კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დაუქირავა ფსიქოანალიტიკოსი ბილ გეითსს და რომელ ნივთებს კარგავდა ის სკოლაში ყველაზე ხშირად

 

 

მერი გეითსი ხმამაღლა უძახდა თავის შვილს, ბილს, რომელიც ჩაკეტილი იჯდა ოთახში და დედას საერთოდ არ უჯერებდა, იქცეოდა ამაზრზენად, სკოლაში თითქმის ყოველდღიურად კარგავდა ჩანთას, შარფებსა და ქუდებს და საერთოდ არ უსმენდა სკოლის მასწავლებლებს, რომლებსაც ხელი ჰქონდათ ჩაქნეული მეოცნებე ბიჭუნაზე. 

– ბილ, მესამედ გეძახი, შენ კი ყურსაც არ მიგდებ, რას აკეთებ?! – ჰკითხა მერიმ შვილს, რომელიც საწოლზე იჯდა გაშტერებული.  – დედა, დაკავებული ვარ და ნუ მიშლი ხელს, მე ვფიქრობ, – უპასუხა ბიჭმა. შვილის ასეთი ქცევით უკმაყოფილო მერიმ გადაწყვიტა, რომ დრო იყო, ბილი ფსიქოანალიტიკოსთან მიეყვანა, რადგან, მისი აზრით, მუდამ ჩაფიქრებული შვილი მომავალში უარეს დღეში ჩავარდებოდა. პირველი კითხვა, რომელიც ფსიქოანალიტიკოსმა დაუსვა ბიჭს, შემდეგში მდგომარეობდა: – ფიქრი გიყვარს? 

– მიყვარს, – უპასუხა ბილმა. – შემიძლია, გითხრა, რომ პლანეტის მოსახლეობის უმეტესობა საერთოდ არ ფიქრობს და ამას ისინი სრულიად არ განიცდიან, – გაეხუმრა ექიმი. – მე მირჩევნია გავაგრძელო ფიქრი და მათგან გამორჩეული გავხდე, – უპასუხა ბილმა ფსიქოანალიტიკოსს, რომელმაც მაშინ ჯერაც არ იცოდა, რომ მის წინ თანამედროვეობის მართლაც გამორჩეული ადამიანი, მომავალი მილიარდერი და „მაიკროსოფტის” დამაარსებელი ბილ გეითსი იჯდა. 

ფსიქოანალიზის კურსი წელიწად-ნახევარს გაგრძელდა, რაც გეითსების ოჯახს მნიშვნელოვანი თანხა დაუჯდა, თუმცა, შედეგი ოჯახის ყველა წევრმა დაინახა. მანამდე მუდამ დაუბანელი და თმადაუვარცხნელი ბილი, ახლა ოჯახთან ერთად უფრო მეტ დროს ატარებდა, სადილობდა ოჯახის წევრებთან ერთად და სკოლაშიც მოწესრიგებულმა დაიწყო სიარული, მაგრამ, ჰალსტუხს მაინც გულსაბნევით ამაგრებდა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქუდის ან შარფის დაკარგვის ისტორია განმეორდებოდა. საბოლოოდ, გეითსების ოჯახში სიმშვიდემ დაისადგურა, რაც ყველაზე მეტად მერი გეითსს უხაროდა, რადგან მისი ბილი არცთუ წყალწაღებული მოსწავლე აღმოჩნდა. წლის ბოლომდე ბილმა იმდენი მოახერხა, რომ, ყოველ მიღებულ ხუთიანზე მამისგან მიღებული 25 ცენტით საგრძნობი კაპიტალი დააგროვა. ხოლო, წლის შემაჯამებელ გამოცდაზე მათემატიკაში, 800 შესაძლებელი ქულიდან 800 ქულა აიღო და ამერიკის ათ საუკეთესო სკოლის მოსწავლეს შორის აღმოჩნდა. 

