მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
რა აპატია ევროპის ოთხგზის ჩემპიონს დათა ქაჯაიას მეუღლემ და სად ასპარეზობდა ის დაწყვეტილი ნერვებით #10
2017-03-06
ნათია უტიაშვილი

ევროპის 4-გზის ჩემპიონი, შინაგან საქმეთა  სამინისტროს სპორტული კლუბის MIA FORCE-ის მრბოლელი დათა ქაჯაია პირველი ქართველია, რომელმაც შარშან, საქართველოს სახელით, მსოფლიო რბოლაში მიიღო მონაწილეობა და კარგი შედეგიც აჩვენა. წარმატებული სპორტსმენი სამი შვილის მამაა. დათას განსაკუთრებული გულშემატკივარი კი მისი მშვენიერი მეუღლე, მია მაკალათიაა, რომელიც ავტოსპორტში საკმოად კარგად ერკვევა.
დათა ქაჯაია: 2 აპრილს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის – TCR international-ის 2017 წლის სეზონი  გაიხსნება. შარშან პირველად ვმონაწილეობდი ამ ჩემპიონატში შინაგან საქმეთა სამინისტროს კლუბ „მია ფორსის” სახელით, რომლის მრბოლელიც ვარ. დებიუტი გვქონდა ჩვენც, ტექნიკურ ჯგუფსაც, შესაბამისად, რთულ პირობებში მოგვიწია ასპარეზობა. თუმცა, ასე თუ ისე, წარმატებულად ჩავატარეთ სეზონი – ათეულში შევედი. ძალიან დიდი გულშემატკივრი აღმომაჩნდა საქართველოში. ისე მგულშემატკივრობდნენ, რომ ჩვენი ქვეყნით დააინტერესეს ჩემპიონატის ორგანიზატორები, მრბოლელები. ორჯერ გავხდი გულშემატკივრების რჩეული მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში.
მია მაკალათია: დათა გამორჩეულ ფანდს გააკეთებდა, თავის ნიჭს გამოამჟღავნებდა და ორგანიზატორებიც სწორედ მაშინ აქვეყნებდნენ გამოკითხვას, რომლისთვისაც 2 პილოტს არჩევდნენ. გარდა ქართველებისა, უცხოელებიც აძლევდნენ ხმას დათას და ორჯერ გახდა გულშემატკივრების რჩეული მთელი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში.
დათა: საბოლოოდ, ორგანიზატორები იმდენად დაინტერესდნენ საქართველოთი, რომ ჩამოვიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათთან დაიწყო აქტიური მოლაპარაკება, რომ 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპი ჩატარებულიყო საქართველოში. საბოლოოდ, გადაწყდა: მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი ეტაპი 2 აპრილს ჩატარდება საქართველოში. ოფიციალურად 180 მილიონამდე მაყურებელი ჰყავს და მსოფლიო რუკაზე დაფიქსირდება საქართველო.
მია: ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც არის: სოჭის ეტაპის მაგივრად, საქართველოა ჩასმული.
– დათა, როგორია წელს მოლოდინი?
დათა: წელს ავტომობილი შევიცვალე – „ალფა რომეოს” ტიპის ავტომობილით ვასპარეზობ. სასინჯ ეტაპზე მეორე ადგილი დავიკავე. უბრალოდ, ავტომობილს ერთი მინუსი აქვს - სატესტო რეჟიმშია და ნელ-ნელა იხვეწება. პირადად მე, ყველანაირად ვეცდები, რომ ჩემს გულშემატკივარს არ გავუცრუო იმედები. რაც მთავარია, წელს ვაპირებთ, ქართული გუნდით, ქართული სახელით წარვდგეთ ჩემპიონატზე და გვეყოლება ორი „ალფა რომეოს” მარკის ავტომობილი.
–  მაიკო, კარგად ერკვევა ავტოსპორტში. ეს ინტერესი ქმრის პროფესიამ გამოიწვია?
მია: ერთად ვიყავით, როცა დათა პროფესიონალურად ჩაერთო ავტოსპორტში. როდესაც ერთმანეთი გავიცანით, დავქორწინდით, მაშინ ეს სპორტი ასე არ იყო საქართველოში განვითარებული და დათაც მოყვარულის დონეზე იყო გატაცებული. მერე, მეც ნელ-ნელა დავინტერესდი, თუმცა ისეთი მოყვარული არ ვარ ექსტრემისა და ადრენალინის, როგორც დათა. ყველასთვის საინტერესოა ისეთ პიროვნებასთან ურთიერთობა, რომელსაც, გარდა თავისი ყოველდღიურობისა, სერიოზული გატაცებაც აქვს. სამსახურიდან მოსვლის შემდეგ, სადღაც უაზროდ არ არის.
–  არ ნერვიულობ, როცა დათა ასპარეზობს?
–  ძალიან ემოციური ვარ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ, როცა დათა ავტომობილში ზის, ტრეკზე გადის, მისი იმდენად მჯერა, რომ ძალიან არ ვნერვიულობ. მჯერა, საუკეთესო გამოსავალს იპოვის და ყველაფერი წარმატებით დასრულდება. იყო შემთხვევები, როცა ავტომობილი ამოტრიალდა, ერთხელ ცეცლხიც წაეკიდა... ამიტომ, დათა მეუბნება ხოლმე: მირჩევნია, თქვენ ავტოდრომზე არ მეგულებოდეთ, იქ რომ ისხდებით, უფრო ვინერვიულებო.
