კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

30 თებერვალი

დასასრული. დასაწყისი იხ. „თბილისელები“ ¹30–22(544)  

 

 

– შიშველი ნატურის ხატვა? – პირი დააღო ჯაბამ, რომელიც სულგანაბული უსმენდა მეუღლეს.

– ჰო, ნუ მაწყვეტინებ და ყურადღებით მომისმინე, ძალიან საინტერესო ისტორიაა, – მიუგო შორენამ, – კოსტა მასწავლებელმა შიშველი ნატურის დახატვა შემომთავაზა და შუაღამისას დამიბარა.

– მერე? – გადაირია ჯაბა.

– მერე არაფერი, ხომ მოგიშალე ნერვები? ესეც შენ, გამოგიყვანე თუ არა წყობიდან? აბა, რა გეგონა, სიტყვას ბანზე რომ მიგდებდი?

– რა სიტყვას  ბანზე, პასუხს თავს ნუ არიდებ და მითხარი, შემდეგ რა მოხდა, მითხარი, თორემ, არ ვიცი, რას ვიზამ!

შორენას გაეცინა:

– მაინც, რას გულისხმობ, საყვარელო?

– რას და, შიშველ მენატურეებს. – ეს ყველაფერი შენს გასაღიზიანებლად მოვიგონე და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოვყევი, რომ გეეჭვიანა.

– მართლა?

– მართლა.

– როგორ, ხატვას კოსტა მასწავლებელი არ გასწავლიდა?

– არა.

მეუღლის სიტყვებზე ჯაბა გაბრაზდა და ყვირილი უნდოდა, მაგრამ, გადაიფიქრა და ცოლს უთხრა:

– მაპატიე, საყვარელო. ჩემი ბრალია და სიტყვას ბანზე აღარ აგიგდებ. ახლა კი დაჯექი და მომისმინე, ყველაფერს მოგიყვები.

– რას მომიყვები?

– რაც შენ გაინტერესებს.

– კონკრეტულად?

– კონკრეტულად იმას, თუ ვინ ვარ და ასეთ ყოფაში რატომ ვიმყოფებით. ოღონდ, გიმეორებ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ შორის უნდა დარჩეს და ამის შესახებ არავისთან სიტყვაც კი არ დაგცდეს.

– არა, საყვარელო, არ მინდა. მე ვიცი, რომ შენ ჩემი ქმარი ხარ და ეს ჩემთვის საკმარისია, – მიუგო შორენამ და მეუღლეს აკოცა...

***

შერიგებულმა ცოლ-ქმარმა მთელ დღეს სიამტკბილობაში გაატარა. როდესაც მოსაღამოვდა, საწოლში წამომჯდარმა შორენამ მეუღლეს ჰკითხა:

– ხომ არ ვივახშმოთ?

– ვივახშმოთ, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო.

– ოღონდ, აქ არა, სადმე წავიდეთ.

– კარგი აზრია, წავიდეთ, – მიუგო ჯაბამ მეუღლეს.

– მაშინ მე შხაპს მივიღებ და მოვემზადები, შენ კი მოიფიქრე, სად წავიდეთ.

– კარგი.

 – მიყვარხარ, – თქვა შორენამ, საწოლიდან წამოდგა და სააბაზანოში შევიდა.

ჯაბაც წამოდგა. ამ დროს მისმა მობილურმა დარეკა და ჯაბამ უპასუხა:

– გისმენთ!

– გამარჯობა, ჯაბა!

– გაგიმარჯოთ!

– მე მძღოლი ვარ.

– გისმენ.

– ცხრა საათზე შეხვედრა გაქვს და მოემზადე.

– ვის უნდა შევხვდე?

– ნახევარ საათში მოვალ და მანქანაში ვილაპარაკოთ.

– კარგი. გელოდები, – უთხრა ჯაბამ მძღოლს და ტელეფონი გათიშა. შემდეგ სააბაზანოდან გამოსულ მეუღლეს გაუღიმა და უთხრა:

– მიყვარხარ.

– მეც მიყვარხარ. მოხდა რამე?

– რა უნდა მომხდარიყო?

– ისეთი სახე გაქვს, რომ ეტყობა, რაღაც მოხდა.

– ბოდიში, საყვარელო, მაგრამ რესტორანში წასვლა გადაიდო.

– რატომ?

– შეხვედრა მაქვს. ახლახან დამირეკეს და მითხრეს, მანქანით უნდა გამოიარონ და წავიდე.

– რა გაეწყობა, თუ უნდა წახვიდე, წადი.

– თუ შენ გინდა, დავრჩები.

– არა, წადი.

– თუ მიბრაზდები, მაშინ დავრჩები.

– არა, წადი...

– მაშინ, გაიღიმე.

შორენამ მეუღლეს გაუღიმა და უთხრა:

– წადი, მაგრამ ფრთხილად იყავი.

– ფრთხილად ვიქნები და შენც ფრთხილად იყავი, – უთხრა ჯაბამ მეუღლეს, ჩაიცვა და სახლის წინ მდგომ „მერსედესს“ რომ მოჰკრა თვალი, ფანჯრიდან შორენას უთხრა:

– წავედი.

შორენამ კარამდე მიაცილა მეუღლე და ოთახში შებრუნდა, ჯაბა კი ფრთხილად ჩავიდა კიბეზე, ქუჩაში მდგომ „მერსედესში“ ჩაჯდა და მძღოლს მიესალმა:

– გამარჯობა.

– გაგიმარჯოს.

– რაშია საქმე?

– ცხრა საათზე ფუნიკულიორის პარკში უნდა იყო და მთავარი მმართველის წარმომადგენელს შეხვდე. ერთი საათის წინ დამირეკეს და მიბრძანეს, რომ შეხვედრაზე მიმეყვანე.

– შენც უნდა დაესწრო?

– რა თქმა უნდა, არა.

– შეხვედრა სად უნდა შედგეს?

– შესასვლელ ხეივანში რომ სტადიონია, იქ.

