მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
სად დაჰყავს ქეთი ხუციშვილს შვილი ძალით და ვინ გაუწია მას მამობა ოთხი წლის შემდეგ #15
2017-04-10
ქეთი კაპანაძე

მსახიობ ქეთი ხუციშვილის შვილი – გიო ხუციშვილი ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, მაგრამ უკვე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, რისი მიზეზიც მისი გამორჩეული გარეგნობაა. გიო ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ ბიჭად აღიარეს და გოგონების დიდი მოწონებით სარგებლობს. როგორია მათი დედაშვილობა, რაზე კამათობენ და რა სიგიჟეებს სჩადიან ერთად, ამას სწორედ მათგან შეიტყობთ.
– თქვენი ერთობლივი ფოტო ძალიან პოპულარული გახდა. წერდნენ, ლუნას ყველაზე სიმპათიური ბიჭი ჰყოლია, რომელზეც მთელი ქალაქის გოგოები გიჟდებიანო.
ქეთი: ჰო, მეც დავინტერესდი, ნეტავ, რას წერენ-მეთქი. თან, ცოტა მეშინია ასეთი ამბების წაკითხვა. ხომ იცი, ზოგჯერ ცუდსაც წერენ, მაგრამ ჩემს შვილზე ასეთი რამ რომ წავიკითხე, ძალიან გამიხარდა. იმ დედების რიცხვს არ მივეკუთვნები, თავის შვილზე ლამაზი არავინ რომ არ ჰგონია, მაგრამ ვაღიარებ, რომ კარგი ბიჭია.
გიო: მეც ძალიან გამიხარდა, ჩემ შესახებ ასეთი რამ რომ წავიკითხე.
ქეთი: თან, 15 წლის ასაკში, ხომ ხვდებით, ეს აღიარება, რას ნიშნავს (იცინის).
– გიო, როგორი დედაა ლუნა?
გიო: ძალიან კარგი, პოზიტიური და თბილი, საყვარელი. ლუნას საერთოდ არ ჰგავს, არც მასავით წარბის აწევით ლაპარაკობს.
ქეთი: ზოგჯერ ვიჩენ ხოლმე სიმკაცრეს. ისე როგორ გაიზრდებოდა, რომ ეს არ დამჭირვებოდა, მაგრამ ისეთი მკაცრი ნამდვილად არ ვარ, რომ შვილს ჩემი ეშინოდეს. თვითონ ბუნებით კარგი ბიჭია და არც საჭიროებს მკაცრად მოპყრობას. ზედმეტად არც მე ვერევი, თუნდაც მისი სწავლის პროცესში. შვილისთვის არასდროს მითქვამს, აუცილებლად მაღალი ქულები მომიტანე ყველა საგანში-მეთქი და არც სკოლაში ზედმეტად სიარულით ვაწუხებ. თუმცა, უყურადღებოც არ ვარ.
– რაზე კამათობთ ხოლმე?
– ჭამე, შვილო, საჭმელი (იცინის). კერძს რომ გავაკეთებ და გადაღებაზე წავალ, მგონია, ეს შეჭამს, მოვალ სახლში და ისევ ისე ხელუხლებელი მხვდება. შეიძლება, მთელი დღე ისე გავიდეს, საერთოდ არ გაახსენდეს ჭამა. ძირითადად, ამაზე ვკამათობთ, თორემ სხვა მხრივ, თავიდანვე ბრძენი ბავშვი იყო (იცინის). ყოველთვის ზრდასრული ბიჭივით იქცეოდა.
გიო: თინეიჯერებისთვის დამახასიათებელი სირთულეები ჩემთვის უცხოა. ამ დროს რომ მშობლებთან კონფლიქტები და რაღაც მოთხოვნები აქვთ ხოლმე, ეს ჩემთვის გაუგებარია.
ქეთი ამის დრო არც აქვს. სკოლიდან ცურვაზე მიდის, ინგლისურში ემზადება, ვარჯიშობს და დღეც მთავრდება. რამე განსაკუთრებული მოთხოვნებიც არ აქვს. ტანსაცმელი მე თუ არ ვუყიდე, თვითონ არც მომთხოვს. პატარა ბავშვები ან ამის ტოლები, ხომ იცით, როგორ ითხოვენ რაღაცეების ყიდვას. ეს, პირიქით, ყოველთვის ძალით მიმყავდა მაღაზიაში, რომ რამე მეყიდა. ტიროდა, არ წამიყვანოო და დღემდე ძალით ვყიდულობ ყველაფერს.
