კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა მამუკა გამყრელიძე „ვაკელების ცვენაში“ და რატომ ცხოვრობდა ის 17 წელი კატორღაში



უკვე ერთი თვეა, რაც პოპულარულ გადაცემას „ვის უნდა ოცი ათასი“ ახალი წამყვანი ჰყავს. 51 წლის მამუკა გამყრელიძე, ქართული საზოგადოებისთვის უცნობი სახე, ქართულ ტელესივრცეში სრულიად შემთხვევით მოხვდა. ექსპერიმენტების მოყვარულს შოუმენის როლის მორგება არ გასჭირვებია, უფრო მეტიც, ის როლში ისე შევიდა, რომ საკუთარი ცხოვრების ახალი და განსხვავებული ეტაპი თავადაც ძალიან მოსწონს – 17 წლის შემდეგ დაუბრუნდა იმას, რაც ყველაზე მეტად აკლდა. მართალია, მშობლიურ ქალაქში თითით ჩვენება მაინცდამაინც არ ხიბლავს, მაგრამ ზუსტად იცის პოპულარობა რომ უმსხვერპლოდ არ არსებობს, ახალ გადაცემას უკვე რამდენიმე პერანგი „შეწირა“ და ახალი მსხვერპლისთვისაც მზად არის.



– როგორ შეეჩვიეთ ტელეწამყვანისა და შოუმენის ამპლუას?

– ჩემს ახალ ამპლუასთან შეჩვევა ძალიან არ გამჭირვებია. მართალია, პირველ გადაცემაზე მეუბნებოდნენ, გეტყობოდა, რომ ნერვიულობდიო, მაგრამ მე არ ვგრძნობდი თავს ცუდად. საერთოდ, საშინელი მეხსიერება მაქვს. პირველი გადაცემისთვის საკმაოდ მოზრდილი ტექსტი უნდა დამეზეპირებინა. ბევრი ვიმეცადინე, მაგრამ მაინც ინტერპრეტაციები დამჭირდა. საერთოდ, ხასიათით ექსპერიმენტალისტი ვარ, მიყვარს ექსპერიმენტები. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე ბევრჯერ შევიცვალე საქმიანობის პროფილი, ბიზნესშიც მოვსინჯე ძალები, თუმცა იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ტელევიზიაში მოვხვდებოდი. მსუბუქი ხასიათის კაცი ვარ, ოღონდ მსუბუქი ყოფაქცევის არ გეგონოთ (იცინის). შესაბამისად, ტელევიზიაში მეგობრებთან მისულმა, უცებ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მუშაობა დამეწყო. თავიდან მეგონა, რომ არაფოტოგენური ვარ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეც არ ყოფილა საქმე. მაქვს სხვა პრობლემებიც – როცა ვნერვიულობ, ენას „ვუკიდებ“ ხოლმე, ხანდახან გადაცემაშიც „მეჭედება“, მაგრამ ყურში ისეთი მარჯვე თეა „მიზის,“ ის რომ არ მშველოდეს, დავიღუპებოდი (იცინის).

– თქვენ ქართული საზოგადოებისთვის უცნობი სახე ხართ, უცებ გამოჩნდით ტელეეკრანზე. აქამდე სად იყავით?