ჯაბა საკუთარი ხელისგულივით იცნობდა ფუნიკულიორის ტყე-პარკის თითოეულ მტკაველს და გულში გაიფიქრა: „შეხვედრაზე, ალბათ, მთავარი მმართველის წარმომადგენელი სახედაფარული მოვა, რადგან ასე გვიან დამიბარა და ხომ არ მენახა ვინაა?“ – მძღოლს კი ჰკითხა:

– სახედაფარული მოვა?

– რა თქმა უნდა, – მიუგო მძღოლმა ჯაბას.

– უკანაც შენ წამომიყვან?

– მე წამოგიყვან, – მიუგო მძღოლმა, – შემდეგ „მერსედესი“ ადგილიდან დაძრა და მთაწმინდისკენ აიღო გეზი.

– რას ვერ ვხვდები, იცი? – უთხრა ჯაბამ მძღოლს.

– რას?

– ასეთი მასკარადი რა საჭიროა. არ აჯობებდა, რომ ყველანი ერთმანეთს სახეებით ვიცნობდეთ და ბავშვებივით პაროლობანას თამაშს შევეშვათ?

– მაპატიე, ჯაბა, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენო, რომ მთავარი მმართველის წარმომადგენელთა სახის ნახვა კატეგორიულად აკრძალულია – გაიხსენე, გუშინ რაც მოგიყევი.

– მახსოვს, – მშრალად თქვა ჯაბამ და გაჩუმდა.

– ბოდიში, ჯაბა, მაგრამ კიდევ ერთხელ იმიტომ შეგახსენე ამის შესახებ, რომ თუკი ცდუნებას ვერ გავუძლებთ, მაშინ საერთო საქმეს დავღუპავთ და ამას კი გამოუსწორებელი, გლობალური შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

– არ მოჰყვება, – მშრალად მოუჭრა ჯაბამ მძღოლს, რითაც აგრძნობინა, რომ ჭკუის დარიგება დამთავრებული იყო.

მძღოლს ხმა აღარ ამოუღია, „მერსედესით“ უხმოდ გაიარა ნახევარი ქალაქი, შემდეგ ფუნიკულიორზე ავიდა, სტადიონიდან ორასი მეტრის დაშორებით გააჩერა მანქანა და ჯაბას უთხრა:

– მე აქ უნდა დაგელოდო. შენ კი ფეხით გაუყევი და ორას მეტრში, ხელმარჯვნივ, პატარა სტადიონი დაგხვდება, სადაც შეხვედრა გაქვს დანიშნული.

ჯაბა უხმოდ გადავიდა „მერსედესიდან“ და ნელი ნაბიჯებით ჩაუყვა მოასფალტებულ გზას, რომელიც უზარმაზარი, ასწლოვანი ნაძვების ხეივანში იყო გაყვანილი. ჯაბას ბავშვობაში იქ ბევრი დრო ჰქონდა გატარებული და თავის ძმაკაცებთან ერთად თითქმის ყოველდღე ადიოდა იქ. სწორედ ამიტომ იცნობდა ის იქაურობას. მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა ტყეში დამალვა და მთავარი მმართველის წარმომადგენლის სახის დანახვა, თუმცა მძღოლის მონაყოლმა მას ეს განზრახვა გადააფიქრებინა.

ჯაბამ ას ორმოცდაათი მეტრი რომ გაიარა და პატარა სტადიონი გამოჩნდა, სადაც ის ბავშვობაში თავის მეგობრებთან ერთად ხშირად ბურთის თამაშით ერთობოდა, უცებ მას მარჯვნიდან მოესმა:

– ჯაბა!

ჯაბა შეტრიალდა და უზარმაზარ ნაძვთან მდგომი ადამიანი დაინახა, რომელსაც კაპიუშონი თავსა და სახეზე ჰქონდა ჩამოფარებული.

– ჯაბა, მოდი აქ, – მიიხმო კაპიუშონიანმა, მამაკაცისხმიანმა ადამიანმა ჯაბა და როდესაც ის იქ მივიდა, დაამატა, – აქ დადექი, მომისმინე და ნურც ახლა და ნურც შემდეგ ნუ შეეცდები, რომ ჩემი სახე იხილო. მე ვიცი, რომ შენ აქაურობას კარგად იცნობ და შეგიძლია, ოსტატურადაც დაიმალო ტყეში და უკან გამომყვე, მაგრამ ამის გაკეთებას არ გირჩევ.

– არც მიფიქრია, – მიუგო ჯაბამ, თან გაიფიქრა: – „უეჭველად ნაცნობია. მართალია, ხმით ვერ ვცნობ, მაგრამ საუბრის მანერა და მოძრაობა ძალიან მეცნობა“.

– თუ არ გიფიქრია, ძალიან კარგი, ახლა კი ვილაპარაკოთ, – თქვა კაპიუშონიანმა.

– ვილაპარაკოთ, – მიუგო ჯაბამ, – გისმენთ. 

– ნუ გავიწყდება, რომ საქმეში ყველანი შენობით მივმართავთ ერთმანეთს.

– გისმენ.

– საქმე იმაშია, ჯაბა, რომ შენ შეიძლება გარეგნობის შეცვლა დაგჭირდეს.

– გარეგნობის შეცვლა?

– კი, შენმა სიმამრმა ხომ ადრეც გითხრა ეს.

– მახსოვს.

– ჰოდა, თუკი ეს საჭირო გახდა, მაშინ შენ ამას არ უნდა შეეწინააღმდეგო. რას იზამ?

– არ შევეწინააღმდეგები, – მიუგო ჯაბამ, თან გაიფიქრა: „ნუთუ ამ კაცმა მხოლოდ და მხოლოდ ამის სათქმელად ამომიყვანა და ერთი კვირის შემდეგ ვერ მეტყოდნენ შეხვედრაზე? ნუთუ ამ ერთი კვირის განმავლობაში უნდა შემიცვალონ გარეგნობა?“

– ალბათ, ჩემზე ფიქრობ, გიჟიაო...

– არა.

