მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
დარწმუნებული ვარ, დედაჩემი ახლა იმაზე ნერვიულობს, ბადრაგთან როგორ მოვიქეცი #15
2017-04-10
ხათუნა კორთხონჯია

„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. ის სასამართლომ  დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით პატიმრობა შეუფარდა. დღეს დები – რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი სასჯელს ერთად იხდიან. ელოდა თუ არა ქალბატონი რუსუდანი დაპატიმრებას, როგორ შეხვდა სასჯელს, როგორ განაგრძობს ცხოვრებას მისი ოჯახი მის გარეშე, ამ ყველაფერს ნინო დარასელის ინტერვიუდან შეიტყობთ:
ნინო დარასელი: ახლანდელი მდგომარეობა არის ასეთი – არიან დაზარალებულები, რომლებსაც აქვთ პერსპექტივა, სახლი გაუჩნდეთ და ვართ ჩვენ, რომელთაგან სამი ადამიანი იყო ციხეში. ახლა ორი ქალია ციხეში, რომლებიც სამოც წელს არიან გადაცილებული და იხდიან სასჯელს. ბიძაჩემი ვახტანგი კი ძალიან მძიმე დიაგნოზით იმყოფება საავადმყოფოში. მე კი არ ვაპროტესტებ მოსამართლის ან პროკურატურის გადაწყვეტილებას, როდესაც ამდენი საჩივარი არსებობს. ალბათ, საქმის მიხედვით ჩვენ ვერ შევძელით იმის დამტკიცება, რომ არ იყო დარღვევა. მაგრამ ხომ არსებობს რაღაც ჰუმანური აქტი –  ორი ქალი, რომლებიც არ წარმოადგენენ არანაირ საშიშროებას, პირიქით, გარეთ ბევრად უფრო მეტს გააკეთებენ იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რისთვისაც ჰყავთ დაკავებული. ამას, მგონი, გაგება უნდა და სხვა მიდგომა სჭირდება.
– როგორია ბატონი ვახტანგის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
– კარგი და სასიკეთო არაფერია. ხალხი კითხულობს, ვახტანგის ჯანმრთელობა რატომ მივიდა ამ მდგომარეობამდეო. ვახო ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც გარეთ დარჩა. ამდენი საქმე და ორი პატიმარი ჰყავდა მისახედი, თავის ჯანმრთელობაზე არც უფიქრია. ზურგიც, მუცელიც  სტკიოდა, ბოლოს რომ ვერ იყუჩებდა, ამიტომ გაესინჯა. რაღაცნაირად დიდი სინდისის ქენჯნა მაქვს ვახოსთან მიმართებაში, იმიტომ რომ, ჩვენ სულ ვკამათობდით. ზოგჯერ კამათზე მეტიც იყო – დავბლოკავდით ერთმანეთს „ფეისბუქზე“. მე მწყინდა მისგან, მაგრამ მას ჩემგან არაფერი სწყინდა. დაბლოკილი რომ მყავდა, მაშინ დარეკავდა ხოლმე: რას შვრები, ვარდოო. ვგიჟდებოდი –  რა ვარდო... ვახომ  თავისი ემოციურობით ისევ თავის თავს მოუტანა ზიანი. ამ მიმდინარე ამბებს სულ ვაპროტესტებდი, მუსიკალურ შოუებში რომ გამოდიოდა. მართლაც, წინ დახვდა ყველაფერი: ის კარგი იყო, შოუებში რომ ცეკვავდა და ემღერებოდაო?!.“ ძალიან ნიჭიერი და უცნაური ადამიანია – ძალიან ერთგული და იმავდროულად, ემოციურ დონეზე არავინ იცის, მოულოდნელად, რა შეიძლება, გააკეთოს. ოჯახის ერთგულია და ამიტომ იცავდა ასე თავგამოდებით მის ინტერესებს. მე თუ მიმაჩნდა, რომ უნდა გამეკრიტიკებინა, ვთქვათ, მენეჯმენტში რაღაც არ ჰქონდათ სწორად, ვახომ ჩემი-შენის გარჩევა არ იცოდა, მისი იყო და მართალი იყო. ის არ იღებდა კრიტიკას ოჯახის წევრებისგან, რაც მე მახასიათებს. როდესაც რუსუდანი დააპატიმრეს, პირველ აპრილს, ვახომ მაშინ შეძლო ლაპარაკი.  ჩვენ – ოღონდ ამაზე მეტი არაფერი მოხდეს, მეტი არაფერი დაგვიშავდეს და ვამბობთ, რა კარგი გადაწყვეტილება იყო, რა გადასარევიო და ვახოს მაინცდამაინც მაშინ დაურეკა ტელეფონმა. ამანაც უპასუხა და მისცა თავისნაირი ემოციური კომენტარი, დამირეკეს – ვახომ კომენტარი. გააკეთაო. რა კომენტარი? – გადავირიე, გათიშული წევს-მეთქი. მართლაც მოვისმინე, რომ ნამდვილად მისი კომენტარია. გადავირიე, რაღა დღეს შეძლო ლაპარაკი-მეთქი. მერე კი მომეცა იმედი, იქნებ გამოჯანმრთელდეს-მეთქი. უარესობა არ ვიცი, ყველაფერს ცდილობენ ექიმები, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ამბობენ, უკეთესობა არ იქნება.
