საზოგადოება

როგორ აუკრძალა სტალინმა ბერიას საქართველოს საქმეებში ჩარევა, კანდიდ ჩარკვიანის გავლენით

№17

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 30.04

კანდიდ ჩარკვიანი
დაკოპირებულია

სტალინური ეპოქის პოლიტბიუროს წევრების, ცალკეული პიროვნებების ისტორიები ამოუწურავია. ბუნებრივია, ყველა მათგანს აქვს თავისი ცხოვრების ძალზე საინტერესო ისტორიები, მით უფრო – კანდიდ ჩარკვიანს, იმდენად, რომ მას საკუთარმა შვილმა ერთხელაც აუდიო და ვიდეო ინტერვიუ ჩამოართვა. გელა ჩარკვიანი მამაზე ბევრ რამეს გვიამობს, თუმცა, ყველაფერს ჟურნალის ერთი ან ორი გვერდი ვერ დაიტევს. ამჯერად ბატონი გელას ნაამბობს შემოგთავაზებთ კანდიდ ჩარკვიანის ცხოვრების შესახებ.

ვფიქრობ, რომ სტალინს მამაჩემი მოსწონდა

„მე ვფიქრობ, რომ სტალინს მამაჩემი მოსწონდა, რადგან ის იყო ახალი თაობის საბჭოთა ინტელიგენტი. ის იყო 31 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც გერმანული იცოდა კარგად, მარქსიზმი იცოდა ძალიან კარგად და „კაპიტალიდან“ ციტატებს გერმანულად ისროდა. ლიტერატურა, რუსული ენა იცოდა ზედმიწევნით. მიუხედავად იმისა, რომ მე სკოლა მოსკოვში მაქვს დამთავრებული, როცა შევარდნაძესთან ვმუშაობდი და რუსულად მიწევდა ხოლმე სიტყვის დაწერა, ზოგჯერ მამაჩემს ვურეკავდი ორთოგრაფიასთან დაკავშირებით. ასევე, ვურეკავდი რომის იმპერიასთან, ისტორიასთან დაკავშირებით, როცა ანალოგია მჭირდებოდა. ჰოდა, მიმაჩნია, რომ სტალინს სწორედ ამის გამო ჰქონდა განსაკუთრებული სიმპათია მამაჩემის მიმართ. ის ხედავდა მასში ახალ კაცს, ახალი ტიპის კადრს, განსხვავებით იმავე ბერიასგან და სხვებისგან, რომლებიც არ იყვნენ ნამდვილი განათლების მქონე ადამიანები. მათ არც მარქსიზმი იცოდნენ მაინცდამაინც. ისინი მაინც „აპარატჩიკები“ და ძალისმიერი ორგანიზატორები იყვნენ. მაშინ, როდესაც კანდიდი იყო კაცი, რომელსაც სტალინი ელაპარაკებოდა სხვადასხვა თემაზე, ისეთ თემებზე, რომლებზეც სხვებს ვერ დაელაპარაკებოდა. მამაჩემს ელაპარაკებოდა ლიტერატურაზე, ისტორიაზე და სხვა საკითხებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩამოდიოდა აფხაზეთში და მამაჩემი ყოველდღე ხვდებოდა მას. ეტყობა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. მარტო ამით ახსნა ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ კანდიდ ჩარკვიანი ადგილზე 14 წელი იყო... ბერია ძალიან ცუდად იყო განწყობილი მამაჩემის მიმართ, უკვე 1937 წლიდან მოყოლებული. თავიდან ასე არ იყო, მაგრამ 37-ის ბოლოს ვითარება იცვლება – მამაჩემს არ ირჩევენ დეპუტატად. არადა, ის არის ცეკას კულტურის განყოფილების გამგე და ეს წარმოუდგენელია, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. მამაჩემი გრძნობს, რომ რთულადაა საქმე და, ისედაც, ბერიასთან შეხვედრებისას, ის ცუდად ეგებება ხოლმე. მაგრამ მერე, ხდება ასეთი რამ: სადღაც 38-ის დასაწყისში ბერია ჩადის მოსკოვში და ამ დროს იქ იმყოფება ვასო ეგნატაშვილი, რომელიც ახლოს იყო სტალინთან, იმდენად ახლოს, რომ ზოგს ძმადაც მიაჩნდა. როდესაც ბერია თბილისში დაბრუნდა, სრულიად შეიცვალა მამაჩემთან ურთიერთობაში. ისე ძალიან, რომ უკვე „კანდიდ ნესტოროვიჩით“ მიმართავს. ვასო კი ეუბნება მამაჩემს – „სტალინმა მკითხა, ეს ჩარკვიანი ვინ არისო?