კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ადამიანები არიან მკერდის კიბოს დაავადების შესაძლო რისკის ქვეშ და რატომ არის ამ მხრივ საქართველოში საგანგაშო სტატისტიკა

 

ქალები, ყოველდღიური პრობლემების გამო, ძალიან ცოტა დროს უთმობენ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, არადა, ჯანმრთელობა და სილამაზე ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირშია. ქალის გარეგნობა მისი შინაგანი მდგომარეობის ერთგვარი სარკეა. დღეს ძალიან გახშირდა ქალებში მასტოპათია, რაც პათოლოგიებიდან ერთ-ერთი ყველაზე საშიში გამოვლინებაა. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, მასტოპათია უყურადღებობის გამო მკერდის სიმსივნედ გარდაიქმნება და სტატისტიკაც, შეიძლება თამამად ითქვას, საქართველოში საგანგაშო მაჩვენებელს მიუახლოვდა. ასე რომ, აღელვების მიზეზი ნამდვილად არსებობს, რადგან, არაფერია ისე საშიში, როგორც უყურადღებოდ მიტოვებული მასტოპათია და სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ძირითადად სწორედ ექიმთან დაგვიანებული ვიზიტის შედეგია. ასეთ დროს, უმეტეს შემთხვევაში, მკურნალობის კურსის დაწყება უკვე გვიანია. 

ამ თემებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ეროვნული სკრინინგცენტრის ონკო-მამოლოგს, ქალბატონ თამარ აბულაძეს, რომელმაც მეტად საჭირო და დასაფიქრებელი ინფორმაცია მოგვაწოდა. 

– ქალბატონო თამარ, გაახალგაზრდავდა თუ არა ძუძუს კიბო და რა კეთდება ამ მხრივ საქართველოში პრევენციის თვალსაზრისით?

– საქართველოში ყოველწლიურად ძუძუს კიბოს 800-მდე ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. ბოლო ხანს, მრავალი სხვა დაავადების მსგავსად, შეინიშნება მისი გაახალგაზრდავების ტენდენცია. დღესდღეობით, სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების პრევენციულ ღონისძიებად საყოველთაოდ მიჩნეულია სკრინინგი, რომელიც გულისხმობს ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაში გამოვლენას და, ასევე, კიბოსწინარე დაავადებების, კერძოდ კი, ფონური და ქრონიკული პროცესების დროულ დიაგნოსტიკას. 

– რომელ დაავადებებს მიეკუთვნება კიბოსწინარე პათოლოგიები?

– კიბოსწინარე პათოლოგიებიდან მნიშვნელოვანია ისეთი კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, როგორიცაა: კისტები, კვანძოვანი ფიბროადენომატოზი, დვრილის ადენომა, სადინარშიდა პაპილომა, ფიბროადენომა. ფიბროადენომები ძირითადად ახალგაზრდა ასაკის ქალბატონებში გვხვდება. ის, შეიძლება, ისინჯებოდეს როგორც ერთ, ასევე ორივე სარძევე ჯირკვალში. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიებისა, რეპროდუქციული ასაკის ქალებში ხშირად გვხვდება მასტოპათიები, რაც დისჰორმონალური სეკრეციის შედეგად მიმდინარე პროცესია და ძირითადად ვითარდება ენდოკრინული და გონადოტროპული ჰორმონების სეკრეციისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად. მასტოპათიები იყოფა ორ ჯგუფად: დიფუზურ ფიბროზულ მასტოპათიად და კვანძოვან ფიბროზულ მასტოპათიად. დიფუზური მასტოპათიის დროს სარძევე ჯირკვალში აღინიშნება სიმკვრივისა და სისავსის შეგრძნება, უმნიშვნელო დიფუზური გამკვრივება, ქსოვილის მარცვლოვანება, პალპაციისას მომატებული მგრძნობელობა; კვანძოვანი მასტოპათიის დროს ძუძუს ქსოვილში აღინიშნება მკვეთრად შემოფარგლული გამკვრივებული კვანძები, რომლის დროსაც უპირატესობა ენიჭება ქირურგიულ ჩარევას. 

– შესაძლებელია თუ არა ადრეულ სტადიაში სიმსივნის გამოვლენა და მკურნალობა და, ასევე, რა კეთდება ამ მხრივ საქართველოში?

