მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
რატომ არ მოსწონდა სიდედრს გალაკტიონი და როგორ უმტკიცებდა ის ცოლს, რომ მისთვის არასდროს უღალატია #15
2017-04-10
ეკა პატარაია

საინტერესოა ყველაფერი მის გარშემო.  გალაკტიონის მუზეუმში დაცულია: გალაკტიონის ტვინი, ხელნაწერები, ნივთები, პოეტთან პირადად შენახვედრი ადამიანების მონაყოლი ამბები, ყველაფერი. საინტერესოა მისი პირადი წერილებიც ცოლისადმი, ოლღა ოკუჯავასადმი მიძღვნილი – 1913 წლიდან 1917 წლამდე დათარიღებული, რომელსაც დღევანდელ „ცხოვრების დღიურებში“ გთავაზობთ.
„…სადა ხარ ეხლა, ოლოლ! რომ იცოდე, რანაირ მდგომარეობაში ვარ… ისე მინდა, ეხლა შენს ახლოს ვიყო, შენს სუნთქვას ვგრძნობდე, მაგრამ ყველაფერი ეს ისეა შესაძლებელი, როგორც ცისა და დედამიწის შეერთება. მე მგონია, ჩემი უკანასკნელი სიყვარული გედის სიმღერა იყო იმ ბედნიერებისა, რომელსაც ასე განვიცდიდი მარტოობის დროს ჩემს სიყმაწვილეში. მე მგონია, არასდროს განმეორდება ის დაუბრუნებელი წამები, მთელი თავისი სიმშვენიერითა და სილამაზით. რა საშინელი მარტოობაა! რა უსაზღვრო უთვისტომობაა… რაგვარი უფსკრული მიდგას წინ და მიპირებს შთანთქმას… მეშინია, ოლოლ, მეშინია!…მე მგონია, შენ ერთადერთი არსება ხარ მთელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩემი უბედურება გულს გატკენს… მას შემდეგ, რაც შენ წადი, რაღაც საშინელმა სიცარიელემ მოიცვა ჩემი არსება… სიცარიელემ, რომლის განადგურებას არ ვიცი, რანაირი მდგომარეობა შეძლებს და რა არის მისი წამალი?.. ჩემთვის უბრალოდ, შენს ახლოს ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენს გარდა არაფერზე მეფიქრა. როდესაც მწარე ფიქრები, სევდიანი და სასოწარკვეთილი სულიერი განწყობილება  შემიპყრობდა, მე მოვქროდი შენკენ, თუმცა არც შენგან მესმოდა დამამშვიდებელი საუბარი. მაგრამ, უბრალო სიახლოვე საკმარისი იყო ჩემთვის. ვიმეორებ, ჩემს გულს საშინლად სწამლავდა შენიანების იქ ყოფნა. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ უცხო, ძალიან უცხო და არასასიამოვნო პირი ვიყავი დედაშენისთვის. მე ვგრძნობდი, რომ გულში ყველა დამცინოდა, ანდა კვირობდა ჩემს ხშირ სტუმრობას… მე ვგრძნობდი, რომ რაღაცნაირი სიცივე შემქონდა თქვენს სახლში და მინდოდა, მეყვირა, არავინ მინდა შევაწუხო, რომ მხოლოდ ოლიასთან ყოფნა მინდა-მეთქი. მართლაც, რა საკვირველი რამაა, მთელ შენს კომპანიასთან, მხიარულ კომპანიასთან, მხოლოდ მაშინ ვგრძნობ კავშირს, როცა ქუთაისში ხარ… შენ რომ წახვალ, მე მათ ვავიწყდები და ისინი მე მავიწყდებიან… თითქო არაფერიც არ მომხდარა, თითქო არაფერი საერთო ერთმანეთთან არ გვაქვს. აი, მაგალითად, შენი ორჯერ გამგზავრების ამბავი: ოქტომბერში მატარებელზე ყველანი შევიკრიბეთ, რადგან შენ მიდიოდი ჭიათურაში. რაღაც ნაღვლიანი გაცილება იყო. შენ სიკვდილმისჯილი დამნაშავის სახე გქონდა, ჩვენ კიდევ – მოწყენილი. აი, დაიძრა მატარებელი, შენ წადი… მე ერთი გადავხედე ყველას… ყველა ჩუმად, უსიტყვოდ იდგა. უსიტყვოდ დავიძარით სადგურიდან, უსიტყვოდ დავესალმეთ ერთმანეთს და შემდეგ არსად შევხვედრივარ არც ერთს, შენს ხელახლა ჩამოსვლამდე. შენ ჩამოდი და მე ისევ არ მინდოდა, დავახლოვებოდი ამ ჯგუფს, რადგან არავითარ სულიერ ნათესაობას არ ვგრძნობდი მათთან. მხოლოდ შენმა  მათში ყოფნამ მაიძულა სახეზე ნიღაბი ამეფარებია, თითქო მართლაც…
უკანასკნელად, როცა შენ მიემგზავრებოდი, ეს „ჩატეხილი ხიდი“ უფრო საგრძნობი და თვალსაჩინო გახდა ჩემთვის. როგორც კი მატარებელი დაიძრა, იმ წუთშივე ვიგრძენი, რომ გადამთიელი ხალხი მერტყა ირგვლივ. მათ სახეზე შევამჩნიე ამგვარივე გამომეტყველება, რომ მეც გადამთიელი ვიყავი მათთვის. რა არის, უკანასკნელად, ამის მიზეზი? ჩემი გულდახურულობა? იქნებ ასეა? სადგურიდან წამოვედით… მთელი ეს კომპანია სადღაცა მიეშურებოდა. კუზიანმა გაკვრით სთქვა, რომ ამეღამ კოლიასთან იკრიბებიან (ჯაფარიძესთან). მე ვიგრძენი, რომ ზედმეტი კაცი ვიყავი მათში და საჩქაროდ დავშორდი. დავშორდი მათ და მე მგონია, დიდი ხნით. როდესაც შენ ჩამოხვალ, შეიძლება ისევ შევუერთდე შენს მეგობრებს… მანამდე არ ვიცი, როგორ მოხდება.
ოლია, როგორ ფიქრობ შენ ამ ამბავზე? შენ, იქნება გადამეტებულად მიიჩნიო ყველაფერი, იქნება უბრალო განმარტოების სიყვარულს და სხვა ასეთებს დააბრალო. მაგრამ, ეს ასეა… მე ვიცი, ისინი ყოველთვის ისე მიმიღებენ, როგორც მიღებდნენ. ისიც ვიცი, რომ ისინი მე მიცოდებენ, მაგრამ რად, რისთვის? ოლკინ, ძვირფასო ოლკინ, უსათუოდ ჩამოდი მალე, თორემ თავს მოვიკლავ… ასე აღარ შემიძლია. როცა შენთან ვარ, ოლკინ, არასდროს ასეთი საქმე არ დამემართება. მაინც რა სულელურადაა მთელი ჩემი ცხოვრება მოწყობილი. არაფერს არ ჰგავს. სახსნელი გზა არსადაა, პირდაპირ. ოჰ, ნეტავი, ეხლა შენთან ვიყო, მე ყველაფერს გეტყოდი…ოლკინ, მითხარი, გიყვარვარ ძველებურად? მე მგონია, არა!.. ჩემგვარი კაცი განა შეიძლება, ვინმეს უყვარდეს? დადებითად ძლიერი ჩემში არაფერია. რომ ვიყო ბაირონი, ლერმონტოვი, გიოტე… მაშინ შემიყვარებდნენ. მე კი ისე პატარა და დაწვრილმანებული კაცი ვარ… მაგრამ არაფერია, „მû åù¸ ïîâîþåì”. შენ ის მითხარი, გიყვარვარ ძველებურად? მე კი ისევ ძველებურად, გაგიჟებით და