მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
რატომ აღარ უჩნდებათ ზოგიერთი მარხული ადამიანის შემხედვარეებს ეკლესიაში სიარულისა და ქრისტიანობის სურვილი #10
2017-03-06
ნათია უტიაშვილი

ყველა ქრისტიანი ვალდებულია‚ დაიცვას ოთხი კალენდარული მარხვა, ასევე‚ ოთხშაბათ-პარასკევის მარხვა და ის დღეები, რომლებიც ეკლესიამ მარხვად დაადგინა. ბოროტი სული ადამიანისგან გადის ლოცვითა და მარხვით. მარხვა სჭირდება პიროვნებას, რომელიც არის სულიერი. მას სჭირდება ხორციელი მოკვდინება, ხორციელი ცოდვების მიტოვება და სულიერი ცხოვრების დაწყება. ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).

 – მამაო, რატომ არის საჭირო ყველა მარხვის დაცვა? ბევრი ადამიანი ინახავს მარხვას, მაგრამ ამას უკვე მექანიკური ხასიათი აქვს.
– არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარხვა არ არის ხორციელი, მარხვა არის სულიერი – განშორება ყოველგვარი უკეთურებისგან და ისეთ სულიერ მდგომარეობაში ყოფნა, როგორიც უფალს უნდა. წმიდა გრიგოლ ნოსელს დაწერილი აქვს შესანიშნავი შრომა, სადაც ასეთ რამეს გვეუბნება: ვინც ქრისტიანად იწოდება, ის უკვე სხვა ადამიანია, სხვა პასუხისმგებლობის მქონე, რადგან ყველა მისი მოქმედება სხვათა, ანუ არაქრისტიანთა წინაშე წარმოჩინდება, როგორც ქრისტიანობა. შენ ქრისტიანი ხარ და რასაც აკეთებ, მათთვის ყველაფერი ქრისტიანის ნამოქმედარია. ამიტომ, ვინც მისიონერობას იტვირთებს, ცოტად თუ ბევრად, ამ აღმატებულ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს, რომ თავისი სამოღვაწეო თვისებებით, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ნებისმიერი სამოღვაწეო ქმედებით, ცხოვრების წესით, მისაბაძი იყოს. უნდა გვახსოვდეს, რომ, როცა ადამიანი მოდის ეკლესიაში, მისი სული რენტგენზე გადის. როდესაც ისმენს სახარებას, სახარება სულიერ რენტგენზე ატარებს მის შინაგან მდგომარეობას და აღმოჩნდება, რომ ჩვენ უამრავი სნეულება გვაქვს, როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური.
თუ ქრისტიანი ხარ, მარხვაშიც, მარხვის მერეც და მარხვის წინაც, შენი ცხოვრების წესი უნდა იყოს მართლმადიდებლური. დაუშვებელია, ვინმეს ადამიანობაზე ჰქონდეს პრეტენზია და ის არ ცხოვრობდეს ეკლესიურად. დღეს ბევრი შუბლშეჭმუხნილი აცხადებს, მე არ შემიძლია, ეს ყველაფერი გავაკეთოო. მაგრამ, თუ ადამიანი საკუთარ თავს გონიერ, მოაზროვნე არსებად მიიჩნევს, როგორ შეიძლება, თქვას: არ შემიძლია, მარხვა შევინახო, არ შემიძლია აღსარება ვთქვა, თამბაქო არ მოვწიოო, ანუ, თუ არ შეგიძლია, უარი თქვა შენს ცოდვებზე, მაშინ უარი უნდა თქვა ადამიანურ ცხოვრებაზეც. რით განსხვავდება ადამიანი ცხოველისგან? ადამიანი გონიერი, მოაზროვნე არსებაა, მან უნდა შეიცნოს საკუთარი თავი, თავისი უფალი და შემოქმედის მორჩილებაში გაატაროს თავისი მოღვაწეობის, ლტოლვილობის ჟამი. თუ მას ეჭვი ეპარება ღმერთის არსებობაში, არ იცავს მცნებებს, არ დადის ეკლესიაში, მაშინ, როგორც უნდა, ისე იცხოვროს. მაგრამ, ყველა გონიერი არსება ხვდება, რომ არსებობს უხილავი, მარადიული ძალა, რომელიც ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. შენ გარშემო სიცოცხლე ჩქეფს, სიყვარული, სიკეთე, ეკლესია არსებობს. შენ კი ამბობ, რომ არცოდნა არცოდვაა. თუ არ შეგიძლია, ეკლესიური ცხოვრებით მცნებები დაიცვა, მაშინ, არც მარხვა გიშველის, არც მარხვის დაუცველობა.
– როდის უნდა დაიცვას ადამიანმა საგანგებო მარხვები და ლოცვები?
