მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
რა შეთანხმება დადეს ერთად ყოფნამდე ირაკლი ფიფიამ და ანი ჩხეიძემ და როგორ შეუდგინა ანიმ შეყვარებულს კონსტიტუცია #15
2017-04-10
ნათია უტიაშვილი

ცოტა ხნის წინ ირაკლი ფიფიამ ანი ჩხეიძეს დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო: ხელი სთხოვა და ულამაზესი ნიშნობის ბეჭედიც აჩუქა. ანიმ კი თანხმობით უპასუხა. ბედნიერი და ძალიან კარგი, პოზიტიური წყვილი დაქორწინებას შემოდგომაზე გეგმავს. რაც მთავარია, განსხვავებული, ლამაზი ქორწილის გადახდას გეგმავენ.
ირაკლი ფიფია: ერთი წლის წინ გადავწყვიტე, რომ ანისთვის დაბადების დღეზე მეთხოვა ხელი. დიდი ხანია, ერთად ვართ და მინდოდა, კიდევ ერთი ნაბიჯი გადამედგა წინ. სიახლე შემეტანა ჩვენს ცხოვრებასა და ურთიერთობაში.
ანი ჩხეიძე: ოღონდ მე არაფრის აზრზე არ ვიყავი. თურმე, 7 თვით ადრე ჩემმა ყველა დაქალმა იცოდა, რომ ირაკლი ჩემს დაბადების დღეზე რაღაცას გეგმავდა, მაგრამ მიმალავდა. ეს მერე გავიგე, ყველაფერმა რომ ჩაიარა. დაბადების დღემდე ვკითხე ირაკლის: რა ვქნათ-მეთქი. არაფერი, ყველაფერი მე მომანდეო. არც ის უთქვამს, ვის დაპატიჟებდა. რამეს რომ ვეკითხებოდი, არ მახედებდა საქმეში, მაშინვე სხვა რამეზე იწყებდა ლაპარაკს. ერთადერთი, იმაზე იფიქრე: რა ჩაიცვაო. თვითონ, თურმე, დადიოდა შეხვედრებზე, ადგილებს არჩევდა, ბეჭედზეც დარბოდა.
ირაკლი: დავიტანჯე იმდენს დავდიოდი. საღამოს ერთმანეთს რომ ვშორდებოდით, მეუბნებოდა: ხვალ რას შვრები. საქმე მაქვს-მეთქი. რა საქმეო. ეგ შენ არ გეხება-მეთქი.
ანი: ეს მაგიჟებდა ყველაზე მეტად.
ირაკლი: დილით ბეჭდის სანახავად გავდიოდი, დიზაინზე ვფიქრობდი, ვარჩევდი. ერთი კვირა ვიარე: ცალკე ბრილიანტის თვლები ვიყიდე, ცალკე – ჩამოვასხმევინე.
ანი: ჩემ სანახავად რომ მოდიოდა დილით, ისეთი დაღლილი იყო, ვეკითხეობდი: რატომ ხარ დაღლილი, ახლა არ გაიღვიძე-მეთქი. თურმე, მთელი თბილისი ჰქონდა შემოვლილი.
ირაკლი: მოკლედ, მე ავაწყობინე თავიდან ბოლომდე. უბრალოდ, მინდოდა, შუაში რომ თვალია, უფრო დიდი ყოფილიყო, მაგრამ ვერ გავთვალე ბოლომდე. ვინც აკეთებდა, იმანაც მითხრა: არ მოუხდებაო. ყოველ შემთხვევაში, ყველაზე მაღალი ხარისხის არის. ლამაზია, სადა, არ ყვირის.
– საკმაოდ ძვირიც დაგიჯდებოდა.
– თავისთავად, კარგი თანხა დაჯდა.
– თქვენი გემოვნება ემთხვევა ასეთ რაღაცეებში?
ანი: სამი წლის განმავლობაში ვადარებდით რაღაცეებს და სულ ემთხვეოდა გემოვნება. ერთხელ მომავალი სახლისთვის გვინდოდა, რაღაცეების შერჩევა და შპალერზე ისე ვიჩხუბეთ... ისეთი რაღაცეები მოეწონა, სულ სხვაგან არის და მივხვდი: ირაკლი ჩვენი სახლის რემონტში არ უნდა ჩაერიოს.
–  როგორ შეკარი ანის მეგობრებთან ისე პირი, რომ არავინ არაფერი უთხრა მთელი 7 თვის განმავლობაში?
ირაკლი: დავაგინე. არცერთმა ამის დაქალმა  არაფერი უთხრა, არადა 7 თვის წინ იცოდნენ ყველაფერი. უბრალოდ, ამ დღეს ისე ელოდებოდნენ, როგორ იტყოდნენ რამეს. ბიჭებმა ცოტა გვიან გაიგეს და გაგიჟდნენ. გიორგი გაბუნია ჩემი მეგობარია და მან მითხრა: ამ მომენტს უნდა დავესწროო. მინდოდა, ეს საღამო ძალიან ლამაზად დაწყებულიყო და ასევე დამთავრებულიყო.
ანი: გოგონები მეკითხებოდნენ: ხომ ლამაზი იქნები დაბადების დღეზეო. რაღაცას ვეჭვობდი, მაგრამ ამას საერთოდ ვერ დავუშვებდი. ერთ დაქალს წამოსცდა, საჩუქარს გიკეთებთ ყველანი ერთადო. ვიფიქრე: ალბათ, ფლეშმობს დგამენ, რეპეტიციებზე დადიან-მეთქი. მოკლედ, მივედი დაბადების დღეზე. ტორტი რომ შემომიტანეს, ჩავაქრე სანთლები და ირაკლიმ მომაწოდა საჩუქარი: ეს ყველასგანო. ყველამ ერთად „აიფონ 7“ მაჩუქა. ძალიან გამიხარდა. კიდევ ერთი რაღაც დარჩაო, მითხრეს. დავიძაბე. უცბად დაიჩოქა ირაკლიმ და ამის მერე, უკვე აღარაფერი მახსოვს. მეორე დღეს მეუბნებოდნენ: რა იყო, რატომ მიუშვირე ზურგიო. ცრემლები წამომივიდა, დავიბენი. არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა და ამიტომ შევტრიალდი. რომ მოვბრუნდი, რა თქმა უნდა, „კი“ ვუთხარი.
