მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
რომელი სამკაული ახდენს ბედ-იღბალზე გავლენას და რისი ჩუქება გეკრძალებათ საყვარელი ადამიანისთვის #10
2017-03-06
ნონა დათეშიძე

მინერალური ქვები უნიკალური შესაძლებლობებით, გავლენას ახდენს ჩვენს ბედ-იღბალზე. როგორც მინერალოლოგ-ეზოთერიკი, ბატონი მალხაზი ამბობს, მრავალწლიანი გამოცდილება ანახვებს, რომ ქვას შეუძლია ძლიერი ეფექტის მოხდენა, ხოლო, მისი სწორად გამოყენება აუცილებლად უნდა ვიცოდეთ.

 მალხაზი: სანამ ახალშეძენილი ქვის სამკაულს გაიკეთებთ, მანამდე, აუცილებელია მისი ენერგო-ინფორმაციული გაწმენდა წყლისა და მარილის საშუალებით. ასევე, აუცილებელია, იმ ქვების გაწმენდაც, რომელსაც ატარებთ ან გაჩუქეს. შეიძლება, ქვას წინა პატრონის ენერგო-ინფორმაციული პროგრამა გამოჰყვა, ან უბრალოდ, თქვენი ქვა დაიმუხტა თქვენივე ავადმოყოფობით ან უსიამოვნო მოვლენებით, რაც ირგვლივ ხდებოდა.
– როგორ ხდება ქვიდან ავადმყოფობის, ცუდი ინფორმაციისა თუ უბრალოდ, განწყობის „ჩამორეცხვა“?
– „ჩამორეცხვის,“ ანუ გაწმენდის უამრავი მარტივი საშუალება არსებობს. ერთ-ერთია, წყლითა და  მარილით. 1 ჩაის კოვზი მარილი გახსენით 1 ჭიქა ცივ წყალში. ჩაუშვით ქვები მასში ისე, რომ წყალი ფარავადეს და გააჩერეთ მთელი ღამე. დილით გადაღვარეთ მარილიანი წყალი და ქვები გარეცხეთ გამდინარე წყალში. თუ გინდათ, რომ გააქტიუროთ ქვაში მთვარის ენერგია, მაშინ სავსემთვარეობას რამდენიმე საათით დადეთ ისეთ ადგილას, სადაც მთვარის შუქი ეცემა. სამკაული, რომელსაც ადამიანი ატარებს, აუცილებელია იმ ენერგიით დაიმუხტოს, რასაც თავად პატრონი ფლობს და არ შეიძლება, მისი სხვის სხეულზე შეხება. თუ ატარებთ სამკაულებს ყოველდღიურად,  სასურველია მოხსნის შემდეგ, წყლიან ჭურჭელში ჩადოთ ცოტა ხნით, რათა ცუდი ენერგეტიკა, რაც თქვენი ორგანიზმიდან აიღო მან, წყალს გადასცეს და გასუფთავდეს. გაითვალისწინეთ, თუ ვინმე გთხოვთ, მოიხსნათ ქვისგან დამზადებული სამკაული, რათა თავად მოისინჯოს, აუცილებელია, სამკაული ხელიდან ხელში არ გადასცეთ. დადეთ მაგიდაზე და ისე აიღოს. ასევე, მოიქეცით, როცა უკან დაგიბრუნებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია, სხვა ადამიანის ნეგატიური ენერგეტიკა თქვენზე გადმოვიდეს.
– მართლია, რომ კონკრეტული ქვის სამკაულებს შეუძლია, ადამიანის ბედზე, იღბალზე, კარიერაზე, სასიყვარულო კონტაქტებზე მოახდინოს გავლენა? ამ მხრივ, რომელ ქვას აქვს განსაკუთრებით მაგიური თვისებები?