მომდევნო სასწავლო წელი ბილ გეითსმა კერძო, ელიტურ „ლეიქსაიდის” სკოლაში დაიწყო, სადაც გაძლიერებულად ისწავლებოდა უმაღლესი მათემატიკა და სადაც მაშინ ჯერ კიდევ ბევრისთვის „ფანტასტიკურ ხელსაწყოდ“ წოდებული, საკუთარი ელექტროგამომთვლელი მანქანა იყო. ელექტრონულ მანქანასთან ურთიერთობა ბევრს უჭირდა, რადგან პროგრამირების ინსტრუქციის წაკითხვას, რომელიც მანქანას მოჰყვებოდა, დიდი დრო უნდოდა, სკოლის მოსწავლეების უმეტესობა კი თავისუფალ დროს გართობას ამჯობინებდა. საბოლოოდ, ბილ გეითსმა ამ ინსტრუქციის სახლში წაღება გადაწყვიტა და, როდესაც მანქანის ოთახში შევიდა, დაინახა, რომ ზუსტად იგივე მიზნით იქ მისი თანასკოლელიც იყო შესული, რომელიც, ბილივით, ინსტრუქციის დაუკითხავად აღებას აპირებდა. იმ ბიჭს, რომელიც ინსტრუქციის აღებას ცდილობდა პოლ ალენი ერქვა და, ბილ გეითსმა, პირველმა სკოლაში, მასთან ერთად შეიმუშავა პირველი კომპიუტერული პროგრამა, რამაც  გააათმაგა ინტერესი ელექტროგამომრთველი მანქანების მიმართ. გეითსმა და ალენმა, შექმნეს მარტივი პროგრამა, რომელიც კომპიუტერის მეშვეობით „კრესტიკ-ნოლიკის” თამაშის საშუალებას იძლეოდა, ეს კი ნამდვილი რევოლუცია იყო იმდროინდელ ამერიკაში. პროგრამირებით გატაცებულ მოსწავლეებს, სკოლის დირექციამ პირველი შეკვეთა მისცა: იმ დროს „ლეიქსაიდის” სკოლაში ყოველი სემესტრის დაწყებამდე ხორციელდებოდა კლასების არევა ერთმანეთში, რათა მოსწავლეები სწავლაზე უფრო მეტად ყოფილიყვნენ კონცენტრირებულნი, ვიდრე მეგობრებთან თამაშზე. ელექტროგამომთვლელი მანქანის გარეშე მოსწავლეების კლასებში გადანაწილება დიდ დროს მოითხოვდა, ალენისა და გეითსის დახმარებით კი სკოლის დირექცია ამ სამუშაოს ადვილად აბამდა თავს და კლასების არევის პროგრამის გამოყენებით, „ლეიქსაიდის“ სკოლა ერთ-ერთი პირველი გახდა ამერიკაში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ალენი და გეითსი მუდამ ერთ კლასში ხვდებოდნენ, ასევე, მათთან ერთად, კომპიუტერის გამოთვლით, სკოლის ყველაზე სიმპათიური გოგონები განაგრძობდნენ სწავლას. სხვათა შორის, ბილისა და პოლის მიმართ ისინი ნაკლებად გამოხატავდნენ ინტერესს, რადგან მათთვის გაცილებით საინტერესო იყო ფეხბურთელების ან მოცურავეების გარემოცვაში ყოფნა, ვიდრე სათვალიანი მათემატიკოსების გარემოში ტრიალი. როდესაც სკოლის თითქმის ყველა ბიჭი ღამღამობით გოგონების კორპუსში იპარებოდა, პოლი და ბილი ერთ-ერთი კომპანიის ლაბორატორიაში მიდიოდნენ, სადაც მათ მთელი ღამის განმავლობაში შეეძლოთ ელექტროგამომთვლელ მანქანასთან მუშაობა და ახალი პროგრამების შექმნა. ერთ-ერთი პირველი შეკვეთა, რომელშიც ბილს, პოლსა და მათ დამხმარე კენ ევანსს გადაუხადა სიეტლის მუნიციპალიტეტმა შუქნიშნების მუშაობის რეგულირების პროგრამის შექმნისთვის,  20 ათასი დოლარი იყო. სხვათა შორის, იმ პერიოდში უკვე ღიად გამოიკვეთა ბილ გეითსის, როგორც ლიდერის ამბიცია და იგი ყოველ ჯერზე უმეორებდა თავის პარტნიორებს, რომ სწორედ ის იყო ყველაფრის მეთაური და მის გარეშე გადაწყვეტილების მიღება მიზანშეუწონელი იყო. უნდა ითქვას, რომ პოლი და კენი ხშირად არ უჯერებდნენ ბილს და, როდესაც ეს უკანასკნელი ღამეებს ათენებდა გამომთვლელ მანქანასთან, ისინი კინოში ან ღამის კლუბებში ატარებდნენ დროს. ერთხელ კი, კენ ევანსი ბილის დაუკითხავად, გაჰყვა  სკოლის ჯგუფს ექსკურსიაზე და, როგორც შემდგომ გაირკვა, კლდიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. მეგობრისა და კოლეგის ტრაგიკული დაღუპვა ბილმა და პოლმა მძიმედ განიცადეს და ერთი ხანობა ბილ გეითსი მკურნალობდა კიდეც ნერვოზზე. საბოლოოდ, კენის დაკრძალვის შემდეგ ბილი და პოლი შეხვდნენ ერთმანეთს, მათი საუბრის შემდეგ კი გადაწყდა, რომ ამიერიდან პოლ ალენი ბილ გეითსის დაუკითხავად ერთ ნაბიჯსაც არ გადადგამდა, რადგან მომავალში ბილი სწორედ მასთან თანამშრომლობაზე აკეთებდა აქცენტს. ალენი უაღრესად საჭირო იყო იმ საქმისთვის, რამაც საბოლოოდ ბილ გეითსი მთელ მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცია. 

