მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
რატომ ჩამოიყვანა ბერიამ ხელბორკილდადებული ხრუშჩოვი კიევიდან მოსკოვში #16
2017-04-17
ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას ერთ-ერთმა დასავლეთელმა პუბლიცისტმა „საბჭოეთის შავი ბედისწერა“ უწოდა და თავისი სიტყვები იმით დაასაბუთა, რომ ის (ბერია) უამრავ უდანაშაულო ადამიანს ტყუილუბრალოდ ხვრეტდა. თუმცა, ამ ბოლო დროს განსაჯაროებული საიდუმლო საარქივო მასალებიდან ჩანს, რომ ბერია „მთლად ასეც“ არ მოქმედებდა და პირიქითაც კი იყო... პროფესორი იური პოტაპოვსკი წერს: „საგულისხმოა, რომ ბერიას „კაციჭამიობა“, მისი „დრაკულობა“, ხრუშჩოვის მმართველობის „სამარკო ნიშნად“ გადაიქცა. ვირეშმაკა, გაუნათლებელი  „მუჟიკი“, რომელსაც თავად ღრმად ჰქონდა ხელები სისხლში გასვრილი და მისმა ათწლიანმა მმართველობამ საბჭოეთი მნიშვნელოვნად დაასუსტა, ბერიას აბრალებდა ყველა უბედურებას, რათა მისთვის არავის მოეთხოვა პასუხი. გენერალი სერგო გოგლიძე თავის დღიურებში წერდა: „1939 წლის მარტში, როდესაც ბერია საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი იყო, სტალინმა ის უკრაინაში მიავლინა რევიზიაზე. ლავრენტი პავლოვიჩი ჩემთან ძალიან ახლოს იყო და მენდობოდა, ამიტომ თან მიახლა. 11 მარტს თავის კაბინეტში გამომიძახა და მითხრა:
– მოემზადე, სერგო, უკრაინაში მივემგზავრებით სარევიზიოდ. ამხანაგმა სტალინმა პირადად დამავალა ხრუშჩოვის გადამოწმება (ხრუშჩოვი მაშინ უკრაინის ცეკას პირველი მდივანი იყო – ი. პ.) და ასე მითხრა: მიდი, ერთი გადაამოწმე, ნიკიტა რას ხლაფორთობს. ხმები მომივიდა, რომ მას იქ „ბესპრეძელი“ აქვს გაჩაღებული და შეხედულებისამებრ იმოქმედე. სრულ თავისუფლებას გაძლევო. ხომ ხვდები, რას ნიშნავს ეს? გამორიცხული არაა, ხრუშჩოვი აქ გაბაწრული ჩამოვიყვანოთ.
მეორე დღეს უკვე კიევში ჩავფრინდით და ისე, რომ ხრუშჩოვმა არ იცოდა, პირდაპირ კაბინეტში მივადექით. „სტალინური მივლინება“ ისეთი რამ იყო, რასაც წყალი არ გაუვიდოდა და ბელადის დავალება ამომწურავად უნდა შეგვესრულებინა. საქმე ეხებოდა ეგრეთ წოდებულ დასახვრეტ სიებს, რომელსაც პირადად ხრუშჩოვი ადგენდა და პოსტფაქტუმ, უკვე მოსკოვში გზავნიდა სტალინთან. ბელადს, როგორც გაირკვა, ეჭვი შეეპარა ხრუშჩოვში და ბერია იმიტომ გაგზავნა შემოწმებაზე, მას სამართალი დაედგინა და გაერკვია, ხრუშჩოვი მართლაც ხალხის მტრებს ხვრეტდა, თუ უბრალოდ, გეგმას ასრულებდა, რომელიც მისთვის არავის მიუცია. ერთი სიტყვით, ჩვენმა ერთკვირიანმა რევიზიამ ზუსტად დაადგინა, რომ 1939 წლის თებერვალში, უკრაინაში დასახვრეტად გამზადებული 35 ათასი ადამიანიდან, სინამდვილეში, მხოლოდ 600 იყო მავნებელი, დანარჩენები კი „გეგმურები.