– იმას ხომ მაინც ფიქრობ, აქ ამის სათქმელად რომ ამომიყვანა, ერთი კვირის შემდეგ, შეხვედრაზე ვერ მეტყოდაო. თქვი, გამოტყდი, ხომ მართლა ასე ფიქრობ? – ჰკითხა კაპიუშონიანმა ჯაბას.

– მისანი ყოფილხარ.

– ჰო, ამ საქმეში ცოტა რაღაც მართლა გამეგება, – მიუგო ჯაბას კაპიუშონიანმა და დაუმატა, – მშვენიერი საღამოა, თბილა, კარგი ჰაერია და იმ ციხე-კოშკში ყოფნის შემდეგ აქაურობა არ გაწყენს, თანაც ბავშვობასაც გაიხსენებ. ამიტომ ამოგიყვანე აქ, თორემ სათქმელს ტელეფონითაც გეტყოდი და ერთი კვირის მერეც.

– მე მგონი, ამინდი ფუჭდება, – თქვა ჯაბამ და ცას ახედა. მართლაც უცბად ჯერ წვიმა წამოვიდა, შემდეგ კი ისეთი საშინელი ქარი ამოვარდა, რომ ასწლოვანი გოლიათი ნაძვები გააქან-გამოაქანა.

– კარგი, ჯაბა, წადი და დაგიკავშირდები, – თქვა კაპიუშონიანმა, მაგრამ სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო, რადგან ქარმა უზარმაზარი ნაძვის მსხვილი ტოტი მოატეხა, რომელიც კაპიუშონიანს  თავზე დაეცა და ძირს დასცა...

კაპიუშონიანი მიწაზე დავარდა თუ არა, ტყისკენ გაგორდა და სანამ თვალს მიეფარებოდა, კაპიუშონი მოსძვრა. ჯაბამ მისი სახე მთვარის შუქზე კარგად დაინახა.

„ღმერთო ჩემო, ეს ვინ ყოფილა?! – „გაიფიქრა ჯაბამ, შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით „მერსედესისკენ“ გაემართა, თან ფიქრობდა, – მთავარი მმართველის ერთ-ერთი წარმომადგენელი თუ ვერის ერთ-ერთი ვიწრო ქუჩის კუთხეში მჯდომარე მუნჯი მესემიჩკე იყო, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი“.

მძღოლი მოშორებით იდგა და ვერ დაინახა, რომ კაპიუშონიანს თავზე ტოტი დაეცა და ჯაბა რომ მანქანაში ჩაჯდა, უთხრა:

– წავედით?

– ალბათ, – მშვიდად მიუგო ჯაბამ.

– რა იყო, მოხდა რამე?

– კაპიუშონიანს თავზე ნაძვის მოტეხილი ტოტი დაეცა და ტყეში დააგორა. გამორიცხული არაა, რომ მძიმე ტრავმა მიეღო, ან სულაც სული გააფრთხო, მაგრამ მიშველება ვერ გავბედე იმის შიშით, რომ მისი სახე არ მენახა და პრობლემები არ შექმნილიყო.

– სწორად მოქცეულხარ, წავედით, – თქვა მძღოლმა, მანქანა დაქოქა და ადგილიდან დაძრა, თან დაამატა, – რას იზამ, ცოდოა, მაგრამ წესი წესია და ჩვენ მას არ უნდა გადავუხვიოთ.

– ჰოდა, მეც იმიტომ არ გადავუხვიე, თუმცა ადამიანურად ძალიან ცოდოა და მთელი ცხოვრება იმაზე უნდა ვიფიქრო, მოკვდა თუ გადარჩა.

– ამას ჩვენ მაინც ვერ გავიგებთ, ამიტომ ნუ ნერვიულობ და ამაზე არც იფიქრო, – ურჩია მძღოლმა ჯაბას.

„ძალიან კარგადაც გავიგებ, ის მესემიჩკე მოკვდა თუ გადარჩა, – გაიფიქრა ჯაბამ, – ხვალვე ვერაზე გავივლი და ვნახავ, თუ მკვდარია, მაშინ იქვე ცხოვრობს და მისი მეზობლები იტყვიან, თუ არა და ძალიან კარგი“.

– მართალი ხარ, – მიუგო ჯაბამ მძღოლს, – ნამდვილად არ ღირს ამისთვის ნერვების გლეჯვა და არც ვაპირებ...

***

ჯაბა დილით ადრე ადგა, სპორტული სამოსი ჩაალაგა ჩანთაში და შორენას უთხრა:

– წავალ, ცოტას ვიცურავებ, თორემ ფორმიდან ძალიან ამოვარდნილი ვარ და ჩემს თავზე ვბრაზობ. შენც ხომ არ წამომყვები?

 – არა, მარტო წადი, მაგრამ დიდხანს არ გაჩერდე და შიშველ ქალებს არ დაუწყო ყურება, – უთხრა შორენამ ჯაბას.

– არ დავუწყებ, ნუ ეჭვიანობ, აბა, წავედი, – მიუგო ჯაბამ შორენას, აკოცა და სახლიდან გავიდა.

ჯაბა ერთ-ერთი მცველის მანქანაში მარტო ჩაჯდა და აუზის მაგივრად ვერაზე გაემართა, რომ შეეტყო, რა ბედი ეწია მესემიჩკეს, რომელიც სინამდვილეში სულაც არ იყო მუნჯი და მთავარი მმართველის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო, ხოლო მზესუმზირით ვაჭრობა კი მის საფარს წარმოადგენდა.

„ვერაფერი გავიგე, რა ხდება ჩემს თავს და ვინ ვინ არის, – ფიქრობდა ჯაბა, თან ნელი სვლით მიჰყავდა მანქანა, – კი, გასაგებია, რომ კონსპირაცია საჭიროა, მაგრამ ასეთ დონეზე?“ ჯაბა ვერის ნაცნობ ქუჩას აუყვა, შემდეგ ვიწრო შესახვევში შეუხვია, რომლის კუთხეშიც მესემიჩკე იჯდა ხოლმე და გაეცინა, რადგან მესემიჩკე ისევ იქ იჯდა, თუმცა მას თავი სქლად ჰქონდა გადაბანტული.

