მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
როგორ ამოწყვიტა გიორგი ბრწყინვალემ თავის რეზიდენციაში სტუმრად მიპატიჟებული მოღალატე დიდებულები
2010-07-21
ეკა სალაღაია


გიორგი ბრწყინვალემ მოღვაწეობის პერიოდში, მოღალატე, მონღოლთა მომხრე ერისთავები და ქართველი თავკაცები სიკვდილით დასაჯა. ეს იყო მკაცრი ღონისძიება იმიტომ, რომ გიორგი მეფემ მოტყუებით მიიწვია დარბაზობაზე მონღოლების მომხმარე ერისთავები და საქართველოს თავკაცები. თუ რატომ გაუსწორდა ქართველი მეფე ასე მკაცრად ყველა მოღალატეს ერთად, ამას ინტერვიუში ჩვენი რესპონდენტი ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე გვიამბობს.


ვაჟა კიკნაძე: შეიძლება ითქვას, საქართველო უომრად ჩაჰბარდა მონღოლებს. ძალიან ბევრი ამის შემდეგაც ბოლომდე ერთგული დარჩა მონღოლების და არათუ მათ წინააღმდეგ ბრძოლას არ ფიქრობდა, არამედ, როდესაც უკვე მონღოლთა უღლის გადაგდების მომენტი დადგა, ისევ მონღოლების მხარეს იყო.

– როგორ მოხდა მონღოლთა მიერ საქართველოს დაპყრობა?

– როდესაც მეცამეტე საუკუნის ოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში, მონღოლთა მიერ გამოგზავნილი რამდენიმე ნოინი და მათი ჯარები განძას მოადგა, მათ შედარებით ადვილად შეძლეს მისი აღება. შემდეგი პუნქტი იყო შამქორი. შამქორელებმა დახმარება სთხოვეს საქართველოს ერთ-ერთ დიდ ფეოდალს ვარამ გაგელს. ის ამ დროს, არცთუ ისე შორს, შამქორიდან, გარდაბანში იმყოფებოდა. იგულისხმება არა დღევანდელი, არამედ ისტორიული გარდაბანი ან გარდმანი, რომელიც სულ სხვა რეგიონს მოიცავდა და შამქორის სამხრეთით მდებარეობდა. როგორც კი ვარამ გაგელმა მონღოლთა გამოჩენის ამბავი შეიტყო, დახმარების ნაცვლად, გაიქცა და ქუთაისში გადავიდა. ქართველი დიდებულები ფიქრობდნენ, რომ იქ არ იყო მოსალოდნელი მონღოლთა გადასვლა, რადგან აღმოსავლეთიდან მოსული მტერი, ჩვეულებრივ, ლიხს იშვიათად გადადიოდა. ალბათ, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ქართული სამეფო კარის შეცდომა იყო, რომ ამ პერიოდში ყველა მნიშვნელოვან თანამდებობაზე მხარგრძელები ან მათი განშტოების წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. საბოლოოდ კი, მათ ხელში აღმოჩნდა მთელი საქართველოს ბედი. ვარამ გაგელიც მხარგრძელთა შთამომავალი გახლდათ, რომელსაც ბევრმა წარჩინებულმა მიჰბაძა.

– რაც შეეხება ქვეყნის პირველ პირს, რუსუდანს, ის ამ დროს სად იმყოფებოდა?

– ამ დროს, თვით რუსუდან მეფეც გაქცეულია ქუთაისში, რითაც ძალიან ცუდი მაგალითი მისცა მთელ ქვეყანას და დიდებულებს. მან იქიდან გასცა ბრძანება, რომ თუ მონღოლები დმანისამდე მოვლენ, თბილისი, ისნის გარდა, სადაც სამეფო პალატებია, გადაწვით და ისე ჩააბარეთ მონღოლებს, დამწვარი დედაქალაქიო. ეს იყო მისი ბრძოლის მთელი ტაქტიკა და მეთოდი. გასაგებია, რომ ამგვარად, ბრძოლა თავიდანვე წაგებული იყო. ამასთანავე, თავისი საქციელით, რუსუდანმა ცხადი გახადა არათუ ომის წაგება, არამედ მთელი დიდებულები წაახალისა, მონღოლთა მხარეს გადასულიყვნენ. სინამდვილეში, მართლაც ასე მოხდა.

