კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ეპარებიან მარინა ბერიძე და მისი შვილი ქმრებს და ვინ უწყობს მათ სიურპრიზებს პარიზში



ის მარინა ბერიძის ერთადერთი შვილია და შესაბამისად, მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მესაიდუმლე. დედას მხოლოდ გარეგნულად ჰგავს, მისგან არც ბობოქარი ხასიათი დაჰყვა და არც მუსიკის ნიჭი. დედამ ბავშვობაშივე გამოუტანა მკაცრი ვერდიქტი, რომ მუსიკა მისი საქმე არ იყო და თავადაც სხვა გზა აირჩია. პოპულარული დედისგან განსხვავებით, მაიკო ლალიაშვილს მშვიდი ცხოვრება აქვს. ის სამ შვილს ზრდის, თუმცა მარინა ბერიძე სტანდარტულ ბებიად მაინც ვერ აქცია. ერთადერთია მათ შორის, ვისაც დედაზე გავლენის მოხდენა გამოსდის, თუმცა ესეც იშვიათად ხდება – მაიკო დედის ყველაზე კარგი პარტნიორია უცხოეთში, ამიტომაც ხშირად „იტაცებს“ თბილისიდან „მძიმე კულისებით“ დაღლილ დედას და მას ახალ-ახალ დღესასწაულებს უწყობს. როგორ აღმოჩნდა მაია დედასთან ერთად შუაგულ პარიზში ხალათმოსხმული და რატომ მუშაობდა ის ბარში მიმტანად, ამის შესახებ თავად ჩვენი რესპონდენტი გიამბობთ, რომელიც ძალიან უშუალო, გულწრფელი და კარგი ადამიანია.



მაია ლალიაშვილი: გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩემი მშობლების შვილი პროფესიით ეკოლოგი ვარ. ბუნებამ დაისვენა ჩემზე (იცინის). ბავშვობაში ცოტა ხანს ვიარე ფორტეპიანოზე და როცა მიხვდნენ, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა, დედამ გამომიტანა ვერდიქტი – მაშინვე ჩამომაშორა მუსიკას. მარინა სულ ამბობდა: ადამიანმა უნდა აკეთოს მხოლოდ ის საქმე, რაც „მისიაო“. აღმოჩნდა, რომ მუსიკა არ იყო ჩემი საქმე, თუმცა, მთელი ჩემი ბავშვობა ამ სფეროსთან არის დაკავშირებული – მამა „ივერიაში“ მღეროდა და მასთან ერთად ხშირად დავდიოდი გასტროლებზე, ერთხელ, სოხუმშიც კი წამიყვანა. მამას ჩემსავით ძალიან უყვარს ძილი, რაშიც მარინა არც ერთს არ გვგავს. ერთი დღე და ღამე გვეძებდა მე და მამაჩემს სასტუმროში მთელი ანსამბლი, ჩვენ კი ნომერში ტკბილად გვეძინა. (იცინის) ჩვენს სახლში იკრიბებოდნენ მუსიკალური საზოგადოების ცნობილი სახეები და არა მხოლოდ ქართველები. ჩვენთან სტუმრობდნენ: იანკოვსკი, აბდულოვი, როცა იღებდნენ „არგონავტებს“. მე მქონდა ძალიან ნათელი და ლამაზი ბავშვობა. შეიძლება ითქვას, რომ სცენის კულისებში ვარ გაზრდილი, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც ვერ ჩამითრიეს მუსიკაში. (იცინის) დედა ხშირად ხუმრობით ამბობდა მათზე, ვისაც მუსიკასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა: მათი შვილი კარგად უნდა მღეროდეს და ჩემი ეკოლოგი იყოსო? გერმანული სკოლა დავამთავრე, შემდეგ ოთხი წელი გერმანიაში ვსწავლობდი.

– როგორ შეელია ქალბატონი მარინა ერთადერთ შვილს? იოლად გაგიშვათ გერმანიაში?

– არა, ძალიან გაუჭირდა. ეს იყო მისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი. მაშინ საკმაოდ პატარა, 18 წლის ვიყავი. თბილისში ძალიან ცუდი პერიოდი იყო, სანთლის შუქზე მიწევდა მეცადინეობა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გერმანიაში წავსულიყავი. ვიცოდი, დედას ძალიან უჭირდა ჩემი მარტო გაგზავნა, მაგრამ ამას ისე მალავდა, რომ მისი განცდები მე არ მეგრძნო. დღემდე მეუბნება: ის დრო რომ მახსენდება, ისე საშინლად განვიცდი, თითქოს ისევ შორს ხარო. თან ისეთი დრო იყო, რომ უსახსრობის გამო ხშირად ვერ ჩამოვიდოდა იქ. მე ვსწავლობდი, თავისუფალ დროს კი ბარში ვმუშაობდი ოფიციანტად. შეგროვილი ფულით არდადეგებზე პარიზში მივდიოდი მეგობრებთან ერთად. დედა ყველანაირ შრომას აფასებს და არც ის გაუპროტესტებია, რომ მისი ერთადერთი შვილი მიმტანი იყო (იცინის). იმ პერიოდში დედას ისე უჭირდა უჩემობა, რომ ვფიქრობდი, უკეთესი იქნებოდა, და ან ძმა რომ მყოლოდა. მაგრამ, მარინა ყოველთვის იმდენ საქმეში იყო ჩართული, მეორე შვილს ვერ გააჩენდა. სამაგიეროდ, მე გავაჩინე სამი შვილი. თუმცა, ჩემს ყველა ორსულობას ისე განიცდიდა, მესამე ბავშვზე რომ ვიყავი ფეხმძიმედ, მე და ჩემი ქმარი ამას საგულდაგულოდ ვმალავდით. (იცინის).

– შვილების გაზრდაში გეხმარებათ?

– არა, მარინა არაა კლასიკური ბებია. იმდენი საქმე აქვს, ბავშვებით აღარ ვაწუხებ. რაც გავთხოვდი მას შემდეგ, ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. დედა თითქმის ყოველდღე მოდის ჩვენთან, თუმცა ბავშვებთან დიდხანს გაძლება არ შეუძლია. ადრე ამის გამო სულ ვსაყვედურობდი: რა დაგემართა, შენი მეგობრები ასეთი გადარეული ბებიები არიან და შენ რატომ არ შეგიძლია დაიტოვო ბავშვები-მეთქი? მერე მივხვდი, რომ არ შეუძლია და რა ქნას? მას ბავშვებს მხოლოდ გამოუვალ სიტუაციებში ვუტოვებთ. გასულ წელს, მე და ჩემი მეუღლე, დასასვენებლად წავედით, ბავშვები მარინასთან დარჩნენ. საღამოს ცხრა საათზე რომ დავრეკავდი, ბავშვები უკვე ლოგინში იწვნენ. გესტაპო ხომ არ ხარ, როგორ აწვენ ბავშვებს ასე ადრე, ძილის წამალს ხომ არ უყრი საჭმელში-მეთქი? – ვეკითხებოდი. მართლა მკაცრ რეჟიმში ჰყავდა ბავშვები, ადრე აძინებდა მათ და თვითონ სიგარეტით ხელში, ბედნიერად გრძნობდა თავს. (იცინის).

– ქალბატონ მარინას ძალიან მკაცრი იმიჯი აქვს, ოჯახში, ახლობელ ადამიანებთანაც ასე მკაცრია?

