კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გამოუტანეს ქურდებმა სასიკვდილო განაჩენი ცნობილ ყაჩაღს

 

 

 

„ჩანჩურა“

– „ჩანჩურა“, იგივე პეტრე გრიგოლის ძე ნოზაძე, დაბადებული 1940 წლის 20 ოქტომბერს თბილისში, ამა წლის 11 თებერვალს პერმის მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიიდან გაიქცა, სადაც ის თორმეტწლიან სასჯელს იხდიდა ყაჩაღობისთვის,  – ჩაამთავრა პოდპოლკოვნიკმა კვეზერელმა მიღებული ტელეფონოგრამის კითხვა, რომელიც მან სასწრაფოდ მიღებული ცნობებიდან ამოკრიბა და ხელქვეითებს გააცნო. შემდეგ ოფლი მოიწმინდა და დაამატა:  – ამხანაგებო, ჩანჩურა უაღრესად საშიში ბოროტმოქმედია, ოთხჯერაა ნასამართლევი და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 30 წლისაც არ არის, უკვე მეორედ მოასწრო საპყრობილიდან გაქცევა. როგორ შეიძლებოდა მისი ზონაში გაშვება? ის უნდა გაეკრიტათ და, თანაც ვლადიმირში, ან, სულაც, „ბელი ლებედში“, რომ გარეთ ცხვირის გამოყოფა ვერ შეძლებოდა. ახლა ის პაბეგშია და, მოსკოველი ჩინოვნიკები, რომლებსაც მანქანებისა და კაბინეტების მეტი არაფერი უნახავთ, მის დაჭერას მთხოვენ. არადა, ეს ისევე ძნელია, როგორც თივის ზვინში ნემსის მოძებნა. აქ კი იმიტომ შეგკრიბეთ, რომ მისი ვინაობა კარგად გაგაცნოთ, სურათები შეისწავლოთ და ყურადღება გააასმაგოთ.

ბონდო კვეზერელი ჩანჩურას კარგად იცნობდა. ჯერ კიდევ უმცროსმა ლეიტენანტმა კვეზერელმა 15 წლის ჩანჩურა პროფესორ ყიფიანის ძარცვის საქმეზე დააპატიმრა და პირველად მათი გზები მაშინ გადაიკვეთა. მას შემდეგ კვეზერელი და ჩანჩურა კიდევ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ბოლო შეხვედრისას, რომელიც შეტაკებაში გადაიზარდა, ჩანჩურას დადევნებული კვეზერელი ტყეში აღმოჩნდა და რეციდივისტმა, მაშინ ჯერ კიდევ მილიციის მაიორი, მარჯვენა ფეხში დაჭრა. ტყვიამ კვეზერელს არტერია გაუგლიჯა. ირგვლივ არავინ იყო  და ჩანჩურამ თავისი მოწინააღმდეგე არ მიატოვა. მან ჯერ სისხლისდენა შეუჩერა მაიორს, შემდეგ ზურგზე მოიკიდა, საავადმყოფოში მიიყვანა და ოპერატიულმა ჯგუფმა ის მიმღებში დააპატიმრა. კვეზერელი გადაარჩინეს, ხოლო ჩანჩურას 12 წელი მიუსაჯეს და პერმში გაამწესეს, თუმცა, ერთი წლის შემდეგ გაიქცა და ისევ კვეზერელი უნდა გამხდარიყო მისი მდევარი. სულის სიღრმეში მილიციის პოდპოლკოვნიკი, რა თქმა უნდა, ემადლიერებოდა თავის გადამრჩენელს, თუმცა, ასეთი საშიში ბოროტმოქმედის მკაცრი იზოლაციის მომხრე იყო და სწორედ ამიტომ ახსენა ოპერატიულ თათბირზე მან ვლადიმირის ციხე და „ბელი ლებედი“.

ჩანჩურას გაქცევის ცნობა 1970 წლის 12 თებერვალს მოვიდა მოსკოვიდან, 27 თებერვალს კი თბილისში, ვაკეში, იატაკქვეშა მილიონერის იონა ხორხელის ბინა დააყაჩაღეს. თავდამსხმელები სამნი იყვნენ – ორნი ნიღბით და ერთი – უნიღბოდ. როდესაც ხორხელმა მილიციას უნიღბო ბოროტმოქმედი აუწერა, ის ჩანჩურა აღმოჩნდა.