დიდი სიყვარულით მიყვარხარ! მე ვერ წარმომიდგენია, რომ მე და ოლი ერთმანეთს დავცილდებით როდისმე, რაღაც ძნელი წარმოსადგენია ეს. შენ როგორ ფიქრობ, ოლკინ. მომწერე, ოლკინ, თუ რანაირად და როგორ გიყვარვარ, რისთვის გიყვარვარ… ყველაფერი, ყველაფერი მომწერე… რას იზამ, ოლკინ, მე რომ მოვკვდე? მაგალითად, მოვკვდი და აღარაა ქვეყანაზე გალონი. მოკვდა საწყალი გალონი და დაასაფლავეს. რას იზამ მაშინ? მოხდა ისე, რომ მე მოვკვდი სადღაც შორს, ცივ ქვეყანაში, ან მოვკვდი საზიზღარი და სამარცხვინო სიკვდილით… მოკვდა გალონი ძაღლივით. რას იზამ, ჩმოკლინ? იტირებ თუ არ იტირებ?.. ჩემო ჩმოკლინ, ჩემო პატარა ჩმოკლინ… დე, ნუ გეყვარები, მაგრამ ნურასდროს გაიფიქრებ ცუდს და ნუ იტყვი ჩემზე... გალონმა შენ ბევრი გაწყენინა, მაგრამ გალონი ცუდი ბიჭი როდია… როგორი კილოთი მწერ უკანასკნელ წერილს? რამ გამოიწვია შენი აღელვება? გწამდეს, მიყვარხარ შენ ერთი და მხოლოდ შენ! ჭორებს ყურს ნუ უგდებ. ვისაც რა უნდა, ისა სთქვას… ამ წერილს საჩქაროდ ვწერ, ასე რომ, მინდა უკანასკნელ ფოსტას მოუსწროს… იყავი კარგად, მე შენს მეტი არავინ, არავინ  მიყვარს…  მე, ოლოლ, მუდამ შენზე ვფიქრობ, რატომ გგონია, რომ სხვაზე? მე მგონია, არასდროს შემიცოდავს… არავის ვუყვარვარ ქვეყანაზე! უკეთესია, რომ მოვკვდებოდე! სიკვდილი კი თითქო ამბობს: გალაკტიონ ტაბიძე, შენ ჯერ არ მოკვდები, კიდევ ბევრ რამეს გააკეთებო! ვნახოთ, ვნახოთ! მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ! ვნახოთ, რა იქნება! ვნახოთ. ოლკინ, ძვირფასო ოლკინ! რატომ მაწვალებ ასე, რატომ მეჩხუბები? ხომ იცი, რომ შენს მეტი არავინ მყვარებია და არც მიყვარს? როდესაც ჩამოვალ, უსათუოდ ერთად უნდა ვიცხოვროთ. აქედან წამოვიღებ რამე-რამეებს. ტანისამოსი გინდა, შენ, დედოფალო! ვოცნებობ ჩვენ ერთად ყოფნაზე, პატარა ბავშვზე, განა, კარგი არ არის? აჰ, ნეტავი, კარგად მოვეწყობოდეთ… კარგია, კარგი ცხოვრება! ცხოვრებას ჭკვიანად უნდა მოპყრობა, ცხოვრება მიდის!..
… ოლოლი!
დღეს ძალიან ადრე გამომეღვიძა, გავიხედე ფანჯარაში და მშვენიერი გაზაფხულის დილა მომაგონდა. ცოტა სიცივეა, მაგრამ ცა ისე იყო მოწმენდილი, უნებურად, რომაშოვივით ლერმონტოვის სიტყვები გავიმეორე: საჩქაროდ ჩემი კაკაო დავლიე, მოვიხურე პალტო, ჩამოვიფხატე ქუდი და ტროსტით ხელში „ვაჟნოთ“ გავსწიე ქალაქგარეთ. უნდა გითხრა, რომ ძალიან მხიარულ გუნებაზე ვიყავი, აბა, შენ წარმოიდგინე, ასეთი მშვენიერი დღეა 8 იანვარს, შუა ზამთარში. ეს ამბავი მეთორმეტე საუკუნის ქრონიკაში რომ  წამეკითხა, არ დავიჯერებდი. მაგრამ, ჩემი თვალით ვხედავდი ყველაფერს.
