მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
გაუვალობა საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის
2010-12-11
ნონა დათეშიძე

ნაწლავთა მწვავე გაუვალობა ერთ-ერთი გავრცელებული პათოლოგიაა და ის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია.

მუცელში უეცარი ტკივილის დაწყების შემთხვევაში, დიაგნოზის დასმის გარეშე დაუშვებელია ტკივილგამაყუჩებელი წამლების დალევა, მუცელზე სათბურას დადება, კუჭის ამორეცხვა, ოყნის გაკეთება და სხვა ზომების მიღება.

მიღებული საკვები, ადამიანის კუჭში მოხვედრის შემდეგ, ჯერ წვრილ ნაწლავში, შემდეგ კი მსხვილ ნაწლავებში ხვდება და გაივლის. გზადაგზა საკვები ნივთიერებები გადამუშავდება, სასარგებლო ნივთიერებები შეიწოვება და მისგან ორგანიზმი საჭირო ნაერთებს გამოიმუშავებს, ხოლო უსარგებლო ნივთიერებებს გარეთ გამოდევნის. თუ რამე მიზეზის გამო ნაწლავის შიგთავსით გადაადგილება ფერხდება ან სრულიად წყდება, ვითარდება ავადმყოფობა, რომელსაც ნაწლავის გაუვალობა ჰქვია.

ზოგ შემთხვევაში ის უეცრად ვითარდება, ზოგ შემთხვევაში კი – ნელ-ნელა და ხანგრძლივად მიმდინარეობს. ასეთ გაუვალობას ნაწლავთა ქრონიკული გაუვალობა ეწოდება. ქრონიკული გაუვალობის დროს ნაწლავის შიგთავსის გადაადგილება მთლიანად შეწყვეტილი არ არის, მწვავე გაუვალობის დროს კი, ხდება შიგთავსის გადაადგილების სრული შეჩერება.

გაუვალობის იმ ფორმებს, როცა დაბრკოლების გამომწვევი მიზეზი მექანიკური ხასიათისაა, ნაწლავის სანათური დახშულია მასში უცხო სხეულის მოხვედრით, სიმსივნის ზრდით, სანათურის შევიწროებით, ნაწლავის შემოგრეხით, მუცლის ღრუში განვითარებული შეხორცებებით, თიაქრის ჩაჭედვით და ასე შემდეგ, მწვავე მექანიკური გაუვალობა ეწოდება.

ბოლო დროს ძალიან არის გავრცელებული შეხორცებებით განვითარებული გაუვალობა. მუცლის ღრუში შეხორცებების წარმოქმნას ხელს უწყობს მუცლის ჭრილობები, მუცლის ღრუს ორგანოებზე ოპერაციული ჩარევა, მათი ანთებითი დაავადებები, მუცლის დახურული დაზიანება. ხშირად გაუვალობის მიზეზი ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ნაწლავის სანათურს ავიწროებს. ასეთ შემთხვევაში გაუვალობა სიმსივნური პროცესის გვიანი გართულებაა და დაავადების შორს წასულ სტადიაზე მეტყველებს.

გაუვალობის ზოგიერთი გამომწვვი მიზეზი არა მარტო ნაწლავის სანათურს ახშობს, არამედ ნაწლავის კედლის სისხლით მომარაგებასაც არღვევს. ეს პროცესი საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. ის იწყება ნაწლავის კედლის ნეკროზით, ანუ ტკივილით, შემდეგ რთულდება და მოსდევს მუცლის ფარის ანთება. ამ დროს აუცილებელია სასწრაფო ქირურგიული ჩარევა.

ნაწლავის ყველანაირ გაუვალობას ახასიათებს ტკივილი, პირღებინება, მუცლის შებერვა, აირების დაგროვება და ნაწლავების მოქმედების შეკავება. ხშირად ტკივილი მოვლითი ხასიათისაა, ზოგჯერ კი ისეთი ძლიერია, რომ, შეიძლება, ავადმყოფი შოკშიც ჩავარდეს.

ნაწლავის მწვავე მექანიკური გაუვალობა თითქმის ყოველთვის სასწრაფო ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს.

ნაწლავის მწვავე გაუვალობის თავიდან აცილება, გარკვეულწილად, შესაძლებელია. პირველ ყოვლისა, საჭიროა, დროულად ჩატარდეს იმ დაავადებათა მკურნალობა, რომლებიც, შეიძლება გაუვალობის განვითარების მიზეზი გახდეს. ასეთებს განეკუთვნება: ნაწლავის სიმსივნეები, თიაქარი, ნაღველკენჭოვანი დაავადება. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, საკვები კარგად დაღეჭოთ და ისე გადაყლაპოთ. ასევე, ყურადღება მიაქციოთ კბილების მდგომარეობასა და საჭმლის მონელების პროცესის დარღვევებს.

მუცლის ღრუში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ უნდა მოერიდოთ ბევრი საკვების მიღებას. ასე ნაწლავთა მწვავე გაუვალობის სრული აღკვეთა ვერ მოხდება, მაგრამ მათი სიხშირე საგრძნობლად შემცირდება.