ირაკლი: იმაზე კი არ ვნერვიულობდი: „კის“ მეტყოდა თუ „არას,” მოახლესავით ვიყავი: აბა, მეგობრებო, რამე ხომ არ გაკლიათ. 
ანი: იმ საღამოს ცოტა დავლიე, თან, შოკისგანაც არაადეკვატურად ვიქცეოდი. მეორე დღე გადახარშვის დღე მქონდა, მხოლოდ მესამე დღეს მივხვდი, რაც მოხდა, რა მეკეთა ხელზე. დამცინოდნენ: დაგაბესო. სიხარულს მანიჭებს, თავი ქალი მგონია.
–  ერთად ცხოვრობთ უკვე, თუ ცალ-ცალკე?
ირაკლი: ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. ჩვენი ბინის დასრულებას ველოდებით. ასე, ოქტომბრისკენ ვაპირებთ დაქორწინებას.
ანი: თან, ჩემი უსაყვარლესი ნათლიისგან, მალხაზ კურტანიძისგან საქორწილო საჩუქარი მივიღეთ: 10 დღე მალდივებზე გვიშვებს ქორწილის ღამესვე. ჩემი ოცნება იყო მალდივებზე ირაკლისთან ერთად წასვლა და ვეხვეწები: მიდი, მალე!
ირაკლი: როგორც კი გაიგო, მაშინვე მითხრა: ბიჭო, ქენი რამე, მიდი მალე. ვეუბნები დამასვენე...  ქორწილისთვის უკვე დავიწყე ნომრების გაკეთება. თან, „ცეკვავენ ვარსკლავები“ იწყება, მეც უნდა დავკავდე რაღაცაში. ამასაც გადავაგორებ და მერე ქორწილიც იქნება.
ანი: ერთადერთი, ვიცი, რომ ჩვენი ქორწილი იქნება შოუ და შეიძლება, საქართველოში მსგავსი არაფერი იყოს გაკეთებული. ყველაფერს დავგეგმავთ და დეტალურად გავთვლით.
– როგორც ვხვდები, ირაკლი ისეთი ტიპია, შეგიძლია, ბოლომდე ენდო.
– არ მახსოვს, რამეს შემპირდეს ან რამე ვთხოვო და არ შემისრულოს. შეუძლებელი უნდა ვთხოვო, რომ ვერ გააკეთოს. ჩვეულებრივი კედელი მყავს გვერდით, რომელსაც შემიძლია ნებისმიერ დროს მივენდო, მივეყრდნო, ჩავაბარო საკუთარი თავი და მან ყველაფერი გააკეთოს ჩემთვის. ამიტომ ვარ ყველაზე ბედნიერი გოგო.
– ირაკლი, შენ რატომ ხარ ყველაზე ბედნიერი ბიჭი?
ირაკლი: ასეთი გოგო თუ ჰყავს კიდევ ვინმეს, თქვას.
– როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ერთად ცხოვრება?
– თავიდანვე ავუხსენი ანის: მე ვარ ასეთი, ასეთი, ასეთი. შემიძლია, გავაკეთო ეს, ეს და არ შემიძლია, გავაკეთო ეს, ეს. შენ თუ გაწყობს ეს ყველაფერი, მაშინ გავაგრძელოთ ურთიერთობა-მეთქი.
ანი: ცოტა გამიკვირდა: ფლირტის პერიოდი იყო. მაგრამ, გამომიტყდა: ამ სიტუაციაში ასე ვიქცევი, ამაში – ასე, მე სერიოზულ გრძნობაში გადავდივარ და თუ გაწყობს შენ ეს ყველაფერიო.
ირაკლი: თავი დავიზღვიე და ამანაც დამიქნია თავი – კიო.
ანი: გაუაზრებლად დავთანხმდი, გავყევი ბოლომდე.
ირაკლი: ისე, ანის საკუთარი კონსტიტუცია აქვს, თავისი მუხლებით. მოკლედ, 3-4 თვეა, ერთად ვართ და მიგზავნის „ვორდში“ აკრეფილ ფაილს, რომელსაც აწერია: კონსტიტუცია. პირველი მუხლი: პრინცესებს უნდა მოუარონ; პრინცესა უნდა წაიყვანო-მოიყვანო; საჩუქრები უნდა აჩუქო. ახლა რაღაცეები აქვს დასამატებელი, რეფორმის ჩატარებას გეგმავს. მეც ვასრულებ კონსტიტუციის მუხლებს.
– ანი, ირაკლისთან თავს პრინცესად გრძნობ?
ანი: ხშირად მიგრძნია პრინცესად თავი, სამაგიეროდ, თვითონ ხომ პრინცია.
ირაკლი: ბოლო პერიოდში შეჯიბრებისთვის ვემზადებოდი. მერე ჩემების რეპეტიცია, მე და ტყუპები „ვორკშოპებს“ ვაკეთებთ. მოკლედ, ღამის 2 საათი ხდებოდა ხოლმე და ვრეკავდი:  ანი, დღეს მე სახლში მივდივარ.
ანი: კარგი, დღესაც ვერ მნახავ... ბეჭედი ხომ არ დაგიბრუნო?