მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
საბედისწერო შეცდომა #15
2017-04-10
ნინო წულუკიძე (სტაუტ რექსი)

ჯორჯ სტაფორდი ბავშვობიდანვე მოკლებული იყო ინიციატივას. მას არავინ არაფერს ეკითხებოდა. ყველაფერს მშობლები წყვეტდნენ: რა უნდა ეჭამა, რა ჩაეცვა, სად ესწავლა ან როგორ დაესვენა. მამამისი დიდგვაროვანი არ გახლდათ, მაგრამ რაღაც მანქანებით ფული იშოვა და საკუთარი საბროკერო კომპანია შექმნა. ის კი ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, მალე გაფართოვდა კიდეც. ერთ-ერთ დირექტორად ჯორჯი დაინიშნა. მაგრამ ის ნომინალური დირექტორი იყო. ყველაფერს მაინც ჯორჯ უფროსი წყვეტდა. ერთადერთი, რაც ევალებოდა, ძვირფას კაბინეტში ჯდომა იყო. ჯორჯ უმცროსს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა და მალე უინიციატივო, დონდლო არსებად იქცა. იმ ზაფხულს დედამისმა გადაწყვიტა, ჯორჯი არისტოკრატიულ საზოგადოებაში გამოჩენილიყო. მისცეს შვებულება და ელიტურ პანსიონ „ტისბერიში“ გაამწესეს.
„ტისბერი“ განსაკუთრებული პანსიონი იყო და იქ ჩვეულებრივი მოკვდავი ვერ მოხვდებოდა. ახალგაზრდა კაცს, წესით, არც უნდა, ნდომოდა ამ პანსიონში ყოფნა. რადგან მოწყენილობისგან სიკვდილი ელოდა ხანდაზმული არისტოკრატების გარემოცვაში. მაგრამ ჯორჯი დაემორჩილა მშობლის სურვილს და გაემგზავრა. დასვენების საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. საზოგადოება, რომელიც პანსიონში შეიკრიბა, ძირითადად, მაღალი სოციალური სტატუსით იყო წარმოდგენილი – გრაფინიები და ბარონესები, ღირსეული ჯენტლმენები... მაგრამ, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა სამოცდაათი წლის იქნებოდა. ჯორჯს არც ეს უდარდია. ეძინა, ტბასთან სეირნობდა, მზეს ეფიცხებოდა და ზოგჯერ წითელი ხით მოპირკეთებულ ბიბლიოთეკაში შეივლიდა ხოლმე, სადაც პატივცემული საზოგადოება, გერბიან ფურცლებზე წერილებს წერდა. ფურცლებიც და გერბიც, რა თქმა უნდა, ექსკლუზიურად ტიტულიანი იყო. ჯორჯს უცებ ძალიან მოუნდა, მასაც დაეწერა წერილი, თანაც, ტიტულიან ფურცელზე. წავიდა ადგილობრივ მაღაზიაში და ყველაზე ძვირფასი ფურცლები შეიძინა. თუმცა, არც ისეთი ძვირფასი იყო, მოოქრული კიდეები კი ჰქონდა, მაგრამ გერბის ნაცვლად, კიდეში უცნაური ძროხა ეხატა, აალებული რქებით და ოქროსფერი შარავანდედით. ჯორჯი მოჩუქურთმებულ მაგიდას მიუჯდა და დედისთვის გასაგზავნი წერილის წერა დაიწყო. უცებ იგრძნო, რომ ვიღაც მხარს ზემოდან დაჟინებით ჩასცქეროდა მის ფურცელს და გაღიზიანებულმა მეტიჩარას წყრომით გახედა. მსგავსი მშვენიერება მის თვალებს არ ენახა. ქალიშვილი ოცდაორი წლის იქნებოდა. ჟღალი თმა და დიდი ლურჯი თვალები ჰქონდა. ჯორჯმა გაოცებისა და აღფრთოვანებისგან პირი დააღო.
– ოჰ, ეს გერბი... დედიკო, ის არის, შეხედე? როგორი სიმპათიური ახალგაზრდა კაცია.
სანამ ჯორჯი გონს მოეგებოდა, გამოპრანჭული ქალი მივარდა და სულმოუთქმელად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს:
– რა კარგია, რომ შეგხვდით, ეს ჩემი ქალიშვილი სესილიაა. ხომ ლამაზია?! მე მისის უილერი გახლავართ. მოხარულები ვიქნებით, თუ სადილზე შემოგვიერთდებით.
გაოგნებულმა ჯორჯმა თავი დაუქნია და ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის,  მომდევნო ერთი კვირა, სესილიას კლანჭებისგან თავი ვეღარ დაეხსნა. ქალიშვილი არც დილას ასვენებდა, აღარც საღამოს. ხან ტბაზე ნავით გასეირნებას სთხოვდა, ხან აუზში ცურვაში შემეჯიბრეო და თუ ჯორჯი დამარცხდებოდა, მინიმუმ, ორი გეიმი ჩოგბურთი უნდა ეთამაშა მასთან. ერთი სიტყვით, სიქა გააცალა. მალე სესილია გათამამდა და ჯორჯს აშკარად ეხუტებოდა, ხან ლოყაზე კოცნიდა. დაბნეული ჯორჯი, რომელიც მიჩვეული იყო მორჩილებას, თან სესილიას სილამაზემ გააბრუა, წინააღმდეგობას არ უწევდა.
ჩრდილში თავისთვის იჯდა და ფიქრობდა, როგორ ეტყოდა სესილიასთან თავისი ურთიერთობის შესახებ მშობლებს.  ამ დროს ქალიშვილი უკნიდან მიუახლოვდა და მოეხვია.
