მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
როგორ გაიხსნა ტუტანჰამონის სარკოფაგის ქურდობის საქმე უბრალო ეჭვიანობის წყალობით #10
2017-03-06
ნიკა ლაშაური

მეხი მოწმენდილ ცაზე
1973 წლის 1 სექტემბერი შაბათი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ კიევის მილიციის სამმართველოს უფროსი, ანტონ ლუცენკო ისვენებდა, უთენია წამოაგდეს ლოგინიდან. ტელეფონი დილის შვიდ საათზე აზრიალდა და როდესაც ნამძინარევმა, 49 წლის გენერალ-მაიორმა ყურმილი აიღო, ქალაქის მორიგემ მას საპასუხოდ უკრაინულად უთხრა:
– პოდპოლკოვნიკი ბოკი ვარ, ანტონ კარპოვიჩ. სასწრაფოდ უნდა მოგახსენოთ, რომ ხელოვნების მუზეუმში ქურდობა მოხდა. უნიკალური ექსპონატია წაღებული – ფარაონ ტუტანჰამონის სარკოფაგი.
ბოკის სიტყვებმა გენერალზე მაგიურად იმოქმედა. ის უმალ წამოხტა საწოლიდან, თავის ხელქვეითს მიაძახა: მოვფრინავო... ყურმილი აპარატზე დაახეთქა და ოცი წუთის შემდეგ, უკვე დანაშაულის ადგილზე გამოცხადდა.კიევის ხელოვნების მუზეუმის შენობაში, ლუცენკოს გარდა, უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სხვა მაღალჩინოსნებიც იყვნენ შეკრებილნი და არ იცოდნენ, რა მოემოქმედებინათ. ცნობა, ტუტანჰამონის სარკოფაგის ქურდობის შესახებ, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. ეგვიპტური გამოფენა საიმედოდ დაცული იყო და რაც მთავარია, ქურდობის გამჟღავნების ფაქტი საბჭოეთს იდეოლოგიურად არ აწყობდა. ამიტომ, გადაწყვიტეს, პირში წყალი ჩაეგუბებინათ. გამომძიებლები კი მუშაობას შეუდგნენ.

უპრეცედენტო დანაშაული
1922 წელს აღმოჩენილი, ეგვიპტის ფარაონის სამარხის უნიკალური ექსპოზიცია ორი თვის განმავლობაში საბჭოთა კავშირში მოგზაურობდა. მანამდე ის მოსკოვსა და ლენინგრადში გამოფინეს. ეს ვოიაჟი კი კიევში უნდა დასრულებულიყო, საიდანაც ის კაიროში დაბრუნდებოდა.
დილის 8 საათზე, კიევის ხელოვნების მუზეუმში, უკვე კიევის საუკეთესო კრიმინალისტები მოკვლევას ატარებდნენ. პროკურატურაში კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ტოტალური დაკითხვები ხორციელდებოდა. საქმეში რამდენიმე ათეული გამომძიებელი იყო ჩართული. ამ ქურდობას, გატაცებული ექსპონატის უნიკალურობის გარდა, ისიც სძენდა უპრეცედენტო დანაშაულის კვალიფიკაციას, რომ ტუტანჰამონის სარკოფაგი ბაჯაღლო ოქროსგან იყო ჩამოსხმული და ზუსტად 100 კილოგრამს იწონიდა.
მოკვლევის შედეგად, მუზეუმის საგამოფენო დარბაზის ქვეშ, 21 მეტრის სიგრძის გვირაბი აღმოაჩინეს. აგრეთვე, დადგინდა, რომ ბოროტმოქმედმა დაცვის გასანეიტრალებლად, უკვამლო, დასაძინებელი გაზი გაუშვა შენობაში. სიგნალიზაცია კი არც იყო ჩართული, რადგან ეგვიპტურ ექსპოზიციას მილიციის კბილებამდე შეიარაღებული ოცეული იცავდა. აგრეთვე გაირკვა, რომ დამნაშავემ უნიკალური ექსპონატის წასაღებად, სპეციალური, ორგორგოლაჭიანი, ვერტიკალური ურიკა გამოიყენა. შემდეგ კი სარკოფაგი ფურგონიანი „მოსკვიჩით“ წაიღო. ურიკაც და „ფურგონიც” იმავე საღამოს აღმოაჩინეს. მანქანა გატაცებული აღმოჩნდა, ურიკა კი – კუსტარულად დამზადებული. საბჭოთა უკრაინის მილიციამ, იმავე დღეს უპრეცედენტო „აბლავა“ მოაწყო და 183 კრიმინალი დააკავა, ვისაც შესაძლოა, შეხება ჰქონოდა „საუკუნის ძარცვასთან“. თუმცა, მოგვიანებით, ყველა გაუშვეს. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ბოროტმოქმედი თვითონ გამოვიდა კონტაქტზე სამართალდამცველებთან.