–  ელოდით რუსუდანის დაპატიმრებას?
– კი. უკვე ვიცოდით, რომ დააკავებდნენ. მიუხედავად მისი გარეგნული იერისა, ძალიან ძლიერი ადამიანია. ისე დაიღალა ამ ოთხი წლის განმავლობაში, იფიქრა, ამაზე უარესი რაღა მოხდებაო. უარესი, აი, ეს არის და ალბათ, ახლა უნდა დაიწყოს უკეთესი – დამთავრდეს მუდმივი სასამართლოები, შეურაცხყოფა და ციხე. ჩემს შვილებს რუსუდანი ზრდიდა. რომ განახოთ მისი ჩამოწერილი სია – ბავშვი სოლფეჯიოზე ამ საათზე წაიყვანე, ამ საათზე ეს უნდა ჭამოს, ამ დროს ეს უნდა გააკეთოთ.  ერთი რამეც არ დაუწერია თავის თავზე. მის გარეშე მიწა მაქვს გამოცლილი, ეგ იყო ჩემი ენერგიის წყარო.
– ქალბატონი რუსუდანი ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ჩანს. შენ კი, მისგან განსხვავებით – ძალიან ემოციური. მკაცრი დედაა?
– ყველაზე მშვიდი და გაწონასწორებული ჩვენში არის რუსუდანი, ყველაზე მშრომელი – მაია. დედა ძალიან მშვიდად შეხვდა თავისი დაკავების ამბავს. დაპატიმრების კადრებში ჩანს, რომ ვიღაცას უბრაზდება, ეს ვიღაც მე ვარ. ბადრაგმა ემოციის ფონზე ხელი მომკიდა, უნდოდა, გაეთავისუფლებინა დარბაზი და მე შევეკამათე. როგორ გაბედე და ხელი მომკიდე-მეთქი. ის კი გამიბრაზდა, რატომ შეეპასუხეო. დედაჩემი ძალიან წესრიგა და კონსერვატორია. დარწმუნებული ვარ, ახლა იმაზე ღელავს, რომ გავედი, ბადრაგთან როგორ მოვიქეცი. დედაჩემს ჩემი არაფერი მოსწონდა, მაგალითად, ჩაცმის სტილი. ერთხელ გადაცემაში ვთქვი: დიდხანს ვფიქრობ, სანამ რამეს ვიყიდი და ეს ხშირად მესიზმრება-მეთქი. გავიდა დრო, რაღაც მაცვია და რუსუდანმა შემომხედა: ნინო, გაფიცებ, ეს შენ ახლა დაგესიზმრაო?  რამდენადაც არ ჩანს, იმდენად მკაცრი და მომთხოვნია. ბავშვობაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, ყველაფერში ვმონაწილეობდი. დედაჩემს მადლობისთვის იბარებდნენ სკოლაში, მაგრამ ის არასდროს მაქებდა. მეუბნებოდა: რა თქმა უნდა, შენ ძალიან კარგი გოგო ხარ, მაგრამ, მისი ნაცნობის შვილზე ამბობდა: იმის შვილი სახლს ალაგებს და ისე კერავს, ქარგავს... დავიღალე ამ გოგოს ქარგვით, მე კი ვსწავლობ, მაგრამ ის ჩემზე უკეთ ქარგავს. გავიზარდე, გავიდა წლები, მაშინ „მოამბე“ მიმყავდა და მივეცი ინტერვიუ ერთ გაზეთს. ვარ ძალიან ბედნიერი, რომ დედაჩემი ნახავს, მაგრამ მან არ შეიმჩნია, ძალიან ჩვეულებრივ ამბად მიიღო ეს ყველაფერი. მეორე დღეს მოვდივარ და ჯიხურთან შემხვდა ეს გოგო. მეუბნება, სულ გიყურებ ტელევიზორში, მიხარია შენი წარმატებები და მოვედი, რომ შენი ინტერვიუს გამო შევიძინო გაზეთიო. აღარ დავამთავრებინე სიტყვა, მოვქრივარ სახლში, რომ დედაჩემს ვუთხრა, ის ჩემზე კითხულობს ინტერვიუს, რა ბედნიერება მეწვია... მან კი მაინც მშვიდად გაატარა ეს ყველაფერი. რამდენიმე წლის შემდეგ ჩავრთე ტელევიზორი და ვხედავ, კერავს ეს გოგო. გადავირიე, ამას რა უნდა ტელევიზორში-მეთქი, იმისიც შემშურდა. დედაჩემმა არ დაინახოს-მეთქი, იმიტომ რომ, გარდა იმისა, რომ კარგად კერავს და ქარგავს, ტელევიზორშიც გამოჩნდა. ჩემს თავზე წარმოდგენა ეგრევე გამიქრა.