– მეც ბევრჯერ გამიგია დედაჩემზე ასეთი შეფასება, თუმცა ის არც ისეთი მკაცრია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ასეთი იმიჯი ცხოვრებამ შეუქმნა. სანამ მამა მოუკვდებოდა, ძალიან უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა, მერე ბევრი ტვირთი დააწვა მხრებზე, დღემდე ასეა – არც ერთი დღე არ ყოფილა დამოკიდებული მამაჩემზე და მუდმივად საკუთარ თავს პატრონობს. მე ყოველთვის ძალიან მანებივრებდა, ბავშვობაში ისეთ დაბადების დღეებს მიხდიდა, ნამდვილ დღესასწაულებს მიწყობდა ხოლმე. წვეულებაზე „მის დაბადების დღეს“ ვირჩევდით. მოკლედ, ამაშიც ორიგინალური იყო. (იცინის) არასდროს ყოფილა ჩემთან მკაცრი, თითქმის არაფერში მზღუდავდა – ყველგან დავდიოდი მეგობრებთან ერთად. მე თავად ვიცოდი, რომ იყო, რაღაცეები, რაც არ უნდა გამეკეთებინა. ჩვენ შორის ურთიერთობა აგებული იყო ნდობაზე. იმის მიუხედავად, რომ დედა აქტიურად ერეოდა ყველაფერში, რაც ჩემს თავს ხდებოდა, მაინც ახერხებდა იმას, არ ვყოფილიყავი მის კალთას გამოკერებული შვილი. მეც არაფერს ვუმალავდი მას, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პაემანს... 25 წლის ვიყავი, როდესაც დავოჯახდი. დიდი ქორწილი გადაგვიხადეს, ყველაფრის ორგანიზატორი დედა იყო. დარბოდა მარაოთი ხელში და ყველაფერს აკონტროლებდა. (იცინის) ჩემს ქორწილში თითქმის ყველა მომღერალი იყო დაპატიჟებული, გიო, ლელა, გომართელი, მთელი „ივერია“, ქორწილი კი არა, ნამდვილი კონცერტი გამოვიდა. ჩემდა გასაკვირად, მამას უფრო გაუჭირდა ჩემს გათხოვებასთან შეჩვევა, ძალიან მოწყენილი იყო (იცინის).

– მარინამ, ალბათ, დიდ „პრესში“ გაატარა სასიძო.

– არა, ჩემი მეუღლე ჩემი თანაკლასელია, მთელი ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული. დედა ძალიან კარგად იცნობდა სანდროს, მის ოჯახს, ალბათ, ამიტომაც არ გაუჭირდა სიძესთან შეგუება. ახალი გათხოვილი რომ ვიყავი, დღეში ასჯერ ველაპარაკებოდი დედას ტელეფონზე. ჩემი მეუღლე ამაზე გიჟდებოდა: შეიძლება ამდენი ლაპარაკიო? მერე მიხვდა, რომ ამას ვერ გადაგვაჩვევდა და ხელი ჩაიქნია ჩვენზე.

– დედა ძალიან აქტიური და პოპულარული ადამიანია. მისი დახმარებით არც თქვენთვის იქნებოდა რთული კარიერის აწყობა. თქვენ რატომ არ აქტიურობთ? მის ჩრდილში ყოფნა ხომ არ გიწევთ?

– არა, მე ჩემი ადგილი მაქვს, დედას – თავისი. მე უფრო მშვიდი ცხოვრება მომწონს, თუმცა არც მე ვარ უსაქმური. (იცინის) ორ ადგილზე ვმუშაობ. ჩემს მეუღლეს ბიზნესი აქვს და მის ფირმაში ერთ-ერთ მიმართულებას ვხელმძღვანელობ. ამას გარდა, გასულ წელს მეგობრებთან ერთად გავაკეთე ივენთ-კომპანია „გალა ჯგუფი“, ნელ-ნელა მეც ვუახლოვდები შოუ-ბიზნესს. ჯერჯერობით კომერციული თვალსაზრისით მოგებაზე საუბარი ზედმეტია. პირიქითაც ხდება, მაგრამ ეს უკვე ჩემი ქმრის თავსატეხია, რადგან ფინანსურად მთლიანად მასზე ვარ დამოკიდებული. (იცინის).

– დედას არ ჰგავხარ ხასიათით?

