მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
როდის ჩახედა სიკვდილს თვალებში გიო ხუციშვილმა და რა რეაქცია ჰქონდათ რუსებს აფხაზეთის ომში, როდესაც მან პიანინოზე დაკვრა დაიწყო #15
2017-04-10
ეთო ხურციძე

მარტივი წარმოსადგენი არაა,  მაგრამ, თურმე, ცნობილ ადამიანებსაც ჰქონიათ რთული პერიოდები. ეკრანიდან ან სცენიდან ეს ყოველივე ნაკლებად ჩანს და ჩვენც გვგონია, რომ მათზე მხიარული, ბედნიერი ადამიანები დედამიწაზე არ დადიან. ალბათ, ცოტამ იცით, რომ ყველასათვის საყვარელი მომღერალი, გიო ხუციშვილი წელიწად-ნახევარი აფხაზეთის ომში იბრძოდა და ორჯერ ორდენითაც კი დააჯილდოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ომიდან თითქმის 24 წელი გავიდა, მას დღემდე უჭირს ამ თემაზე საუბარი. განვლილი ცხოვრებისა და სიახლეების შესახებ მომღერალი თავად გიამბობთ.
გიო ხუციშვილი: ყველა დრო სიახლეს მოითხოვს, შესაბამისად,  ქართულ სიმღერებსაც სჭირდება განახლება. ამიტომ, გამიჩნდა იდეა, რომ ჩამომეყალიბებინა ბენდი. მყავს სამი წევრი: მომღერალი - ბაბი კირკიტაძე, მუსიკოსი - ზურა მახნიაშვილი და გიტარისტი - მიშა ჩეკურიშვილი. ჩვენი ჟანრი ჯაზ-როკია, რომელიც გახლავთ კლუბური, საცეკვაო. უკვე 7 თვეა, რაც სისტემატურად ვმართავთ კონცერტებს და ის, რასაც ვქმნით, ძალიან მოსწონს ახალგაზრდობას. გვინდა, ქართული ნაწარმოებები, რომლებიც საქართველოს ისტორიაა, ახლებურად შევთავაზოთ მსმენელს, რათა არ დაიკარგოს და თაობას გადაეცეს.  საკმაოდ დატვირთული რეჟიმი გვაქვს. ცოტა ხანში „სუხიშვილებთან” ერთად თურქეთში მივემგზავრებით და იქ წარმოვაჩენთ საქართველოს.
– ცხოვრების არაერთი ეტაპი გაიარეთ. ყველაზე რთული პერიოდი, როდის გქონდათ?
– ძალიან ლაღი ბავშვობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ ავადსახსენებელი კომუნისტების დროს დავიბადე. ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი მათი წყობის, რადგან დოგმებში ვერასდროს ვჯდები, სულ სიახლეებს ვეძებ. ბევრი მისტირის:  კარგი პერიოდი იყო, ხელფასი და საჭმელი გვქონდაო. ეს გასაგებია, მაგრამ ადამიანისთვის, რაც მთავარია, სულიერი თავისუფლება – ეს არ იყო. სწორედ ამიტომ მოხდა ის 9, 14 აპრილი. ამ ფაქტების მონაწილეები ვიყავით ყველანი. მახსოვს, დედა ენის დღეს სკოლიდან გადმოვხტით და იქ ვიდექით სკოლის მოსწავლეებიც. მოკლედ, ყველაფერი გავიარე ჩემს ქვეყანასთან ერთად. თბილისში დავიბადე და მერვე თაობა ვარ აქ. ამით კი არ ვამაყობ, სოფელი რომ მქონდეს, ზაფხულში მაინც წავიდოდი. უბრალოდ, ეს ქალაქი ჩემი სახლია და ძალიან მტკივა. ახალგაზრდა იყო მამაჩემი, რომ გარდაიცვალა და ამ სამყაროსთან დავრჩი სრულიად მარტო. მაშინ 18 წლის ვიყავი. აქედან დაიწყო ჩემი რთული ცხოვრება.  