კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღნიშნეს ჩეკისტებმა შორაპანში აჯანყებულთა ჩაცხრილვის წარმატებით შესრულებული ოპერაცია

1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია და ანექსია განახორციელა. 1921 წლიდანვე, საქართველოში ანტისაბჭოთა მოძრაობა დაიწყო, რომელიც 1924 წელს შეიარაღებულ აჯანყებაში გადაიზარდა. აჯანყებას სათავეში საქართველოს ხუთი წამყვანი პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი ორგანო „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი” (დამკომი) ედგა. დამკომმა აჯანყება მთელ საქართველოში 1924 წლის 29 აგვისტოსთვის დანიშნა, მაგრამ, დღემდე გაურკვეველი მიზეზების გამო, ის ჭიათურაში (შორაპნის მაზრა) ერთი დღით ადრე დაიწყო. ამ საკითხზე გვესაუბრება ისტორიკოსი ლევან ჯიქია:

– ჭიათურაში აჯანყება დაგეგმილზე ერთი დღით ადრე – 1924 წლის 28 აგვისტოს დაიწყო. მართალია, აჯანყებულებმა ჭიათურაში ადგილობრივი ხელისუფლება შედარებით ადვილად დაამარცხეს და, შესაბამისად, ძალაუფლება ხელში აიღეს, მაგრამ, აჯანყების ნაადრევად დაწყებამ აჯანყებულთა გეგმები მთლიანად გამოამჟღავნა. ჭიათურაში აჯანყების ნაადრევად დაწყების შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ დამკომი და საქართველოს რეგიონებში მყოფი აჯანყებულები. სამაგიეროდ, საბჭოთა ხელისუფლებამ მთელი თავისი შეიარაღებული ძალები ჭიათურისკენ წარმართა და იქ აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სხვა რეგიონებსაც „მიხედა”.

– ანუ იქ, სადაც აჯანყება დადგენილ დროს დაიწყო?

– დიახ. 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეებსა და მათ თანამგრძნობებს, ასევე, ეჭვმიტანილებს, საბჭოთა ხელისუფლების მიერ შექმნილი ეგრეთ წოდებული „სამეულები” ყოველგვარი ძიებისა და გასამართლების გარეშე ხვრეტდნენ. ზესტაფონიდან ჩრდილო-დასავლეთით, არგვეთის ხიდის სიახლოვეს, საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ექვსი ვაგონი ჩამოაყენეს. ეს ვაგონები მანამდე შორაპნის რკინიგზის სადგურზე იდგა. ვაგონები საჩხერეში, ჭიათურაში, შორაპანსა და ახლომდებარე სოფლებში დაპატიმრებული „ეჭვმიტანილებით” იყო სავსე. დაპატიმრებულთა შორის იყვნენ ისეთები, რომლებსაც აჯანყებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. მათ ჩეკისტები ეუბნებოდნენ, რომ აჯანყებასთან დაკავშირებით დაკითხავდნენ და ყველას უკლებლივ გაუშვებდნენ სახლებში. დაპატიმრებულებს ეჭვი რომ არ აეღოთ, თითო „ბუხანკა” პური დაურიგეს. ზესტაფონიდან გასული მატარებელი არგვეთის ხიდთან გაჩერდა. მათ აქ, რკინიგზის სიახლოვეს, ორმოები წინასწარ ჰქონდათ გათხრილი. პირველი ვაგონიდან დაპატიმრებულები გადმოიყვანეს, ორმოს გასწვრივ გაამწკრივეს და იაპონური ტყვიამფრქვევებიდან უკლებლივ ყველა ჩაცხრილეს. ქართველმა ჯარისკაცებმა დაპატიმრებულთა დახვრეტაზე უარი თქვეს, რის გამოც ისინი მოგვიანებით დააპატიმრეს. რუსმა ჯარისკაცებმა კი ბრძანება ზედმიწევნით შეასრულეს.

– რა ბედი ეწიათ დანარჩენ ვაგონებში მყოფთ?

– დახვრეტის დროს პირველი ვაგონიდან გადმოყვანილთა ღრიალმა: „რას გვერჩით, რა დაგვიშავებია!” და ტყვიამფრქვევების კაკანმა დანარჩენ ვაგონებში მყოფი პატიმრები „საქმის კურსში” ჩააყენა – მათ უარი თქვეს ვაგონებიდან გადმოსვლაზე, ვაგონებში ასვლა კი სახიფათო იყო, არადა თენდებოდა, „საქმე” კი გათენებამდე უნდა მოეთავებინათ. ასეთ „კრიტიკულ” სიტუაციაში ქუთაისის საგანგებო კომისიის თავკაცმა ილარიონ ტალახაძემ „მახვილგონიერება” გამოიჩინა და წინადადება წამოაყენა, ხალხი ვაგონებშივე ჩაეცხრილათ. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, აღსრულდა – რკინიგზაზე მდგარ ხუთივე ვაგონში მყოფი პატიმრები ტყვიამფრქვევებით ვაგონებშივე ჩაცხრილეს. ამის შემდეგ ვაგონები გადაამოწმეს და, ვისაც სიცოცხლის ნიშანი ეტყობოდა, მაუზერებიდან დახვრიტეს.