უნდა ითქვას, რომ სახლიდან ბილის ღამეული გაუჩინარებები შეუმჩნეველი არ დარჩენილა. დედამისი, მერი გეითსი ფანჯრიდან ადევნებდა თვალს, თუ როდის გადიოდა სახლიდან ბილი და როდის ბრუნდებოდა, თუმცა ამის შესახებ ბილმა არ იცოდა. მას ეგონა, რომ მის მშობლებს სძინავთ და არ იციან, რომ მათი შვილი ღამეებს ლაბორატორიაში ატარებს. ამის შესახებ ბილმა 23 წლის შემდეგ გაიგო, როდესაც მომაკვდავ დედას საავადმყოფოში ესაუბრებოდა. მერიმ ისიც უთხრა ბილს, რომ სწორედ იმ ფსიქოანალიტიკოსმა დაარწმუნა ის და ბილის მამა, რომ ხელის შეშლა მათი შვილის ფიქრისთვის ყველასთვის დამღუპველი აღმოჩნდებოდა. სხვათა შორის, მერი გეითსის გარდაცვალების შემდეგ, სიეტლის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდა და, დღემდე როდესაც, ბილი მშობლიურ ქალაქში ჩადის სტუმრად, იგი აუცილებლად მიდის იმ სახლის ფანჯრებთან, საიდანაც ღამღამობით იპარებოდა, რათა შეიგრძნოს ის თბილი განცდა, რომ დედამისი მართლაც აცილებდა მას მზერით ყოველღამ ისე, რომ იგი ამას ვერ ხედავდა. 

ჰარვარდის უნივერსიტეტში უპრობლემოდ მოხვედრილმა ბილ გეითსმა ასევე უპრობლემოდ მიატოვა ის და პოლ ალენთან ერთად კომპანია „მაიკრო-სოფტი” (თავდაპირველად კომპანიის სახელწოდება დეფისით იწერებოდა) დააარსა, რომლის მიზანი კომპიუტერული პროგრამების შექმნა იყო. პირველ შეკვეთებს ბილი და პოლი ოფისად და სახლადქცეულ სასტუმროს ნომერში იღებდნენ და იქვე ასრულებდნენ. ბილ გეითსი პირადად დადიოდა პოტენციურ დამკვეთებთან და არწმუნებდა მათ, რომ მომავალი კომპიუტერული პროგრამირების ხელში იყო და რომ სულ მალე „მაიკროსოფტის” არსებობის შესახებ მთელ მსოფლიოში შეიტყობდნენ. უნდა ითქვას, რომ ბილს მოლაპარაკებების წარმართვის იშვიათი ნიჭი ჰქონდა. მას შეეძლო, დაერწმუნებინა ბიზნესმენი, რათა ამ უკანასკნელს ფული ჩაედო ერთი შეხედვით წყალწაღებულ საქმეში. სწორედ ბილის ნიჭს უკავშირებენ, იმ ფაქტს, რომ მან აიძულა თავისი ნაცნობი ტიმ პატერსონი, მისთვის რამდენიმე ათეულ ათას დოლარად მიეყიდა ოპერაციული სისტემა DOS. პატერსონმა მაშინ, ალბათ, არც კი იცოდა, რომ მის მიერ შემუშავებულმა ოპერაციულმა სისტემამ გადატრიალება მოახდინა კომპიუტერულ სამყაროში და „აი-ბი-ემთან” გაფორმებული კონტრაქტით გეითსსა და ალენს მილიონობით დოლარის შემოსავალი მოუტანა. 

80-იანი წლების დასაწყისში პოლ ალენს კიბო აღმოაჩნდა და მან ბიზნესიდან წასვლის გადაწყვეტილება  მიიღო. ბილ გეითსი მომზადებული შეხვდა კოლეგის ამ ნაბიჯს და მისგან „მაიკროსოფტის” აქციათა პაკეტი შეიძინა, რის შედეგადაც იგი  „მაიკროსოფტის” ერთპიროვნული მფლობელი და ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიონერი გახდა. ამის შემდეგ მას მხოლოდ ერთი აუხდენელი ოცნება ჰქონდა, რომელიც პირადი ცხოვრების მოწყობას უკავშირდებოდა. 