– ცუდია, რომ მეფე გაიქცა, მაგრამ ჯარის მეთაური და ამირსპასალარი სადღაა ამ დროს?

– კაენის ციხეში იმყოფებოდა ამ დროს საქართველოს ამირსპასალარი და მთავარსარდალი ავაგ მხარგრძელი. უპირველესად მას უნდა გამოეჩინა ბრძოლის ინიციატივა, ფორმალურად მაინც შებმოდა მონღოლებს, მაგრამ რომ დაინახა სიტუაცია ისეთია, პასუხს არავინ მომთხოვსო, საქართველოს ამირსპასალარმა ცოტა ხანს დაიცადა თავის ციხეში, მაგრამ როგორც კი წყალი შეუწყვიტეს მაშინვე დანებება ინება. თუმცა, მარტო დანებება, არ იკმარა და მონღოლებს შეუთვალა, თქვენი ყმადნაფიცი, მორჩილი ვასალი და მეგობარი ვიქნებიო. ეს იქიდან ჩანს, რომ მემატიანეს ნათქვამი აქვს, მონღოლთაგან მან ძმობის ოქროს წყალი დალიაო.

– ეს რას ნიშნავს?

– ანუ, გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ, ავაგ მხარგრძელი მონღოლთა ძმად, მაგრამ უმცროს ძმად – ყმადნაფიცად შეირაცხა. ოქრო ჩააგდეს სამჯერ წყალში და ერთად დალიეს მონღოლებმა და ავაგ მხარგრძელმა. ეს რიტუალი იყო ძმადნაფიცობის აღმნიშვნელი. კავკასიაშიც არსებობდა ასეთი რიტუალი, მაგრამ კავკასიაში ფიცვერცხლი ერქვა და შეფიცულები ისეთ წყალს სვამდნენ, რომელშიც ოქროს ნაცვლად, ვერცხლს აგდებდნენ.

ავაგ მხარგრძელი არა უბრალოდ დანებდა მონღოლებს, არამედ ყმადნაფიცი და მეგობარიც კი გახდა მათი. არადა, როდესაც მეფე არ არის ქვეყანაში, ამირსპასალარს უნდა ეთავა ლაშქრის ორგანიზება და წინააღმდეგობის გაწევა. სამწუხაროდ, შემდგომში ბევრმა დიდმა ფეოდალმა და ერისთავმა მიჰბაძა მას.

– ვინ იყვნენ ეს სამარცხვინო მიმბაძველნი?

– მაგალითად: შანშე მხარგრძელი, – მანდატურთუხუცესი. ის მონღოლების შემოსვლისთანავე აჭარაში გაიქცა. თუმცა, როგორც კი შეიტყო, ამირსპასალარისა და მონღოლების „დაძმობილების“ ამბავი, ისიც უკან დაბრუნდა და მონღოლებს იგივე პირობით შეეკრა. ასევე მოიქცა ქუთაისში გაქცეული ვარამ გაგელიც.

ერთადერთი ადამიანი, რომელიც იბრძოდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსუდან მეფისგან არანაირი მითითება არ ჰქონია, ივანე ციხისჯარელი-ჯაყელი იყო. ის იქამდე ებრძოდა მტერს, სანამ მეფემ არ შეუთვალა, მარტო შენ ვერაფერს გახდები და დანებდიო. მხოლოდ ამ დიდმა ფეოდალმა, სამცხის სპასალარმა, საქართველოს ნამუსი მოსწმინდა იმით, რომ ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც წინააღმდეგობა გაუწია მონღოლებს. მარტო ერთი პროვინციის მეთაურს რა უნდა ექნა?! ამის შემდეგ, უკვე სავსებით აშკარა გახდა, რომ მთელი მეცამეტე საუკუნე ყველა დიდებულს, ვისაც კი მოღალატეობის სურვილი გააჩნდა, გზა გახსნილი ჰქონდა. ამას ყველანაირად მიესალმებოდნენ მონღოლები.

