მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
რაც აქამდე არ იცოდით #16
2017-04-17
ნინო წულუკიძე



გსმენიათ რამე  სახიფათო გარდერობის შესახებ? ქალებისთვის სამოსი და აქსესუარები ყველაზე „მტკივნეული“ თემაა.
როცა სახლიდან გასასვლელად ვემზადებით, ძირითადად, იმაზე ვფიქრობთ, რაც შეიძლება, ლამაზად და მოდურად გამოვიყურებოდეთ. მაგრამ აზრადაც არ მოგდით,  სასარგებლოა თუ არა ის ნივთი ჯანმრთელობისთვის, რომელშიც შესაძლოა, ძალიან ბევრი ფულიც გადაიხადეთ.
 სამწუხაროდ, არსებობს უამრავი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ აქსესუარი, ჩვენს ჯანმრთელობას რომ ვნებს.
იფიქრეთ იმაზე, რომ  სილამაზე ყოველთვის არ მოითხოვს „მსხვერპლს“.
ნუ შეეცდებით, საკუთარი კომფორტისა და ჯანმრთელობის ხარჯზე გამოიყურებოდეთ კარგად. მაგალითად:
ძალიან ვიწრო ჯინსი – შეიძლება, კარგად გამოიყურებით, მაგრამ მისი ხშირად  ტარება იწვევს მუცლის ტკივილსა და შებერვას. ექიმები ამბობენ, ვიწრო ჯინსმა, შესაძლოა, რამდენიმე ტიპის ინფექციაც კი გამოიწვიოს. კარგია, რომ „ბოიფრენდ“ ჯინსები ისევ მოდურია.  ჩაანაცვლეთ ხანდახან მაინც.
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი – როდესაც ფიქრობთ არაკომფორტულ სამოსზე,  მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ დაგავიწყდეთ. მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა შეიძლება, დააზიანოს კოჭები და სახსრები. ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხშირი ტარება, იწვევს ფეხის კუნთების დასუსტებასა და ტკივილს. დროთა განმავლობაში, ეს ტკივილები გადადის თეძოებისა და ზურგის არეშიც.
კორსეტი – წელის ფორმის დაყენება კორსეტის დახმარებით  ყოველთის აქტუალური იყო და ახლაც მოდურია.  მაგრამ, დიდი ხნით კორსეტის ტარება ადუნებს მუცლის კუნთებს. ასევე, შეიძლება, იგრძნოთ ტკივილები სუნთქვის დროს. უმჯობესია, ივარჯიშოთ და ბუნებრივად ლამაზი წელი ამ გზით მიიღოთ.
მძიმე საყურე – მძიმე საყურე აზიანებს ყურის ბიბილოს – უკარგავს ფორმას და ათხელებს. თუ საყურე იაფფასიანი ლითონისაა, შეიძლება, ალერგიული რეაქციაც გამოიწვიოს.
დაბალძირიანი ფეხსაცმელები, ეგრეთ წოდებული „ბალეტკები“ –  შეიძლება, იფიქროთ, რომ ჯანმრთელობისთვის უკეთესია, დაბალძირიანი ფეხსაცმელი, ვიდრე მაღალქუსლიანი, თუმცა, ორივეს ერთნაირი ზიანი მოაქვს. უქუსლო ფეხსაცმელებს არა აქვს შემამსუბუქებელი ფეხის საბჯენი, რაც ქუსლების ტკივილს იწვევს. საბედნიეროდ, ბოტასები ყოველთვის მოდურია და შეგიძლიათ, სპორტული სტილის მონატრება მის ხარჯზეც აინაზღაუროთ. ბოტასი საკმაოდ კომფორტული ფეხსაცმელია.
ტანგა – საცვალი შეიძლება საშიში აღმოჩნდეს. ყოველდღიურად ტანგის ხმარება ნამდვილად საზიანოა მათთვის, ვინც მიდრეკილია ვაგინალური ინფექციებისკენ. უმეტესწილად, ასეთი საცვალი არ არის ბამბის, რის გამოც შეხების წერტილებში ღიზიანდება კანი და  მასში ბაქტერიები იოლად აღწევენ.
მძიმე ჩანთა – დიდი ზომის ჩანთა ძალიან მოსახერხებელია, თუ ბევრი ნივთის ტარება გიწევთ. თუმცა ის, ასევე, ძალიან საზიანოა სხეულისთვის. ერთი ხელით მძიმე ტვირთის ტარებამ შეიძლება, დასწიოს მხარი და გამოიწვიოს კუნთების ტკივილი.