– საყვარელო, მგონი, დროა, დედაჩემს დაელაპარაკო. ის უკვე რაღაცას ეჭვობს.
– ვერ ვიტან, გამუდმებით რაღაცას რომ ეჭვობენ, – მოიღუშა ჯორჯი, – რატომ სხვა არ არის დედაშენი. ეგ ქალი ძალიან მაღიზიანებს.
– დაელპარაკები თუ არა? – გაანჩხლდა ქალიშვილი, – თვალი მოჰკრა, რომ მკოცნიდი.
– ჯერ ერთი, შენ მაკოცე და მეორეც, შენ არ მშორდები გვერდიდან, ამიტომ შენ დაელაპარაკე.
– როგორი მშიშარა ხარ და რამდენი ნაკლი გაქვს. კარგი, მე დაველაპარაკები, მაგრამ შენც ჩემთან ერთად უნდა იყო.
ჯორჯმა პასუხად მხოლოდ ამოიოხრა.
მისის უილერი აშკარად მომზადებული იყო საუბრისთვის. თავისი საუკეთესო კაბა ჩაეცვა და დადარაჯებულს ჰგავდა იმ მონადირესავით, ზუსტად რომ იცის, მის დაგებულ მახეს ნადირი ვერსად წაუვა.
– დედა, ჯორჯს შენთან რაღაც აქვს სათქმელი, – წკრიალა ხმით დაუძახა სესილიამ.
ქალმა თავი დააქნია.
– დიახ. მე ველოდებოდი, როდის ინებებდა ბატონი გრაფი ამ თემაზე საუბარს. კინაღამ ვიფიქრე, იმ უსინდისო ჯენტლმენების კატეგორიას მიეკუთვნება, წესიერი ქალიშვილის ღირსება რომ არ ადარდებთ.
ჯორჯი შეცბუნდა:
– გრაფი? მე გრაფი არ ვარ, ქალბატონო, სინდისი კი ნამდვილად გამაჩნია. ყოველ შემთხვევაში, ამ დღემდე გამაჩნდა.
– რატომ ცდილობთ, თქვენი ნამდვილი ვინაობის დამალვას? თქვენ გრაფი ვუდსტოკსი ხართ. აი, ამ გაზეთში ყველაფერი წერია, – მისის უილერმა გაზეთი აუფრიალა ცხვირწინ.
ჯორჯმა გამოართვა და გადაშალა – გაზეთი ორი კვირის წინანდელი იყო და ელიტურ ქრონიკებში ეწერა: „ცნობილი გრაფი ვუდსტკსი თავისი მამულიდან ლონდონში გაემგზავრა, საიდანაც გეზს ნიუპორტისკენ აიღებს და ერთ-ერთ ცნობილ პანსიონში დაბინავდება“.
– კი მაგრამ, ამასთან რა კავშირი მაქვს?
– როგორ, ნიუპორტში მხოლოდ ეს ერთი ღირსეული პანსიონია. თანაც, თქვენი გერბი – ცეცხლოვანი ურჩხული... ვერაფერს გამომაპარებთ. სესილია საგანგებოდ ჩამოვიყვანე. გოგონამ იყოჩაღა. ახლა კი ცდილობთ, პასუხისმებლობას გაექცეთ. სხვას რას ინებებთ?
– ღმერთო, ერთადერთი, რასაც ვინებებდი, თქვენ მისი, ანუ ჩემი ცოლის დედა არ იყოთ. არანაირი გრაფი მე არ ვარ. რა ჩემი ბრალია, თუ რქებზე ცეცხლმოკიდებული ძროხა დრაკონში აგერიათ?
ქალი სიბრაზისგან გაწითლდა.
– ძროხას და დრაკონს ერთმანეთისგან ვარჩევ. თქვენ, თქვენ... უსინდისო ყოფილხართ. სესილია თქვენი ცოლი არ იქნება. ამას მე გპირდებით. სასწრაფოდ უნდა დაშორდეთ ერთმანეთს და აღარასდროს ნახოთ.
– ჯვარი ადგილობრივმა მღვდელმა დაგვწერა. თანაც, სესილიას ვუყვარვარ.
– არა! სესილია იმას გააკეთებს, რასაც მე ვეტყვი! – იყვირა ქალმა, – გრაფი ხარ, თუ არა, ამას კიდევ გავარკვევთ.
ჯორჯი ოთახიდან გავარდა და კარი გაიჯახუნა.
საღამოს მასთან ნომერში სესილია მივიდა.
– მართლა არ ხარ გრაფი? – ჰკითხა და მხარზე მიეხუტა.
– არა, მე ჯორჯ სტაფორდი ვარ. მდიდარი მამა მყავს, მაგრამ არა ტიტულოვანი. ესე იგი, შენი როლი კარგად ითამაშე, არა?
– რა მექნა, დედას უნდოდა, გრაფზე გავეთხოვებინე, მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, მე შენი ცოლი ვარ.
– მერე დედაშენი?
– ყავაში საწამლავი ჩავუყარე. ვეღარ გაიღვიძებს. შეუძლია, მშვიდად იძინოს და სიზმარში ნახოს, როგორ გავთხოვდი გრაფზე.
ჯორჯმა შიშით, მაგრამ უნიათოდ გაიღიმა და წარმოიდგინა, რა ელოდათ მის მშობლებს, თუკი სესილიასთან შვილის ქორწინებას წინ აღუდგებოდნენ.