– მაგალითად, „ვეფხვის თვალისგან“ დამზადებული სამკაულების ტარება, ეფექტურად ხსნის დაღლილობასა და გაღიზიანებას, აძლიერებს კონცენტრაციას, ადამიანს ეხმარება ცვლილებების დროს, იცავს უსაფუძვლო ეჭვიანობისგან. ის იცავს ავი თვალისგან და სწორედ ამიტომ ინდოეთში, დედები შვილის ტანსაცმელში აკერებენ ვეფხვის თვალს. ეს ქვა დაკავშირებულია მიწის ენერგიასთან, სიცოცხლის მომცემი და დამცავი ძალებით. ვეფხვის თვალი ეხმარება ორგანიზმს გაწმენდაში ზომაზე მეტი საკვების მიღებისას.  ბევრი მკურნალი ურჩევს პაციენტს, დაავადებათა პრევენციის მიზნით, ეს ქვა ატარონ. ვეფხვის ქვა ეხმარება ჰიპერტონულ პაციენტებს წნევის დაბალანსებაში, კარგია უძილობისას, ამცირებს ბრონქიალური ასთმის სიმწვავეს. მაგიური თვისებებით ვეფხვის თვალი ცნობილი იყო ძველთაგანვე და მზის ქვად მიიჩნეოდა. იყენებდნენ ბოროტი სულების, ჯადოსა და ავი თვალის თავდასაცავად. მეომრებს ეკეთათ ეს ქვა და სჯეროდათ, რომ ის მათ დაჭრისა და სიკვდილისაგან იცავდა. ეს თილისმა აუცილებელია მათთვის, ვისი საქმიანობა ან ჰობი დაკავშირებულია ტრავმებთან და რისკთან. რაც შეეხება სიყვარულს და ბედ-იღბალს, ამ მხრივ მაგიური თვისებებით გამოირჩევა ვარდისფერო კვარცი. ამიტომ, თუ სიყვარულში არ გიმართლებთ, ატარეთ ვარდისფერი კვარცის სამკაულები. თუ უკვე გყავთ მეორე ნახევარი, ეს მინერალი მასთან ურთიერთობას უფრო გაამყარებს, ხოლო, თუ სიყვარულს ჯერ კიდევ ეძებთ, ვარდისფერი კვარცი მის პოვნაში დაგეხმარებათ. იმ შემთხვევაში, თუ ძველ სახლში ცხოვრობთ ან თქვენს საცხოვრებელში დიდი რაოდენობის ელექტროგაყვანილობა და ტექნიკაა, ვარდისფერი კვარცი დაგეხმარებათ, გაწმინდოთ აურა და ცხოვრებაში სიმშვიდე დაიბრუნოთ. უმჯობესია, ვარდისფერი კვარცი გულსაკიდის სახით ატაროთ, რადგან გულის ჩაკრის ქვაა. გარდა ამისა, გულთან დაკიდებული ვარდისფერი კვარცი ემოციურ სტაბილურობასაც განაპირობებს. ეს ქვა კარგია ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის, ამშვიდებს და აწყნარებს მათ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ შვილს ჯიბეში ვარდისფერ კვარცს ჩაუდებთ.
– ბევრი მსმენია გიშრის ქვის შესახებ. ამბობენ მას შეუძლია ავი თვალისგან დაგვიცვას, თავად აიღოს „ცუდი მზერა“ და „თავი მოიკლას“ და ასე შემდეგ. თუმცა, ბოლოდროინდელმა ეზოთერულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ქვას, გარდა ამ თვისებისა, კიდევ ბევრი უნიკალური და მაგიური თვისებაც გააჩნია. ამაზე რას გვეტყვით?
