მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
კოსმეტოლოგის რჩევები
2010-02-03


კითხვა: თვალების გარშემო და საფეთქლებზე გამიჩნდა წვრილი, თეთრი ფერის გამონაყარი. რა არის მათი გაჩენის მიზეზი და როგორ მოვიშორო?

პასუხი: ასეთ გამონაყარს მილიუმი, ანუ თეთრი ფერისმჭამელები ჰქვია. ისინი ძირითადად ჩნდება სახეზე – ქუთუთოებზე, ღაწვებზე და საფეთქლებზე. თეთრი ფერისმჭამელები, როგორც წესი, ზომით ძალიან წვრილია, მყარი და კანიდან ოდნავ ამობურცული. ხშირად ცალ-ცალკეა გაფანტული, მაგრამ ხანდახან ჯგუფ-ჯგუფადაც გვხვდება.

მილიუმი ჩნდება კანის ფორების დაცობის (ამოქოლვის) დროს და აფერხებს შეფერხებული ცხიმების დაგროვებას და ეპითელური უჯრედების გაზრდა-გავრცელებას. ეს უჯრედები ფენებად ედება ერთმანეთს და ქმნის მკვრივ მასას, რომლის შედეგადაც ჩნდება თეთრი ფერისმჭამელა. ისინი ძირითადად უჩნდებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ორგანიზმში მაღალი აქვთ ქოლესტერინის დონე. აქედან გამომდინარე, სანამ დერმატოლოგთან წახვალთ, გაიკეთეთ სისხლის ანალიზი ქოლესტერინზე და შეამოწმეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მდგომარეობა. გარდა ამისა, გააკონტროლეთ კვება: ცილებითა და ცხიმებით გაჯერებული და შემწვარი საკვები მხოლოდ ხელს შეუწყობს თეთრი ფერისმჭამელების გაჩენას.

სამწუხაროდ, მილიუმისგან საბოლოოდ გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მათი სისტემატიური მოშორებით. ყველაზე გამართლებული და ეფექტური საშუალებაა, მიმართოთ ესთეტიკურ კლინიკას, სადაც ექიმი-დერმატოლოგი თვითონ მოგაშორებთ ამ თეთრ წერტილებს.

თეთრი ფერისმჭამელების მოშორება შეიძლება მოწვით (დენის მცირე დონით) – ელექტრონული ნემსის დახმარებით, მაგრამ ასეთი მანიპულაციის შემდეგ, თუ ის არაპროფესიონალმა ჩაგიტარათ, აუცილებლად დაგრჩებათ კანზე ნაკვალევი. მრავლობითი (ჯგუფური) მილიუმის მოსაშორებლად, განსაკუთრებით, თუ ისინი წვრილი და ზედაპირულია, შეგიძლიათ, მოსინჯოთ ამქერცლავი კრემები, მაგრამ ეს უნდა გააკეთოთ ექიმ-დერმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

კითხვა: რამდენნაირი ტუში არსებობს და როგორ შევარჩიო ხარისხიანი ტუში წამწამებისთვის?

პასუხი: ტუში არსებობს მკვრივი, ნახევრად თხევადი და თხევადი; ასევე წყალგამძლე, მოცულობითი, წამწამების დამაგრძელებელი, „სველი“ ეფექტით და ამპრეხი.

ხარისხი შეამოწმეთ შემდეგნაირად: მსუბუქად წაისვით ჯაგრისი ხელის ზურგზე. თუ კანზე არ დაგრჩათ ტუშის ნამცეცები, ესე იგი, პროდუქტი ხარისხიანია.

თუ ადვილად გიღიზიანდებათ თვალები, ტუშის ყიდვისას დააკვირდით, უნდა ეწეროს: „რეკომენდებულია ოფთალმოლოგების მიერ“ ან „ჰიპოალერგიული“.

და, ბოლოს, არ იყიდოთ ვადაგასული და საეჭვო წარმოშობის ტუში.

კითხვა: მითხრეს, რომ რამდენიმე თვის წინ თქვენს რუბრიკაში ეწერა ყოველ 10 წელიწადში კანის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ. თუ შეიძლება, კიდევ ერთხელ გაგვაცანით ეს მონაცემები.

პასუხი: სიამოვნებით ვასრულებთ თქვენს თხოვნას.

ყოველ 10 წელიწადში კანის სტრუქტურაში ხდება არსებითი ცვლილებები და, აქედან გამომდინარე, ყველა ასაკში კანი ინდივიდუალურ მოვლას ითხოვს.

25 წლამდე – თუ კანი ჯანმრთელია, არსებით ცვლილებებს არ განიცდის;

25-დან 35 წლამდე – წყლის შემცველობა მცირდება 17 პროცენტით;

35-დან 45 წლამდე – ელასტინის რაოდენობა მცირდება 14 პროცენტით;

45-დან 55 წლამდე – უჯრედების გამრავლება მცირდება 48 პროცენტით;

55 წლიდან – კალოგენის რაოდენობა მცირდება 30 პროცენტით.

კითხვა: ცოტა უხერხული შეკითხვაა, მაგრამ ჩემს 15 წლის ვაჟს ხშირად უჩნდება ოფლის სუნი იღლიებში. არანაირი დეზოდორი არ შველის. რას მირჩევთ?

პასუხი: ეს პრობლემა მოზარდებში არცთუ იშვიათად გვხვდება. ხშირად ამის მიზეზი გარდატეხის ასაკია, მაგრამ, რადგან თქვენს შვილს არ შველის ცნობილი ეფექტური საშუალებები, უნდა მიიყვანოთ ექიმთან და დაადგინოთ, დარღვეული ხომ არ აქვს ნივთიერებათა ცვლა (ესეც იწვევს ჭარბ ოფლიანობას). ისე კი, ყველაზე შედეგიანია ჩვეულებრივი საჭმლის სოდა: საპნით დაბანის შემდეგ, ნამიან იღლიაში ერთი მწიკვი სოდა წაისვას.

კითხვა: როგორ უნდა წავისვა ტონალური კრემი?

პასუხი: ტონალური კრემის წასმისას თითების მოძრაობა მიმართული უნდა იყოს სახის ცენტრიდან პერიფერიებისკენ, ცხვირზე – კეხიდან ქვემოთ და შემდეგ – ღაწვებისკენ, წარბების გარშემო კი – თვალის შიდა ჭრილიდან, ზედა ქუთუთოს გავლით, საფეთქლისკენ, შემდეგ – ქვედა ქუთუთოს გავლით – ცხვირისკენ. საერთოდ, ტონალური კრემი თვალების გარშემო იშვიათად, გამონაკლის შემთხვევებში უნდა წაისვათ (როცა სადმე განსაკუთრებულ ადგილას მიდიხართ).