– როდესაც თქვენს ცხოვრებაში არის გარკვეული განსაცდელი: სნეულება, პატიმრობა და ასე შემდეგ, შეგიძლიათ, მოხვიდეთ ეკლესიაში, აიღოთ მოძღვრისგან კურთხევა და შეინახოთ გარკვეული მარხვა კონკრეტული ადამიანებისთვის. თუ შენი ოჯახის წევრი სნეულებაშია, ან საპატიმროშია, ან შენი სულიერი და-ძმა განსაცდელშია, კარგი იქნება‚ თუ კვირაში ერთ დღეს დამატებით კიდევ იმარხულებ მისთვის – ეს იქნება შენგან ძალიან კარგი ქმედება, შენც განიწმიდები და მასაც დაეხმარები. სამწუხაროდ, დღეს ადამიანმა მარხვაც თავისი ამპარტავნების გამოსაჩენად და დასაკმაყოფილებლად მოიგონა, რათა ვინმეს წინაშე აღიმაღლოს თავი. იმის მაგივრად, რომ მარხვაში სიმდაბლე, სიყვარული მოიპოვონ, საკუთარი თავი შეიმეცნონ,  შეიცვალონ, პირიქით, უფრო მეტ ამპარტავნებასა და ცოდვაში ვარდებიან. მარხვის შენახვით ადამიანი ისეთი აღარ უნდა იყოს, როგორიც მარხვის დაწყებამდე იყო. თუ მარხვის დამთავრების შემდეგ ისევ ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება, მაშინ მთელი მისი მარხვა და მოღვაწეობა ფუჭი იქნება. მარხვაში ქრისტიანს უნდა გაეღვიძოს სულიერი მარხვა.
– რა უნდა მოუტანოს მარხვამ ადამიანს?
– მარხვამ თუ არ დაგვამდაბლა, თუ არ გაგვახსენა, რატომ არ უნდა მივიღოთ ან მივიღოთ ესა და თუ ის ნაყოფი, პირიქით, ამპარტავნებაში ვვარდებით, უფრო თავდაჯერებულები ვხდებით და ვშორდებით უფალს. გარშემო ყველას განვიკითხავთ, ვინც მარხვას არ იცავს, არ დადის ეკლესიაში, არადა, ჩვენ უარესად ვიქცევით. ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა თითოეული მარხვა ისე უნდა დაიცვას, თითქოს ის მისთვის ბოლო მარხვაა – ხომ შეიძლება, ვერ დავასრულოთ მარხვა, ვერ შევეგებოთ მაცხოვრის აღდგომას?! მაგრამ, ბევრი იმაზე ფიქრობს, როდის დამთავრდება მარხვა და როდის მიირთმევს არასამარხვო კერძებს. ბევრი მარხვაშიც ცდილობს, თავისი გემოთმოყვარეობა დაიკმაყოფილოს – ისეთი გემრიელი კერძები, ტორტები, ნამცხვრები და ღვეზელები მოიფიქრეს,  შეიძლება, მსგავსი ხსნილშიც ვერ ვჭამოთ. სამწუხაროდ, ბევრი, როგორიც მოდის ეკლესიაში, ისეთივე მიდის მარხვის შემდეგაც და ახლა უკვე მომდევნო მარხვას ელოდება. როცა ხსნილია, ჩვეულებრივი ცხოვრება მიდის – მაშინ დაკავებულები არიან, არ მოდიან ეკლესიაში, არ სცალიათ. მაგრამ, მარხვისადმი იმდენად მაგიური დამოკიდებულება აქვთ, რომ, როგორც კი მარხვა დაიწყება, მაშინვე გამოცხადდებიან ტაძარში – მარხვას ვიწყებო. ამას მივესალმები, მაგრამ, თუ საკუთარ თავს ხორციელი სიამოვნება არ ავუკრძალეთ, დაპურებულები, გალაღებულები, ნაყროვანებაში თუ ვიქნებით მარხვაში, არაფერი გამოვა. მარხვა უნდა იყოს სულიერი, მოძღვრის კურთხევით. მორჩილების, მოძღვრის ლოცვა-კურთხევის, თავმდაბლობის, აღსარებისა და ზიარების გარეშე, მარხვა იქნება დიეტა და არანაირ ნაყოფს არ გამოიღებს.
– ხშირად ქრისტიანები მარხვის დამთავრებისთანავე ამთავრებენ ეკლესიურ, სულიერ ცხოვრებასაც და მომავალ მარხვას ელოდებიან.
– მარხვის დროს მოდის მრევლი და კითხულობენ: რა ვჭამოთ და რა არ ვჭამოთო. რომ უნდა გეყიდა ხორცი, ყველი და რძის ნაწარმი, იმ თანხით კი მოწყალებას გასცემ – აი, ეს არის ნამდვილი მარხვა და 24 საათი რომ არ მისჩერებიხარ კალენდარს – როდის დამთავრდება მარხვა. მარხვა არის მკურნალობა, სიმდაბლე, ლოცვა, სიარული ეკლესიაში, რომ მარხვის შემდეგ ისეთივე ქედმაღალი, მოჩხუბარი, ბოროტი აღარ იყო. სამწუხაროდ, ვინც არ მარხულობს, ამჩნევს, რომ მათი ოჯახის წევრი, რომელიც მარხვაზეა, არაფრით გამოირჩევა მისგან და უფრო მეტად ჩხუბობს, განიკითხავს, ბრაზობს. მორიელი ერთი თვე არ ჭამს და მას შხამი ემატება. ბევრი ქრისტიანი მარხვაში მორიელს ემსგავსება – ხედავს, რომ სხვა გემრიელად შეექცევა არასამარხვო კერძებს, თვითონ კი არ ჭამს და გაბოროტებულია. მის შემხედვარე ბევრს აღარ მოუნდება მარხვის შენახვა და საერთოდ, ეკლესიაში წასვლა. ვაბრკოლებთ იმათაც, ვინც არ მარხულობს, რადგან მარხულები ისეთი შეწუხებულები, საცოდავი სახით იყურებიან, რომ მათ შემხედვარეს აღარაფერი მოგინდება. მარხვის დამთავრებისას სიმშვიდე, თავმდაბლობა, სიყვარული უნდა დაგვეუფლოს და მოგვემატოს სულიერება – ის ხომ ადამიანის ცვლილებაა და არა ლოცვების ბევრჯერ წაკითხვა.