– არა, მე უფრო მამას ვგავარ. მამას ძალიან დამთმობი ხასიათი აქვს. ისიც დედასავით ემოციური რომ იყოს, ერთმანეთს ვერ გაუძლებდნენ. დედას შეიძლება არც კი უნდოდა, რომ მისი ხასიათი მქონოდა. ის ძალიან აქტიურია, თავის გატანა შეუძლია ყველა სიტუაციაში. პიროვნულად ძლიერი ადამიანია, რაც ძალიან ღლის ქალს. ბევრჯერ დაიწყო ცხოვრება თავიდან. როცა მე გერმანიაში ვსწავლობდი, მეგობართან ერთად კაზინო „ორი ჯუჯაც“ კი გახსნა, რომ შემოსავალი ჰქონოდა. მაშინ შოუ-ბიზნესი ჩამკვდარი იყო და რაღაცნაირად ხომ უნდა ერჩინა ოჯახი? იმ პერიოდში თბილისში „მხედრიონი“ მძვინვარებდა, საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო, მაგრამ დედა ისე მართავდა კაზინოს, ერთი კონფლიქტიც კი არ მოსვლია. როცა „შერატონი“ გაიხსნა ივენთების მოწყობა მოიფიქრა. იმ დროს იქ მხედრიონელები ცხოვრობდნენ. დედა და მისი მეგობარი მარინა გუნია ქურქებით რომ შედიოდნენ სასტუმროში, სიტუაცია ისე ჰქონდათ მოგვარებული, „მხედრიონელები“ ფეხზე უდგებოდნენ და „ჩესტით“ ხვდებოდნენ ხოლმე (იცინის).

– თავისუფალ დროს ერთად როგორ ატარებთ?

– როგორც კი დედა თავისუფალ დროს მოძებნის, მირეკავს და სადმე კაფეში ვსხდებით. „გავეპარებით“ ხოლმე ჩვენს ქმრებს და ერთად მშვენიერ დროს ვატარებთ. დედა მიყვება თითქმის ყველაფერს, რაზეც სხვებთან არ საუბრობს. ვატყობ, რომ უკვე ჩემი აზრიც აინტერესებს. მასზე გავლენის მოხდენა ძალიან რთულია, მაგრამ მგონი, მე ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც მისი ყველაფერზე დაყოლიება შეუძლია, (იცინის) ახლა უკვე საიდუმლოებებსაც მიმხელს. თუმცა, როგორც ამას წინათ თავის მეგობართან ერთად გამომიტყდა, თურმე, კიდევ ბევრი აქვთ ჩვენთვის მოსაყოლი. (იცინის) ადრე არ მელაპარაკებოდა თავის საქმეებზე, ეტყობა, არ უნდოდა, ჩემი ცხოვრებაც გართულებულიყო მისი ყოფითი პრობლემებით. მე ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც მარინა არ უყვარს. ამას ძალიან განვიცდი. ვცდილობ, რომ როგორმე გავუიოლო ცხოვრება, ვამშვიდებ, როცა რამეზე ნერვიულობს. რამდენჯერმე თბილისიდანაც „მოვიტაცე“. როგორც თვითონ ამბობს, უცხოეთში ყველაზე კარგ მეგზურობას მე ვუწევ. მეც ვცდილობ რომ, როგორმე ვალი დავუბრუნო და ახლა მე მოვუწყო სიურპრიზები (იცინის). გასულ წელს, მის დაბადების დღეზე პარიზში წავედით, იქ კურიოზულ სიტუაციაშიც აღმოვჩნდით. აქედან რომ წავედით, თბილისში არეული პოლიტიკური სიტუაცია იყო, ჩავედით პარიზში და იქაც დემონსტრაციების შუაგულში აღმოვჩნდით. მერე ჩვენი სასტუმროს მახლობლად, შენობას ცეცხლი გაუჩნდა და შუაღამისას ქუჩაში გამოგვიყვანეს. აღარ ვიცოდი, რა გამომეტანა ნომრიდან. შუაგულ პარიზში ვიდექით მე და დედა, პერანგზე ხალათი გვქონდა მოცმული. დედა მეკითხებოდა: ახალი კაბა ხომ წამოიღეო? ჩაცმა მისი სისუსტეა და გაუჭირდა სასტუმროში ახალი ტანსაცმლის დატოვება. (იცინის) ასეა, სულ იბრძვის. მისთვის არ არსებობს გამოუვალი სიტუაციები. მე ვიცი, რომ ჩემს ზურგს უკან დგას ქალი, რომელიც არასდროს არაფერს გამიჭირვებს. ის არის ჩემი მშვიდი ცხოვრების გარანტი... (იცინის).



თამუნა სამადაშვილი


скачать dle 11.3