– ძუძუსა და საშვილოსნოს   ყელის კიბოს სკრინინგი  ფართოდ არის დანერგილი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სადაც, ადრეული გამოვლენის წყალობით, აღნიშნული პათოლოგიებით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ შესამჩნევად იკლო. თბილისის მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანადაფინანსებით 2008 წელს ამოქმედდა ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფის ქალებს უფასოდ უტარდებათ  გამოკვლევები. პროგრამა ხორციელდება პირველი ლედის პატრონაჟით და პროგრამაში ჩართული პაციენტებისთვის შეთავაზებული სამედიცინო მომსახურება უფასოა. 

– რას გულისხმობს ძუძუს კიბოს სკრინინგი და რა სახის გამოკვლევები ტარდება თქვენს ცენტრში?

– გამოკვლევა წარმოებს  გუნდური პრინციპით: ქალს თავდაპირველად სინჯავს მამოლოგი. ყველა პროგრამულ პაციენტს უტარდება მამოგრაფიული კვლევა და სარძევე ჯირკვლის მდგომარეობის შეფასება ხდება BIRAD-ის სისტემით,  საჭიროების შემთხვევაში კი ტარდება ექოსკოპიური და ციტოლოგიური გამოკვლევები. 

– ბოლო წლების განმავლობაში როგორია სტატისტიკა?

– 2008 წლის მაისიდან 2010 წლის ბოლომდე, ეროვნულ სკრინინგცენტრში გამოკვლევა ჩაუტარდა 28 256 ქალს, რომელთაგან 910 გაგზავნილ იქნა სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობის ჩასატარებლად. ცენტრის პრიორიტეტად  ითვლება ის,  რომ პროგრამის ფარგლებში ძუძუს  კიბოს ადრეული სტადიებია გამოვლენილი. 

– უსაფრთხოა თუ არა მამოგრაფია და რა პრინციპით ტარდება გამოკვლევა? 

– ჯირკვლის მამოგრაფია გულისხმობს რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, რომლის დროსაც ძუძუს ქსოვილის დასხივება მინიმალური, ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო დოზით ხდება. მამოგრაფია ძალზე ხანმოკლე პროცედურაა და ტარდება  შიშველ მკერდზე, რომელიც კვლევის დროს რამდენიმე წამით მოექცევა  სპეციალური აპარატის ქვეშ. პროცედურა უმტკივნეულოა, თუმცა, თან სდევს უმნიშვნელო დისკომფორტი, რომელიც პროცედურის დროს ჯირკვალზე მცირედი ზეწოლით არის განპირობებული და მამოგრაფიული კვლევის დასრულებისთანავე გაივლის.

– რისკფაქტორებიდან რომელს გამოყოფთ?

– რისკფაქტორებს შორის აღსანიშნავია: მენსტრუალური ციკლის ადრეულ ასაკში დაწყება (12 წლამდე), გვიანი მენოპაუზა, ხშირი აბორტები, ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები, ხანმოკლე ლაქტაცია (ძუძუთი კვების ნაადრევად შეწყვეტა), გენეტიკური განწყობა, ოჯახური ისტორია  პირველი რიგის ნათესავებში (დედა, და, დეიდა). აქვე იმასაც გეტყვით, რომ რისკის ჯგუფში მყოფმა ქალებმა  წელიწადში ორჯერ უნდა ჩაიტარონ ძუძუს კიბოს სკრინინგი. ყველა ქალს ვურჩევ  გულისყურით მოეკიდოს სარძევე ჯირკვალში  პათოლოგიური პროცესების მაუწყებელ ნიშნებს. პირველი, რაც ამ სენის თავიდან ასაცილებლად შეიძლება გაკეთდეს, სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვაა, რომელიც უნდა ჩაიტაროს ქალბატონმა მენსტრუალური ციკლის დამთავრებიდან მე-7, მე-10 დღეს, მენოპაუზის შემთხვევაში კი – ყოველი თვის  ერთსა და იმავე რიცხვში.   

– რომელი სიმპტომების დროს არის ექიმთან ვიზიტი აუცილებელი?

– აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ მკვრივ წარმონაქმნს ძუძუში ან იღლიის ფოსოში, ძუძუს კანის სიწითლეს ან სიმხურვალეს, ლიმონის ქერქისებრ კანს, ძუძუს კანის შეჭმუხნას, წვასა და სიწითლეს დვრილის არეში, დვრილის ჩაბრუნებას, სისხლიან ან სხვა სახის გამონადენს დვრილიდან. ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი ნიშნის გამოვლენისთანავე პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სპეციალისტს და დაიწყოს დროული მკურნალობა. 

 

скачать dle 11.3