მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
„თბილისური აპრილი – არტ კოქტეილი“ – პროდიუსერი და ორგანიზატორი მაკა ტრაპაიძე მომავალი თაობის შემოქმედი ვარსკვლავების აღმოსაჩენად!
2017-04-10
თამარ ჩხენკელი

შემოქმედებითმა ფესტივალმა „თბილისური აპრილი – 2017“, რომელიც მომავალში ტრადიციად იქცევა, სტარტი 2 აპრილს აიღო. ფესტივალი ახალი თაობის ნიჭიერი წარმომადგენლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების ფართო ასპარეზზე გამოყვანას ისახავს მიზნად. ფესტივალის დამაარსებელმა, ქალბატონმა მაკა ტრაპაიძემ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ნიჭიერი ხელოვანები ერთად შეკრიბა და მათ გზას დიდ ხელოვნებაში ღირსეული სათავე დაუდო.
2 აპრილს ქალაქ თბილისში, კომპლექს „ქალაქურის“ New Town Loung Bar-ში ჩატარდა მოზარდთა შემოქმედების მრავალჟანროვანი ფესტივალი – „თბილისური აპრილი – 2017“. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილებოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმატებული, გამორჩეული, საუკეთესო შემოქმედებითი კოლექტივები: საპროდიუსერო კომპანია „ჯადოსნურ ხმებთან“ არსებული – ქუთაისის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „პირიმზე“ – ქალბატონ ნინო სილაგაძის ხელმძღვანელობით; თბილისის სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სტუდია „რენესანსი“ – ეკატერინე, ზურაბ, დავით მეტრეველების ხელმძღვანელობით; ხაშურის გიორგი ცაბაძის სახელობის საესტრადო-მუსიკალური სტუდია „ციცინათელა“ – ბატონ გივი ლიჩელის ხელმძღვანელობით; ხაშურის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურთან არსებული საესტრადო-ფოლკლორული ანსამბლი „ციცინათელა“ – ქალბატონ ლედი-მარიამ კუთხაშვილისა და ბატონ გივი ლიჩელის ხელმძღვანელობით; თბილისის სამოდელო სააგენტო-სტუდია N-S – ქალბატონ ნანა სტეფლიანის ხელმძღვანელობით (დეფილეს პედაგოგი – თათია სტეფლიანი, ქორეოგრაფი – გიორგი სტეფლიანი); YMCA ქუთაისის სანიმუშო სახალხო სტუდია „თამარიონის“ ვოკალური  ანსამბლი, ვოკალურ ინსტრუმენტული ბენდი და ევროპული სამეჯლისო ცეკვების სტუდია „ვარსკვლავები“ – ქორეოგრაფის, ქალბატონ ნანა თევდორაძის, მუსიკალური ხელმძღვანელის – ბატონ გელა გიორგაძისა და სრულიად „თამარიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელისა და პრეზიდენტის, ბატონ დავით იოსებაშვილის ხელმძღვანელობით; ასევე, ტელეპროექტ „ნიჭიერისა“ და „X ფაქტორის“ მონაწილეები.
აღნიშნული ანსამბლები ღირსეულად და წარმატებულად წარდგნენ ფართო მაყურებლის, ფესტივალზე მოწვეული საპატიო სტუმრებისა და ჟიურის წინაშე. ჟიურის შემადგენლობაში არიან: ხელოვნებათმცოდნეები, მუსიკოსები, ჟურნალისტები და ქორეოგრაფები: ქალბატონები – თინათინ ლაზარიშვილი, ია ლორთქიფანიძე, ნათია შიბიროვი, ნანა სტეფლიანი; ბატონები – გიორგი მჭედლიშვილი, თამაზ ქაჯაია. მათ თავიანთი ობიექტური მოსაზრება გამოთქვეს, ზოგადად, ფესტივალის მნიშვნელობის, შინაარსობრივი დატვირთვისა და იმ ღირსეული მონაწილეების შესახებ, რომლებმაც შემოქმედებითი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენა შეძლეს. „თბილისური აპრილი – 2017-ის“ მხარდამჭერები აღმოჩნდნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავებიც – ბატონები: ბესიკ კალანდაძე, ნუგზარ კვაშალი, ზურა კობეშავიძე. მათ კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნება, სიხალისე და აკადემიურობა შესძინეს ფესტივალს. საინფორმაციო მხარდაჭერა გამოთქვა პირველმა ქართულმა ინტერნეტ-ტელევიზიამ – Stars.ge-ამ, ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის ხელმძღვანელობით. ღონისძიებას უძღვებოდნენ ბატონი ზაზა ალექსიძე და ქალბატონი გვანცა ცოტაძე.
სწორედ ასეთი მრავალფეროვნებითა და დატვირთვით შედგა და დაარსდა ფესტივალი „თბილისური აპრილი – 2017“, რომელიც მიიღებს ყოველწლიურ, ტრადიციულ სახეს და გააერთიანებს რესპუბლიკის უნიჭიერეს მოზარდებს, ღირსეულ პედაგოგებს. ჩვენ გავესაუბრეთ ფესტივალის დამაარსებელს, პროდიუსერსა და ორგანიზატორს, მუსიკოსსა და პოეტს, ქალბატონ მაკა ტრაპაიძეს, რომელმაც მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია:
– მოზარდთა შემოქმედების მრავალჟანროვანი ფესტივალი „თბილისური აპრილი – 2017“, ვფიქრობ, ღირსეულად შედგა. მასში მონაწილე თითოეული კოლექტივი საგანგებოდ იყო შერჩეული და მოწვეული, როგორც საუკეთესოთა შორის საუკეთესონი რესპუბლიკის მასშტაბით. თბილისის სამოდელო სტუდიამ N-S და ხაშურის მუსიკალურმა სტუდია „ციცინათელამ“, რომლებიც არაჩვეულებრივად წარდგნენ ჟიურისა და ფართო მაყურებლის წინაშე, მიიღეს სერიოზული გამოწვევა უნგრეთის საერთაშორისო კონკურსიდან, რომელიც შედგება აგვისტოში, ქალაქ ბუდაპეშტში. თბილისის სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სტუდია „რენესანსმა“ მიიღო ოფიციალური შეთავაზება – 25 მაისს ერევნის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე. ქუთაისის ფოლკლორულმა ანსამბლმა „პირიმზემ“ თავისი საოცარი პოტენციალით განაცვიფრა სრულიად ჟიური და ერთხმად გადაწყდა, რომ „პირიმზელები“ დაარსებიდან დღემდე შემოქმედებითი აუდიო-ვიდეო მასალებით აუცილებლად უნდა წარდგნენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების კულტურის სამსახურებთან – ახალი საქმიანი წინადადებებისა და ახალი გამოწვევებისთვის. YMCA ქუთაისის სტუდია „თამარიონის“ ვოკალურმა, სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სტუდიამ და ვოკალურ-ინსტრუმენტულმა ბენდმა – ფესტივალის პირველ განყოფილებაზე წარდგენილ ნომრებს შორის უდიდესი მოწონება დაიმსახურეს, რომელიც დაგვირგვინდა ბენდის, როგორც იშვიათი და განსხვავებული ჟანრის მიერ მოპოვებული გრან-პრით. ასე რომ, ფესტივალზე წარდგენილმა ყველა კოლექტივმა ღირსეულად თქვა თავისი სიტყვა. მადლობას ვუხდი ყველას და ვიმედოვნებ, „თბილისური აპრილი – 2017“ კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს სამომავლოდ და უფრო მეტი საინტერესო შტრიხით გამრავალფეროვნდება.