად წაიკითხავს.

 

скачать dle 11.3