– გამოჩნდა შენი მფარველი ანგელოზი, – უთხრა კვეზერელს მილიციის სამმართველოს უფროსმა, რომელმაც პოდპოლკოვნიკი საგანგებოდ დაიბარა, – რას აპირებ?

– ჩანჩურას დაჭერა არც ისე ადვილია. ამიტომ ვამბობდი, უნდა გაეკრიტათ-მეთქი. ხომ ხედავთ, ამხანაგო პოლკოვნიკო, თექვსმეტი დღის წინ ციმბირიდან გაიქცა და უკვე თბილისშია, ყაჩაღობა ჩაიდინა და, თანაც, ნიღბიანებთან ერთად. მას ორგანიზატორობის განსაკუთრებული ნიჭი აქვს და ისეთი დამალვა შეუძლია, ზოგჯერ უჩინარიც კი მგონია, – მიუგო კვეზერელმა.

1 მარტს თბილისის მილიციის მთავარ სამმართველში საგანგებო თათბირი გაიმართა, რომელზეც ჩანჩურას შეპყრობის საგანგებო ღონისძიებები დაისახა. კვეზერელს დამატებითი ძალები გამოუყვეს და მილიციამ მთელი თავისი აგენტურული ქსელი ფეხზე დააყენა.

არალეგალური სამორინე

გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების თბილისი ჯერ კიდევ არ იყო მილიონიანი ქალაქი, ხალხი ერთი დიდი ოჯახივით ცხოვრობდა და უცხო პიროვნების გამოჩენა საკმაოდ შესამჩნევი გახლდათ. ამიტომ მილიციის ფარულ აგენტებს არ უჭირდათ ძებნილი ობიექტის აღმოჩენა და, სტატისტიკის მიხედვით, ათიდან რვა ძებნილს იჭერდნენ. თუმცა, ყველა წესს გამონაკლისი აქვს და სწორედ ასეთი გამონაკლისი იყო ჩანჩურა. ინტენსიური სამძებრო ღონისძიების მიუხედავად, ძებნილი რეციდივისტის არამცთუ დაპატიმრება, მისი შორეული კვალის აღმოჩენაც კი არ ხერხდებოდა. 1 აპრილს კი მან მორიგი თავხედური დანაშაული ჩაიდინა: საღამოს 8 საათზე ჩანჩურა და მისი ოთხი ნიღბიანი თანამზრახველი ვაკეში, ერთ-ერთ კერძო ბინაში მოწყობილ არალეგალურ სამორინეს ეწვია და მის მასპინძელ-კლიენტურას 250 ათასი მანეთის კონფისკაცია გაუკეთა. სამორინეები და მსგავსი ტიპის დაწესებულებები იმ დროის საბჭოთა კავშირში სასტიკად იყო აკრძალული, თუმცა, იატაკქვეშა ბიზნესი ყვაოდა და ასეთი ადგილების ხშირი სტუმრები იყვნენ როგორც ხელსწრაფი შულერები და იატაკქვეშა მილიონერები, ასევე, ბობოლა პარტიული ბოსებიც, რომლებიც  მუქთად ნაშოვნ ფულს იოლად ანიავებდნენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი პარტიული ფუნქციონერი გაძარცვა სამორინეში ჩანჩურამ. ფუნქციონერმა კი, რომელიც ქალაქის მილიციის სამმართველოს უფროსობასთან მეგობრობდა, სამმართველოს უფროსი ცეკაში, თავის კაბინეტში დაიბარა და უთხრა:

– მართალია, დაწესებულება არალეგალურია და მისი არსებობაც დანაშაულია, მაგრამ ყაჩაღობა ასმაგი დანაშაულია. ამიტომ, გაცნობებ, რომ გუშინ მაგ შენმა ძებნილმა ჩანჩურამ 250 ათასი მანეთი აგვახია და, თუკი ამ საქმეს სუფთად, უჩუმრად მოაგვარებ, ნახევარი შენი იყოს, ნახევარი კი დაგვიბრუნე.