– აქამდე მოსკოვში ვიყავი, სამი თვეა, რაც თბილისში ჩამოვედი (იცინის). ისე, ვაკეში, კარგ ოჯახში ვარ დაბადებული და გაზრდილი. ერთხანს იმ ეზოშიც ვცხოვრობდი, სადაც „ჩვენი ეზოა“ გადაღებული. პირველ სკოლაშიც ვსწავლობდი, 55-შიც. ჩემი მშობლების ოცნება იყო, ექიმი გამოვსულიყავი, მე კი ბიოლოგობა მინდოდა. დიდი ალიაქოთის შემდეგ, წავედი და ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში ჩავაბარე. იქ ძირითადად სამედიცინო ინსტიტუტში ჩაჭრილი აბიტურიენტები სწავლობდნენ, ვაკელების ცვენა იყო. თავიდან კარგი სტუდენტი ვიყავი, მერე ინტერესი დავკარგე, შევეშვი სწავლას და ძალიან ცუდად ვსწავლობდი. ამის მიუხედავად, საქმე „ჩამიწყვეს“ და მუშაობა დავიწყე ზოოლოგიის ინსტიტუტში, საიდანაც ასპირანტურაშიც ჩავაბარე გამოცდები. იმ პერიოდში ძალიან ბევრ ექსპერიმენტში ვიღებდი მონაწილეობას, ძალიან მაინტერესებდა ერთუჯრედიანი ორგანიზმების კვლევა. ჩემი სტიქიაა მიკროსკოპი, მაგრამ, იმდენი ხანია, ამ საქმიანობას თავი დავანებე, რომ უკვე დისკვალიფიკაცია მაქვს (იცინის). იმ პერიოდში, ერთ-ერთ ექსპერიმენტზე მუშაობის დროს, ლამის საფრთხე შევუქმენი მეუღლეს, რომელიც მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ – სახლში მივიყვანე პარაზიტებით დასნებოვნებული ძაღლი. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ჩემს მეუღლეს ექიმებმა დაუსვეს დიაგნოზი, რომ, თუ ბავშვს არ მოიცილებდა, ის დაავადებული დაიბადებოდა. საშინელ სიტუაციაში აღმოვჩნდით, მაგრამ, გაგვიჩნდა გადასარევი თამარი, რომელიც ძალიან კარგი და ჭკვიანი გოგონაა. ასე რომ, ლამის ყველაზე ძვირფასი შევწირე ჩემს ექსპერიმენტს (იცინის). სამეცნიერო საქმიანობას უფრო მოგვიანებით დავანებე თავი. იმ პერიოდში თბილისში წამოვიწყე ბიზნესი – მეგობართან ერთად ერთობლივი საწარმო მქონდა გახსნილი და, ხან რას ვაკეთებდით, ხან – რას: ერთხანს ტელევიზორებს ვაწყობდით, მერე საახალწლო სათამაშოებს. არაოფიციალური ბიზნესი იყო, თითქმის არალეგალური, თუმცა ბევრ ფულს ვაკეთებდით. მერე ესეც მომწყინდა, მოვკიდე ცოლ-შვილს ხელი და მოსკოვში წავედი. საბედნიეროდ, ძალიან კომუნიკაბელური ვარ, იოლად ვამყარებ ადამიანებთან ურთიერთობებს, მოსკოვში ყველაფერი კარგად ამეწყო, ბევრი მეგობარი იყო ჩემს ირგვლივ. ერთი პატარა ბინა მქონდა დაქირავებული და იქ ქართული ამბები მიდიოდა (იცინის). მიყვარს კარგი დალევა, მოლხენაც, მაგრამ ამ საკითხში ტიპური ქართველი მაინც არ ვარ. „ღვინო, დუდუკი და ქალები“ ძალიან „მეყანება“. მიყვარს კარგი სასმელი და კარგი საჭმელი, გურმანი ვარ.

– რუსეთში რა ბიზნესი გქონდათ?

– ჯერ სამშენებლო ბიზნესში ჩავერთე, იპოთეკური ბიზნესიც გვქონდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ჯერ ერთმა შვილმა გადაწყვიტა აქეთ წამოსვლა, მერე – მეორემ. მათ ჩვენი მეგობრებიც მიჰყვნენ და დავრჩით მე და ჩემი ცოლი მარტო. ერთ საღამოს, როცა ის თავის კომპიუტერთან იჯდა, მე ჩემს ნოუთბუქში ვიყავი თავჩარგული, ვერ მივხვდით, რას ვაკეთებდით და ორივე დავრწმუნდით, რომ ჩვენი თბილისში დაბრუნების დრო დადგა.