დათა: თან ასეთ დროს იმდენად ვარ ავტომობილზე, ავტოდრომზე ორიენტირებული, რომ მეუღლესა და შვილებზე თუ იფიქრებ, ისეთ შედეგს ვერ დააფიქსირებ, გარკვეულ კომპრომისზე წახვალ. ამიტომ, მაქსიმაულად ვცდილობ მასზე არ ვიფიქრო და იმედია, მაპატიებს.
მია: რა თქმა უნდა, ვაპატიებ. ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე ეტაპზე ვახლდი თან და როგორც შემეძლო ხელს ვუწყობდი.
–  ალბათ, სერიოზული ხელშეწყობა სჭირდება.
– როცა კარიერას იწყებდა, კონტაქტზე გასვლა, გუნდის მოძიება – ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. როგორც სპორტსმენს, ძალიან დიდი ხელშეწყობა სჭირდება. დათა ცნობილია, როგორც „რკინის ნერვების” მფლობელი. აგრესიული მართვის სტილით გამოირჩევა და იშვიათად ხდება, რომ სხვისი გავლენით შეცდომა დაუშვას, ან უკანმდევნის გავლენის ქვეშ მოექცეს. მაგრამ, სახლში იმდენად სათუთია, რომ ვცდილობთ, არ ვანერვიულოთ. ბავშვის ზეიმებზე ხშირად არ მოდის, გული მიჩუყდებაო.
დათა: პილოტების უმრავლესობას, ვისთანაც  ურთიერთობა მაქვს, ზოგი „ფორმულა1-ის” პილოტია, ყველას სპორტის ამ სახეობაში მოღვაწეობა 8 წლის ასაკიდან აქვს დაწყებული. ჩემს ბავშვობაში ავტოსპორტი არ იყო ასე განვითარებული. მშობლებმა მაგის გარდა, მგონი, სპორტის ყველა სხვა სახეობაზე მატარეს. 20-21 წლის ასაკში გავიგე, რომ გვაქვს ავტოდრომი და მოყვარულთა შეჯიბრებაში მივიღე მონაწილეობა. კარგი შედეგები მქონდა. აღმომაჩნდა ნიჭი და გავყევი. თან, თვითონ ვატარებდით რბოლებს და ერთმანეთთან კონკურენციით გავიზარდეთ ქართველი ავტოსპორტსმენები. 2012 წელს კი პირველად გავედი საერთაშორსო ასპარეზზე – „ლეჯენდსის” კლასში ევროპის ჩემპიონატზე და როგორც იმ წელს, მომავალ წელსაც გავიმარჯვე. 2014 წელს, უკვე ვმონაწილეობდი „ლეჯენსის” ჩემპიონატში, რომელშიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონები მონაწილეობდნენ და იქაც გავიმარჯვე.
მია: როდესაც პირველად მოდის ჩემპიონატზე მრბოლელი, მის შესახებ არაფერი იციან. პირველივე გასვლაზე პირველ ადგილზე რომ გავიდა, როგორც ჩანს, დაგუგლეს და გამსახურდიასდროინდელი დროშა აგვიფრიალეს, ძველი ჰიმნი გაუშვეს. მეორე წელს, უკვე მომზადებულები დაგვხვდნენ.
–  რატომ შეგარქვეს „რკინისნერვებიანი პილოტი“?
დათა: ყოველთვის ვცდილობ, ნებისმიერ პირობებში ავტომობილისგან მაქსიმუმი მივიღო და შეიძლება, მაგიტომ. ყველას აქვს საკუთარი მეთოდი, რომ მოწინაღმდეგე წყობიდან გამოიყვანო, შეცდომა დააშვებინო და ამით ისარგებლო. ძარიან ავტომობილში რთულია სიჩქარით გაასწრო, თუ შეცდომა არ დაუშვა. ამიტომ, უკანმდევარი ყოველთვის ცდილობს, შეცდომა დააშვებინოს, ფსიქოლოგიურ წნეხში მოახვედროს, გაასწროს და კარგი შედეგი აჩვენოს.
–  რომელიმე რბოლას ხომ არ გამოყოფდი?
– მაკაოში ავტოდრომი გამოირჩევა იმით, რომ ძალიან სახიფათო ტრასაა. გზა იმდენად ვიწროა, რომ ორი ავტომობილი ვერ ეტევა და ასეთ ადგილებში, სიჩქარე 240-ს აღწევს. ყველა ავტოდრომს აქვს უსაფრთხოების ზონა, მას კი არა აქვს. კედლებია, სახლებს შორის დადიხარ. რკინის ნერვები, გამბედაობა გჭირდება.
მია: შარშანდელი წელი საკმაოდ დაძაბული იყო ჩემთვის. ორსულობის დროს მომიწია მისი 9 ეტაპის ყურება. ამიტომაც, დაუგეგმავად გაჩნდა ჩვენი ანასტასია – ცოტა ადრე. დათა მალაიზიაში იყო. ერთ-ერთი გაჩერებისას მომწერა: „მოვედი აქ და აქ და მივდივარ იქ, შენ როგორ ხარ? მეც კარგად ვარ, შევდივარ საკეისროზე.”
დათა: სრული მოულოდნელი იყო, თან დედამიწის მეორე ბოლოში ვიყავი და მეორე დღეს ველოდებოდი შეჯიბრებას. ვამშვიდებდი საკუთარ თავს.
მია: როდესაც დათა ბავშვობაში კომპიუტერულ თამაშებს თამაშობდა, ყოველთვის ერთ, კონკრეტულ მანქანას ირჩევდა, „ბეემვეს” მარკის და შარშანწინ, ზუსტად იმ ავტომობილით იასპარეზა – გახდა ევროპის ჩემპიონი. ასე რომ, როცა ადამიანს რაღაც გულით უნდა, იმას აუცილებლად მიაღწევს.