სამმართველოს უფროსმა ისედაც კარგად იცოდა, რომ არალეგალური სამორინეს ამბავი არ უნდა „გაებაზრებინა“. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მინიმუმ, სამსახურიდან მოხსნიდნენ და პარტიიდანაც გარიცხავდნენ, თან საგიჟეთშიც მოათავსებდნენ და, გამორიცხული არ იყო, მოეკლათ კიდეც. ამიტომ მან კვეზერელი დაიბარა, ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და დაამატა:

– მოკლედ, ეს ჩანჩურა ყელში გვყავს გაჩხერილი და, სასწრაფო ზომები თუ არ მივიღეთ, ყველას დაგვღუპავს.

კვეზერელს უნდოდა, ეთქვა, რომ უპირველესად სამორინეს მეპატრონე და მისი კლიენტურა იყვნენ დასაჭერები, მაგრამ, გაჩუმდა.

ქურდის მკვლელი

მილიციის სამმართველოს უფროსი მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაიბარეს. ედუარდ შევარდნაძემ პოლკოვნიკს უთხრა:

– უკვე მოსკოვიდანაც მაწუხებენ, ამხანაგო პოლკოვნიკო და, ან ჩანჩურა დაიჭირე ერთ თვეში, ან შენი ხელით მომიტანე სამსახურიდან გათავისუფლების განცხადება.

ამბროსოვიჩის კაბინეტიდან მილიციის სამმართველოს უფროსი გულდამძიმებული გამოვიდა და, სამსახურის დაკარგვის შიშით, უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა – ერთ-ერთი კანონიერი ქურდი, მეტსახელად „ბატია“, შეხვედრაზე დაიბარა. შეხვედრა იმავე საღამოს, რესტორან „არაგვის“ კუპეში შედგა. პოლკოვნიკმა ბატიას უთხრა:

– ჩანჩურა ყველას ყელში ამოგვივიდა. ამ დილით მინისტრმა ერთთვიანი სროკი მომცა, მე კი შენ ორ კვირას გაძლევ, რომ ჩანჩურა ჩაგვაბარო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენს ამბავს შავებში გავაბაზრებ და დედას გიტირებენ!

– რა ამბავს, მე გრეხები არ მაქვს, სუფთა ვარ და პატიოსანი ქურდი, „ძაღლის“ სიტყვას კი ფასი არ აქვს.

– ძაღლების შესაჭმელად გაგიხდიან საქმეს შენი კოლეგები, როცა გაიგებენ, რომ „კარპუშას“ ცოლს ჟიმავ, თქვენი სექსი კი კინოფირზე მაქვს გადაღებული.

კარპუშა გარდაცვლილი ქურდი იყო. ბატია ამის გაგონებაზე გაფითრდა, შემდეგ თავი ჩაღუნა და ამოილუღლუღა:

ჩანჩურას ვერ შეგპირდები, ძალიან სკოლსკია და არავის ენდობა, მაგრამ, მის პაძელნიკს ჩაგაბარებ და მერე თქვენ იცით.

ბატიამ პოლკოვნიკს აუწყა, რომ 21 წლის ანდრო გიგაური მისი ნაცნობი იყო და ქურდობის შესახებ ბატია საქმის კურსში ჰყავდა ჩაყენებული. მან სწორედ ანდროსგან იცოდა, რომ სამორინე გაძარცვეს და ანდრომ ათასი მანეთიც კი უფეშქაშა ბატიას ქურდული წილი.

– მოკლედ, ასე, – დააბოლოვა ბატიამ, – ანდროს დაეხვოსტებით და ის თავად მიგიყვანთ ჩანჩურასთან.

