მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
რა აუცილებელი პირობები უნდა შეასრულოს გვარმა, სანამ ის პატრიარქის წინაშე წარდგება დასალოცად და რისთვის არის აუცილებელი თითოეულ გვარს საკუთარი გერბი და დროშა ჰქონდეს
2011-03-02
ხატია კარანაძე

მას შემდეგ, რაც პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში გვარების საჯაროდ დალოცვა დაიწყო, უამრავმა ადამიანმა გამოთქვა დასალოცთა რიგში ჩადგომის სურვილი. მათი რიცხვი უკვე ისე გაიზარდა ახლაჩაწერილებს ერთი წლის შემდეგ მოუწევთ დალოცვა. რა ეტაპები უნდა გაიაროს გვარმა, პატრიარქის დალოცვა რომ დაიმსახუროს და რა წესების დაცვაა საჭირო გვარის დალოცვის შემდეგ, ამ თემებზე საქართველოს საგვარეულოთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი ალექსანდრე ნაზღაიძე გვესაუბრება

– თუ გვსურს, რომ პატრიარქმა დალოცოს ჩვენი გვარი, როგორ უნდა მოვიქცეთ ამისთვის?

– უპირველეს ყოვლისა, ინიციატივა უნდა მოდიოდეს გვარიდან. ჩვენ არ ვატყობინებთ მათ, გვარის დალოცვის მსურველები თავისით მოდიან. უმეტეს შემთხვევაში, ჯერ ერთი პიროვნება მოდის, იგებს, როგორ უნდა მოიქცეს, რომ მისი გვარი დაილოცოს. ჩვენ ვპასუხობთ, რომ უპირველესად, აუცილებელია, შედგეს საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მინიმუმ, სამკაციანი უნდა იყოს. ისინი აგვიხსნიან, თუ რა უნდათ. უმრავლესობას სურს დალოცვა, მაგრამ დალოცვას თავისი წესი აქვს. გასავლელია რამდენიმე ეტაპი. თუნდაც, როგორც ზიარებაზეა, სანამ ადამიანი ეზიარება, აუცილებელია დაიცვას მარხვა, იკითხოს ლოცვები და ასე შემდეგ. ზუსტად ასეა გვარის დალოცვის წინაც. აუცილებელია, მათი შემზადება დალოცვისთვის.

– რა ეტაპები უნდა გაიაროს გვარმა სანამ პატრიარქი დალოცავს?

– პირველ ეტაპზე ეს სამკაციანი ჯგუფი ატყობინებს მთელ გვარს, როდის უნდა შეხვდნენ, რათა ყველაფერზე მოილაპარაკონ და შეთანხმდნენ. უწმიდესმა სამების საკათედრო ტაძარში დარბაზი გამოგვიყო ასეთი მოლაპარაკებებისთვის და იქ ხდება გვარების შეკრება. შემდეგ ისინი აფუძნებენ საგვარეულო კავშირს. ირჩევენ გამგეობას, წინამძღოლს. შემდეგ აუცილებელია, გეგმების დასახვა – რა უნდა გააკეთოს გვარმა, რომ დალოცვის ღირსი გახდეს. ისე არ ხდება, რომ მოვიდნენ, ჩაეწერონ და მაშინვე დალოცოს პატრიარქმა. გვარმა ყველა ეს ეტაპი უნდა გაიაროს და შემდეგ წარდგება დასალოცად. აუცილებელია, წინასწარ დარეკონ და სიაში ჩაეწერონ.

– სიაში ჩაწერის შემდეგ დიდი ხანი უწევს გვარს ლოდინი, სანამ დასალოცად წარდგება?

– კი, საკმაოდ დიდი რიგია. მაგალითად, თუ ახლა ჩაეწერებიან სიაში, დალოცვა ნოემბრის ბოლოსთვის მოუწევთ. ფაქტობრივად, ერთი წლით ადრეა საჭირო ჩაწერა.

– რა იგულისხმება საგვარეულო კავშირის დაფუძნებასა და ამოქმედებაში?

– საგვარეულო კავშირის დაფუძნება ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენი ერი ქართული ცხოვრების წესს დაუბრუნდეს. დღემდე უკვე 500-მდე საგვარეულო კავშირია დაფუძნებული. რაც შეეხება ამოქმედებას, აუცილებელია, შედგეს წესდება, სადაც ჩაიწერება, თუ რა მიზნებს ისახავს საგვარეულო კავშირი. შემდეგ ისინი ერთი დიდი ოჯახივით იკვრებიან, ეხმარებიან ერთმანეთს. ერთ-ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანია, გვარმა იზრუნოს წინაპართა სახელების გახსენებაზე. უწმიდესმა მოგვიწოდა, წინაპრების შვიდი თაობა მოვიკითხოთ და ვიცოდეთ, თუ ვინ იყვნენ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ავაშენოთ საგვარეულო სალოცავები. გვარმა ამ ყველაფერს ერთად უნდა მოაბას თავი. პირადად ჩემთვის, ძალიან მტკივნეულია, ის, რომ ჩვენს საგვარეულო სოფელში უცხოელები მოდიან და ყიდულობენ მიწას. ასე ხომ ჩვენი სამშობლო ნელ-ნელა იყიდება. ეს ისევ და ისევ ჩვენი ბრალია. რატომ თვითონ არ ვყიდულობთ ქართულ მიწებს, როგორ უნდა დაგვასწროს ვიღაც იტალიელმა. როდესაც საგვარეულო კავშირში გვარის წარმომადგენლები გვერდში დაუდგებიან და დაეხმარებიან ერთმანეთს, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ქართველები ერთმანეთს უნდა ამოვუდგეთ მხარში.