– გიშრის ქვის დახმარებით, შეგიძლიათ, უბრალო წყალი სამკურნალო სითხედ აქციოთ. შუშის ჭურჭელში ჩაასხით 3 ლიტრი სასმელი წყალი, ჩადეთ მასში გარეცხილი გიშრის ქვა და გააჩერეთ სამი დღე-ღამის განმავლობაში. ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ მავნე ორგანული ნივთიერებები სრულად განადგურდეს და წყალმა მიიღოს ორგანიზმისათვის სასარგებლო თვისებები. კერძოდ, მისი დალევა რეკომენდებულია გასტრიტის, ანემიის, ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს; აგრეთვე, დაქვეითებული იმუნიტეტის, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების; გულ-სისხლძარღვთა, სისხლის მიმოქცევის და შარდ-სასქესო სისტემის დაავადებისას. პროფილაქტიკის მიზნით და აგრეთვე, ჩამოთვლილი დაავადებების სამკურნალოდ, რეკომენდებულია, არა ნაკლებ სამი ჭიქა გიშრის ქვით დამუხტული წყლის მიღება, დღის განმავლობაში. შავი გიშრის ქვა, რომლის მაგიური თვისებები ადამიანისათვის ცნობილია უხსოვარი დროიდან, დღემდე ხშირად გამოიყენება სხვადასხვანაირი დამცავი თილისმების დასამზადებლად. რაც უფრო დიდი ხნისაა ქვა, რომლისგანაც ამზადებენ თილისმებს, მით უფრო ძლიერია მისი ენერგიის მუხტი. იასპი კი, ბედნიერებისა და სიხარულის ქვაა. მისი ენერგეტიკა ბუნების გამოღვიძების ენერგეტიკის მსგავსია. ეს ქვა იცავს მეპატრონეს უბედურებისგან, მოაქვს სიხარული, აძლიერებს მეხსიერებას. ძველად ჩინელები ამ ქვას იმდენად სცემდნენ პატივს, რომ თითქმის ყველა ატარებდა.  იასპი ჩინეთში მიიჩნევა, როგორც მარადიული სიცოცხლის სიმბოლო. ის აძლიერებს ფიზიკურ სხეულს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ავიცენა პაციენტებს ურჩევდა იასპის მუცელზე ტარებას, რითაც ადამიანი თავს დაიცავდა საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებისგან. მონღოლებიც მუცელზე ატარებდნენ ყვითელ იასპს, მსგავსი დაავადებებისა და ასევე, ავი თვალისგან დასაცავად.  თუ გჭირდებათ, თქვენში განავითაროთ ინტუიცია და გამოცდების დროს არ დაიბნეთ, შეინარჩუნოთ თვითკონტროლი, უმჯობესია, თილისმად შეარჩიოთ იასპი. ხოლო, თუ ენერგიის აღდგენა და ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობების დალაგება გესაჭიროებათ, ქალცედონის სამკაული უნდა გაიკეთოთ. ონიქსი კი, ბედნიერების ქვაა. არ არის სასურველი მისი ჩუქება ცოლისთვის ან შეყვარებულისთვის. ასეთ შემთხვევაში პარტნიორს გაუჩნდება სურვილი, ურთიერთობებში დომინანტის როლი ითამაშოს.
– არსებობს მოსაზრება, რომ მთვარის ქვა მისტიკური მინერალია და ზებუნებრივ ძალებთან კონტაქტის დამყარებას უწყობს ხელს. ასევე, ამეთვისტო, გამოირჩევა ზებუნებრივი მაგიური ძალებით.
– მთვარის ქვას ყოველთვის მისტიკურად  მიიჩნევდნენ რომაელები და ფიქრობდნენ, რომ იგი მთვარის სინათლისგან წარმოიქმნება, მზის ანტაგონისტია და უცნაური კავშირი აქვს მთვარესთან. ის ახდენს მთვარის დადებითი ძალების კონცენტრაციას. ევროპელების აზრით, ეს ქვა ჯანმრთელობის, სიმდიდრისა და დღეგრძელობის სიმბოლოა. მთვარის ქვას ბედნიერება მოაქვს შეყვარებულებისთვის, რადგანაც ხელს უწყობს ნაზი გრძნობების გაღვიძებას. ასევე, ამ მინერალით შეიძლება მომავლის დანახვა. ამისთვის საჭიროა მისი ენის ქვეშ ჩადება რამდენიმე წუთით, სავსემთვარეობისას. ახალმთვარეობაზე კი, კონცენტრირდება მთელი მისი მაგიური ძალა და დიდი შანსია, იმ ღამით თქვენი მომავალი დაგესიზმროთ. თუ გინდათ, ნახოთ ლამაზი და სასიამოვნო სიზმრები, ამეთვისტოს ქვა ბალიშის ქვეშ დაიდეთ. მას შეუძლია, იმ ადამიანის სიყვარული გამოიწვიოს, ვისაც ამ ქვას აჩუქებენ. უმჯობესია, ამეთვისტო ბეჭდის სახით ნეკა თითზე – მამაკაცებმა მარჯვენა, ქალებმა კი მარცხენა ხელზე ატარონ. ასევე, ფირუზის ქვას მოაქვს ბედნიერება სიყვარულში, ოჯახს უნარჩუნებს მშვიდ გარემოს, ახშობს კამათს და აყალმაყალს. აღმოსავლელი ვაჭრები მიიჩნევდნენ, რომ ვინც ცისფერ ფირუზის ბეჭედს ატარებს, ის არასდროს გაღარიბდებაო. ამისთვის საჭიროა, ატაროთ ის სამაჯურის სახით მარჯვენა ხელზე.