კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო თქვა ჰოლივუდის დიდ ჰონორარზე უარი დათო პაპავამ და როგორ აღმოჩნდა ის სამოთხეში



დათო პაპავა, იგივე დავით გურჯი, რომელსაც ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ნიჭიერი და საინტერესო რეჟისორი, პროდიუსერი და მსახიობია. თუმცა მას ძირითადად უცხოეთში უწევს მუშაობა. დათო ამჟამად კოლუმბიაში ცხოვრობს, ქალაქ ბოგოტაში და უკვე მესამე სპექტაკლის დადგმას გეგმავს.



დათო პაპავა: საქართველოდან შარშან წამოვედი, დეკემბრის დასაწყისში. ჯერ გავემგზავრე ლონდონში, სადაც დაახლოებით, ორი თვე დავყავი, ხოლო თებერვალში ჩავედი კოლუმბიაში და დღემდე აქ ვიმყოფები. როგორც იცით, საქართველოში საკმაოდ დიდი გეგმები მქონდა, ჩამოვაყალიბე თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, საერთაშორისო გეგმებიც გვქონდა, ფესტივალების ჩატარებასაც ვაპირებდი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა. ალბათ, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდებოდა ფინანსური დახმარება მთავრობისგან, მერიისგან, მაგრამ ომის შემდეგ სიტუაცია აირია და ყველაფერი ჩაგვეშალა. იმ ერთი წლის განმავლობაში, სანამ თეატრ „გლობუსის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი, დავდგით ოთხი სპექტაკლი. ჩვენი გვინდოდა ახალგაზრდებისთვის, რეჟისორებისთვის, მსახიობებისთვის, მწერლებისთვის, მხატვრებისთვის მიგვეცა საშუალება საკუთარი თავი და ნიჭი გამოევლინათ. ჩამოვიყვანეთ ინგლისის ნაციონალური თეატრის გენერალური დირექტორი, ნიკ სთარი და ლონდონში ერთ-ერთი წამყვანი თეატრის „იანვიკის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ჩემი მეგობარი დევიდ ლანი. მათ ბევრი სპექტაკლი ნახეს თბილისში, მაგრამ ერთადერთი, რომელიც მოეწონათ, ეს იყო ჩვენს თეატრში ექსპერიმენტული ხედვით დადგმული, თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული. მათ სპექტაკლის რეჟისორი და მხატვარი ერთი თვით, ნაციონალურ თეატრში სტაჟირებაზე მიიწვიეს. კიდევ ბევრი გეგმა გვქონდა, მაგრამ დღეს საქართველოში არ არის ის სიტუაცია, რომ მთავრობამ ფოკუსირება ხელოვნებაზე მოახდინოს.

– როგორც ვიცი, კოლუმბიაში უკვე დადგი რამდენიმე სპექტაკლი.

– ბოლო წლებში მოწვევები მაქვს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ამ შემთხვევაშიც ასე იყო და გავემგზავრე კოლუმბიაში. აქ უკვე მოვასწარი ორი სპექტაკლის დადგმა და ახლა მესამეზე ვმუშაობ. ვცხოვრობ ბოგოტაში და იმავდროულად პროფესორად ვმუშაობ თეატრალურ ინსტიტუტში. მყავს მსახიობებისა და რეჟისორების ჯგუფი. თუმცა, დროდადრო სხვა ქალაქებიდან მაქვს მოწვევები. მასტერკლასებს ვუტარებ მსახიობებსა და რეჟისორებს, შესაბამისად, მიწევს სხვადასხვა ქალაქებში წასვლა. მასტერკლასებს ძირითადად კოლუმბიელებს ვუტარებ. ზოგი მათგანი უკვე პროფესიონალი, ჩამოყალიბებული და წარმატებული მსახიობია. კოლუმბიაში ძალიან კარგად არის განვითარებული კინო, ტელევიზია. კოლუმბიაში საუკეთესო მსახიობად რომ მიიჩნევა, და ვარსკვლავები არიან, ისინიც იღებენ მონაწილებას ჩემს მასტერკლასებში. ასევე მყავს ახალგაზრდები, რომლებიც ახლა დგამენ ნაბიჯებს ამ სფეროში.

– საინტერესოა, კოლუმბიელებისთვის როგორი მასწავლებელი ხარ.

– მიხეილ თუმანიშვილი საკმაოდ მკაცრი, მომთხოვნი პედაგოგი იყო, ისევე როგორც სხვა პედაგოგები და შესაბამისად, მეც ასეთად ჩამოვყალიბდი, მომთხოვნი და მკაცრი. პროფესიასთან დაკავშირებით არასდროს მივდივარ პრინციპულ დათმობებზე. მიყვარს პროფესიონალიზმი და ვისთანაც ვმუშაობ და ვისაც ვასწავლი, ყველასგან პროფესიონალიზმს ვითხოვ.