– სულ რამდენი ადამიანი შეეწირა ამ ტრაგედიას?

– სულ არგვეთის ხიდთან 96 ადამიანი დახვრიტეს. მოგვიანებით, მათ რიცხვს კიდევ სხვებიც დაემატნენ. მთლიანობაში, შორაპნის მაზრაში დახვრეტილთა რაოდენობამ 171-ს მიაღწია.

მართალია, დახვრეტის ოპერაცია უშუალოდ სოფელ არგვეთში განხორციელდა, მაგრამ, რადგან სოფელი არგვეთი იმხანად ადმინისტრაციულად შორაპნის მაზრას ეკუთვნოდა, ტრაგედიასაც ზოგადად „შორაპნის ტრაგედია“ უწოდეს, თუმცა, ჩემი აზრით, ეს არა მხოლოდ შორაპნის, არამედ, მთელი საქართველოს ტრაგედია იყო.

ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა დახვრეტის ოპერაციაში, მომხდარს ასე იგონებდა: „ჯერ ვაგონის ერთი მხარე დავცხრილეთ, შემდეგ კი მეორე მხრიდანაც ვესროლეთ. ვაგონებიდან დახვრეტილთა სისხლი მდინარესავით მოდიოდა. ეს აქტი რომ სრულდებოდა, მთელი არემარე ჯარით იყო გარშემორტყმული.

რამდენიმე ხნის შემდეგ, ადგილზე გამოცხადდნენ სამეულის წევრები, ექიმები და „ჩეკას“ წარმომადგენლები. ვაგონი გააღეს და მეც ავყევი. რაც იქ ვნახე, იმის აღწერა ყოვლად შეუძლებელია: ადამიანები... ერთმანეთს გადახვეოდნენ და ისე იყვნენ დახვრეტილნი. დღესაც საშინელი შიშის გრძნობით, სულის აფორიაქებით ვიგონებ იმ გაუგონარ ტრაგედიას, რომელიც, შეიძლება, ადამიანმა ვერც კი წარმოიდგინოს. ასეთი დახვრეტები ხდებოდა ახლომახლო ქალაქებსა და სოფლებში. ბრძანება გვქონდა, თუ გზაზე ვინმე შეგვხვდებოდა, უნდა დაგვეპატიმრებინა, თუ წინააღმდეგობას გაგვიწევდა – იქვე დაგვეხვრიტა“.

– როგორ განვითარდა მოვლენები დახვრეტის ბრძანების სისრულეში მოყვანის შემდეგ?

– დახვრეტის შემდეგ „ჩეკისტებმა“ ვაგონების კარები გააღეს და დახოცილები ორმოში გადაყარეს. თხრილი, თავისი სიდიდის მიუხედავად, საკმარისი არ აღმოჩნდა და „ჩეკისტებს“ ზემოდან უამრავი მიწის დაყრა მოუწიათ, რათა გვამები მთლიანად დაეფარათ. ეპიდემიების საწინააღმდეგოდ სასაკლაოს კირი მოაყარეს და დაცვა დაუყენეს, რომ ახლობლებს გვამები არ მოეპარათ. ამით „ოპერაცია” დამთავრდა და კიდეც ინათა. დახვრეტის დამთავრების შემდეგ ტალახაძე და მისი თანამოაზრე მშვენიერაძე, რომლებსაც ჩექმები ადამიანის სისხლსა და ტვინის ნანთხევში ჰქონდათ გასვრილი, იქვე, მდინარე ყვირილაში შევიდნენ და ფეხსაცმელი ჩამოირეცხეს. შემდეგ მშვენიერაძემ „ჩონის” (მუშათა საგანგებო რაზმი) მებრძოლებს მიმართა: – აბა, თქვენ იცით, ბიჭებო! ამა და ამ ადგილას მობრძანდით, იქ გაშლილი სუფრა დაგხვდებათ, რათა ღირსეულად აღვნიშნოთ წარმატებით ჩატარებული ოპერაციაო. დამსჯელი რაზმის ელიტა მაშინვე წასულა სუფრაზე. ჩეკისტებს თან წაუღიათ ის პურები, რომლებიც პირველ ვაგონში მყოფ პატიმრებს დარჩათ.

– იყვნენ თუ არა დახვრეტილთა შორის ქალები?