– რაც შეეხება თქვენს ორგანიზაციას, როდის დაარსდა და რა შედის მის მოვალეობებში?

– ჩვენი ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს საგვარეულოთა კავშირი ჰქვია, დაარსდა 2003 წელს. ჩვენს მოვალეობაში შედის ყველა იმ საქმის მოგვარება და ორგანიზება, რაც გვარის დალოცვისთვისაა საჭირო. უნდა დავეხმაროთ და დავაკვალიანოთ გვარი, თუ როგორ მოიქცეს. როგორც უკვე გითხარით, დაახლოებით, 500-მდე საგვარეულო კავშირია დაფუძნებული და მათ ერთად ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთეს თავიანთი გვარებისთვის. მაგალითად, რაჭაში არსებობს სხირტლაძეების გვარი. მათ აქვთ საგვარეულო სოფელი, სადაც მთელმა გვარმა 425 ჰექტარი მიწა იყიდა. ამით მათ კონტროლი დააწესეს წინაპართა საგვარეულო მიწებზე. დაახლოებით, ასეთი შემთხვევა იყო შატილში. ჭინჭარაულების გვარმა დააწესა, სანამ მიწას გაყიდიან, მათი გვარის ხალხს ჰკითხონ, ხომ არ სურთ ამ მიწის ყიდვა და მხოლოდ ამის შემდეგ აქვთ უფლება, სხვა გვარს მიჰყიდონ. მსგავსი საქციელით თითოეული გვარი ინარჩუნებს საგვარეულო მიწებს და ადათ-წესებს.

– ესე იგი, როდესაც გვარს სურვილი გაუჩნდება, მათი გვარი პატრიარქმა დალოცოს, უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა მოგმართონ?

– დიახ, როდესაც გვარს დალოცვის სურვილი გაუჩნდება, ჩვენ უნდა მოგვმართონ და ყველანაირად დავეხმარებით, რომ პატრიარქის წინაშე წარდგნენ დასალოცად. ამ კავშირის თავმჯდომარე გახლავთ ავთანდილ არაბული, ენათმეცნიერი, პროფესორი, აკადემიკოსი და სხვა უამრავი ღირსებით შემკული პიროვნება. ასევე, გვყავს საპატიო თავმჯდომარე, საგვარეულო მოძრაობის სულისჩამდგმელი, ლევან ფრუიძე. საგვარეულო კავშირის დაფუძნება ხდება შაბათობით, დალოცვა – კვირაობით.

– როგორია დალოცვის წესი ტაძარში, როდესაც გვარი წარდგება პატრიარქის წინაშე?

– სანამ გვარი დასალოცად წარდგება ეკლესიაში, აუცილებელია ერთი ხატი წარადგინონ, რომელსაც თავის საგვარეულო ხატად აირჩევენ. ხატს ეკლესიაში დააბრძანებენ დალოცვის წინა დღეს. დალოცვის შემდეგ კი ხატს გამოაბრძანებენ და ისევ გვარს დაუბრუნდება. შემდეგ ეს ხატი იწყებს გვარში მოგზაურობას და შემოივლის მთელ საგვარეულოს.

– ოჯახურ მდგომარეობას თუ აქვს მნიშვნელობა გვარის დალოცვის წინ – ჯვარდაწერილია თუ არა ცოლ-ქმარი, სახლი თუ ნაკურთხია და ასე შემდეგ.

– რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს. ოჯახში არ უნდა იყოს ჯვარდაუწერელი ცოლ-ქმარი, მოუნათლავი ბავშვები და სახლი უნდა იყოს ნაკურთხი. ამ ყველაფრის მიუხედავად, გვარი დაილოცება, მაგრამ ხატის დაბრძანება არ შეიძლება. ამიტომ, დროულად უნდა მოგვარდეს მსგავსი პრობლემები. როდესაც ხატი მთელ საგვარეულოს მოივლის, შემდეგ კითხულობენ, თუ სად უნდა შეწირონ იგი. პასუხი კი ასეთია. არსად არ უნდა შეწირონ. ეს ხატი მათი გვარის საკუთრებაა. ამიტომ, ის თავიდან დაიწყებს გვარში მოგზაურობას და ასე იმოგზაურებს სამუდამოდ.

– რამდენ ხანში ერთხელ ხდება გვარების დალოცვა?

– გვარების დალოცვა ხდება ყოველკვირა დღეს, თუ მარხვა არ არის. მარხვის დღეებში დალოცვა არ ხდება. კვირას, დილის წირვის მერე იწყება ქადაგება და ქადაგების შემდეგ პატრიარქი იწყებს გვარების დალოცვას.

– როგორც ვიცი, საგვარეულო კავშირის ჩამოყალიბების შემდეგ, გვარი ირჩევს საკუთარ გერბს, დროშას.

– დიახ, უამრავ გვარს უკვე გერბიც აქვს და დროშაც. დროშა აუცილებელიც არის. როდესაც გვარი ეკლესიაში იკრიბება, საკუთარ დროშას აფრიალებს და გვარის წარმომადგენლები მის ირგვლივ იყრიან თავს, მათთან ერთად დგებიან. ჩვენ თითოეულ გვარს ვურჩევთ თვეში ერთი დღე დააწესონ და მთელი საგვარეულო შეიკრიბოს, რათა საკუთარ გვარში არსებულ პრობლემებზე ისაუბრონ და ერთად გადაჭრან ისინი.