„გადარჩა, მადლობა ღმერთს, – გაიფიქრა ჯაბამ და მანქანა უკუსვლით დაძრა, რომ მზესუმზირის გამყიდველს ის არ დაენახა, რათა არ გაეშიფრა, – ჰოო, არცთუ ისე ადვილია ადამიანის მოკვლა სტიქიისთვისაც კი, თუკი მას ღმერთი მფარველობს, ხოლო ღმერთი რომ მფარველობს აშკარაა, რადგან ეს კაცი ასეთი მძიმე დარტყმის შემდეგ ცოცხალი გადარჩა“.

ჯაბამ მანქანა მოატრიალა, ქალაქის ცენტრში დაეშვა და უკვე ნამდვილად აუზისკენ გაემართა, რადგან ძალიან გადატვირთული იყო ემოციებით და გაგრილება გადაწყვიტა.

– ჯაბა, ძამიკო, ვერ მიცანი? –  ჯაბას ახალგაზრდა, მხარბეჭიანმა ახალგაზრდამ მხარზე ხელი დაჰკრა, როდესაც ის პირველი გაცურვის შემდეგ წყლიდან ამოვიდა და ბარს მიაშურა წვენის დასალევად.

– მახო, როგორ ხარ? – ჯაბა მხარბეჭიანს გადაეხვია, – როგორ ხარ, სად ხარ, შენზე მითხრეს, ჩინეთში გაემგზავრაო.

– კორეაში, – გაუღიმა ჯაბას მხარბეჭიანმა, – კორეაში ვიყავი ორი წელი, მაგრამ ვერ გავძელი და ჩამოვედი, შენ როგორ ხარ?

– კარგად. ცოლი მოვიყვანე.

– მომილოცავს.

– დიდი მადლობა. შენ ხომ არ დაოჯახებულხარ? – ჰკითხა ჯაბამ მხარბეჭიანს.

– მოკლედ, ასე ვქნათ. თუ სადმე ძალიან არ გეჩქარება, მაშინ მოდი, ახლა რომელიმე სკუჩნი რესტორანში დავაწვეთ, ჩვენი შეხვედრა აღვნიშნოთ, თან ჩემს ამბებსაც მოგიყვები, – უთხრა ჯაბას მხარბეჭიანმა.

– კარგი, წავიდეთ, – მიუგო ჯაბამ, – მანქანით ვარ.

– მეც მანქანით ვარ და ჩემი მანქანით წავიდეთ, შენი კი აქვე დატოვე, სტაიანკაზე.

– კარგი, წავიდეთ.

მახო და ჯაბა აუზიდან გამოვიდნენ, მახოს „ბეემვეში“ ჩასხდნენ და ვერაზე, ერთ-ერთი პატარა რესტორნისკენ აიღეს გეზი, სადაც რამდენიმე წლის წინ ძალიან ხშირად დადიოდნენ.

– რა შევუკვეთოთ? – ჰკითხა მახომ ჯაბას, როდესაც ისინი რესტორნის ერთ-ერთ მაგიდას მიუსხდნენ.

– როგორც ყოველთვის, – მიუგო ჯაბამ – კატლეტი პა კიევსკით დავიწყოთ, მერე კი ვნახოთ.

– ოფიციანტ! – გასძახა მახომ მიმტანს.

– გისმენთ, ბატონო! – მიმტანმა ჯაბას და მახოს გაუღიმა.

– კატლეტი პა კიევსკი გაქვთ? – ჰკითხა მახომ მიმტანს.

– კიევური კოტლეტები გნებავთ? – დააზუსტა მიმტანმა.

– დიახ, კიევური კოტლეტები, – გამოაჯავრა მახომ მიმტანი.

– გვაქვს. ინებებთ?

– ვინებებთ, ვინებებთ, – მიუგო მახომ, – მალე ქენი.

 მახომ მიმტანს, ლუდის და არყის მოტანაც დაავალა.

– ახლავე, ბატონო, – თქვა მიმტანმა და წავიდა.

– აი, ბატონებო, თქვენი ლუდი. სანამ კოტლეტები იქნება, კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ? – თქვა მიმტანმა, რომელმაც ლუდით სავსე კათხები მაგიდაზე დადგა, გვერდით კი არყის ბოთლი და ჭიქებიც მიუწყო.

– ჯერჯერობით არა, გმადლობთ. თუ რამე დაგვჭირდა, დაგიძახებ.

– კარგი, ბატონებო, აქ ვიქნები და დამიძახეთ, კოტლეტებს კი თხუთმეტ წუთში მოგართმევთ, – უთხრა მახოს მიმტანმა და წავიდა.

– დავლიოთ, ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს და ღმერთმა ერთმანეთის თავი არ მოგვიშალოს! – თქვა მახომ.

– გაგვიმარჯოს, – თქვა ჯაბამაც, მახოს ჭიქა მიუჭახუნა, არაყი გადაჰკრა და ლუდი დააყოლა. 

– მოყევი, როგორ ხარ და რას საქმიანობ? – ჰკითხა მახომ.

– ჯერ ციხეში ვიჯექი, შემდეგ საგიჟეთში, ბოლოს გავიქეცი, ახლა კი შენ წინაშე ვზივარ. მოკლედ, სულ დინამიკაში ვარ, ისევე, როგორც ძველ დროში.

– რატომ იჯექი?

– ერთი ბაქოელი „ლოხი“ გავწეწე 200 ათასი ევროთი და ამაგდეს.

– მაყუთი დააბრუნე?

– არა, დაიწვა.

– დაიწვა? 200 ათასი ევრო დაიწვა?

– ჰო, ძმაკაცის ბინაში მქონდა დამალული, მაგრამ, იმისმა გიჟმა მეზობელმა სახლს ცეცხლი წაუკიდა და იქაურობა გადაბუგა.

– რას მელაპარაკები! – სინანულით თქვა მახომ, – შემდეგ? საგიჟეთში რაღა გინდოდა?

– იქ ციხიდან გადამიყვანეს, რომ გამოვსულიყავი, მაგრამ მიჩალიჩებდნენ და, ცოცხალი რომ გადავრჩენილიყავი, მოვხიე.