– ვაგონებში დასახვრეტთა შორის ორი ქალი ნინა წერეთელი და იულია გაფრინდაშვილი იყო. დახვრეტის წინ ონის საგანგებო კომისიის თავმჯდომარე სოფრომაძემ მათ გადასარჩენად ყველა ღონე იხმარა და ეს ორი ქალი ცოცხალ-მკვდარი ვაგონიდან გადმოასვენეს. ისინი ორი დღის განმავლობაში გონზე არ მოსულან, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები თავს დასტრიალებდნენ. საბედნიეროდ, ისინი გადარჩნენ.

– ალბათ, ამ ისტორიიდან სოფრომაძე ერთადერთი ბოლშევიკია, ვის მიმართაც დადებითად განიმსჭვალება მკითხველი.

– გეთანხმებით. საინტერესოა ერთი დეტალიც: აჯანყებულთა წინააღმდეგ რეპრესიების დაწყებისთანავე, საკავშირო კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის ხელმძღვანელის, სერგო ორჯონიკიძის სახელზე მოვიდა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის ალექსეი რიკოვის დეპეშა დახვრეტების დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. ორჯონიკიძემ თავის თანამებრძოლთა ვიწრო თათბირი მოიწვია, სადაც განაცხადა: ჯერჯერობით ამ დეპეშას ყურადღება არ მივაქციოთ და ენერგიული ზომები გავატაროთ, რათა საქართველო რაც შეიძლება მაქსიმალურად გავწმინდოთ კონტრევოლუციური უწმინდურებისაგანო.

არანაკლები სისასტიკით ჩაახშვეს აჯანყება საქართველოს სხვა რეგიონებშიც. სენაკელი ბოლშევიკების ლიდერი, ლავრენტი დავითაია, თავის მოხსენებით ბარათში აცხადებდა, თითოეულ კომუნისტს გვწყუროდა, ღვინოსავით გვესვა აჯანყებულთა სისხლიო. ერთ-ერთი ჩეკისტი იმით იწონებდა თავს, თავად ვაჩნაძის ჩვილს აკვანში ცულით გავუპე თავიო. ამ პიროვნების ვინაობა ჩვენთვის დანამდვილებით არ არის ცნობილი, თუმცა კი, მის შესახებ მისივე „კოლეგა” აღნიშნავდა თავის მოგონებებში. სამაგიეროდ, ამავე მოგონებიდან ვიგებთ, რომ ეს პიროვნება მომავალში „ცნობილი” საბჭოთა მწერალი გახდა.

– რა დამოკიდებულება ჰქონდათ აჯანყებულთა მიმართ ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს?

– საბჭოთა ხელისუფლებამ ისარგებლა 1924 წლის აჯანყების დამარცხებით და დააპატიმრა ყველა ის მწერალი თუ საზოგადო მოღვაწე, რომლებიც მის მიმართ ლოიალურად არ იყო განწყობილი. ასე აღმოჩნდნენ საპატიმროებში: კონსტანტინე გამსახურდია, გალაკტიონ ტაბიძე, ნიკო კეცხოველი, გიორგი ჩიტაია, დავით კლდიაშვილი, ლეო ქიაჩელი, შალვა დადიანი და სხვები.

– როგორ ჩაიარა ამ დღეებმა დედაქალაქში?

– თბილისში აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დახვრეტილთა საძმო სასაფლაოები რამდენიმე ადგილას იყო. ერთ-ერთი ასეთი სასაფლაო მდებარეობდა წყაროს ქუჩაზე, რომელზეც ტერენტი გრანელი შეშფოთებით ამბობდა: ისეთი რბილი იყო მიწა, ფეხები შიგ მეფლობოდა. ფეხქვეშ ადამიანის სისხლის სუნი მცემდაო. ბევრგან ჯალათები თავისივე ხელით ათხრევინებდნენ დაპატიმრებულებს საკუთარ საფლავებს.

– სულ რამდენი ადამიანი დახვრიტეს ბოლშევიკებმა 1924 წლის აგვისტო-სექტემბრის მოვლენების დროს?

– 1924 წლის აგვისტო-სექტემბრის ავბედით დღეებში დახვრეტილთა ზუსტი რაოდენობა დღესაც უცნობია. ორჯონიკიძემ 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დახვრეტილთა რიცხვი დაასახელა – 857. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცულ ერთ-ერთ დოკუმენტში 1 047 დახვრეტილია ჩამოთვლილი, სხვაგან – 1 714. თვით დახვრეტას გადარჩენილი თუ ემიგრაციაში მყოფი ქართველები და უცხოელი ავტორები დახვრეტილთა სხვადასხვა რაოდენობას ასახელებენ – 3 000-ს, 5 000-ს და ასე შემდეგ.


скачать dle 11.3