“ ხრუშჩოვი კი მათ იმიტომ ხვრეტდა, თავისი სიფხიზლე და აქტიურობა ეჩვენებინა სტალინისთვის უდანაშაულო ადამიანების ხარჯზე. ყველაზე ცხადი კი ის იყო, რომ 35 ათასი ადამიანიდან, 5 ათასი უკვე დახვრეტილი იყო და 30 ათასი რიგში იდგა. ეს ყველაფერი რომ გაირკვა, ლავრენტი პავლოვიჩმა ხრუშჩოვი პირადად დააპატიმრა მისსავე კაბინეტში. ხელბორკილები დაადო და უდანაშაულო ხალხის გაშვების ბრძანება გასცა. 21 მარტს, ხელბორკილდადებული ხრუშჩოვი მოსკოვში ჩავიყვანეთ და პირადად ლავრენტი პავლოვიჩის ბრძანებით, ლუბიანკის ერთადგილიან საკანში საიდუმლოდ მოვათავსე...“
 ბერიას ხრუშჩოვმა ეს ამბავი თხუთმეტი წლის შემდეგ გაუხსენა და მარშალი ბერია შეთქმულებთან ერთად, სავარაუდოდ, კრემლშივე მოკლა. შემდეგ კი ფალსიფიცირებული სასამართლო პროცესი ჩაატარა. 1939 წლის 22 მარტს, სტალინის ბრძანებით, ხრუშჩოვი ჯერ მასთან პირადად ბერიამ მიიყვანა სასაუბროდ და პირისპირ ელაპარაკა. შემდეგ კი გაუშვა და უკრაინაში, ძველ თანამდებობაზე დააბრუნა. რატომ მოიქცა სტალინი ასე, მარტო მან იცის და ამ საქციელის ასახსნელი საბუთები ჯერ არ განსაიდუმლოებულა. თუმცა, არსებობს ჩანაწერები, სადაც ბერიას აზრია დაფიქსირებული ამის შესახებ და იგივე გენერალი სერგო გოგლიძე წერს: „მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი პავლოვიჩი იშვიათად გამოდიოდა წყობიდან, ხოლო სტალინზე კრიტიკულს არაფერს ამბობდა, 23 მარტს თავის კაბინეტში დამიძახა. თითო ჭიქა კონიაკი დავლიეთ და სინანულით მითხრა:
– ნეტავ, რაში სჭირდება სტალინს ეს ნაძირალა ხრუშჩოვი. მისთვის ადამიანის სიცოცხლე ხომ არაფერია? წარმოგიდგენია, ეს უწიგნური გლეხუჭა გეგმურად ხვრეტს ხალხს და ისეთი სულელია, რომ იოტისოდენა სინანულის გრძნობაც კი არ გააჩნია. ჩემი ხელით დავახრჩობდი ამ ნაძირალას, ან მივახვრეტდი, მაგრამ ის სტალინმა იხსნაო...
მიუხედავად იმისა, რომ ხრუშჩოვი და ბერია მოგვიანებით, პოლიტბიუროში ერთად მუშაობდნენ, ლავრენტი პავლოვიჩი მასთან ახლო კონტაქტს ერიდებოდა და „სულელ პირსისხლიანად“ მოიხსენიებდა მას“.
სერგო გოგლიძეც იმავე დღეს დააპატიმრეს, რა დროსაც ბერია და მის დღიურებს გაგრძელება აღარ ეწერა. მაგრამ ფაქტია, რომ ხრუშჩოვმა ძალიან მარტივად მოატყუა ყოვლისშემძლე ბერია და ისე უბრალოდ მოიშორა თავიდან, რომ ვერავინ წარმოიდგენდა.