ნათურა გადაიწვებოდა, ონკანი გაფუჭდებოდა და ასე შემდეგ, ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი იყო. ამ არეულ პერიოდში მოვიყვანე პირველი ცოლიც. დღემდე არც ვიცი, რატომ შევუღლდით, ან რატომ გავშორდით.  მერე ბოჰემურ ცხოვრებას მივყავი ხელი: გიტარა, სიმღერა, წასვლა-წამოსვლა, ქეიფი... შემეძინა პირველი შვილი, დავლიე დიდი ყანწი, თუმცა იმ პასუხისმგებლობას ვერ ვაცნობიერებდი. ბოლოს, იმ დასკვნამდე მივედი, რომ უფსკრულში არ უნდა გადაიჩეხო, უნდა იბრძოლო ცხოვრებისთვის. ამიტომ, გიტარა და ბოჰემური ცხოვრება გვერდზე გადავდე. ამდენი  სიგიჟის მერე, გადავწყვიტე, შემეცვალა ცხოვრების რიტმი. როცა ამ აზრამდე მიდიხარ, უკვე კარგი კაცი ხდები. თუ ამ ყოველივეს ვერ აცნობიერებ, იღუპები. ასე დაიღუპა ბევრი ახალგაზრდა ჩვენს თაობაში. მაგრამ ეს აფხაზეთისა და თბილისის ომის, დაპირისპირების ბრალიც იყო – იმდენი ნიჭიერი ხელოვანი, სპორტსმენი დაიკარგა. შეიძლება ითქვას, ჩვენი თაობა საერთოდ გაწყდა. ვიღაცამ შეიძლება თქვას, ტყუილი ომი იყოო. ეს სიცრუეა. მაშინ ბიჭები ომში იყვნენ იმიტომ, რომ თავის ქვეყანას იცავდნენ. იქ რუსებს  მოვუგებდით, თუ არა, ჩვენი ვალი იყო, გვებრძოლა.
– აფხაზეთის ომში, როგორც მოახლისე, ისე წახვედით?
– დიახ, ორჯერ დამაჯილდოვეს ორდენით. მანამდე შეხება არ მქონდა ჯართან. თან, მაშინ კომუნისტების ჯარში გიწევდა მსახურება და იქ რომ არ წავეყვანე, ფულსაც კი გადავიხდიდი.  თუმცა, ომი სხვა თემაა. ეს იყო ყველა ქართველის მოვალეობა. სპონტანურად წავედი, ვერც ვაცნობიერებდი. ჯარისკაცის მამასავით ჩავედი და დავრჩი. ბოლომდე გავედი, მგონი, ბერლინს მივუახლოვდი. წელიწად-ნახევარი ვიბრძოდი. ორჯერ დავიჭერი, დავბრუნდი და ისევ წავედი. ძალიან რთული სიტუაცია იყო. მაშინ, ზუკა მყავდა პატარა. ბევრი მომენტი ყოფილა, მიფიქრია, რომ უკან ვეღარ დავბრუნდებოდი. ძალიან ბევრჯერ შემშინებია და არაერთხელ ჩამიხედავს სიკვდილისთვის თვალებში. ბრძოლის ველზე ფეხს რომ დგამ, ხვდები, წამია შენი სიცოცხლე. ადამიანი ძალიან  სხვანაირი არსებაა. შიშისა და სიკვდილის გრძნობა ბევრჯერ გადამილახავს.
– რა ვითარებაში დაიჭერით?