მივდიოდი იმ ქუჩაზე, სადაც გიჟებს ამწყვდევენ და სადაც რამდენჯერმე გულწრფელად გადავწყვიტე შენი იქ ჩამწყვდევა, ჩემო ოლოლი! იქ ერთი გიჟი გადმომდგარიყო ფანჯარაში და ჩემს შეხედვაზე გულიანად გაიცინა. მაგრამ მე ყურადღება არ მივაქციე და ამაყი ღიმილით ჩავიარე...
გზამ სოფელ ქვიტირში მიმიყვანა. თურმე სულ ახლოს ყოფილა და მე არ ვიცოდი... შევედი ეკლესიის ეზოში და დიდხანს ვიწექი ქვაზე. შემდეგ წარწერებს ვათვალიერებდი, გავიცანი ბევრი მკვდარი, რომლებიც სიამოვნებით მომეგებნენ და მითხრეს: მობრძანდით, მობრძანდით! მაგრერიგად ნუ გეშინია ჩვენი. ერთ დროს ახლობელი მეგობრები ვიქნებით ჯოჯოხეთში ან სამოთხეში, უფრო კი ჯოჯოხეთშიო. თან, ისიც მიამბეს, რომ უმეტესი ნაწილი ქვიტირლებისა და საზოგადოდ, მთელი ქვეყნის მცხოვრებლების, ჯოჯოხეთში მიდიან, რადგან სამოთხეში ყველას არ უშვებენ ცეცხლის ხმლიანი ანგელოზები. გავიგე ისიც, რომ ჯოჯოხეთში შესვლა არც ისეთი საშინელებაა, როგორც ბევრ ცოცხალს ჰგონია. თურმე კუპრის ზღვასა და ცეცხლის მორევში ცურაობა ჯობნებია იმ ათასნაირ დამცირება-გაჭირვებას, რომელთაც ქვეყანაზე განიცდიან ცოცხალი ადამიანები. რისი ცოცხალი! მკვდრები დაჟინებით მიმტკიცებენ, რომ მათში ბევრი მოიპოვება ისეთი, რომლებიც ცოცხლებს სჯობიან ყველაფერში. აი, თუნდაც შენო! – მითხრა ერთმა მკვდარმა, – ნუ გეწყინება და ეხლაც თუ მე შენ არ გჯობდე, დამიმტვრიე ეგ ძვლებიო. რა თქმა უნდა, მე იმ მკვდრისთვის სულ არ დამიმტვრევია ყბები, რადგან სრული სიმართლე სთქვა. მეორე მკვდარმა თავისი ლექსები ამოიღო და პათოსით კითხვა დაიწყო… ძალიან კარგი დეკლამატორი ყოფილა. მითხრა: აბა, შეადარე შენს ლექსებს, რომელი სჯობიაო? თურმე ის კაცი მკვდრების საზოგადოებაში გენიოს პოეტად ითვლებოდა… საზოგადოდ, ჩემო ოლოლი, ცოტა ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე დღეს სასაფლაომ... ბევრ სისულელეს ვფიქრობდი, როცა იმ საფლავის ქვაზე ვიყავი წამოწოლილი... უცებ წამოვხტი, ერთი გულიანად გადავიხარხარე და ისევ უკან დავბრუნდი. დამხვდა შენი წერილები.
…ოლოლი, ეხლა ვწყვეტ წერილის წერას. სახლის პატრონის ბავშვი შემოვიდა და სამელნე მთხოვა… კალამიც წამართვა, ასე რომ…
***
დგება გაზაფხული!.. მგონია, თითქოს, არასდროს ამისთანა გაზაფხული არ ყოფილა; ჩემთვის, რასაკვირველია, არც გაზაფხულია ნამდვილად ახალი და მოულოდნელი… გაზაფხული ისეთივეა, როგორც შარშან და შარშანწინ… იგი არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. რაღაც ახალი მოხდა. ან უნდა მოხდეს… მაშ რათაა, რომ ასე ხალისიანად ეგებება ჩემი გული ყველაფერს ირგვლივ? დღეს მე მთელი ქვეყანა მიყვარს… დღეს ჩემს თვალში არ არსებობს არავისი დანაშაული და უბედურება. მე დღეს ბედნიერი ვარ!