ბილ გეითსის პირველი სიყვარული ენ ვენბლადი იყო, რომელიც მან 1982 წელს, ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე გაიცნო. ენს საკუთარი კომპანია „ოუფენ სისთემს” ჰქონდა გახსნილი და იგი რეგულარულად უკავშირდებოდა „მაიკროსოფტს” სხვადასხვა პროგრამის შექმნის თაობაზე. ენი ბილისთვის იდეალური ქალის მაგალითი იყო – ქერა და ცისფერთვალება, ანუ, მისი ოცნების ქალი ქერა უნდა ყოფილიყო და, გოგონებს შორის ნაკლებად პოპულარული ბილი სტრიპტიზის მოცეკვავეებს შორის ეძებდა თავის იდეალს, სანამ ენი არ გაიცნო, რომელიც სტრიპტიზს არ ცეკვავდა, მაგრამ სკოლაში სწავლის დროს „ჩირლიდერშების“ გუნდის ლიდერი იყო (საკალათბურთო გუნდების გამამხნევებელი გოგონების ჯგუფი). ენისა და ბილის ურთიერთობა რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ, მათ კავშირს არ შეიძლება „რომანტიკული“ ეწოდოს, რადგან ერთმანეთში საუბრის დროს ისინი კვანტურ ფიზიკასა და მათემატიკას უფრო მეტ დროს უთმობდნენ, ვიდრე რომანტიკულ თემებს. როდესაც ენმა პირველმა ჩამოაგდო სიტყვა ოჯახის შექმნასა და ბავშვების ყოლაზე, ბილმა იგი უარით გაისტუმრა, რადგან, მისი თქმით, იგი არ იყო მზად სერიოზული ურთიერთობისთვის და ენ ვენბლადმა, რომელიც ასაკით გაცილებით უფროსი იყო ბილ გეითსზე, გადაწყვიტა, დაშორებოდა ნიჭიერ პროგრამისტს. 

ენთან დაშორების ექვსი თვის თავზე, 1987 წელს, ბილ გეითსი მელინდა ფრენჩს შეხვდა „მაიკროსოფტის” ოფისში. მელინდა დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა გეითსთან, თუმცა, იმ დღეს იგი პირველად შეხვდა თავის ხელქვეითს, რომელმაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. გაცნობიდან სულ ცოტა ხანში მელინდა კომპანიის ერთ-ერთ სამსახურს ჩაუდგა სათავეში და ოფისში გვიანობამდე რჩებოდა, ისევე, როგორც ბილი, რომელიც შუაღამის დადგომამდე არ ტოვებდა იქაურობას. მათი პირველი პაემანი სადღეღამისო „ბურგერ ქინგში” შედგა, სენდვიჩებისა და პლასტმასის ჭიქებში ჩასხმული ყავის ფონზე. თავდაპირველად ბილი და მელინდა მალავდნენ თავიანთ რომანს. მხოლოდ 1993 წელს გადაწყვიტა ბილმა, ის ნაბიჯი გადაედგა, რასაც მან თავი აარიდა ენთან ურთიერთობის დროს. ომაჰაში, თავისი მეგობრის, ასევე მილიარდერის, უორენ ბაფეტის საიუველირო მაღაზიაში ნაყიდი ბეჭდით, ბილ გეითსი და მელინდა ვაშინგტონის ტბაზე მშენებარე ბილის სახლს ესტუმრნენ და სწორედ იქ სთხოვა ბილმა ხელი თავის მელინდას, რომელთან ერთადაც იგი ამჟამადაც ხელმძღვანელობს პლანეტის ყველაზე მსხვილ საქველმოქმედო ფონდს, რომელშიც დიდძალ თანხებს მსოფლიოს სწირავენ ყველაზე მდიდარი ადამიანები, დაწყებული უორენ ბაფეტით და დამთავრებული „ფეისბუქის” დამაარსებლით მარკ ცუკერბერგით. სხვათა შორის, ბილ გეითსი ბოლო პერიოდია, დიდ დროს უთმობს ბაფეტთან ურთიერთობას, რომელთანაც იგი  საათობით თამაშობს პოკერს ან ბრიჯს, ხოლო, როდესაც ბილს ბანქოში არ უმართლებს და ცუდ ხასიათზე დგება, მელინდამ იცის, რომ ამ დროს მან იქ უნდა დაპატიჟოს თავისი მეუღლე, სადაც შედგა მათი პირველი პაემანი – უახლოეს „ბურგერ ქინგში”.

 

скачать dle 11.3