– ახლა ხომ კარგადაა ყველაფერი?

– კი, ახლა ყველაფერი რიგზეა.

– ჰოდა, ძალიან კარგი, – თქვა მახომ, ჭიქებში არაყი ჩამოასხა და ჭიქა ასწია, – ამ ჭიქით ყველაფერ იმას გაუმარჯოს, რაც კარგად მთავრდება.

– გაუმარჯოს, – თქვა ჯაბამ, მეორე ჭიქა გამოცალა, ლუდი დააყოლა და მახოს უთხრა:

– ახლა კი შენი ამბავი მომიყევი.

– კორეაში ვიყავი და კარგადაც ვიშოვე, მაგრამ, იქიდან ახვევა მომიხდა, რომ უზკაგლაზებს არ გავეტისკე, – სიცილით მიუგო მახომ, – ბრინჯის ბიზნესში ვიყავი, ბოლოს დიდი მაყუთი წინასწარ ავიღე და მოვხიე. იმდენი იყო, რომ ფული რამდენიმე დიდ ბიზნესში ჩავდე უცხოეთში და ახლა პროცენტებით ვცხოვრობ – ვგულაობ და ჩემს ჭიას ვახარებ. თბილისში კი რამდენიმე დღით ვარ ჩამოსული – დედაქალაქი მომენატრა.

– მაყუთის შოვნა კარგია, მაგრამ სახიფათო საქმეში გაგიყვია თავი.

მიმტანმა კიევური კატლეტები მოიტანა, რომელსაც შავი პური მოაყოლა და თქვა:

– გემრიელად მიირთვით.

– ჰოდა, ჩემო ჯაბა, – განაგრძო მახომ, – იმ უზკაგლაზებმა ფეხები არ მომჭამონ ძირში, ისე სუფთად გავაცურე და მოვუტყდი, რომ ათასი წელი ვერ მიხვდებიან, ვინ ვარ და სად წავედი.

– ძალიან კარგი, სხვა რა ხდება, მოგწონს განახლებული თბილისი?

– მომწონს, ნამდვილად მომწონს. მართალია, ბევრად უკეთესებიც მინახავს, მაგრამ თბილისს მაინც ვერაფერი შეედრება, – თქვა მახომ, არყის ჭიქები შეავსო, სასმისი ასწია და თქვა, – ამ სასმისით თბილისსა და თბილისელებს გაუმარჯოს!

ძველმა მეგობრებმა სამიოდე საათის შემდეგ დაასრულეს ქეიფი, რესტორნიდან გამოვიდნენ და მანქანაში ჩასხდნენ.

 მახომ ავტომობილი სიჩქარეში ჩააგდო, მაგრამ, დაძვრა ვერ მოასწრო, რომ მანქანის კარები ორივე მხრიდან ერთდროულად გაიღო და ოთხმა ნიღბიანმა მახო და ჯაბა აქეთ-იქიდან გამოათრიეს მანქანიდან, შემდეგ ფურგონიან მიკროავტობუსში შეყარეს და გაურკვეველი მიმართულებით გააქანეს. ფურგონში კიდევ სამი ადამიანი იმყოფებოდა. მათ ნიღბები არ ეკეთათ და მახომ ერთ-ერთი მათგანს რომ თვალი მოჰკრა, ჯაბას უთხრა:

– გული გიგრძნობდა, ძამიკო, უსაშინლეს ხიფათში გავყავი თავი.

– კორეელები დაგვადგნენ, ხომ? – მწარედ ჩაეცინა ჯაბას, – ეგენიღა მაკლდნენ.

– ჰო, კორეელები. აი, ეს წითელსაროჩკიანი ჩონ-სინია, – მიუგო მახომ.

საკუთარი სახელის გაგონებაზე წითელპერანგიანმა, ორმოციოდე წლის კორეელმა მამაკაცმა მახოს გამართული რუსულით უთხრა:

– გეგონა, ვერ გიპოვიდით?

– სამწუხაროდ, კი, – მიუგო მახომ, – მაინც, როგორ მოახერხე?

– „კაგებეს“ სკოლა მაქვს გავლილი, – მიუგო კორეელმა, – საბჭოთა კავშირში ვსწავლობდი და „კაგებესთან“ ვთანამშრომლობდი, იქ კი ბევრი რამ მასწავლეს. თუნდაც, ჩემი რუსული რად ღირს.

– კი, რუსულად მშვენივრად მეტყველებ, მაგრამ ჩემგან რა გინდა? – თავხედურად ჰკითხა კორეელს მახომ.

– რბილად რომ ვთქვა, ხუმარა ხარ, მაგრამ სიტყვას გაძლევ, რომ სულ მალე ხუმრობის ხალისს დაგიკარგავ, თუ, რა თქმა უნდა, ჩემს სამ მილიონ დოლარს არ დამიბრუნებ.

– ხუმრობ, ჩონ-სინ?

– სულაც არა და ამას სულ მალე დაგიმტკიცებ, ცოტაც მოიცადე და თავადვე ნახავ, რა დღეში ჩავარდები. ნუთუ არ იცი, რომ ჩონ-სინს ხუმრობა არ უყვარს?

– რატომ, იუმორის გრძნობა არ გაქვს?

– მაქვს, როგორ არა, მაგრამ შენ არ გაქვს საქმე სახუმაროდ.

– ფული რომ დაგიბრუნო, მაშინ?

– მაშინ მხოლოდ ხელის მტევნებს დაგაჭრი, რომ ჩონ-სინი ხშირ-ხშირად გაიხსენო.

– მდაა, ჩემო ჯაბა, – მახო ჯაბას მიუბრუნდა, – ცუდადაა ჩვენი საქმე და სასწაული თუ გვიშველის.

– სამწუხაროდ, ყმაწვილებო, ეგ სასწაული არ მოხდება, – თქვა კორეელმა. 

– მოდი, მოვილაპარაკოთ, – შესთავაზა მახომ.

– მოვილაპარაკოთ?

