კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

როგორ გახდა ზაალ სულაკაური „ფასდაკლების ბარათი“ და რაზე „უხურებს“ მას ცოლი



ზაალ სულაკაური: როგორი რეაქცია მაქვს საყოფაცხოვრებო პრობლემებზე?! ფეხებზე მკიდია, ბალი ათი შაური (იცინის). დიდად არაფერზე ვიწუხებ თავს და ჩემი ცოლი სულ მეჩხუბება, ლურსმნის მიჭედება როგორ არ უნდა იცოდეს კაცმაო. ლურსმნის მიჭედება როგორ არ ვიცი, მაგრამ, რა აუცილებელია, მე მივაჭედო?! ან, რატომ გამოვცვალო ონკანი, როცა არსებობს ამისი სპეციალისტი?! მაშინვე სანტექნიკოსს ვურეკავ ხოლმე: გელა, მიშველე-მეთქი, ისიც მოდის და აკეთებს. მაგალითად, ახლა ჩემს სახლში ძალიან ჭრიალებს აბაზანის კარი და არც იკეტება. მისი ჭრიალი ძალიან მსიამოვნებს-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ, რა ვუყო: ჩემია და იჭრიალოს, რა მენაღვლება, მოპარული ხომ არ მაქვს!

– მეუღლესაც არ ენაღვლება?

– ეჰ, როგორ არ ენაღვლება. სულ მაგაზე არ „მიხურებს“?! მეც ვეუბნები, მართალი ხარ, მაგრამ მენანება ჩემი დრო, რომელიც მაგასთან ჩხიკინში უნდა დავხარჯო-მეთქი. მირჩევნია, ისევ დავხატო. ერთხელ ცხელი წყლის ბაკი გასკდა. ვიფიქრე, მეზობელი არ ჩავრეცხო-მეთქი და, სანამ ტაშტი შევუდგი, ხელები სულ დამეფუფქა, წარმოგიდგენია? ჩემი ხელები, ჩემი საწყალი ხელები, თანაც – ორივე... ერთი კვირა ვეღარ ვხატავდი. რისი გულისთვის?! მაშინ მივედი დასკვნამდე, რომ, რაც ჩემი საქმე არ არის, არ უნდა გავაკეთო. კარგი, დავუშვათ, ძალიან მოვინდომე და შევაკეთე ის „შტეპსელი“ ჩემით. სად არის გარანტია, რომ სწორად გავაკეთებ და უარეს უბედურებას არ მოვახდენ?! სილამაზეზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ ჯობია, ვაკეთო ის, რაც კარგად ვიცი – ვიშოვო ფული და პური მეპურეს გამოვაცხობინო. სხვათა შორის, ჩემი ძმაა მაგარი ასეთ საკითხებში, ტყუპისცალი, თორემ ბაკური ჩემზე უარესია. ეტყობა, მთელი ეს ნიჭი ტყუპისცალს გავაყოლე მთლიანად იმან წაიღო და მე დავრჩი ასე. ხახამშრალი... (იცინის) სტუდიაშიც მაქვს რაღაცეები გასაკეთებელი, მაგრამ რა ვქნა, არ მეხერხება. აზრზე არა ვარ, რა! უცხოეთში არავინ იკლავს თავს ასეთი რამეების ცოდნით, ყველაფერზე შესაბამის სპეციალისტს იძახებენ.

– იმის თქმა გინდა, რომ უცხოეთში ნათურასაც არ ცვლიან?

– მე ეგრე გამიგია. არა, ნათურას კი გამოვცვლი, მაგრამ ამაშიც ხომ დრო დამეხარჯება. ჩემი სახლის კარის საკეტი ძალიან ცუდად იღება და, ერთხელაც იქნება, ჩავიკეტები. ვიცი, რომ უნდა შეკეთდეს, მაგრამ, როგორც ქართველების უმრავლესობა, მეც ურმის გადაბრუნებას ველოდები, რომ გზა მერე გამოჩნდეს, მანამდე არ შევწუხდები. არადა, შე ოჯახაშენებულო, წადი, იყიდე საკეტი და გამოცვალე. მაინცდამაინც უნდა ჩაიკეტო?! მაგრამ, რას მივხვდი, იცი? ყველაფერს ეშველება. პრობლემა საერთოდ არ არსებობს. ჩვენ, ადამიანები ვიგონებთ და ვქმნით მათ. საჭიროა მხოლოდ ორგანიზებულობა. უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ყველაფერს თავს მოაბამს.

– როგორც მივხვდი, შენ არ ხარ ასეთი.