პოლკოვნიკმა იმავე დღეს დააწესა გიგაურზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი. სამმართველოს „ოპერები“ წამითაც არ აცილებდნენ მას თვალს. მესამე დღეს გიგაური ვაკისკენ გაემართა და მრგვალ ბაღთან მოთვალთვალეები შენიშნა. მან ტაქსი გააჩერა, მძღოლი იარაღის მუქარით გადმოაგდო და გაიქცა. ვაკის პარკთან კი ორმხრივი სროლა გაიმართა და დაჭრილი ანდრო გიგაური დააპატიმრეს. ის სამმართველოში მიიყვანეს, დაამუშავეს, მაგრამ ჩანჩურას მისამართი ვერ ათქმევინეს.

– აბა, როგორ გიკავშირდებოდა? – ჰკითხა გიგაურს პოლკოვნიკმა.

– როგორ და, სახლში მირეკავდა და შეხვედრის ადგილს მინიშნავდა.

მილიციამ გიგაური თავის ბინაში მიიყვანა და შინაპატიმრობაში გამოამწყვდია იმ მიზნით, რომ მოსასმენად შეერთებული ტელეფონიდან ჩანჩურაზე გავიდოდნენ.

11 მაისს გიგაურის ბინაში ტელეფონმა დარეკა და სანამ ის ყურმილს აიღებდა, მორიგე ოფიცერმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა:

– იცოდე, მშვიდად ელაპარაკე, რაც შეიძლება დიდხანს გაწელე საუბარი, და „ცინკი“ არ მისცე.

გიგაურმა თავი დაუქნია ოფიცერს და ყურმილი აიღო:

– გისმენთ!

–  ანდრო, მე ვარ.

– ბატიამ იბოზა, გაიქეცი! – იღრიალა გიგაურმა და ფანჯრისკენ გაქანდა, რომ მეოთხე სართულიდან გადამხტარიყო, მაგრამ მილიციელმა მას კეფა გაუხვრიტა და მოკლა.

ორი დღის შემდეგ ბატია საკუთარ ბინაში ჩამოხრჩობილი იპოვეს და მთელმა შავმა სამყარომ შეიტყო, რომ ის ჩანჩურამ მოკლა, თუმცა ქურდებს მკვლელობის სხვა ვერსია მიაწოდეს და მათ ჩანჩურას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

გახვრეტილი გული

კოლეგებისგან განსხვავებით, ბონდო კვეზერელი ყოველთვის კანონის ფარგლებში მოქმედებდა და პოდპოლკოვნიკი არასოდეს წასულა კრიმინალებთან გარიგებაზე. ის მეთოდურად მიიწევდა წინ ჩანჩურას საქმეში და, როგორც იქნა, კვალზეც გავიდა. 

ჩანჩურა 4 ივნისს სოხუმში, „ცეხავიკ“ იპოლიტე მარშანიას უნდა დასხმოდა თავს და კვეზერელმა ეს ამბავი ბოლო მომენტში, ერთ-ერთი თავისი არალეგალი აგენტისგან შეიტყო. ამიტომ პოდპოლკოვნიკმა სამი ყველაზე ერთგული კოლეგა შეკრიბა და ისინი შავიზღვისპირა ქალაქში გაემგზავრნენ ბანდის ასაყვანად. მარშანია ფეშენებელურ ვილაში ცხოვრობდა. ოპერმუშაკები შორიახლო ჩასაფრდნენ. 4 ივნისს, ღამის 11 საათზე ჩანჩურა და მისი ორი კოლეგა „ცეხავიკის“ ბინაში აპირებდნენ შეღწევას, როდესაც მილიციელებმა ორი ყაჩაღი განაიარაღეს, ჩანჩურამ კი არეულობით ისარგებლა, შემხვედრი მანქანის მძღოლი გადმოაგდო და გაიქცა. მას კვეზერელი მეორე შემხვედრი მანქანით დაედევნა და გაგრაში დევნა უკვე ფეხით გაგრძელდა, რადგან ჩანჩურამ ბენზინგამოლეული მანქანა მიატოვა და მთებში გაიქცა.

დევნა სამხერხაომდე გაგრძელდა. კვეზერელმა ჩანჩურა ფეხში დაჭრა. ამიტომ, ბოროტმოქმედი სამხერხაოში გამაგრდა, რადგან გადაადგილება აღარ შეეძლო.