– ჰო, ძვირფასო ჩონ-სინ. როგორც ხვდები, ეს ფული მე თან არ მაქვს და მის თავმოყრას გარკვეული დრო სჭირდება. მე გთავაზობ, რომ ამხსნა, სახლში წამომყვე და სანამ ფულს არ გადმოვრიცხავ სხვადასხვა ანგარიშებიდან, გვერდიდან არ მომცილდე. შენ შენსას აიღებ, მე კი – თავისუფლებას. ოღონდ, ამ ყველაფერს ერთადერთი პირობით გავაკეთებ – თუკი ხელის მტევნებს არ მომკვეთ.

– შენ ამას ყველა შემთხვევაში გააკეთებ, – გაეცინა ჩონ-სინს, – იმაზე იზრუნებ, რომ თავი არ მოგკვეთო, ხელის მტევნებს კი აუცილებლად მოგკვეთავ და როგორც ქართველები ამბობთ, წყალი არ გაუვა.

– ძვირფასო ჩონ-სინ, აბსოლუტურად მართალი ხარ. წავედით ჩემთან, კომპიუტერი მჭირდება, რომ ფული გადმოვქაჩო.

– კომპიუტერს სახლი არ სჭირდება, სუპერთანამედროვე ლეპტოპი გვაქვს და იმით ისარგებლე, – თქვა ჩონ-სინმა და ერთ-ერთ თანამემამულეს კორეულად რაღაც უთხრა, მან კი ჩონ-სინს ლეპტოპი მიაწოდა, – აი, კომპიუტერი, ესეც ჩვენი ბანკის ანგარიში, სადაც ფული უნდა გადარიცხო. მიდი, დაიწყე!

მახოს ხელები აუხსნეს. იგი კომპიუტერზე ათიოდე წუთის განმავლობაში  რაღაც მანიპულაციებს ატარებდა და ბოლოს კორეელს უთხრა:

– სამწუხარო ამბავი უნდა გითხრა, ძვირფასო ჩონ-სინ. საქმე ისაა, რომ ვიღაც გარეწარს ჩემი ანგარიშებიდან შენი ფულები მოუხსნია და გავუკოტრებივარ. მაგრამ, პირობას გაძლევ, რომ ვალს გაგისტუმრებ, შენ ამაზე არ იდარდო.

– ჰო, მართლაც რომ სამწუხარო ამბავია, მაგრამ უფრო შენთვის, ვიდრე ჩემთვის, – თქვა კორეელმა, – არც შენ შეგრჩება თავი მხრებზე და არც შენს მეგობარს.

– ეს მაინც გაუშვით.

– სამწუხაროდ, ვერ გავუშვებთ მოწმეები არ გვჭირდება.

– თქვენც, ნუ მომკლავთ და არც მოწმეები გეყოლებათ. შევთანხმდით?

– მხიარული კაცი ხარ და შენი მხიარულება გადამდებია, ამიტომ მეც ვიმხიარულებ, – მიუგო ჩონ-სინმა, – გულით ვიმხიარულებ, როდესაც თავს მოგკვეთენ, მანამდე კი სასტიკად გაწამებენ.

– ჩემს მეგობარსაც აწამებენ?

– არა, მას მხოლოდ თავს მოჰკვეთენ.

– მადლობელი ვარ, – ირონიულად უთხრა ჯაბამ კორეელს.

– მე მესმის თქვენი ცინიზმი, ყმაწვილო, – სერიოზული სახით უთხრა კორეელმა ჯაბას, – მაგრამ ასეთია ჩვენი მკაცრი ცხოვრების წესი და ვერაფერს გავაწყობთ.

– ძვირფასო ჩონ-სინ, – ლაპარაკში ისევ მახო ჩაერთო, – არ ვღირვარ მე სამი მილიონი და, ხომ იცი, რომ ჩემი მოკვლით ამ ფულს სამუდამოდ დაკარგავ. ამიტომ, დამაცადე და აუცილებლად დაგიბრუნებ ვალს.

– სამი მილიონი კი არა, ერთი ცენტიც არ ღირხარ, – ცინიკურად ჩაეცინა კორეელს, – მაგრამ მე ვარ შეუფასებელი და, საკუთარ თავს რომ ვცემ პატივს, თავსაც იმიტომ მოგაჭრი. მანამდე კი, როგორც შეგპირდი, გაჩენას დაგაწყევლინებ. აი, მგონი, მოვედით კიდეც.

მიკროავტობუსი გაჩერდა და ნიღბიანებმა ფურგონის კარები რომ გააღეს, ჯაბამ და მახომ ბეტონის უზარმაზარი კედლები დაინახეს, რომლებიც უხეშად იყო გალესილი ცემენტით.

– აი, თქვენი ბოლო ნავსაყუდელიც, – თქვა ჩონ-სინმა. ნიღბიანებმა მახო და ჯაბა გადმოიყვანეს და რკინის ძელებზე ორივე  ფეხებით დაკიდეს. 

– გაგიქრა ხუმრობის ჟინი? – უთხრა კორეელმა მახოს.

– ვერაფერი მიშველის?

– მხოლოდ ფულის დაბრუნება.

– ფული რომ გაქრა?

– ვიცი, რომ არ გამქრალა და მატყუებ, მაგრამ, სამაგიეროდ, მე არ გატყუებ – აუცილებლად გაწამებენ, – თქვა ჩონ-სინმა და ერთ-ერთ ნიღბიანს ხელით ანიშნა, წამება დაიწყეთო, მახოს კი უთხრა: – მოემზადე ჯოჯოხეთში გასასეირნებლად!

ორმა ნიღბიანმა მახოს ტანსაცმელი შემოახია და დედიშობილა დატოვა. შემდეგ წვრილი ჩხირები აიღეს და მახოსკენ გაემართნენ, რომ წამება დაეწყოთ.