– აბა, რა გიყვარს?
გიო: ძალიან მომწონს კულინარია და მსიამოვნებს კერძების მომზადება. მეექვსე კლასშიც არ ვიყავი, მზარეულობით როცა დავინტერესდი. „იუთუბიზე“ ვიდეოებს ვუყურებ და იმის მიხედვით მრავალფეროვან კერძებს ვამზადებ. ეს პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ვცდილობ, ყოველდღე მოვამზადო რამე. მინდა, კარიერა ამ კუთხით გავაგრძელო საფრანგეთში, რადგან ფრანგული სამზარეულო ყველაზე მეტად მომწონს. მეორე ადგილას ჩინურ კერძებს დავაყენებდი.
ქეთი: ძალიან მაინტერესებდა, ნეტა, ეს ბავშვი რას უყურებს ჩაკეტილი ასეთი ინტერესით-მეთქი?! თურმე შეფმზარეულობა ნდომია. მეჩხუბება ხოლმე, კარტოფილს მე დავთლიო (იცინის). უნდა ახლა ამას ჩემი ბორშჩი და სუპები? (იცინის).
– როგორი დედაშვილობა გაქვთ?
– არც ძალიან გიჟი დედა ვარ და არც ზედმეტად მეგობრული. ვიცი, როდის უნდა დავურეკო და როდის არ უნდა შევაწუხო. თუ საჭიროა, დამრიგებლური ტონიც მაქვს და თუ მნიშვნელოვნად ჩათვლის, გაითვალისწინებს.
გიო: ერთად რომ გვხედავენ, თითქმის არავინ იჯერებს, რომ დედა-შვილი ვართ. ყველას და-ძმა ვგონივართ (იცინის).
ქეთი: უიმე, რა?! ისეთი გაოცებულები რჩებიან, როცა იგებენ, რომ ჩემი შვილია. არადა, არ ვარ პატარა. 24 წლის ვიყავი, რომ გავაჩინე და დიდი გოგო ვარ უკვე (იცინის). ყველას ჰგონია, რომ და-ძმა ვართ, თან, თუ ავტყდით და რაღაცაზე ჩავბჟირდით, ხომ საერთოდ. გიოს ძალიან მაგარი იუმორი აქვს – ჩუმი, მაგრამ ამოგაყირავებს. ინტელექტუალური იუმორი აქვს და საოცრად სასიამოვნოა, როცა შენი შვილი უკვე გაცინებს. ჰოდა, რომ მოვაღებ ხოლმე პირს სიცილისგან... მოკლედ, ერთად სიგიჟეებს ჩავდივართ. იცის, რომ ცეკვა მიყვარს. სპეციალური ელასტიკიც მაქვს, ჩავიცვამ, დავაჭერინებ ხელში ვიდეოს – მე ვცეკვავ, ის მიღებს, ვღლი ხოლმე. ხან ფოტოების გადაღებას ვთხოვ და ჭკუიდან გადამყავს. აღარ შემიძლია, თავი დამანებეო, – ამბობს (იცინის). მემალება და კარს მიკეტავს. თუ ტექსტი მაქვს სერიალისთვის სასწავლი, მაშინ მე ვიკეტები ოთახში.
– ყველაზე სიმპათიურ ბიჭად აღიარეს გიო, რომელიც უამრავი გოგოს მოწონებით სარგებლობს. მომიყევით ამ ამბების შესახებ.
გიო: მე უფრო ნაზი და ლამაზი გოგოები მომწონს. ღია ფერის თმითა და ლურჯი ან მწვანე თვალებით. მუქები – იმდენად არა.
ქეთი: ხანდახან ოთახში რომ შევდივარ და ვხედავ, ვიღაცას სწერს, თავს სცენაზე წარმოვიდგენ და როლში ვიჭრები: აბა, ვის წერ, შვილო, როგორი გოგოა? ჩქარა დამანახვე! მობილური მომეცი, წავიკითხო! მოკლედ, ვეხუმრები ხოლმე (იცინის). სინამდვილეში, ეს რაღაც დედამთილის მომენტი ჯერ არ მქონია. ვიღაცეები მოსწონებია, ვიღაცეებს ეს მოსწონს, მაგრამ ამაზე ჯერ სერიოზულად არ გვილაპარაკია.