თანამედროვე
 ეტიკეტის წესები

თანამედროვე მსოფლიოში  ეტიკეტის წესების არცოდნა ნიშნავს, საკუთარი თავის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას. შეიძლება, ფიქრობთ, რომ ეს თქვენ არ გჭირდებათ, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად იგრძნობთ ამ ცოდნის საჭიროებას, მაგრამ შეიძლება, გვიან იყოს. არადა, ეტიკეტის საფუძვლები საკმაოდ მარტივია – ეს არის საუბრის კულტურა, ელემენტარული თავაზიანობა, მოვლილი ვიზუალი და  საკუთარი ემოციების  მართვა.
თუ   წარმოთქვამთ ფრაზას „მე თქვენ გეპატიჟებით“, –  ეს უკვე ნიშნავს, რომ თქვენ თავად იხდით დანახარჯს. მაგრამ – „მოდი, წავიდეთ რესტორანში“, – ამ სიტუაციაში ყველა სათითაოდ იხდის საკუთარ ანგარიშს. თუ მამაკაცი სთავაზობს ქალს გადახდას, ქალს შეუძლია, დაეთანხმოს.
ნუ მიხვალთ სტუმრად წინასწარი დარეკვის გარეშე. ეს უკვე ქმნის უხერხულობას. თუკი გაფრთხილების გარეშე გესტუმრნენ, შეგიძლიათ, თავს უფლება მისცეთ,  დაუპატიჟებელ სტუმარს ხალათში   დახვდეთ.
მამაკაცების საყურადღებოდ!
 გოგონა არ უნდა დაპატიჟოთ შეხვედარზე ესემეს-შეტყობინების საშუალებით. 
გახსოვდეთ:
1. მამაკაცი არასდროს ატარებს ქალის ჩანთას. ქალის პალტოსაც მხოლოდ იმიტომ იღებს, რომ გარდერობს  ჩააბაროს.
2.  ფეხსაცმელი ყოველთვის სუფთა უნდა გქონდეთ.
3. თუ თქვენი თანმხლები  მიესალმა თქვენთვის უცნობ პიროვნებას, მაშინ თქვენც უნდა უთხრათ მას სალამი.
4. ნუ განიხილავთ ტელეფონით პირად თემებს. თუ საჭიროებთ სულიერ თანადგომას, უმჯობესია, უშუალოდ შეხვდეთ მეგობარს.
5. თუ გაწყენინეს, გამორიცხეთ ტონის აწევა. არ ღირს, მის დონემდე დაეშვათ. უბრალოდ, გაუღიმეთ და გაეცალეთ იქაურობას.
6.  კინოში, თეატრსა და კონცერტზე, რიგში გადაადგილებისას, სავარძელში მსხდომი ადამიანების წინ  სახით უნდა გაიაროთ. პირველი გადის მამაკაცი.
7. რესტორნის კართან თუ შვეიცარი გხვდებათ, პირველი უნდა გაატაროთ ქალი.
8.  ნურასდროს შეეხებით ქალს, თუ მას ეს არ სურს.  იდაყვზე ხელის მოკიდება შეგიძლიათ იმ  შემთხვევაში, თუ ქუჩაზე გადადიხართ.
9. სუნამოს მოხმარების ოქროს წესია – ზომიერება! თუ წვეულებაზე საკუთარ სუნამოს გრძნობთ, ჩათვალეთ, რომ სხვები ამ დროს იგუდებიან.
10. განათლებული კაცი, არასდროს გამოხატავს უპატივცემულობას ქალის მიმართ.
11. მამაკაცს შეუძლია, სიგარეტი მოწიოს მხოლოდ ქალის ნებართვის შემდეგ.
12. შენობაში შესვლისას პირველი თქვენ ამბობთ სალამს.
13. ნუ ისწრაფვით, მოდურად გამოიყურებოდეთ. უმჯობესია, იყოთ არამოდური და კარგად გამოიყურებოდეთ, ვიდრე – პირიქით.
14. საზოგადოებაში მიუღებელია ხმამაღალი სიცილი, ხმაურიანი განხილვები, შეურაცხმყოფელი ან გადაკიდებული მზერა და ხალხის თვალიერება.
15. არ დაგავიწყდეთ მადლობის გადახდა მეგობრების თუ ახლობლებისთვის. მადლიერების გამოხატვა, ადამიანის საერთო ბედნიერების განმაპირობებელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.