– პირველად გაგრაში დავიჭერი და მეორედ – ოჩამჩირეში; ერთი აფეთქება იყო და მეორედ – ავტომატის ტყვია მომხვდა. ამ თემის გახსენება ძალიან მიჭირს. იქ ათას საშინელ მომენტს ხედავს თვალი, რომელსაც ტვინი იმახსოვრებს. ერთ ისტორიას გავიხსენებ.  ერთ ღამეს სრულიად დანგრეულ სახლში შევედით.  შუა ოთახში იდგა პიანინო, დავჯექი და დაკვრა დავიწყე. ბიჭებიც ამყვნენ, ცეკვავდნენ და მღეროდნენ. იქვე, თხრილში რუსები იყვნენ ჩასაფრებულები, თუმცა ხმა არ ამოუღიათ. რაღაც ფილმის სიუჟეტს ჰგავდა. მტერი გვხედავდა, გვისმენდა, მაგრამ ერთხელაც არ გაუსვრია. ესაა ცხოვრება. მოვა დრო, როცა თვითონ დაიშლება ყველაფერი და ქვეყანა ისევ გაერთიანდება. რომელი საუკუნეა, ისევ რომ ჩამოვიდნენ, მიწა მოგვაჭრან და წავიდნენ. ამას უბრალოდ, ბევრი მუშაობა სჭირდება. ომი უკვე სირცხვილია.
– ფსიქოლოგიურად, როგორ გადალახეთ ეს ყოველივე?
– გარდა იმ სირთულისა, რაც ბრძოლის ველზე გხვდება, ფსიქოლოგიურადაც რთული გადასატანია. დიდი დრო დამჭირდა, კარგად რომ ვყოფილიყავი.  მეუღლესთან ერთად გადავლახე ყველაფერი, თუმცა ძალიან უჭირდა ჩემთან ყოფნა. მაშინ მარტივი გასაძლები არ ვიყავი. დავიწყებდი ისტორიების მოყოლას და მერე ვგიჟდებოდი. მივეძალე სასმელსაც. რომ დავლევდი, მეგონა, ვიბრძოდი. თუმცა, სმაში შვებას ვპოულობდი. ბევრი ცუდი მომენტი ჰქონდა ჩემს მეხსიერებას დალექილი. ერთი პერიოდი საავადმყოფოს კომენდანტი ვიყავი ოჩამჩირეში და წარმოიდგინეთ, იქ რა ხდებოდა. ხალხი შემოჰყავდათ, ზოგს ფეხი არ ჰქონდა, ზოგს ხელი, ქალები მშობიარობდნენ, ახალი სიცოცხლე იბადებოდა... ამ მძიმე მდგომარეობიდან გამომიყვანა სიმღერამ. მუსიკა ჩემი ნარკოტიკია, მასში ვიხარჯები ბოლომდე და სწორედ ის მაძლევს ყველაზე მაგარ „კაიფს“.
– ამ ყველაფრის მერე, როგორ გახდით წარმატებული?
– იყო პერიოდი, როცა ოჯახში ძალიან გვიჭირდა. მამას ძალიან უყვარდა კითხვა და დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა. როცა გარდაიცვალა, დედამ ეს ბიბლიოთეკა გაყიდა საჭმლის ფულის გამო. აფხაზეთის ომიდან რომ დავბრუნდი, ფილმში მეგონა თავი. მივედი სახლში, რომელიც, თურმე, ჩემი აღარ იყო. დედას სახლიც გაუყიდია და ოროთახიანში გადასულა საცხოვრებლად. ფაქტობრივად, აღარაფერი მქონდა დარჩენილი. ცხოვრება დავიწყე ნულიდან. მივხვდი, რომ მე თუ არ მივხედავდი ჩემს ოჯახს, შვილს, სხვა არავინ მიაქცევდა ყურადღებას. რაიმე რომ მეშოვა და ფეხზე დავმდგარიყავი, პურიც კი ჩამიბარებია ერთი ადგილიდან მეორეში. ამ დროს სახლში ავტომატი მქონდა, მაგრამ ხელი არ მიხლია. საკუთარი შრომით, ოფლით მოპოვებულს სულ სხვა გემო აქვს. ვიდრე წარმატებას მივაღწევდი, მანამდე ბევრი ვიწვალე. მერე გამგებლის, საბაჟოს უფროსის მოადგილე ვიყავი. შევქმენი საკუთარი ღვინის კომპანია. ახლა სპორტის სასახლის დირექტორი ვარ. ყოველთვის შეიძლება, ცხოვრების თავიდან დაწყება. მთავარია, მიხვდე, სად გაჩერდე და არ გადაეშვა მორევში.