კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ოინი მოუწყო ოთარ ქირიას შვილმა ვენეციის მუზეუმის პოლიციას



„რუსთავი 2-ის“ პრესის მიმომხილველის, ოთარ ქირიას ულამაზესი შვილი, ლიზი, ჯერ 4 წლის არის, მაგრამ ძალიან ჭკვიანი და გონიერი გოგოა. ყველგან ისე იქცევა, როგორც უფროსებს შეჰფერით – ევროპის ცნობილი მუზეუმები ისე „დალაშქრა“, რომ ყველას გააცნო თავი. თუმცა, ერთი გაუთვალისწინებელი ამბავი მაინც შეემთხვა: ვენეციის მუზეუმში სიგნალიზაცია ჩართო, რის გამოც მამამისი, „ქართული პრესის რისხვა“, ლამის ქურდობაში დაადანაშაულეს. პატარა ლიზის ძალიან ბევრი გატაცება აქვს: უყვარს ცურვა, ჭადრაკი და ბარაკ ობამა, რომელიც „შავი კაცი“ ერთი მარტივი მიზეზის გამო ჰგონია.



– მე ვარ ლიზი ქირია, ჯერ ვარ 4 წლის და დავდივარ ბავშვების ბაღში. ჩემი ბაღი ლამაზია და კარგი სათამაშოები გვაქვს. იმდენი ჭურჭელია, რომ გრეჩიხას და პიურეს ყველას შეაჭმევ, როცა „დედა-შვილობანას“ ვთამაშობთ. მე ხან დედა ვარ, ხან – შვილი. დედობას შვილობა სჯობია, იმიტომ რომ, დედა როცა ვარ, საჭმელი უნდა გავუკეთო შვილებს და მოვუარო. შვილი რომ ხარ, შენ გივლიან. ბაღში ზეიმები გვაქვს ხოლმე, თან კუს ტბაზეც დავდივართ. მაგ ტბას „კუს ტბა“ იმიტომ ჰქვია, რომ იქ ბევრი კუებია, ოღონდ როცა ჩვენ მივდივართ, კუები სხვაგან არიან წასულები. იქ მარტო გვათამაშებენ, წყალში არ გვიშვებენ.

– ცურვა იცი?

– დიახ, მე ბასეინზეც დავდივარ. ცურვა კარგად ვიცი: ხან ბაყაყურად ვცურავ, ხან – დელფინივით. დელფინური ცურვა უკეთესია, დელფინი უფრო ლამაზია, ვიდრე ბაყაყი, ამიტომ დელფინობა უფრო მომწონს.

– ბაღში მეგობრები გყავს?

– დიახ, ნატალი და კიდევ... ისინი ახტაჯანები კი არ არიან, ლამაზი და ჭკვიანი გოგოები არიან.

მე შეყვარებული არ მყავს, იმიტომ, რომ ძალიან პატარა ვარ. როცა ბაღს დავამთავრებ, სკოლაში წავალ და გაკვეთილებს ვისწავლი. დედიკო ბაღში რომ წამიყვანს, მეუბნება, რომ კარგად მოვიქცე. ბაღში სულ მაგას დავყავარ.

– მამიკოს არ დაყავხარ?

– არა. როცა მე ბაღში მივდივარ, მამიკო ტელევიზორშია და ჟურნალებს კითხულობს. ხან ტკბილად ლაპარაკობს, ხან – ბოდავს.

– ამდენი გაზეთი და ჟურნალი საიდან აქვს?

– ჯიხურიდან. იქაც მუშაობს და იქიდან ატანენ, გამყიდველიც არის. წამოიღებს გაზეთებს სახლში, წაიკითხავს და მერე ტელევიზორში მიდის. როცა შევა იქ, გამოჩნდება და ყველა დაინახავს.

– ტელევიზორში როგორ შედის?

– ტელევიზორში ტიტველი მყუდრო ეტევა და მამა ვერ შეეტევა?! მყუდრო ხომ იცით? ქუჩაში შემხვდა და, როგორც კი დავინახე, ვიცინე და ვიცინე. მყუდრო მომწონს, მამიკოს უნდა ვუთხრა, რომ გამაცნოს. მყუდრო ქუჩაშიც ტიტველი კი არ იყო, ჩვეულებრივი შარვალი ეცვა. ეტყობა, „რუსთავი 2-ში“ იმ კაცებს ხდიან შარვლებს, ვისი შარვალიც არ მოსწონთ.

– ლიზი, სახლში ბევრი სათამაშო გაქვს. ვინ გიყიდა ისინი?

– მე ძალიან ბევრი სათამაშოები მაქვს, დედა ამ კუთხეს ქაჯეთის ციხეს ეძახის. ხან დედა ყიდულობს, ხან მამა, ხან – სტუმრები. ნიანგიც მყავს, მაგრამ ნამდვილი არაა და არ გვკბენს. ეხლა მყავს რომაელი მეგობარი, კუსკუსა, რომელიც რომში გავიჩინე. მე, დედა და მამა რომში ვიყავით წასულები, თან წავიყვანეთ ჩემი პატარა დათუჩა, ელენე, რომელიც რომში დაიკარგა. გავიგე, რომ თბილისში გამოიპარაო, მაგრამ აქ რომ ჩამოვედი, აქაც არ დამხვდა. მე ძალიან ბევრი ვიტირე და მიყიდეს კუსკუსა. მერე აღარ მიტირია. კუსკუსას ღამე მე ვუვლი, წყალსაც ვასმევ, ჩემთან ვაძინებ. რომში ბევრი რამე ვიყიდე: მასკა, დურბინტი. იქ ყველა დურბინტით დადიოდა და მეც მომინდა. იქ ქუჩებში სუნიანი ცხენები დადიოდნენ, კარგია, რომ ჩვენთანაც არ დადიან სუნიანი ცხენები.