„ეეჰ, ჯაბა, ჯაბა, სად კვდები?!“ – ფიქრობდა მახოს სიმტკიცით გაოგნებული ჯაბა და უყურებდა, როგორ უახლოვდებოდნენ მის მეგობარს ჩხირებმომარჯვებული ჯალათები საწამებლად, მაგრამ მოულოდნელად ოთახში ავტომატმომარჯვებული თორმეტი სპეცრაზმელი შეიჭრა, რომლებმაც იარაღები მიუშვირეს კორეელსა და მის ხელქვეითებს და დანებება უბრძანეს. ჩონ-სინმა უცებ იშიშვლა პისტოლეტი, მაგრამ გასროლა ვერ მოასწრო, რადგან სპეცრაზმელებმა ცეცხლი გახსნეს და ის და მის გვერდით მდგარი ორი ადამიანი ადგილზე დახოცეს, ორი ნიღბიანი დაჭრეს, სამი კი იატაკს გაეკრა, არ განძრეულან და ამიტომ ცოცხლები გადარჩნენ.

სპეცრაზმელებმა  მოკლულები გაიტანეს, დაჭრილები და ცოცხლად გადარჩენილებიც მოაშორეს იქაურობას, ჯაბას კი მინისტრი მიუახლოვდა, რომელიც სპეცრაზმელებს შემოჰყვა და უთხრა:

– არ მელოდი?

– ნამდვილად არა, – მიუგო ჯაბამ.

– აბა, რა გეგონა, მიგატოვებდი?

– საიდან გაიგე, რომ აქ ვიყავი?

– დაცვამ შემატყობინა.

– იმათ საიდან გაიგეს?

– აბა, რაღა დაცვაა, თუკი თავიანთი დაცვის ობიექტის ადგილმდებარეობა არ ეცოდინებათ? – გაეცინა მინისტრს.

– ესე იგი, თვალთვალი არ შეუწყვეტიათ?

– თვალთვალი კი არა, დაცვა.

– კიდევ კარგი, – ამოისუნთქა ჯაბამ.

– წავედით, – თქვა მინისტრმა – გელოდებიან.

მინისტრისა და ჯაბას დიალოგს პირქვედაკიდებული, დედიშობილა მახო უხმოდ უსმენდა, მხოლოდ მაშინ იყვირა, როცა მინისტრმა ჯაბას წასვლა შესთავაზა.

– სად მიდიხართ, მე აქ მტოვებთ?

– მოიცა, ჩამოვხსნი, – უთხრა მინისტრს ჯაბამ, მახო ჩამოხსნა და ჰკითხა:

– ის სამი მილიონი მართლა აგახიეს ანგარიშებიდან?

– რა თქმა უნდა, არა, – გაეცინა მახოს.

– მაშინ, რატომ არ მიეცი ჩონ-სინს?

– შენ რა, ვიღაც უზკაგლაზს ამდენ ფულს მისცემდი?

– ჰო, მაგრამ, რომ გკლავდა?!

– მერე, მომკლა?

– რა იცოდი, რომ მშველელი მოვიდოდა? ამის იმედი მეც არ მქონდა. რატომ არ მიეცი ფული?

– ფული რომ მიმეცა, ახლა უკვე ხელის მტევნები მოკვეთილი მექნებოდა, მე კი ხელები ჯერჯერობით მჭირდება, მახომ ჯინსის შარვალი, ამოიცვა და მინისტრს უთხრა:

– ბოდიშს მოვითხოვ, მაგრამ, ხომ ვერ დამეხმარებით და სახლამდე ხომ ვერ მიმიყვანთ?

– რა თქმა უნდა. გარეთ ჩემი მანქანა დგას, ჩაჯექით და დამელოდეთ, მეც ახლავე მოვალ, – მიუგო მინისტრმა მახოს.

ჯაბა მახოს გამოემშვიდობა და მინისტრს ჰკითხა:

– ვინ მელოდება?

– ვიღაც კაცია „მერსედესით“, – მიუგო მინისტრმა ჯაბას, ეშმაკურად გაუღიმა, მხარზე ხელი დაჰკრა, გამოემშვიდობა და წავიდა.

ჯაბას ის მძღოლი ელოდა, რომელმაც მთაწმინდაზე ტყეში წაიყვანა. მან დაჯავშნული „მერსედესის“ კარი გაუღო და ჯაბა რომ ჩაჯდა, უთხრა:

– ახალი ამბავია და იმიტომ მოვედი.

– რა ამბავია?

– გუშინ რაც მოხდა, ხომ არავისთვის გითქვამს?

– მთაწმინდის ტყეში შეხვედრას გულისხმობ? არა, ვისთვის უნდა მეთქვა, – მიუგო ჯაბამ, – რატომ მეკითხები, არ მენდობით?

– როგორ არა, ისე გკითხე, – მიუგო ჯაბას მძღოლმა.

– როგორ თუ ისე, მკითხე, რას ნიშნავს ეს? – ჯაბას მოეჩვენა, რომ მძღოლი გულწრფელი არ იყო მასთან, – მე ახსნას მოვითხოვ.

– სრული უფლება გაქვს, – მიუგო მძღოლმა, – საქმე ისაა, რომ დაგვიკავშირდნენ და შენი შემოწმება გვიბრძანეს სიცრუის დეტექტორზე.

– რა დეტექტორზე, ვინ გიბრძანათ? ვერაფერს ვხვდები, – თქვა ჯაბამ, თან გაიფიქრა: „ახლა კი ნამდვილად დამერხა. სიცრუის დეტექტორს ვერ მოვატყუებ და გავიშიფრები, რომ მმართველის წარმომადგენლის სახე ვნახე და სიკვდილით დამსჯიან. არადა, რა ჩემი ბრალია, რომ იმ მესემიჩკეს თავში ტოტი დაეცა და გათიშა? რა ხათაბალაში გავეხვიე!“

– ვინ გვიბრძანა და, მთავარი მმართველის წარმომადგენელმა, რომელმაც დაგვირეკა. სიცრუის დეტექტორი კი შტაბ-ბინაში გვაქვს.

– ახლა სად მივდივართ?

– შტაბ-ბინაში.

– ახლავე უნდა შემამოწმოთ?

– არ ვიცი, მე თქვენი მიყვანა მაქვს ნაბრძანები და დანარჩენს თვითონ გადაწყვეტენ.

– იქ არიან?