– დამნებდი, ნოზაძე! ვიცი, რომ ვერ ინძრევი და შოკში ხარ, ვერსად წამიხვალ! – გასძახა, ჩანჩურას კვეზერელმა.

– თუ მაგარი ხარ, ამოდი და ამიყვანე! – უპასუხა მილიციელს ყაჩაღმა.

– არ მინდა, რომ სისხლი დაიღვაროს.

– გეშინია?

– კარგად იცი, რომ არ მეშინია, არ მინდა, მოგკლა.

– მე რომ მოგკლა?

– არც ეგ მინდა და ამიტომ გთხოვ დანებებას. არ მინდა, სისხლისგან დაიცალო. ჩამბარდი და საავადმყოფოში მიგიყვან, ისევე, როგორც შენ გააკეთე ეს შარშან.

– არ დაგნებდები! – გადმოსძახა ჩანჩურამ.

კვეზერელმა სამალავიდან თავი გამოყო და ჩანჩურას დაუძახა:

– მოვდივარ! ღმერთი არ გაგიწყრეს და არ მესროლო. საავადმყოფოში წაგიყვან.

– არ ამოხვიდე! – არაადამიანური ხმით იღრიალა ნოზაძემ, – მე დასაკარგი არაფერი მაქვს, რომ არ დამხვრიტონ, ციხეში ქურდები მომკლავენ ბატიას მკვლელობისთვის.

კვეზერელი მაინც ავიდა სამხერხაოში. ნოზაძემ მას ჯერ პისტოლეტი მიუშვირა და შემდეგ ორჯერ ჰაერში გაისროლა, ბოლოს კი გულზე მიიდო და ისროლა.

კვეზერელმა გულგახვრეტილი ჩანჩურა ზურგით ჩაიყვანა გზატკეცილამდე, შემდეგ მანქანაში ჩასვა და საავადმყოფოში  მიიყვანა. ექიმებმა ის სიკვდილს გადაარჩინეს. ექვსი თვის შემდეგ ნოზაძე უკვე კაჟივით იყო და არაფერი აწუხებდა.

გაქცევა

1971 წლის 11 თებერვალს, ანუ პერმიდან ჩანჩურას გაქცევიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, პეტრე ნოზაძეს უმაღლეს სასამართლოში ასამართლებდნენ. სხდომას გაძლიერებული ბადრაგი იცავდა. პროცესს მოწმის სტატუსით ბონდო კვეზერელიც ესწრებოდა, თუმცა ის უკვე დათხოვნილი იყო მილიციიდან – მას ოპერაციის თვითნებურად ჩატარება არ აპატიეს და სამმართველოს უფროსმა აიძულა, სამსახურიდან წასულიყო.

ჩანჩურა შინაგან ციხეში იყო გამომწყვდეული, რადგან ქურდებს მისთვის სასიკვდილო განაჩენი ჰქონდათ გამოტანილი ბატიას მკვლელობისთვის. თუმცა მას ანალოგიური სასჯელი ოფიციალურად გამოუტანეს და 13 თებერვალს პეტრე ნოზაძე ორთაჭალის ციხეში, სიკვდილმისჯილთა საკანში ჩასვეს. საკასაციო განცხადების მიუხედავად, ჩანჩურას განაჩენი ძალაში დაუტოვეს.

ჩანჩურა განწირული იყო, მაგრამ, 26 თებერვალს, როდესაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, ნოზაძე სასამართლოდან ციხეში მიჰყავდათ,  საბადრაგო მანქანა მდინარეში ჩავარდა. ხოლო, როდესაც მანქანა ამოიყვანეს, ნოზაძე შიგნით აღარ იყო... ჩანჩურა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნეს.

1992 წლის 19 ივნისს ბონდო კვეზერელი და მისი მეუღლე კანადაში გაემგზავრნენ და იქ დარჩნენ, 6 თვის შემდეგ კი მათ თავიანთი შვილებიც წაიყვანეს. ოფიციალური მიწვევა ვინმე საიმონ ონილისგან, ანუ ჩანჩურასგან იყო გამოგზავნილი.

 

скачать dle 11.3