გამოსასყიდი
1973 წლის 1 სექტემბერს, საღამოს 21 საათზე, უკრაინის უშიშროების კომიტეტის მორიგე ნომერზე (დღევანდელი  „ცხელი ხაზის“ მსგავსი) ზარი შევიდა და მორიგეს – კაპიტან ვიშკოს წრიპინა ხმამ (ხმა შეცვლილი იყო) უთხრა:
– წუხელ ხელოვნების მუზეუმიდან მე გავიტაცე ტუტანჰამონის სარკოფაგი. ჩემი სიტყვები კი ტყუილად რომ არ მოგეჩვენოთ, რამდენიმე დეტალს დავასახელებ, რაც ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებაში დაგარწმუნებთ და მიხვდებით, მართლაც ქურდი გელაპარაკებათ. მე გამოვიყენე გაზი, ორგორგოლაჭიანი ურიკა და გატაცებული „მოსკვიჩი“. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ. თუ არ გინდათ, რომ ტუტანჰამონის სარკოფაგი გადავადნო და სამუდამოდ გავაქრო, მსოფლიოში კი სირცხვილით მოგეჭრათ თავი, მაშინ გამოსასყიდი – ასი ათასი მანეთი გადამიხადეთ. ზუსტ ინსტრუქციას კი – სად და როგორ მოიტანოთ ფული, კრეშატიკზე (კიევის მთავარი ცენტრალური გამზირი) მდებარე ¹409 ფოსტის ყუთზე ნახავთ, რომელზეც ის ქვემოდანაა მიკრული.
უშიშროების თანამშრომლებმა ¹409 ფოსტის ყუთის ქვეშ მართლაც აღმოაჩინეს ნაბეჭდი ტექსტი, რომელშიც ეწერა: „ასი ათასი მანეთი ხუთი და ათმანეთიანი კუპიურებით მოიტანეთ. ბანკნოტები იყოს ნახმარი. არავითარი მიყოლებითი ნომრებით. ჩემს დაჭერასა და ალყაზე არც კი იფიქროთ, რადგან არაფერი გამოგივათ, საქმეს გააფუჭებთ. ფული გაამზადეთ და სად უნდა მიიტანოთ, დამატებით გაცნობებთ“.
ეს საქმე ისედაც უშიშროების ხელში იყო და ამის მერე, მას მხოლოდ „კაგებე“ აწარმოებდა. ამიტომ, 1 სექტემბრის ღამის თორმეტის ნახევრისთვის, ფული უკვე გამზადებული იყო და ბოროტმოქმედის ზარს ელოდნენ. თან, ქურდის დასაკავებლად ასამდე თანამშრომელი ჰყავდათ სრულ მზადყოფნაში. მართლაც, უკვე 2 სექტემბრის ღამის 02 საათსა და 30 წუთზე უკრაინის „კაგებეში“ ტელეფონის ზარი გაისმა. კვლავ წრიპინა ხმამ თქვა: „ფული ზუსტად ხუთ წუთში, ვლადიმირსკის ქუჩის ¹30 სახლის წინ რომ სატელეფონო ჯიხურია, იქ დადეთ და ასი მეტრის რადიუსზე ადამიანის ჭაჭანება არ იყოს. იცოდეთ, დროს წამიც რომ გადაცდეს, ყველაფერი ჩაიშლება, სარკოფაგს გადავადნობ.“
ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ ბოროტმოქმედის მიერ დასახელებული მისამართი, სადაც ფული უნდა მიეტანათ, უკრაინის „კაგებეს“ ცენტრალური შენობიდან მხოლოდ ასი მეტრით იყო დაშორებული, რადგან უკრაინის უშიშროება ვლადიმირსკის ¹33-ში მდებარეობდა. ჩეკისტებმა მართლა მიიტანეს ფული, ტელეფონის ჯიხურში დადეს და მაშინვე გაშორდნენ იქაურობას. თუმცა, მთელ რაიონს ოთხმაგი ალყა ერტყა, რომ თავხედ ბოროტმოქმედს იქიდან  ვერ გაეღწია. ჩასაფრებულმა, მოთვალთვალე ჩეკისტებმა ოცი წუთი დაიცადეს და კვლავ ტელეფონის ჯიხურში დაბრუნდნენ, მაგრამ ფული იქ აღარ აღმოჩნდა. ატყდა განგაში. გადამოწმდა ყველაფერი და გაირკვა, რომ ტელეფონის ჯიხურს მოძრავი იატაკი ჰქონდა. მის ქვეშ კი ჩვეულებრივი საკანალიზაციო გვირაბი იყო, რომლითაც ბოროტმოქმედმა ისარგებლა და ფულიანად გაუჩინარდა.