– მოდი, ახლა იმ სპექტაკლებზეც მესაუბრე, რომელიც კოლუმბიაში დადგი.

– კოლუმბიაში ჩამოსვლისთანავე დავიწყეთ რეპეტიციები და პრემიერა გვქონდა აპრილში. როგორც იცით, მანამდე ორჯერ ვიყავი კოლუმბიაში და დავდგი მარკესის „მარტოობის ასი წელიწადის“ პირველი და მეორე ნაწილი. მესამე სპექტაკლი იყო მესამე ნაწილი და აპრილში ის ვითამაშეთ ტრილოგიის სახით, ანუ სამი ნაწილისგან იყო სპექტაკლი შემდგარი. მაისში დავიწყე ახალი სპექტაკლის დადგმა და ივლისის დასაწყისში ვითამაშეთ „კავკასიური ცარცის წრე“. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო სპექტაკლი იყო. რამდენიმე თეატრალური ექსპერიმენტი ჩავატარე და მგონი, გაამართლა. რეზონანსიც კარგი იყო, მაყურებელს ძალიან მოეწონა.

– როგორი გამოხმაურება ჰქონდა „მარტოობის ას წელიწადს“? როგორც ვიცით, პირველ და მეორე ნაწილს ძალიან დიდი მოწონება ხვდა წილად.

– ამ სპექტაკლებს ორი წლის განმავლობაში ვთამაშობდით. უამრავ ქალაქში ვიყავით, თვეების განმავლობაში ვთამაშობდით სპექტაკლს ნაციონალურ თეატრში და უკვე მაყურებელმა იცოდა მის შესახებ. პრესაც ძალიან კარგი მქონდა. აქ კონკურსის სახით ირჩევენ ხოლმე წლის საუკეთესო სპექტაკლს და ორი წლის წინ „მარტოობის ასი წელიწადი“ იყო წლის საუკეთესო სპექტაკლად მიჩნეული. მესამე ნაწილი კი უფრო გრანდიოზული იყო და მიმაჩნია, რომ ყველაზე საუკეთესო ამ სამი ნამუშევრიდან. ამას მაყურებელიც აღნიშნავდა. სპექტაკლი, მსახიობები ამ სამი წლის განმავლობაში იზრდებოდნენ და შესაბამისად, სპექტაკლის ფორმა, ხარისხი უფრო კარგი ხდებოდა. ჩემი აზრით, ბოლო დადგმა იყო ყველაზე საინტერესო. ჩვენ ამ სპექტაკლით უკვე მოვიარეთ მთელი კოლუმბია და გარდა ამისა, ექვს სხვა ქვეყანაშიც ვიყავით. ტურნე მოგვიწყვეს, სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში მიგვიწვიეს და წარმატებით მოვიარეთ ეს ქვეყნები.

– დასის შემადგენლობა იგივეა, როგორიც პირველ და მეორე სპექტაკლებში იყო, თუ შეიცვალა?

– პირველ სპექტაკლში უფრო მსახიობების ახალგაზრდული ჯგუფი მყავდა, მეორე სპექტაკლში დავიმატე წამყვანი კოლუმბიელი მსახიობები. მესამე სპექტაკლი კი საუკეთესო მსახიობებით არის დაკომპლექტებული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მესამე სპექტაკლში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში ძალიან ცნობილმა ფოლკ-მომღერალმა, ტოტო მომპოსინარმა. მსახიობები თამაშობდნენ სცენაზე, სცენაზევე ისხდნენ მუსიკოსები და ტოტო ყოველ საღამოს ჩვენთან ერთად მღეროდა. გრანდიოზული პროექტი იყო, დარბაზი იტევდა 1 200 კაცს. სპექტაკლი ყოველღამე ანშლაგებით მიდიოდა და ორი თვის განმავლობაში ვთამაშობდით, ძალიან ბევრი უცხოელიც ჩამოდიოდა მის სანახავად.

– მარკესი თუ დაესწრო სპექტაკლს?

– ბოგოტა ზღვის დონიდან 3 500 მეტრზეა. რადგან მარკესი ასაკშია შესული, წნევები აწუხებს, ამიტომ არ ჩამოდის, ვერ რისკავს ჩამოსვლას. პირველი სპექტაკლი, რომელიც კარტაჰენაში დაიდგა, ის ნახა და მოეწონა.

– არ იყავი მის სანახავად?