– აწყობილი ბიზნესი ვის დაუტოვეთ? გიგზავნით ვინმე წილს მოსკოვიდან?

– ჩემი მეგობრები და საქმიანი პარტნიორები არ მომატყუებენ, ისინი მიხედავენ ჩვენს ბიზნესს, თუმცა მათ გადმობირებასაც ვცდილობ აქეთკენ (იცინის). ჩემი მეგობარიც თბილისშია დაბადებული, მაგრამ მან ჩემგან განსხვავებით, ვერ შეძლო, რომ შვილები ქართულად აღეზარდა. ჩემს სახლში მხოლოდ ქართულად საუბარი ისმოდა, ამიტომაც ჩემს შვილებს სულ უნდოდათ სამშობლოში დაბრუნება. მეც ვეღარ გავჩერდებოდი მოსკოვში, უკვე გაუსაძლისი სიტუაცია იყო. ბუნებით პროვინციალი ვარ, ჩემნაირი ადამიანისთვის მეგაპოლისში ცხოვრება საშინელებაა. 17 წელი ვიცხოვრე საგიჟეთში, რაც რეალურად კატორღა იყო ჩემთვის. იქაურ რეჟიმს აქაური მირჩევნია – აქ ძალიან კარგად ვარ, ხან მეზობელი დაგიძახებს, ქუჩაში ბავშვობის მეგობარს შეხვდები, გაიხარებ, იმასაც გაუხარდება. ამ ქალაქს სხვანაირი აურა აქვს, მიყვარს ეს აურა. ეს ურთიერთობები ძალიან მაკლდა იმ მეგაპოლისში. აქ მეგობრობის აღქმა სხვანაირია. მოსკოვში მარცხნივ ან მარჯვნივ გადადგამ ნაბიჯს და შეიძლება დაიღუპო; აქ თუ შეცდომას დაუშვებ, გაპატიებენ ან არ გაპატიებენ, მაგრამ რაღაცას მაინც მოაგვარებ. იქ ძალიან მკაცრი წესებია.

– აქ უხელფასოდ მუშაობას რომ დასთანხმდით, ოჯახი როგორ უნდა შეინახოთ?

– მე არ ვარ დიდი მოთხოვნების ადამიანი, სულ არ მჭირდება ბევრი ფული. მანქანაც არ მყავს, მიყვარს ფეხით სიარული. უხელფასოდ მუშაობას აქვს თავისი ხიბლი, ბოლოს და ბოლოს, კონტრაქტი არ მაქვს დადებული, თუ რეიტინგი არ ექნება ჩემს გადაცემას, არავინ დამიჭერს, როგორც მოვედი, ისე წავალ. მომწონს გადაცემის ფორმატი. ქველმოქმედება კარგია, ძალიან კარგი (იცინის).

– თბილისში როგორ ცხოვრობთ, მოსკოვის ფონზე, აღმოაჩინეთ ადგილები, სადაც კარგად დასვენება და გართობა შეიძლება?

– ვიპოვე ასეთი ადგილები. კუს ტბაზე დავდივარ ყოველ დილით, ვაკის აუზზე, „ბენდუქიძის ბასეინს“ რომ ეძახიან. ამ ზამთარს მთლიანად გადავსახლდები იქ. ხშირად დავდივარ მასაჟზე, რაც ჩემთვის რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა (იცინის).

– ფეხით დავდივარო, ბრძანეთ, როგორ ატყობთ, პოპულარული ხდებით?