ნუთუ დღეს შენ არა ხარ ბედნიერი, ოლოლ?.. მე ვთქვი რაღაცეები, მეც არ მახსოვს…  მაგრამ სრულიადაც მიზნად არ მქონია შეურაცხყოფა ან ასეთი რამე…მე არ მჯერა, რომ ჩემი სიტყვები შენ გაწყენინებდნენ… მე მხოლოდ მინდა, რომ ჯანმრთელად და მხიარულად იყო… მეც არ ვიცი რათ მინდა ასე, ან რა უფლება მაქვს ჩემი სურვილები იმგვარად ვთქვა, რომ შენ დაღონდე?.. და ერთ რამეში, სასტიკ სინამდვილეში, თანდათან ვრწმუნდები მე, თურმე, მთელ დედამიწის ზურგზე არ შემძლებია არავისთან გულწრფელი საუბარი და წერილის მიწერა… ეს ჩემი გულის ღრმა ტრაგედიას შეადგენს, ოლია. მინდა ვთქვა და დავწერო ის, რასაც ვფიქრობ და გამოდის, სრულიად სხვა. ვამბობ და ვწერ იმას, რაც არავის ესიამოვნება, ეწყინება. რამდენჯერ ყოფილა ასეთი მაგალითი, რომ ჩემი ტკბილი გამარჯვება კაცს დაცინვით მიუღია, ვერ გაიგებენ…
ოლია!
ნუ გამამტყუნებ, რომ ამდენი ხანი წერილი ვერ მოგწერე. ჯერ არაფერი გამიკეთებია და, როდესაც საქმეებს მოვათავებ, შეგატყობინებ. მიდის აქ ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივად, ძლიერ უფერულად და უსიხარულოდ. ბინად ვარ ჩუდეცკისთან. ერთხელ ჩუდეცკისთან მოვიდა მეორე მხატვარი, კროტკოვი და დიდ ქაღალდზე დახატა ჩემი სურათი. ვერ წარმოიდგენ, რა შესანიშნავია. თანვე წაიღო. დახატული ვარ პროფილში... სამუდამოდ დავშორდით ერთმანეთს მე, გაფრინდაშვილი და იაშვილი. ძალიან დიდი ჩხუბი მოგვივიდა და ვუთხარით ერთმანეთს ისეთი სიტყვები, რომლებიც ამის შემდეგ დაახლოების ნებას არ მოგვცემს. მე არ ვნანობ. დიდი ამბებია, ერთი სიტყვით… ჩემი ჯარისკაცობის საქმე ბურუსშია. რაღაც მეშინია გამოცხადება, ამ დღეებში მაინც გამოვცხადდები. აქ ჩამოვიდა ჩემი ძმა, მისცეს ორი თვის „ოტსროჩკა“. პირდაპირ სასაცილოა ეს ამბავი! მიშელ ბოჭორიშვილი მიიღეს, მაგრამ შეიძლება, მასწავლებლობამ უშველოს… ამას წინათ ფოშტაში ვიყავი და შემხვდა დათიკო… წავედით ერთად სასადილოდ. ბევრი ვისაუბრეთ. დათიკო ამბობს, რომ ნუცა გადიდკაცდაო. გულგატეხილი ამბობს, რომ საზოგადოდ იცვლება რაღაც ხალხიო. ეჰ, ეგ მართალია, მართალია! მე მთლად ნერვებად ვარ გადაქცეული. ძალიან მწარეა ჩემი ცხოვრება, ძალიან! ტიტე თურმე აქ ჩემზე ცოტათი ირონიულ წერილებს იწერება. ფინიტა ლა კომედია! ნეტავი, ეხლა შენთან ვიყო მანდ, მოსკოვში. ოლი, თავს მოუფრთხილდი, თავს მოუფრთხილდი! ყველაფერს მოესწრება კაცი, მაგრამ დაკარგული ჯანმრთელობის აღდგენას კი, ვეღარ!.. ჩამოვალ მოსკოვში და უსათუოდ ვიცხოვროთ ერთად, სადმე კარგ ოთახში, ყველასაგან დაშორებით. უსათუოდ ასე სჯობია, არა?..“