– კი, ვინახულე, აგვისტოში ვიყავი კარტაჰენაში ჩასული და რამდენიმე დღე მასთან ერთად გავატარე. ჩვენ უკვე სამი წელია ვიცნობთ ერთმანეთს და მისი ოჯახის წევრები ჩემი ახლობლები არიან – მისი ძმა, განსაკუთრებით კი ძმისშვილი, ჩემი ძმაკაცია. სხვათა შორის ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა. რა თქმა უნდა, მარკესთან მის სანახავად და ასევე დასასვენებლად ჩავედი, ერთი თვე გავატარე იქ. ჩემმა მეგობარმა დათო ტურაშვილმა მომწერა, რომ სურდა მარკესის ერთი წიგნის თარგმნა და თუ არის საშუალება მას გავესაუბრო და წიგნის თარგმნა ვთხოვოო. ჩემი და მარკესის საუბრის ერთ-ერთი მიზეზი ეს საკითხიც იყო. გაგვიმართლა, მარკესმა ამის უფლება მოგვცა. როგორც ვიცი, დათომ უკვე დაიწყო თარგმნა და მალე გამოიცემა. ჯერჯერობით წიგნის სახელს სიურპრიზად შევინახავთ.

– როგორ გაატარე სამი დღე მარკესთან ერთად?

– როდესაც სამი წლის წინ პირველად ვნახე, მაშინ უფრო ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, ახლა ბევრად უფრო კარგ ფორმაშია და საკმაოდ საინტერესოდ გავატარეთ დრო. ბევრს ვსეირნობდით ზღვის პირას, ვსაუბრობდით ხელოვნებაზე, პოლიტიკაზე. რამდენჯერმე მის საყვარელ ბარშიც წავედით, სადაც ტრადიციულ მუსიკას უკრავენ. სხვათა შორის, მარკესმა მითხრა, არ მეგონა, თუ ეს პროექტი ასეთ გრანდიოზულ სახეს მიიღებდაო. ზაფხულში ესპანეთში იმყოფებოდა მარკესი და იქაურ პრესაში წაიკითხა სპექტაკლის შესახებ. იქიდან დარეკა, არ მეგონა, თუ ამ სპექტაკლში ასეთი წამყვანი მსახიობები ითამაშებდნენო, არც მისი უახლოესი მეგობრის ტოტოს მონაწილეობას ელოდა, სხვათა შორის ტოტო გაჰყვა მარკესს შვედეთში, როდესაც მას ნობელის პრემია გადასცეს და ტოტომ იმღერა იქ თავის მომღერლებთან ერთად. ტოტომ შარშან ფესტივალზე ნახა სპექტაკლი და ძალიან მოეწონა. როდესაც ვკითხე, თუ დაინტერესდებით ამ პროექტში მონაწილეობით-მეთქი, უარი არ უთქვამს, მარკესი არა მარტო ტოტოსთვის, ყველა კოლუმბიელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. სხვათა შორის, ტოტოს იმ დროს დაგეგმილი ჰქონდა ნიუ-იორკში ტური. აღარ წავიდა და ჩვენთან დარჩა.

– რა ხდება ჰოლივუდთან დაკავშირებით, შენ რამდენიმე ფილმში უკვე გადაგიღეს.

– როდესაც ლონდონში ვიმყოფებოდი, შემომთავაზეს ძალიან საინტერესო პროექტში მონაწილეობა. ოთხი თვის განმავლობაში უნდა მემუშავა. არჩევანი უნდა გამეკეთებინა, ან კოლუმბიაში წავსულიყავი ტრილოგიის დასადგმელად, ან – ჰოლივუდში ფილმში გადასაღებად. მე ავირჩიე მარკესი და კოლუმბია. რა თქმა უნდა, ჰოლივუდში ძალიან დიდი ჰონორარი შემომთავაზეს, მაგრამ მაინც ვარჩიე თეატრი და რეჟისურა.

– როგორია შენი კოლუმბიური ცხოვრების სტილი. როგორც ვიცი, ძალიან ლამაზ ადგილას ცხოვრობ.

– ვცხოვრობ ბოგოტის ყველაზე ძველ უბანში, რომელსაც ჰქვია ლაკანდელარია და ინკების აშენებულია. ყველაზე ლამაზი და საინტერესო უბანია, პატარა ქუჩებით, ლამაზი სახლებით. ზუსტად ასეთ ბინაში ვცხოვრობ, მაქვს ლამაზი ეზო, ორი ჰამაკი. ყველაზე საოცარი რაც აქ არის, ეს არის ყვავილებისა და ეგზოტიკური ხილის სიმრავლე, რომელიც ჩემს ბაღში იზრდება. მოკლედ, სამოთხეში ვცხოვრობ. საერთოდ ბოგოტა ძალიან საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობს. გამოფენები, კონცერტები იმართება, სპექტაკლები იდგმება. მოკლედ ცხოვრება ჩქეფს და განსაკუთრებით საინტერესოდ ვითარდება თანამედროვე ხელოვნება. სამწუხაროდ, ჩვენ ამ საკითხში მოვიკოჭლებთ.



ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3