მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
როდის ევედრებოდა რატი წითელაძე ღმერთს საჭმლის ფულს და რა ცუდ რაღაცეებს აკეთებდა ის ბავშვობაში #15
2017-04-10
ეთო ხურციძე

რატი წითელაძე კანის ფესტივალზე ექვს საუკეთესო რეჟისორს შორის შეარჩიეს. ფილმი „ცარიელი სახლი“ პროექტის განვითარების სექციაში მოხვდა. რეჟისორი ექვსი თვის განმავლობაში, კინომატოგრაფებთან ერთად, ყველაზე რთულ ეტაპს გაივლის. მზად არის ფილმის სცენარიც, რომელზეც ნინო ვარსიმაშვილმა იმუშავა. „ცარიელი სახლი“ ავტობიოგრაფიული ამბავია, რომელიც საქართველოში განვითარებულ 90-იან წლებს ასახავს. ვიდრე რატი რეჟისორობით დაინტერესდებოდა, მანამდე სპორტსმენი გახლდათ – კიკ-ბოქსინგში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. ასევე, იყო მოდელი და მსახიობიც. ბევრს ლაპარაკობდნენ მის ხმაურიან პირად ცხოვრებასა და ქალებთან დამოკიდებულებაზე. თუმცა, ამ ყოველივეს მიღმა არაერთი დეტალია მის ცხოვრებაში, რომელიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია. რა გზა გაიარა მან წარმატებამდე, ინტერვიუდან შეიტყობთ.
რატი წითელაძე: ექვს საუკეთესო რეჟისორს შორის მოვხვდი და რაც გასაკვირია, არცერთს არ გვაქვს დაფინანსება, რომ ჩვენი პროექტები განვახორციელოთ (იცინის). მიუხედავად ამისა, ძალიან ბედნიერი ვარ. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ 3 წლის განმავლობაში ამდენს მივაღწევდი. აქ იციან ჩემი ბიოგრაფია და ძველ, დაკუნთულ რატის რომ ხედავენ ფოტოებზე, ძალიან უკვირთ. მეუბნებიან, რომ  ჩემზე კარგი ფილმის გადაღება შეიძლება (იცინის). კანის რეზიდენციაში ვცხოვრობ და ამაზე რომ ვფიქრობ, დაჯერება მიჭირს, სიზმარში მგონია თავი. 300 კანდიდატიდან, ექვსეულში რომ ხვდები, კარგი ამბავია. „ცარიელი სახლი“ გახლავთ პროექტი, რომელზეც ორი წელი ვმუშაობდი და მის გამო დავბრუნდი საქართველოში. ამ ეტაპზე, ჩემი მთავარი საზრუნავია სპოსორის მოძიება. სამწუხაროდ, არანაირი მხარდაჭერა არ მაქვს საქართველოდან. უცხოელები მთავაზობენ დაფინანსებას, მაგარამ ამ წინადადებას არასდროს დავთანხმდები. როცა სხვა ქვეყანა გიხდის ფულს, მაშინ ის შენსას აღარ ეკუთვნის. სიხარულს და ემოციებს ვერ ვმალავ. როცა სპორტსმენი ვიყავი, მსოფლიო და ევროპა მოვიგე, მაგრამ მაშინ არ მქონია მსგავსი განცდა. უფრო მეტიც, ვფიქრობდი, სწორ გზაზე ვიდექი თუ არა.
– რა გზა გაიარე, ამ ეტაპამდე რომ მოსულიყავი?
–  რომ ვიხსენებ, როგორი იყო რატი ადრე და როგორია დღეს, საერთოდ ვერ ვავლებ პარალელს მათ შორის. დღევანდელი რატი საერთოდ განსხვავდება იმისგან, რაც მაშინ იყო. ადრე სულ საკუთარი თავის ძიებაში ვიყავი. სოფელში დავიბადე, ბათუმთან ახლოს. თბილისში პირველად 15 წლის ასაკში ჩამოვედი და ეს ქალაქი იყო ჩემთვის პარიზიც, ლონდონიც და ყველაფერი. ბავშვობიდან მოყოლებული ყველა ტურნირი მქონდა მოგებული. ერთხელაც წავაგე და საკუთარ თავზე გავბრაზდი. სწორედ ამ მომენტმა მოახდინა ჩემში გარდატეხა. გადავწყვიტე, დამეტოვებინა სახლი და დედაქალაქში უკეთესი მომავლისთვის წამოვსულიყავი. მაშინ, რთული ცხოვრება იყო. სამგზავრო და საჭმლის ფულიც კი არ მქონდა. ამიტომ კაზინოს ხშირი სტუმარი ვიყავი. ერთხელაც გამიმართლა და მოვიგე. იმ დღესვე ავიკარი ბარგი და  ამ მოგებული თანხით ჩამოვედი თბილისში. საერთოდ არავის ვიცნობდი. არ ვიცოდი გზები. ვაკეში, სპორტის აკადემიაში ვვარჯიშობდი და იქვე, 500-600 მეტრში ვცხოვრობდი სამების ეკლესიასთან. არ ვიცოდი, ასე ახლოს თუ ვიყავი სავარჯიშო დარბაზთან. შეცდომით ვჯდებოდი ავტობუსში, რომელიც წრეს არტყამდა და გზაში საათნახევარი მჭირდებოდა, დარბაზში რომ მივსულიყავი (იცინის). თავიდან  ვიქირავე ბინა, თუმცა ის თანხა, რაც მოვიგე, ორ თვეში აღარ მქონდა. იძულებული გავხდი, სპორტდარბაზში გადავსულიყავი საცხოვრებლად.