– არა, დარეკავენ.

– კი, მაგრამ საიდან მოიტანეს, რომ მე მმართველის წარმომადგენლის სახე ვნახე? – მხრები აიჩეჩა ჯაბამ.

– ეგ არავის უთქვამს, – თქვა მძღოლმა, – უბრალოდ, შენი შემოწმებაა ნაბრძანები, თუმცა,  ნამდვილად  არ ვიცი რატომ.

– რა გაეწყობა, შეამოწმეთ, – თქვა ჯაბამ, რომელიც შინაგან ძალებს იკრებდა.

შტაბ-ბინაში მისულებს საძმოს ერთ-ერთი წევრი შეეგება და მძღოლს უთხრა:

– ზემოთ ადი და ძმებს შეუერთდი, ჯაბა კი ქვევით უნდა ჩავიყვანო.

– სარდაფში?

– კი.

– დეტექტორი იქ ჩაიტანეს?

– არა, თავიანთი მოიტანეს.

– ვინ, რა თავიანთი, რა ხდება? – გაუკვირდა ჯაბას.

– ვინ და, მთავარი მმართველის წარმომადგენლები მოვიდნენ ამ ერთი საათის წინ, სარდაფში ჩავიდნენ და გელოდებიან. მათ თავისი დეტექტორი მოიტანეს და გვიბრძანეს, რომ როგორც კი ჯაბა გამოჩნდება, მოიყვანეთო.

– რამდენი არიან?

– არ ვიცი. როცა პაროლი თქვეს და კარი გავუღე, სახეები დაფარული ჰქონდათ, არც  ის ვიცი, მანქანაში რამდენი ისხდნენ სანამ იქიდან გადმოვიდოდნენ, გვიბრძანეს, რომ ყველანი მეორე სართულზე შევკრებილიყავით, მრგვალ მაგიდასთან.

– გასაგებია, – თქვა მძღოლმა, ჯაბას წარმატება უსურვა და წავიდა.

ჯაბა და ერთ-ერთი ძმა სარდაფში ჩავიდნენ.

– მე იქ ჩამოსვლის უფლება არ მაქვს, შენ შედი. სანამ შეხვალ, თავზე კაპიუშონი ჩამოიცვი, დანარჩენს კი იქ გეტყვიან, – უთხრა ჯაბას გამცილებელმა, კარი გაუღო, ჯაბა სარდაფში ჩაუშვა და წავიდა.

– ის იყო, ჯაბამ თავზე კაპიუშონი ჩამოიცვა, რომ ამ დროს მას ორივე მხრიდან ხელები ჩაავლეს და წაიყვანეს. მარჯვნივ მდგომმა გზაში უთხრა:

– ახლა შენ ხელებს შეგიკრავთ, სავარძელში ჩაგსვამთ და საიმედოობაზე შეგამოწმებთ. თუ მართალი კაცი ხარ, მაშინ ჩვენს რანგში ამოხვალ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავს დაკარგავ. მზად ხარ?

– კი, მზად ვარ, – მიუგო ჯაბამ.

ჯაბა სავარძელში ხელებშეკრული ჩასვეს. შემდეგ რაღაცეები დაახვიეს ხელებზე, ფეხებზე, თავზე და მამაკაცის ხმამ ჰკითხა:

– სახელი.

– ჯაბა, – მიუგო ჯაბამ.

– გვარი.

– ონიანი.

– გწამს თუ არა ღმერთი?

– მწამს.

– სპეცსამსახურში თუ გიმუშავია?

– არასდროს.

– ცოლი გიყვარს?

– უზომოდ.

– ეროვნული საგანძურის ადგილმდებარეობა იცი?

– ვიცი.

– რომ გაწამონ, იმ ადგილს გათქვამ?

– არა.

– ბაქოელ ბიზნესმენს შენ აართვი 200 ათასი ევრო?

– დიახ.

– საგიჟეთიდან გაქცევაში რომ დაგეხმარა, იმ ადამიანს რა ჰქვია?

– შორენა.

– საგიჟეთში დარჩენილ თანაპალატელებს რატომ ატყუებდი, 30 თებერვალს აქედან საღ-სალამათი გახვალთო?

– იმიტომ, რომ მეცოდებიან და იმედს ვუღვივებდი.

– დასცინოდი?

– არავითარ შემთხვევაში!

– გუშინ, მთაწმინდის ტყეში ჩვენს წარმომადგენელს თავში ტოტი რომ დაეცა, იმისი სახე დაინახე?

– დიახ, დავინახე, – მიუგო ჯაბამ და გაიფიქრა, – „მორჩა, მომკლავენ და, მეც მოვისვენებ და ესენიც“.

ხმას მეტი არაფერი უკითხავს. ხუთწუთიანი პაუზა ჩამოვარდა, რომელიც ჯაბას საუკუნედ მოეჩვენა. ბოლოს, მამაკაცის ხმამ თქვა: 

– შეუხსენით!

ჯაბას ჯერ ხელ-ფეხზე მოხსნეს სახვევები, შემდეგ თავზე, ბოლოს კი კაპიუშონი მოხადეს და, თვალი რომ გაახილა, ოცდაათი კვადრატული მეტრის ფართობის ოთახი დაინახა. მის წინ, განათებულ ადგილზე, სავარძელში მისი ძველი ნაცნობები: სპირიდონ ჯაყელი, პანტელეიმონ ჯაში, ჯემალ ჯიოშვილი და ვერელი „მესემიჩკე“ ისხდნენ, რომლებიც მას უღიმოდნენ. ჯაბას ჯერ სიზმარში ეგონა თავი და თვალები მოიფშვნიტა. ბოლოს, როცა მიხვდა, რომ ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდა, მათკენ გაიშვირა ხელი და თქვა:

– თქვენ?!

სპირიდონ ჯაყელი სავარძლიდან წამოდგა, ჯაბას გაუღიმა და უთხრა:

– ჰო, ჩვენ ვართ, ჩემო ჯაბა და, ამიერიდან შენც ჩვენიანი იქნები. დღეს ოცდაათი თებერვალია...

 

скачать dle 11.3