– გიო ჯერ 15 წლისაა, მაგრამ არიან დედები, შვილის გაჩენის დღიდან იციან, როგორი რძალი უნდათ. მიეკუთვნები მათ რიცხვს?
– არა, ასეთი დამოკიდებულება არასდროს მქონია. ვერ ვიტყვი, როგორი რძალი მინდა. რა ვიცი, ამას როგორი მოეწონება?! შეიძლება, ვურჩიო, მაგრამ ძალას ხომ ვერ დავატან.
– მარტო ცხოვრობთ. თავიდანვე დედობისა და მამობის ერთდროულად გაწევა მარტივი არ იქნებოდა.
– სანამ გიო პატარა იყო, მშობლებთან ერთად ვცხოვრობდით და გიოს მამობას მამაჩემი უწევდა. მერე ისევ მამაჩემმა გვიყიდა სახლი და ცალკე გადავედით საცხოვრებლად. მაგრამ, ჩვენთან ერთად ხშირად არის და ყურადღებას გვაქცევს. თუმცა, მე და ჩემი შვილი ძირითადად, მარტო ვართ. მე და ჩემი მეუღლე ძალიან დიდი ხანია, განვქორწინდით.
გიო: 4 წლის ვიყავი, ჩემი მშობლები რომ დაშორდნენ და მამა მას შემდეგ არ მინახავს. არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს.
ქეთი: ჰო, მას შემდეგ კონტაქტი არ გვქონია, მათ შორის, არც სატელეფონო. როგორც ვიცი, მეორე ოჯახი ჰყავს. ჩემი შვილი მამაჩემმა გაზარდა – ყველანაირად გვერდით მედგა.
– გიო, შენთვის რთული იყო ბავშვობაში მამა რომ გვერდით არ გყავდა?
გიო: არანაირად, საერთოდ არ მიგრძნია მსგავსი რამ. ყოველთვის თავისუფლად და კარგად ვიყავი.
– დედას მსგავსად, მსახიობობაზე ხომ არ ფიქრობ?
– რამდენჯერმე, გადაღებაზე რომ ვიყავი, ეს პროცესი ძალიან მომეწონა. დავფიქრდი კიდეც ამ პროფესიაზე, მაგრამ ჯერჯერობით, სერიოზულად არა. როგორც გითხარით, მზარეულობაზე ვფიქრობ და კიდევ ძალიან მინდა, უცხო ენების სპეციალისტი ვიყო. ცოტა ხანში ფრანგულის სწავლას ვაპირებ.
– დედამ გვითხრა, ჯერ სერიოზულად ვერ ვუდგები დედამთილობის ამბავსო. შენ როგორი რეაქცია გაქვს მისი თაყვანისმცემლების მიმართ.
ქეთი: გააზრებული აქვს, რომ დედამისს შეიძლება, თაყვანისმცემელი ჰყავდეს.
გიო: ასეა. თუ რამე ხდება, ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე, ჩვეულებრივი ცივილიზებული დამოკიდებულება გვაქვს.
– სერიალის მსგავსად, თაყვანისმცემლებისგან საჩუქარი თუ მიგიღია?
ქეთი: ერთმა მეგობარმა, რომელიც საკუთარი ხელით ღამის სანათებს აკეთებს, მომწერა, ძალიან მინდა, რაღაც მოგართვაო. საჩუქრებს რომ ეხება საქმე, ძალიან მერიდება ხოლმე. მაგრამ, მანქანით სახლთან მოვიდა და ლიფტამდე მომიტანა უზარმაზარი და ულამაზესი სანათი. მერე ჩემი შვილი დამეხმარა მის სახლში ატანაში. კიდევ სამ მარტს მაჩუქეს ხის ხელნაკეთი სუვენირი. ულამაზესი მთვარეა, რომელსაც დაბლა აწერია „ქეთი ხუციშვილი“ და ზემოთ – დიდი ასოებით „ლუნა“ (იცინის). გამიხარდა კი არა, გიჟივით ვხტუნავდი. დიდი მადლობა ყველას ასეთი ყურადღებისა და თბილი სიტყვებისთვის. ხანდახან ისეთ რამეებს მწერენ, დადებითი ემოციებისგან მეტირება.