– წარმატებული სპორტსმენი იყავი და არანაირი შემოსავალი არ გქონდა?
– არა. სიმართლე გითხრათ, სპორტი არ მიყვარდა, მაგრამ, მაინც თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი. იმისთვის, რომ გადავრჩენილიყავი, ბევრ ცუდ რაღაცას ვაკეთებდი. ცხოვრება რინგია და ამ რინგზე ისე უნდა იბრძოლო, რომ მოწინააღმდეგე დაამარცხო. ხშირად ვფიქრობდი, როგორ უნდა გადავრჩენილიყავი და შიმშილით არ მომკვდარიყავი. არასდროს მიფიქრია გამდიდრებასა და ფულზე, ელემეტარული საარსებო პირობები მინდოდა. ეკლესიის ეზოებთან ვათენებდი. ღმერთს ვეხვეწებოდი, მეტ ცუდს აღარ გავაკეთებ, თუ საჭმლის ფული მექნება-მეთქი. საბედნიეროდ, ამ რთულ მდგომარეობას თავი დავაღწიე.
– ოჯახშიც ასეთი რთული მდგომარეობა გქონდათ?
– ყველას უჭირდა იმ პერიოდში. მახსოვს, შიმშილისგან გული მიმდიოდა, თუმცა ასეთ მდგომარეობაში მარტო მე არ ვიყავი.  ამიტომ, განვიცდი მსგავს შემთხვევებს. კარგად ვიცი, რა გრძნობაა, როცა საჭმლის ფული არ გაქვს, მაგრამ მაინც გინდა, წარმატებული ადამიანი გახდე. ჩემს ოჯახსაც უჭირდა და ზუსტად ვიცოდი, რომ თბილისში მე ვერანაირად ვერ დამეხმარებოდნენ. ქუჩაში ვცხოვრობდი და ღამე არ მეძინა. დღემდე მიჭირს ღამით დაძინება, იმდენად ვარ იმ რეჟიმს მიჩვეული. 
– ალბათ, ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი შენს ცხოვრებაში...
– არა, ყველაზე რთული მაშინ იყო, როცა სპორტს თავი დავანებე. ახლაც მესიზმრება ხოლმე, როგორ ვჩხუბობ. მთელი ცხოვრება ამ  საქმეს ვაკეთებდი და არ ვიცოდი, მერე რა უნდა მექნა. ოთახში ვიყავი ჩაკეტილი, გარეთ ვერ გავდიოდი. სტრესს ისიც ემატებოდა, რომ ვიცოდი, არ ვიყავი პატარა და ახალი საქმის დაწყება ბევრად რთული იქნებოდა. ბევრი ვიწვალე ცხოვრებაში და მინდოდა, წარმატებული ვყოფილიყავი, ამის ამბიცია სულ მქონდა. თუ ასე არ მოხდებოდა, მაშინ მერჩივნა, თავი მომეკლა. ბევრჯერ მიფიქრია ამ ნაბიჯზეც. ღმერთის წყალობით, ავცდი ამ გზას.
– სპორტს ხომ საკუთარი სურვილით გაანებე თავი და ასეთი სტრესი რატომ გქონდა?
– კი, საკუთარი ნებით დავანებე, რადგან მივხვდი, ჩემი საქმე არ იყო. როცა ამსტერდამში ვვარჯიშობდი, ყველა მეუბნებოდა, დიდი მომავალი გელოდებაო. ერთ დღესაც შეხვედრა მქონდა. რომ ვჩხუბობდი, თან ვფიქრობდი, რატომ, რატი? შენ ხომ არ ხარ ასეთი? რატომ აკეთებ იმას, რაც არ გინდა? შეხვედრა მოვიგე, თუმცა ისე ვიბრძოლე, საერთოდ არაფერი მახსოვს. მიუხედავად პირველი ადგილისა, სახლში რომ მივედი, ცუდი შეგრძნება მქონდა. ამის მერე აღარ მიჩხუბია და შევეშვი ამ საქმეს.
– დღესაც შედიხარ კაზინოში?
– არა.  ბავშვობიდან აზარტული ვიყავი. ვთამაშობდი და ათას რამეს ვაკეთებდი. თუმცა, ამ ყოველივეს თავი დავაღწიე.