– დიახ, ქუჩაში თითით ისე აჩვენებენ ჩემზე, თითქოს ზოოპარკის მაიმუნი ვიყო. ბავშვებში ძალიან პოპულარული გავხდი, ავტოგრაფებს მთხოვენ ხშირად. რომ გითხრათ, ძალიან მომწონს პოპულარობა, არ ვიქნები მართალი. ჩემი სიმაღლიდან გამომდინარე, მთელი ცხოვრება „ვმალავდი“ საკუთარ თავს. ახლა ცხოვრებაში პირველად მოვხვდი ასეთი დიდი აუდიტორიის თვალსაწიერში, რაც მაინცდამაინც კომფორტული არაა, არადა, მე სულ სადღაც დავდივარ. რაც ჩამოვედი კახეთიც მოვინახულე, რაჭაც, ზედაზენზეც ვიყავი. ძალიან ლამაზი ეკლესია ვნახე, მთაზეც ავედი, თუმცა მე არ ვარ ტყე-ღრეში მოსიარულე კაცი. ბუნება ძალიან მიყვარს, ოღონდ ტელევიზორში. სტუდენტობისას, ჩემი მეგობრები სულ ოლიმპიადებზე დადიოდნენ მე ერთხელაც არ ვყოფილვარ წასული. მე მიყვარს კომფორტი, თეთრი ზეწარი, პლედი, კარავი... საძილე ტომარა არაა ჩემი საქმე. ის, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, პატარა ევროპულ ქალაქებში სიარულია, კაფეში დაჯდომა, ყავა და ხალხის თვალიერება.

– ახლა ვეღარ ივლით ევროპაში, გადაცემებს ხომ არ ჩაშლით?

– ისე კარგად ვივლი, რომ!.. ხომ გითხარით, კონტრაქტი არ მაქვს დადებული, ასე უკეთესია. სიტყვიერად შევთანხმდით მთავარ „პუნქტებზე“, არ მინდოდა, რომ ჰალსტუხით „გაყრონჭვა“ მოეთხოვათ და ამაზე დამეთანხმნენ გადაცემის ინგლისელი ავტორები.

– ახალი სამოსი არ შეგიძინეს?

– არა, რა სამოსი! ერთი კოსტიუმი მაჩუქა ტელევიზიის დირექტორმა, ისიც, მგონი იმიტომ, რომ თვითონ დიდი ჰქონდა (იცინის). თუმცა ეს კოსტიუმი გადაცემის ჩაწერის დროს უკვე გამომადგა. ტანსაცმელი კი არა, ჩემს პერანგებს ექმნებათ საფრთხე – გრიმმა უკვე იმდენი პერანგი „შეიწირა“ ზარალში ვარ (იცინის).

– თქვენ, თურმე, ისე ხშირად იცვლით სამსახურებს, მალე, შესაძლოა, სხვა ამპლუაშიც გიხილოთ.

– ჯერჯერობით სხვა გეგმები არ მაქვს, კოსმოსში გაფრენას არ ვაპირებ, რადგან ძალიან მეშინია ფრენის, თუმცაღა, მთელი ცხოვრება დავფრინავ. კიდევ მაქვს ერთი ჩანაფიქრი: გადაცემის გაკეთება მინდა, ვცადე საპილოტო გადაცემის გაკეთება დავტანჯე პროდიუსერი, მაგრამ ჩემი გადაცემა მაინც საშინელება გამოვიდა, იმიტომ, რომ მოუმზადებელი ვიყავი. ერთბაშად მოვინდომე ტელევიზიების დაპყრობა, რის გამოც კარგადაც მომხვდა ცხვირში. მივხვდი, რომ ისე არაა, როგორც გვგონია. მე არც სწავლის მრცხვენია, არც რჩევის კითხვის. როგორც ავფრინდი ფანტაზიებში, ასევე დავფრინდი, ასე რომ, ამ იდეის განხორციელება სამომავლოდ გადავდე. გამოვა – ხომ კარგი, თუ არა და, როგორც მეცნიერები ამბობენ, უარყოფითი შედეგიც ხომ შედეგია... (იცინის).



თამუნა სამადაშვილი


скачать dle 11.3