– ახლა, ალბათ, ყველაფერი შენი საზრუნავი გახდა. როგორ ართმევ თავს?
–  ჩემთვის რაც ძალიან მძიმეა, მუდმივად გავიზარდე ქებაში, სიყვარულში, მამაჩემი ამ ტელევიზიის გამო სულ ყურადღების ცენტრში იყო და ერთ დღესაც, ეს ნაქები და ნასიყვარულები იღვიძებ და ხვდები, რა ცუდი ხარ... ფსიქოლოგთანაც კი მომიწია სიარული. მივხვდი, რომ მარტო ვერ გავუმკლავდებოდი. უკვე ისე ვარ, ყველაფერში დადებითს ვხედავ, დედაჩემის დაჭერაზეც კი ვფიქრობ – თვითონ უფრო მშვიდადაა, რადგან მარტო მაიას და გუკას უწევდათ პატიმრობა, თან, მაიასა და რუსუდანს ცხრა თვეა, ერთმანეთი არ უნახვთ. რომ არა ეს დაპატიმრება, ასე თავისუფლად ვერ შეხვდებოდნენ და ამდენი დრო არ ექნებოდათ ერთმანეთისთვის. ვიქცევი ისე, როგორც მოიქცეოდა რუსუდანი – ძალიან გაბრაზებული ვარ თუ ნაწყენი, თავს ვიკავებ. მე ხომ მეგრელი ვარ, დედა – რაჭველია.  ერთხელ  მითხრა: რამე რაჭული არ გაქვს, რომ მოიხმო, სულ მთლიანად მეგრელი ხარო და სანამ რუსო გამოვა, ვეცდები, ვიყო რაჭველი. მას მერე, რაც დედაჩემი დაიჭირეს, ძალიან ვცდილობ, აღარ ვიტირო. რაღაცნაირად არ მაქვს უფლება, რადგან მყავს შვილები, რომლებიც უნდა აღვზარდო – სოლფეჯიო არ გამომრჩეს და თან, ვცდილობ, არაფერი შემეტყოს და ეს ბავშვების ფსიქიკაზე არ აისახოს. მინდა,  ვუთხრა, რომ კარგად ვართ და რაც შეგვიძლია, მის დანაპირებს ვასრულებთ – სოლფეჯიოზე დავდივართ. ზუსტად ვიცი, ერთადერთი, რაზეც დარდობს, ჩემი შვილი მარიტაა. ჩემს შვილს ჰგონია, რომ რუსო გერმანიაშია. ამ ბავშვმა ვერ გაიგო, რატომ წავიდა რუსო. ტირის, რუსო მინდა, რატომ წავიდაო. მერე ვუთხარით, რომ იქ უნდა მოუწყოს სახლი. რომ  გაიზრდება, თვითონაც წავა გერმანიაში. ბევრი იფიქრა და მერე მეუბნება: კი მაგრამ, ამ გერმანიაში რას მიდიოდა, ინგლისში წასულიყო. იქ არიან პრინცები, მე რომ მიყვარსო. ძალიან მეშინია და იმედი მაქვს, მანამდე დამთავრდება ყველაფერი, სანამ ჩემი შვილი მიხვდება, რომ გერმანიაში კი არა სხვა დაწესებულებაშია. ყველა სახლი რომ ჩაბარდება და ბოლო კარი დაიკეტება, მაშინ ვიზეიმებთ ყველანი ერთად და მაშინ მოვა სიმშვიდე.