მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
ექიმის რჩევები
2011-01-26







კახა ჯანაშია

კითხვა: ვარ 35 წლის ქალბატონი. ქალას შიდა წნევა ცოტა მომატებული მაქვს. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს დაავადება? ან რა შეიძლება, ამან გამოიწვიოს?

პასუხი: ქალას შიდა წნევის მომატება არ არის დაავადება. ეს არის სინდრომი, რომელიც შეიძლება, გამოვლინდეს სხვადასხვა შემთხვევაში. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ სინდრომის არსებობას, ხშირად უმართებულოდ ვარაუდობენ. უმჯობესია, მოგვწეროთ თქვენი ჩივილების შესახებ და გვითხრათ, რომელი კვლევების საფუძველზე დაადგინეს მისი არსებობა, რათა ჩვენი პასუხი თქვენთვის დამაკმაყოფილებელი იყოს.

კითხვა: ძალიან მიყვარს შოკოლადი. ვჭამ უზომო რაოდენობით, თუ არ ვჭამე, თავბრუ მეხვევა. გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ მოვიქცე?

პასუხი: უპირველესად, გაიკეთეთ სისხლის ანალიზი შაქარზე. თუ მაჩვენებელი ნორმის ფარგლებში გაქვთ, შეგიძლიათ მიირთვათ ტკბილი. მაგრამ, მისი დიდი რაოდენობით მიღება, სასურველი არ არის, რადგან გარდა შაქრის დონის მომატებისა, შეიძლება, გაიღიზიანოთ საჭმლის მომნელებელი სისტემა. გირჩევთ, შეზღუდოთ ტკბილეულის მიღება, ან თუ მიიღებთ, მიირთვათ შავი, მწარე შოკოლადი.

კითხვა: ვარ 20 წლის გოგონა. ხშირად მაქვს თავბრუსხვევები. მიწევს სიცხე, მიხშირდება გულისცემა. მეწყება ოფლიანობა. რა ვქნა?

პასუხი: უპირველესად, გაიკეთეთ სისხლის საერთო ანალიზი, შეიძლება, დაქვეითებული გქონდეთ იმუნური სისტემა, სასწრაფოდ გჭირდებათ გამოკვლევა.

კითხვა: ერთი წლის წინ გავიკეთე ექოსკოპია მკერდზე, რადგანაც ვგრძნობდი სიმაგრეს და მტკიოდა. დამისვეს მასტოპათიის დიაგნოზი. არანაირი მკურნალობის კურსი არ გამივლია. ახლა იმდენად აღარ მაწუხებს, მაგრამ შიგადაშიგ მახსენებს თავს. მაინტერესებს, რამდენად საგანგაშოა და მივმართო თუ არა მამოლოგს?

პასუხი: სასურველია, მამოგრაფია და მამოლოგის კონსულტაცია.

კითხვა: მაინტერესებს, არის თუ არა საშიში სოლარიუმით სარგებლობა, იმის გათვალისწინებით, რომ ერთ წელიწადში ვაპირებ დაორსულებას.

პასუხი: სოლარიუმით გადაჭარბებულ სარგებლობას არ გირჩევთ. იმის გარანტიას, რომ რამე გართულება (სარძევე ჯირკვლებთან დაკავშირებით) არ განვითარდება, ვერავინ მოგცემთ. თუ ჯანმრთელი ბრძანდებით, ერთჯერადად სოლარიუმით მომსახურებამ გართულება არ უნდა გამოიწვიოს.

კითხვა: 8 წლის ასაკში ჩემი შვილი მივიყვანე ცურვაზე, მაგრამ, მუდმივად ეჭედებოდა ცხვირი, ამიტომ შევწყვიტეთ სიარული. ახლა 15 წლისაა, რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტეთ, რომ ევლო აუზზე, მაგრამ მეორე გაკვეთილზევე ისევ გაეჭედა (არადა, ზღვაზე ასეთი რამ არ ემართება). ცხვირიდან სისველე არ მოსდის, უბრალოდ, გაგუდული აქვს და თავი სტკივა. რას მირჩევდით?

პასუხი: როგორც ჩანს, თქვენ შვილს აქვს ალერგია იმ ნივთიერებებზე, რომლებითაც აუზებში წყალს დეზინფენქცია უკეთდება.

კითხვა: ვარ 65 წლის. ჭიპიდან მომდის ჩირქი. საფენებს ვიცვლი 5-ჯერ დღეში. ხომ ვერ მეტყვით, რა ვქნა?

პასუხი: სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ქირურგს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი