მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
რატომ არის ჩიყვი ქალის ახალგაზრდობის მტერი და როგორ ამოვიცნოთ მისი სხვადასხვა ფორმა #15
2017-04-10
ხათუნა კორთხონჯია

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები დღეს ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში. ჩიყვი ანუ ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, ხუთიდან, მინიმუმ, ერთ ადამიანს აქვს. ეს დაავადებები ნებისმიერ ასაკში შეიძლება, განვითარდეს, თუმცა უმეტესად, ახალგაზრდებსა და ქალბატონებში გვხვდება. რა არის ჩიყვი, რა იწვევს მას, როგორ ავიცილოთ თავიდან ეს დაავადება, რა სიმპტომებით ვლინდება და  რომელ დაავადებებში შეიძლება, აგვერიოს ის – ამ ყველაფერზე გვესაუბრება ენდოკრინოლოგი ნათია ჩხეიძე.
ნათია ჩხეიძე: ჩიყვი, ეს არის ფარისებრი ჯირკვლის ზომის მატება.  ფარისებრი ჯირკვალი მიეკუთვნება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს, რომელიც სისხლში გამოყოფს ორ ძირითად ჰორმონს – თიროქსინსა და ტრიოდთირონინს, რაც მოქმედებს ყველა უჯრედსა და ქსოვილზე, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა პროცესს, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, რეპროდუქციული სისტემისა და ძვალ-კუნთოვანი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში. გარდა ამ ჰორმონებისა, ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს კალციტონინს, რომელიც კალციუმის ცვლის რეგულაციაში მონაწილეობს.
– ფარისებრი ჯირკვლის გადიდება ნიშნავს თუ არა იმას, რომ ჩიყვი გვაქვს?
– ფარისებრი ჯირკვლის გადიდება იმას არ ნიშნავს, რომ ჯირკვალში ჰორმონების პროდუქცია აუცილებლად უნდა იყოს დარღვეული. ჩიყვის დროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცველობა შეიძლება, იყოს ნორმაზე ნაკლებიც, ნორმალურიც და ნორმაზე მეტიც. ჩიყვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი  მიზეზი იოდის დეფიციტია. ზოგჯერ ფარისებრი ჯირკვლის გადიდება ფარისებრი ჯირკვლის ანთების შედეგია. მის ზოგიერთ ფორმას ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის არეში ლოკალიზებული ტკივილი, რომელიც ყლაპვის ან ზეწოლისას ძლიერდება. თითოეული მათგანის შემთხვევაში, განსხვავებულია ჯირკვლის ფუნქციაც – ის ზოგჯერ მომატებულია, ზოგჯერ კი – დაქვეითებული. გარდა იოდის დეფიციტისა, არსებობს მრავალი პათოლოგია, რაც ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას იწვევს. ისინი კლინიკური ნიშნებით, დაავადების მიმდინარეობით თუ პროგნოზით, ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.
–  რა სიმპტომებით ვლინდება და რა შემთხვევაში შეიძლება, ვიფიქროთ, ჩიყვის არსებობაზე?
– სიმპტომების გამოვლინება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ჩიყვთან გვაქვს საქმე და რამდენადაა გადიდებული ფარისებრი ჯირკვლის ზომები. ფარისებრი ჯირკვლის  გადიდების დროს შეინიშნება: გამობერილობა კისრის არეში, სიმძიმისა და ზეწოლის შეგრძნება ყელში, ყლაპვის გაძნელება, ზოგჯერ სუნთქვის გაძნელება, მოხრჩობის შეგრძნება, ხველა. როცა ფარისებრი ჯირკვალი საჭიროზე მეტ ჰორმონს გამოიმუშავებს (ჰიპერთირეოზი), თითქმის ყოველთვის შეინიშნება: წონაში უმიზეზო კლება, აგზნებადობა, გადამეტებული ემოციურობა, ოფლიანობა, შიშის გრძნობა და უძილობა, ხასიათის ხშირი ცვალებადობა, გულის ფრიალი, ქოშინი, მაჯისცემის გახშირება, ხელების კანკალი, სისუსტე, ნაწლავთა ხშირი მოქმედება, მაღალი ტემპერატურის აუტანლობა. როცა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები საჭირო რაოდენობით არ გამომუშავდება ორგანიზმში (ჰიპოთირეოზი), ვლინდება: წონის მატება, დეპრესიულობა, აპათიურობა, კანის სიმშრალე, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, შეკრულობა, მეხსიერების დაქვეითება, ძილიანობა, მაჯისცემის შენელება, მცივანობა. ასევე, ჩახუთული სივრცისა და მზეზე ყოფნის აუტანლობა, მომატებული ოფლიანობა, თვალებისმხრივი ეგზოფთალმი – თვალების ბრწყინვა, თვალის კაკლების მოძრაობის შეზღუდვა, არამდგრადი დიპლოპლია, რთულ შემთხვევაში – ქუთუთოების დახუჭვის შეუძლებლობა. მის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს სტრესული ფაქტორები, გენეტიკური წინასწარგანწყობა, ინფექციური დაავადებები და იმუნური სისტემა, რომელიც იწვევს ავტოიმუნურ დაავადებათა სიხშირის მატებას.  ჩიყვი შესაძლოა, უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს.
– ძალიან ბევრი სიმპტომი ახასიათებს, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ საქმე გვაქვს ჩიყვთან და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ენდოკრინოლოგს?
– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ძირითადად ქალბატონებს აწუხებთ, რომელთა მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც – „არც ჯანმრთელი, არც ავადმყოფი“. ამასთან, კონკრეტული დიაგნოზის დასმა ჭირს და მკურნალობას შედეგი არ მოაქვს. ქალებში ამ დაავადების საწყისად, უმეტესწილად, სტრესი და ნერვული დაძაბულობა მიიჩნევა. გარეგნულად ეს პროცესი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებით – ჩიყვით აღინიშნება. ქალებისთვის საყურადღებო იქნება ის ფაქტიც, რომ იოდდეფიციტური დაავადებები ხელს უშლის ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას. შეიძლება განვითარდეს: თვითნებური აბორტი, ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის პათოლოგიები, მკვდრადშობადობა. იოდდეფიციტი ბავშვებში ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას განაპირობებს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა უკმარისობისას თავს იჩენს სხვადასხვა დაავადება, რაც სინამდვილეში, მხოლოდ „ნიღაბია“. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობისას შეიძლება, ჰეპატიტი ივარაუდონ, რადგან მისთვის კანის ოდნავ მოყვითალო შეფერილობაა დამახასიათებელი. ამ პრობლემის დროს ახალგაზრდა გოგონებს ასევე აწუხებთ ძლიერი უმიზეზო შიში და დეპრესია. თავს იჩენს მოთენთილობა, ძილიანობა, ძალების დაქვეითება. ის გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც. ფერხდება გულის ნორმალური მუშაობა, ვითარდება მაღალი ან დაბალი წნევა. მისთვის დამახასიათებელია ასევე ანემია. თუ  პაციენტი ამჩნევს კისრის კონფიგურაციის  ცვლილებას ფარისებრი ჯირკვლის საპროექციო არეში, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ასევე, თუ მას აღენიშნება ჩივილები:  სიმძიმისა და ზეწოლის შეგრძნება ყელში, ყლაპვის გაძნელება, ზოგჯერ სუნთქვის გაძნელება, მოხრჩობის შეგრძნება. ექიმი განსაზღვრავს ჯირკვლის გადიდების ხარისხს, კვანძის არსებობა-არარსებობას.
– როგორ უნდა შევივსოთ იოდდეფიციტი, რომ ჩიყვი თავიდან ავიცილოთ?
 – რადგან ენდემური ჩიყვის განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზია იოდის  დეფიციტი,  იოდდეფიციტის პროფილაქტიკა დაგვეხმარება, თავიდან ავიცილოთ ჩიყვის განვითარება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იოდდეფიციტის პროფილაქტიკა ბავშვებში, მოზარდებსა და ორსულებში. ამჟამად აქტიურად ხდება იოდიზებული მარილის მოხმარება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ იოდიზირებული პროდუქტი მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. იოდი  მზეზე იშლება და თერმული დამუშავებისას კარგავს თავის თვისებებს. ასევე, ადვილად ორთქლდება ჰაერზე. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია იოდდეფიციტის პროფილაქტიკა მოხდეს იოდის პრეპარატებით. მარილის იმ დოზით იოდირება, რომელიც ყოველდღიურად 150-250 მკგ იოდის (დღიური ნორმა) მიღებას უზრუნველყოფს, უსაფრთხოა, მათ შორის, მათთვისაც, ვისაც იოდდეფიციტი არ აღენიშნება. იოდიზებული მარილი მჭიდროდ თავდახურულ, მუქ ჭურჭელში უნდა შეინახოთ. უნდა მოარიდოთ ნესტსა და მზის სხივების უშუალო ზემოქმედებას, ხოლო მოხმარებისას თავი დიდი ხნით არ ახადოთ. გაითვალისწინეთ: იოდიანი მარილი კერძს ემატება არა მომზადების პროცესში, არამედ ქურიდან გადმოდგმის შემდეგ, რათა იოდმა მაღალი ტემპერატურის გავლენით, ინაქტივაცია არ განიცადოს. ისიც უნდა გაითვალისწონოთ, რომ ქლორირებული, ანუ ონკანის წყალი, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ სასმელად, ფარისებრი ჯირკვლიდან იოდს „გამოაძევებს.“ მისი მიღება კი საკვებში იოდის დამატების საჭიროებას გვიქმნის. ყურადღება უნდა მიაქციოთ იმასაც, რომ  საკვები რაციონი აუცილებლად შეიცავდეს იოდშემცველ პროდუქტებს, როგორიცაა: თევზი (კამბალა, ქაშაყი, სკუმბრია, ვირთევზა), რძის პროდუქტები, ბურღულეული (წიწიბურა, ფეტვი), ზღვის კომბოსტო, თაფლი, ლიმონი, ნიგოზი.