– რომი მოგეწონა?

– ყველაზე მეტად მომეწონა ვენეცია და პრაღა. სულ თვითმფრინავებში და მატარებლებში ვისხედით, იქ ძალიან ლამაზი ქალაქები და ლამაზი პარკებია, ჩვენს ბომბორაზე დიდი. ვენეციაში ყველგან წყალი იყო. სამჯერ მივედით სახლთან და ვერ ვიპოვეთ, დავიკარგეთ. იქ სახლები წყალში იდგა, მაგრამ ხალხი არ იხრჩობოდა – გემებით დადიოდნენ. მეც ძალიან მომინდა, რომ ვაჟა-ფშაველაზეც იყოს ესეთი ქუჩები. ჩვენმა პრეზიდენტმა მიშამ რომ გაიგოს, შეიძლება, აქაც ჩაასხას ქუჩებში წყალი და ჩვენც დავემსგავსოთ ვენეციას. ბაღიდან სახლში გემით რომ მოვდიოდე, მაგარი იქნებოდა.... ვენაში დედამ და მამამ რაღაცნაირ კონცერტზე წამიყვანეს და სიცილი ავტეხე, მერე ეგრევე დამეძინა. ჩვენ მაღაზიებშიც დავდიოდით და მამა სულ შარვლებს ყიდულობდა. იმ ქვეყნებში ყველა ქუჩაზე მუზეუმია, სადაც ბევრი მყუდროსნაირი ტიტველი კაცის ძეგლი იდგა. დედა და მამა სულ მუზეუმებში დადიოდნენ, მე იატაკზე დამსვამდნენ ერთ დიდ ოთახში და იქ ველოდებოდი. ერთხელ მუზეუმში გაშეშებულ კაცს შევახე ხელი და სიგნალიზაცია ჩაირთო. ყველა დარბოდა, პატრულებიც მოვიდნენ. სანამ გაიგებდნენ, რა მოხდა, ქურდები ვეგონეთ. მუზეუმში დინოზავრიც იყო, მაგრამ მკვდარი.

– როცა გაიზრდები, ვინ უნდა გამოხვიდე?

– ყველაფრის ექიმი. ადამიანებს წამლები უნდა დავალევინო და მოვარჩინო. ადრე მინდოდა, რომ „პონჩიკების“ გამყიდველი გამოვსულიყავი, მაგრამ ეხლა აღარ მინდა. გამყიდველი ბევრ „პონჩიკს“ და ნამცხვარს ჭამს, მე ბებია ისეც მაჭმევს ნამცხვრებს და რაღად მინდა გამყიდველობა? კიდევ, მინდა, რომ მოჭადრაკე ვიყო. მე სახლში მაქვს ჭადრაკი და მამიკოს ვეთამაშები, სულ ვჯობნი ხოლმე. ჭადრაკს ბაბუა მასწავლის, ჭადრაკში ყველაზე მაგარი მეფეა, ყველას ამარცხებს. ბებიასთან და ბაბუასთან ახლოს ტყეა და იქ დავდივართ სოკოებზე. ბებიასთან როცა ვარ, იქ ყველაფერს ვჭამ.

– მამიკოს სად დაჰყავხარ?

– მთაწმინდის პარკში, ზოოპარკში. მამიკო თავისი ფულით ყველაფერს ყიდულობს ჩემთვის, მეც მქონდა ჩემი ფული, ყულაბაში ვინახავდი, მაგრამ მამიკომ დამიხარჯა – იმ ფულით ბენზინი იყიდა. ეტყობა, ხელფასი არ მისცეს და იმიტომ მოიპარა ჩემი ფული. ეხლა როცა კიდევ შევაგროვებ, ისე დავმალავ ჩემს ფულს, რომ მამიკომ ვეღარ იპოვოს.

– დედიკო უფრო გისრულებს სურვილებს თუ მამიკო?

– ორივე. ადრე სულ სახლის კედლებზე ვხატავდი და მამიკო ამბობდა; ახალ რემონტს აკეთებსო. მერე მიყიდა ხატვის დაფა და ზედ ლამაზ გოგოებსა და ყვავილებს ვხატავ. გოგოებს ლამაზ ტანსაცმელს ვაცმევ, ერთ დღეში ას გოგოს მაინც ვაცმევ ლამაზ-ლამაზ კაბებს.

– მყუდროს გარდა ტელევიზორში კიდევ ვის ცნობ?

– მიშას და ბარაკ ობამას. მიშა ჩვენი პრეზიდენტია, ბარაკ ობამა – იმათი.

– ისინი ვინ არიან?

– სხვაქვეყნელები. ბარაკ ობამა შავი იმიტომაა, რომ მისი ხალხი შავია. ჩვენც რომ შავები გავხდეთ, ჩვენი მიშა პრეზიდენტიც მაშინვე გაშავდება. მე ბარაკ ობამას უფრო ვიცნობ, ვიდრე მიშას. ინტერნეტში სულ მისი ფოტოებია ხოლმე, მე მგონი, ეგ შავი კაცი მიშაზე უფრო ცნობილია, მაგრამ მე არ ვურჩევ მიშას, რომ ისიც შავი გახდეს.

თამუნა სამადაშვილი


скачать dle 11.3