ეჭვიანობის მსხვერპლი
მას მერე, რაც ჩეკისტები მიხვდნენ, რომ გაბითურდნენ, მთელი კიევი გადაიკეტა და მიმალული ბოროტმოქმედის ტოტალური ძებნა დაიწყო. თუმცა, დილის 5 საათსა და 45 წუთზე „კაგებეს“ მორიგე ტელეფონზე ისევ წრიპინა ხმამ დარეკა: „სიტყვა სიტყვაა. ფული ჩემთანაა. მოპარული სარკოფაგი კი პოდოლზე (კიევის ერთ-ერთი უბანი), ასწლოვან აკაციასთან რომ ნაგვის ყუთია, იქ დევს“.
ბაჯაღლო ოქროსგან ჩამოსხმული სარკოფაგი მართლაც ნაგვის ბუნკერში აღმოჩნდა. ამოიღეს, მოაწესრიგეს, დააბრუნეს და გამოფენა ისევ გაგრძელდა. დასრულების მერე კი ტუტანჰამონის ექსპოზიცია მშვიდობიანად დაბრუნდა სამშობლოში. სამაგიეროდ, საბჭოთა ჩეკისტებს მოსვენება დაეკარგათ, ასკილოგრამიანი ოქროს სარკოფაგის ქურდისა და ასი ათასი მანეთის გამომძალველის შეპყრობა მუნდირის ღირსების საქმე იყო. ამიტომ, მთელი ავანტიურული ქსელი ფეხზე დააყენეს და ბოროტმოქმედს ტოტალურად ეძებდნენ, მაგრამ უშედეგოდ. 1973 წლის  4 დეკემბერს, ანუ საუკუნის ძარცვიდან  სამი თვის შემდეგ, თბილისში მცხოვრებმა ანჟელა ბეჟანიძემ უბნის მილიციის ინსპექტორს, ომარ ხარაშვილს, რომელიც მისი ალალი ბიძაშვილი იყო, უთხრა:
– ეჭვი მაქვს, რომ ნუკრი მღალატობს, საყვარელი ჰყავს და რომ აგულავოს, ფულებს მიმალავსო, – შემდეგ ქალმა თავის ბიძაშვილს ხუთმანეთიანების შეკვრა უჩვენა და უთხრა, – აი, ეს გუშინწინ მის ძველ ქურქში ვიპოვეო.
კაპიტანი ხარაშვილი ძალიან გამოცდილი და ყურადღებიანი მილიციელი გახლდათ. მას არ გამოჰპარვია, რომ ხუთმანეთიანების შეკვრაში ბანკნოტების ნომრები სხვადასხვა იყო და რაც მთვაარია, კუპიურებს სწორედ ის ნომრები ჰქონდათ, „კაგებე“ რომ ეძებდა.
დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო. ხარაშვილისგან „კაგებეში“ შესული ინფორმაციის გადამოწმებას უკვე უშიშროება შეუდგა და მალევე დაადგინეს, რომ 35 წლის  სამთო ინჟინერი – ნუკრი გოლიაძე სწორედ ის ქურდი გახლდათ, ვინც 1973 წლის 1 სექტემბერს, კიევში, ტუტანჰამონის ასკილოგრამიანი ოქროს სარკოფაგი მოიპარა. გოლიაძე დააპატიმრეს. მისგან 99 ათას 50 მანეთი ამოიღეს და მან ქურდობა აღიარა. როგორც გაირკვა, გოლიაძე რვა თვე ამზადებდა ამ დანაშაულს და კიევის ხელოვნების მუზეუმის ქვეშ თხრიდა გვირაბს, რადგან ჯერ კიდევ 1972 წელს დააანონსეს, რომ კიევში ეგვიპტური გამოფენა გაიმართებოდა. ქართველი მძარცველი 15 წლით ჩასვეს ციხეში. მის ცოლს კი ნერვიულობის ნიადაგზე დამბლა დაეცა და დაინვალიდდა.