საინტერესო მონათხრობი დაგვიტოვა ბერიას უახლოესმა თანამშრომელმა ბოგდან ქობულოვმა, რომელიც ყვებოდა: „ლავრენტი პავლოვიჩი გამუდმებით მუშაობდა და მისთვის დასვენების საათები, ფაქტობრივად, არ არსებობდა. 1937 წლის 2 იანვარს ბერია თავის კაბინეტში იმყოფებოდა და ჩვეულებრივი გრაფიკით შრომობდა. უქმე დღე იყო და სამსახურში ძალიან ცოტანი ვიყავით. ლავრენტი პავლოვიჩი იმ დროს საქართველოს ცეკას პირველი და ამიერკავკასიის ცეკას პირველი მდივანიც იყო. დაახლოებით დღის 3 საათზე, მისაღებში ხმაური გაისმა და გაირკვა, რომ ბერიასთან ერევნიდან ჩამოსულ მოქალაქეს არ უშვებდნენ და გუშაგი მას იარაღითაც კი დაემუქრა. მე და ბერია ერთდროულად გავედით ჰოლში და ლავრენტი პავლოვიჩმა ვიზიტორს იქვე ჰკითხა:
– ვინ ბრძანდებით და რა გნებავთ?
– თქვენ ბერია ხართ? – კითხვა შეუბრუნა აღელვებულმა უცნობმა.
– დიახ, – მიუგო ბერიამ.
– მე ვართან კარაპეტიანი ვარ და აქ, ერევნიდან ჩამოვედი. იქ სამართალი ვერ ვიპოვე და თქვენ იმიტომ მოგმართავთ, რომ დამეხმაროთ.
 ბერიამ ერევნელი სტუმარი კაბინეტში შემოიყვანა და პირისპირ ესაუბრა. ერთი საათის შემდეგ კი დამიძახა და კარაპეტიანის თანდასწრებით მითხრა:
– ბოგდან, ახლავე ჩემი მანქანა წაიყვანე და ამხანაგ კარაპეტიანთან ერთად, ერევანში გაემგზავრე სასწრაფოდ. დრო არ ითმენს. დანარჩენს ის გზაში მოგიყვება და სამართლიანად იმოქმედეო.
კარაპეტიანი, ეგრეთ წოდებული, განაჩენის აღმსრულებელი იყო და მავნებლებს ხვრეტდა. როგორც მან ამიხსნა, თურმე 600 ადამიანის დახვრეტის ქაღალდი მიუტანეს, რომელსაც „ტროიკა“ აწერდა ხელს და სისრულეში 4 იანვარს უნდა მოეყვანათ. მთელი საიდუმლო კი ის იყო, რომ „ტროიკის” წევრებმა – აბრამიანმა, კრიპემ და ვანიცკიმ, 600 ადამიანის დახვრეტა-არდახვრეტის ამბავი 1936 წლის 31 დეკემბერს, საღამოს 19 საათსა და 30 წუთიდან 20 საათამდე, სულ რაღაც ნახევარ საათში გადაწყვიტეს. ანუ, ეს იყო ფორმალობა, რადგან 600 ადამიანის მხოლოდ საბუთების გადალაგებას დასჭირდებოდა ორჯერ მეტი დრო. „ტროიკის“ წევრებს კი ოჯახებში საახალწლოდ ეჩქარებოდათ და 600 კაცი ყოველგვარი ფორმალური განხილვის გარეშე გაწირეს. ერევანში რომ ჩავედი, ყველაფერი გავარკვიე და მხოლოდ 27 ადამიანი დატოვეს პატიმრობაში, რომელთაგან მხოლოდ 2 დახვრიტეს...
 ბერიას ბრძანებით, „ტროიკის“ სამივე წევრი დახვრიტეს და როგორც მოგვიანებით, ხრუშჩოვის შემთხვევაში, მანამდე, 1937 წლის 4 იანვარს, უამრავი უდანაშაულო ადამიანი იხსნა განადგურებისგან...“