– რამდენ ხანს გაგრძელდა ასეთი ვითარება საქართველოში?

– ასე გაგრძელდა ას წელიწადს, ვიდრე ქვეყნის სათავეში მოვიდოდა გიორგი მეხუთე. იგი 5-6 წლის იყო, როდესაც მონღოლებმა სიკვდილით დასაჯეს მამამისი დემეტრე მეორე. ამის გამო, იძულებული გახდა, დედასთან ერთად გაქცეულიყო და შეხიზნულიყო პაპასთან, სამცხის სპასალართან. ამგვარად, გამყიდველობისა და გამცემლობის მთელმა მატიანემ ჩაიარა გიორგის თვალწინ. სწორედ ამითი იყო განპირობებული, რომ, როდესაც დადგა შესაფერისი დრო, გიორგი ბრწყინვალემ გადაწყვიტა, გადამჭრელი ზომები მიეღო.

– როდის მოხდა ეს, ან საიდან ვიცით, რომ გიორგი ბრწყინვალემ მოღალატეები დასაჯა?

– მოგეხსენებათ, ეგრეთ წოდებული ჟამთააღმწერლის ტექსტი, ზუსტად გიორგი ბრწყინვალის გამეფებაზე წყდება. ამიტომ, მერე რა მოხდა, ჩვენ მხოლოდ იქიდან ვიცით, რასაც წინასწარ გვეუბნება ავტორი, – შემდეგში მოგითხრობთ ამის შესახებო. თუმცა, ამის შესახებ არაფერი აქვს მოთხრობილი ჟამთააღმწერელს. იქვე მიწერილია ვახტანგ მეექვსის კომისიის მიერ გაკეთებული ერთი აბზაცი, ბერი ეგნატაშვილის მეთაურობით. ამ კომისიას ყველა ქართული წყარო გადაუსინჯავს, ბევრი უცდია, მაგრამ ამ ერთი აბზაცის მეტი ვერაფერი უპოვია.

– რას მოგვითხრობენ იმ ერთ აბზაცში?

– გიორგის მეფობის დროს მონღოლების შთამომავლებს შორის ერთმანეთში ტახტისთვის ქიშპობა დაიწყო. ამით დაეცა მათი იმპერია. როდის მოხდა ეს ამბავი, შეიძლება შემდეგი ფრაზიდან გავიგოთ: „იმერეთის მეფის დავით ნარინის შვილნი ერთმანეთზედა აღდგნენ“, ანუ ეს მომხდარა 1327-1329 წლებში. ამ დროს ისარგებლა გიორგი ბრწყინვალემ და „ჰერ-კახთა და სომხეთის ერისთავნი, ანუ კონკრეტულად აღმოსავლეთ საქართველოს ერისთავები, ისინი, რომელნიც „ჩინგიზთ მიუდგნენ“, ანუ მონღოლების მხარეზე დადგნენ, „კახეთის ცივზედ“ მოიწვია და ამოსწყვიტაო. ანუ, გიორგიმ მოღალატე დიდებულები ცივის მთაზე მიიწვია და ამოწყვიტა. მეფე გიორგიმ უწყოდა, რომ თუ ასეთ გადამჭრელ ზომებს არ მიიღებდა, ქვეყანაში იგივე მდგომარეობა გაგრძელდებოდა, რაც მთელი ასი წლის განმავლობაში სუფევდა.

– რატომ მიიწვია მოღალატენი მაინცდამაინც კახეთის ცივზე?

– რამდენიმე ათეული წლის წინ, კახეთის ცივის, ცივგომბორის ტერიტორიაზე მარმარილოს კვადრებით აგებული უზარმაზარი ნანგრევები აღმოჩნდა. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, აქ იყო სამეფო რეზიდენცია. ანუ მეფემ მოღალატენი თავის რეზიდენციაში მიიწვია. მათაც მიიღეს მიწვევა, ვინაიდან ვერ წარმოიდგენდნენ, რა მოელოდათ.