– მაგიტომაც მეჩხუბება ცოლი. რემონტს რომ ვაკეთებდით, სულ სამჯერ მივედი სახლში: ერთხელ, როცა დავიწყეთ, ანუ თავში; მერე შუაში, და, ბოლოს – ჩავიბარე გარემონტებული. „პრარაბივით“ ვიღაც „გაიჩითა“ და ის დარბოდა ყველაფერზე. ახლა, მე რითი გავამართლე ჩემი გადაწყვეტილება, სხვისთვის მიმენდო ეს საქმე: დავუშვათ, იმ სხვას გადავუხადე ასი ლარი. მაგრამ, იმ დროში, რაც უნდა დამეკარგა, ჩემს საქმეს მოვცდენოდი, ვიშოვე ორასი ლარი. ახლა გეკითხებით, სწორი იყო ჩემი გადაწყვეტილება თუ არა? შენ, მაგალითად, სტატიის დაწერაში თუ იმაზე მეტს გადაგიხდიან, ვიდრე ნამცხვარი ღირს, გამოაცხობ ამ ნამცხვარს თუ სტატიას დაწერ და ნამცხვარს კი იყიდი?

– სტატიას დავწერ.

– ხედავ?! მეც ამ პრინციპით ვცხოვრობ. მართალია, ჩემს ცოლს ძალიან მოსწონს, როცა კაცს ჩხირკედელობა გამოსდის, მაგრამ... ოხ, ეს ქალები რა ხართ?!

– ჩვენ რომ არ გიჩხიკინებდეთ, საერთოდ არაფერს გააკეთებდით.

– ეგეც მართალია. სულ ის მესმის – აბა, ეს გავაკეთოთ, აბა, ის გავაკეთოთო.

– „ელიავაზეც“ რომ გევლო, შეიძლება, ნახევარ ფასში მოეცათ ყველაფერი.

– ახლა „ელიავაზე“ მარბენინე! ისე, „ფასდაკლების ბარათი“ რომ ვარ, ეს უკვე „დავამუღამე“. ჩემს მეგობარს წავყევი დივანის საყიდლად და ჩემი ხათრით ორმოცდაათი ლარიც დაუკლეს და სახლშიც უფასოდ მიუტანეს.

– შენ თუ გიყვარს საყიდლებზე სიარული?

– არა, რას ამბობ! ჩემი ცოლი რომ არ ყიდულობდეს ჩემთვის ტანსაცმელს, მაგარი „ბანძი“ ვიქნებოდი. ვერ ვიტან მაღაზიებში სიარულს და არც ყიდვა ვიცი, მაგრამ ცოლს ბაზარში დავყვები, მტვირთავად. თან, საკუთარი ტაქტიკა მაქვს. ჩემი ძმები, ბაკური და ზურიკო, ეჯაჯღანებიან ცოლებს, მე კი გატრუნული დავყვები და გიჟდება, ისე მოსწონს ეს ჩემს ცოლს. რატომ ვეჯაჯღანო?! ზუსტად ვიცი, ცუდს არ იყიდის, ზედმეტს არ გადაიხდის, კარგად შეევაჭრება, იმიტომ, რომ ეს მისი ფულიც არის. ანუ, ვენდობი თვალდახუჭული.

– სახლში რომ მარტო დარჩე?

– მოვკვდები მშიერი. მარტო ერბოკვერცხის შეწვა ვიცი და ისიც მეზარება. მესიკვდილება სამზარეულოში ტრიალი. დილით ჩემმა ცოლმა რომ არ გამიმზადოს ჩაი და წინ არ დამიდგას, მშიერი გამოვალ სახლიდან. ისიც კი არ ვიცი, სად რა დევს.

კომფორტი არ გიყვარს?

– კომფორტი? ძალიან მიყვარს ლუდი. ზოგჯერ ვგრძნობ, რომ ხელი არ მომყვება – ესე, იგი, ლუდი მინდა. ცოტას „ჩავასხამ საწვავს“ და ყველაფერი ლიწინ-ლიწინით მიდის. მიუხედავად ამისა, სახლში ლუდი არ მაქვს. ჩემი ცოლი „მიხურებს“, ნუ სვამო, ამიტომ ვარ გაჭრილი ველად და ვიკვებები ლუდით. ჭამა არ მიყვარს. ძალიან ცოტას ვჭამ. ჩემი სიდედრი სულ ამბობს, რა კარგი შესანახი ხარო. ჩიტივით ვიკიკნები: დილით პატარა ნაჭერი კარაქიანი პური და ნახევარი ჭიქა ჩაი მყოფნის, მაგრამ ლუდის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ზოგს ხომ აძინებს ლუდი და ასუქებს. ჩემს შემთხვევაში პირიქით არის – ენერგიას მაძლევს.


скачать dle 11.3