მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
წმიდა სწავლებანი #15
2017-04-10
ნინო ხაჩიძე

მიბაძე მართალთ!
სანამ ჯერ კიდევ არის დრო, ჩემო საყვარელო ძმებო, ვიტიროთ ჩვენს ლოცვებში, რათა უფალმა განგვარინოს დაუსრულებელი გოდება-ტირილისაგან, კბილთა ღრჭენისაგან, გეჰენიის ცეცხლისაგანაც, და აღგვავსოს ჩვენ სიხარულით დაუსრულებელ ცხოვრებაში, საიდანაც განდევნილა სნეულება, მწუხარება და ოხვრა-კვნესა; სადაც არ არის სიკვდილი, არც ხრწნილება, არამედ ყველგან სიხარული, მხიარულება, აღტაცება და სხვა სიკეთენია, რომელნიც განუმზადებია ღმერთს მოყვარეთა მისთათვის. სამგზის ნეტარია ის, ვინც ღირსქმნილა ამ სიკეთეებით დამტკბარიყო, და საწყალობელი და შეჩვენებულია მოკლებული ყოველივე ამას, იმიტომ რომ, უფალი ამბობს: „რაი სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თვისი იზღვიოს?“ (მარკოზ. 8,36). ამიტომ, დაე, ტკბილად ნუ მოგვეჩვენება ეს მზაკვარი და ამაო წუთისოფელი, რათა მწარედ არ გვექმნას დაუშრეტელი ცეცხლი, საუკუნო და დაუძინარი მატლი. აღსდეგ, მცონარო და შენი ცხოვრებით ქრისტეს მიბაძე! შეხედე შენს ირგვლივ მცხოვრებთ – როგორ იღვწიან, როგორ მოსაგრეობენ ისინი და ვითარ დაშვრებიან თავიანთი ცხოვრებისათვის; როგორი ნათელია მათი ლამპარნი და როგორ მარადის გალობით ადიდებენ ისინი უკვდავ ღმერთს. დაბნეულთ, გონებაგაფანტულთ კი არ მიბაძო, არამედ – მოსაგრეთ. არა შვებასა და ფუფუნებაში მყოფთ, არამედ – მარხულთ მიბაძე; არა ცხენით მონავარდეთ, მხლდომთ, არამედ – მლოცველთ; არა მოცინართ, არამედ – მოტირალთ, არა ეშმაკისმიერ სიმღერათა მღერალთ, არამედ – სულიერი სიტყვების მგალობელთ! მოშურნე იყავი არა გამდიდრებადთა, არამედ სულით თავმდაბალთა და მორჩილთა!

ჯერ-არს, გამუდმებით ვიოკებდეთ თავს არაწმიდა სურვილთა გამოვლენაში
ზოგჯერ ისრებს თავადვე ვაძლევთ მტერს ჩვენზე თავდასასხმელად, როცა უძლურნი, გაუფრთხილებლად ვიქცევით და არ შემოვიზღუდავთ ჩვენს სულიერ სარკმელთ. მაშინ განა ჩვენი ცხოვრების მტრებადვე არ შევიქმნებით, ვაძლევთ რა მოწინააღმდეგეთ თავისუფლად შემოსვლის უფლებას?! ოდეს შიშის გარეშე აღვიპყრობთ თვალთ და ვუყურებთ იმას, რისი ნახვაც უჯეროა, მაშინ, როდესაც სათნოებაში გამოცდილისათვის არა ჯერ-არს, შიშის გარეშე თავის საქმეთაც კი უყურებდეს. ამით ჩვენ ზიანს ვაყენებთ საკუთარ თავს. და კვლავაც, როცა ჩვენს სასმენელთ უაზრო ჭორებს ანდა გარყვნილ სიმღერებს მივაპყრობთ, განა ზიანს არ ვაყენებთ თავს? მსგავსადვე, თუკი ჩვენს ბაგეებს სხვათა დაძრახვითა და ბილწსიტყვაობით შევბღალავთ და აღვირს არ აღვასხამთ ჩვენს ენას, მაშინ ჩვენზე აღსრულდება წერილი: „და ენაი ეგრეთვე ცოცხალ არს, სამკაული სიცრუისაი. ენაი დადგრომილ არს ასოთა შინა ჩვენთა, რომელი შეაგინებს ყოველსა გუამსა და აღაგზნებს ურმის თვალსა მას შესაქმისასა და აღგზნებულ არს გეჰენიისაგან“ (იაკობი. 3,6).
ასევე, როგრც ჩვენს ყნოსვას საცხებითა და სუნამოებით ვიღიზიანებთ, ხელებს უწესოდ ვკიდებთ იმას, რისი ხელის ხლებაც არაჯერ-არს, ხოლო ფეხით უსწორო გზებს ვადგებით – თუკი ყოველივე  ამას ჩავდივართ, მაშინ როგორ შეგვეძლება, კეთილკრძალულების აღთქმა შევწიროთ უფალს, როცა თავშეკავებითა და მხნე დაშვრომით არ მოგვისწორებია თვით პირი მიწისა?! ჩვენ პასუხის მიცემა მოგველის გულთა გამომცდელთათვის მასზედ, თუ როგორ შევინარჩუნეთ, როგორ დავიცავით ჩვენდა მონდობილი ტაძარი. უდიდესი იქნება მაშინ სირცხვილი და მკაცრი სამსჯავრო იმ ადამიანისათვის, ვისაც სიწმიდით არ შეუნარჩუნებია უფლის ტაძარი. თუკი შენდობას არ მივიღებთ, თუკი სინანულითა და ცრემლებით არ განვიბანებით და არ ჩამოვირეცხავთ ჩვენს სიბილწეებს, – ჩვენც ამას ვეწევით.