მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
როგორ მოახერხეს სოფიო კილაძემ და მისმა მეუღლემ შემოსავალზე მეტი თანხის დახარჯვა #15
2017-04-10
ნინო ხაჩიძე

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი სოფიო კილაძე – მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ – 1984 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება რუპრეხტ კარლსის უნივერსიტეტში მიიღო და სპეციალობით სამართალმცოდნეა.
სოფიო კილაძის შრომითი ბიოგრაფია 2008 წელს დაიწყო მაქს პლანკის საერთაშორისო სამართლის ენციკლოპედიის ასისტენტად, სადაც მან 2011 წლამდე იმუშავა. 2012-2014 წლებში შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი იყო. ამის პარალელურად კი, 2013-2015 წლებში – გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიწვეული პედაგოგი. 2016 წლის ოქტომბრიდან საქართველოს პარლამენტის წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეცაა.
სოფიო კილაძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2013 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც შსს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსმა. იმხანად ის მარტო ცხოვრობდა და არანაირი უძრავი ქონება არ გააჩნდა.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2012 წლის განმავლობაში, როგორც ინდმეწარმემ, 7 935 ლარი აიღო, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეულმა პედაგოგმა – 800, როგორც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიწვეულმა პედაგოგმა – 9 391; როგორც საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის იურისტმა – 1 000, ხოლო, როგორც შსს-ს საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსმა – 5 398 ლარი. ასევე, მიიღო 2 000 ევროს ოდენობის გრანტიც.
სოფიო კილაძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლის 30 დეკემბრით თარიღდება. მან ის პარლამენტის წევრის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა 1988 წელს დაბადებული მეუღლე ავთანდილ ხარაძე და 2014 წელს დაბადებული შვილი ანა.
ოჯახს კვლავ არ აქვს არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება, თუმცა სოფიო კილაძეს აქვს რამდენიმე ანაბარი, რომლებზეც ინახავს: 2 000 აშშ დოლარს, 3 146 ლარს, 306 ლარს, 1 073 ევროს, 294 ევროს, 15 404 ლარსა და 12 133 აშშ დოლარს.
მას და მის მეუღლეს ნაღდი ფული დეკლარაციის შევსების მომენტშიც ჰქონდათ: 5 000 და 6 000 ლარი.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2016 წლის განმავლობაში სოფიო კილაძემ, როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, 6 119 ლარი მიიღო, როგორც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, 25 700, როგორც შსს-ს აკადემიის პრორექტორმა, 16 019 ლარი; ხოლო ავთანდილ ხარაძემ, როგორც ინდმეწარმე ა.კილაძის მენეჯერმა, 6 000 ლარი. თუმცა მას გასავალიც ჰქონდა: იპოთეკაში 26 000 აშშ დოლარი გადაიხადა.