გიორგი ბრწყინვალეს რომ ასე არ ემოქმედა, ამ მოღალატეებს შეეძლოთ ხელი შეეშალათ მეფისთვის მონღოლთა უღლის გადაგდებაში. ამიტომ წავიდა ასეთ უკიდურეს ზომაზე იგი. ამას გარდა, მონღოლებში დიდი არეულობა დაიწყო იმიტომ, რომ აბუსაიდმა, დიდმა ყაენმა, რომელიც ამ წელს სრულწლოვანი გახდა, თავისი მფარველი და ძალიან ძლიერი მმართველი ჩობან ნოინი მოაკვლევინა. შედეგად დაიწყო შიდა არეულობა. ჩობანს ძალიან ბევრი შთამომავალი ჰყავდა, ამიტომ მის სიკვდილს დიდი არევ-დარევა მოჰყვა საილხანოში. გიორგი ბრწყინვალემაც ისარგებლა ამ არეულობით. ჩობანი მის მეგობრად ითვლებოდა, ეს იყო ფორმალურად – იმ დროის განმავლობაში, სანამ საქართველო დამოკიდებული იყო მონღოლებზე, გიორგი ამჯობინებდა, ამ უძლიერეს ნოინთან კარგ ურთიერთობას. ეს ჯერ კიდევ მისმა პაპამ, ნათელა ჯაყელის მამამ ასწავლა, რომ ჩობანი არის უძლიერესი და, ფაქტობრივად, ერთადერთი რეალური მმართველი საყაენოში და მასთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონოდა. ახლა კი, როდესაც ჩობანი მოკლეს, გიორგი მორალურადაც თავისუფალი იყო. რადგან მისი მფარველი მოკლეს, მას შეეძლო გამოეცხადებინა, რომ აღარ ემორჩილება ყაენს. აბუსაიდმა მართლაც ვერ გათვალა ის, რომ მარტო ვერ მართავდა იმ უზარმაზარ იმპერიას (საილხანოს), რომელიც უკვე საკმაოდ დასუსტებული იყო. გასათვალისწინებელია ისიც, გიორგი ასე რომ არ მოქცეულიყო, ანუ აჯანყება არ დაეწყო, რომლის პირველი სიგნალი მოღალატე ერისთავთა გაწყვეტა იყო, მაშინ თვით გიორგისაც აუცილებლად დაიბარებდნენ ურდოში, როგორც ჩობან ნოინის უახლოეს მეგობარს და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ქართველი მეფეც მამამისის, დემეტრე თავდადებულის ბედს გაიზიარებდა.

– რატომ?

– იმიტომ რომ, მონღოლთა აუცილებელი წესი იყო, ყველა შეთქმულისა და დასჯილის მეგობარი, ნათესავი, ახლობელი აუცილებლად უნდა დასჯილიყო ისე, როგორც დემეტრე მეორის შემთხვევაში, ბუღა ნოინთან ახლობლობის გამო, თორემ, მას არც აჯანყება წამოუწყია და არც ფიქრობდა ამას, რადგან სიტუაცია არ იყო იმ პერიოდში მონღოლთაგან თავის დახსნისა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ გიორგი ბრწყინვალის აჯანყება მარტო საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნება არ იყო, ეს იყო საქართველოს ერთიანობის შენარჩუნება და საჭიროება. ამ მომენტიდან დაიწყო საქართველოს აღმავლობა. 1335 წელს ერთ-ერთი იტალიელი მოგზაური, ჯაკომო და ვერონა, რომელიც პალესტინაში ქართულ სიძველეებს იხილავს და აღწერს, საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნოს ქართველთა შესახებ, რომ მათი მეფე, უძლიერესიაო. ამგვარად, აღმავლობა ნამდვილად დაწყებულა.