“ არადა, საქმე ის არის, რომ სტალინის რუსულის მასწავლებელი იყო კოტე ჩარკვიანი, ხოლო კოტეს მამა იყო მღვდელი, ჩარკვიანი, რომელიც იყო სტალინის მამის დიდი მეგობარი – ერთად სვამდნენ. მაგრამ, თავად კოტე – ინტელიგენტი, დახვეწილი კაცი, სტალინს უყვარდა. ჰოდა, როდესაც სტალინმა იკითხა მამაჩემზე, „ეს ჩარკვიანი გორელიაო?“, ვასომ უპასუხა, „არა, გორელი არ არის, მაგრამ ქართლელივით დინჯი კაციაო“. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: სტალინი კუთხური იყო, ესე იგი, მისთვის კუთხურობას ჰქონდა მნიშვნელობა. ეს მაშინაც გამოჩნდა, ოლქები რომ შექმნა საქართველოში. ამას გარდა, წაიკითხა კიდეც რაღაც-რაღაცები მამაჩემის დაწერილი. კანდიდ ჩარკვიანი იყო „ახკომის“ რედაქტორი და მწერალთა კავშირის მდივანი და, ბუნებრივია, წერდა. შესაძლებელია, ამან ყველაფერმა ერთად იმოქმედა. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ბერიას კაცის დატოვება მას არ უნდოდა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მან დანიშნა კანდიდ ჩარკვიანი, რომელიც ბერიას ნამდვილად არ უნდოდა. ვერ ვიტყვი, დასაწყისში, პირველი ორი წელი ან ომის დროს როგორ იყო, მაგრამ შემდეგ სრულიად აშკარად ჩანს, რომ მამაჩემი ბერიასთან დაახლოებულ მაღალი რანგის კადრებს იშორებს. მათ შორის რაფავასაც, რომელიც უშიშროების მინისტრი იყო. რაფავა აქ იყო და დაინიშნა უშიშროების მინისტრად. შარიაც აქ იყო. მოგვეხსენება, თუ რა საქმეზე მოხსნეს პეტრე შარია: მას გარდაეცვალა ვაჟი – დაზმირი, რამაც საშინლად იმოქმედა შარიაზე და მან დაწერა პოემა, რომლის რამდენიმე ათეული ეგზემპლარი, სტამბური წესით, მოსკოვში გამოსცა, სადაც ამბობს, რომ „ჩვენ შევხვდებით ისევ“. ამის გამო, ჟდანოვმა დაურეკა მამაჩემს: „რა ხდება თქვენთან, კომუნისტები ხართ, თუ ვინ ხართ საერთოდო?“ ამ საქმეს გადაჰყვა შარია. ფაქტია, რომ იმ დროისთვის და მე ეს პირდაპირ ვიცი მამაჩემისგან, სტალინმა ბერიას საერთოდ აუკრძალა საქართველოს საქმეებში ჩარევა. ამიტომ, 1940-იანი წლების განმავლობაში და სადღაც 1952-მდე, სანამ მამაჩემს გაათავისუფლებდნენ, ბერიას, ფაქტობრივად, რაიმე გავლენა აღარ ჰქონდა საქართველოზე. უბრალოდ, ბერიას ხალხიც აღარ იყო მაღალ თანამდებობებზე, სულ ახალი ხალხი მოიყვანა მამაჩემმა... ბერიას სახელი მოედანს (დღეს – თავისუფლების მოედანი მაშინვე დაარქვეს, როგორც კი ის მოსკოვში გადაიყვანეს. კულტი იყო იმ მხრივ, რომ ბერია ახსოვდა ხალხს. მას მართლა ბევრი ჰქონდა გაკეთებული. კარგი ორგანიზატორი იყო, ბევრი საჭირო მშენებლობა წამოიწყო. მშენებლობა უყვარდა, არქიტექტორული ტექნიკუმი ჰქონდა დამთავრებული და საერთოდ, ხელოვნებაზე მზრუნველის რეპუტაციაზე ჰქონდა პრეტენზია. მაგრამ, აქაურ საქმეებში ვერ ერეოდა. ერთხელ, მამაჩემის თანაშემწემ, ვახტანგ კუპრავამ მომიყვა: „ვერ წარმოიდგენო, ბერიას წერილი მივიტანე მამაშენთან, შეხედა და ჩააგდო უჯრაში. მერე ერთი-ორჯერ ვკითხე და, იყოსო, მითხრა.“ ეს მართალია. და მართლაც, რატომ იყო ბერია განრისხებული კანდიდ ჩარკვიანზე? როდესაც მამაჩემი გაათავისუფლეს და მოსკოვში ცეკაში სამუშაოდ გადაიყვანეს, სადაც ცენტრალური აზიის რესპუბლიკებს კურირებდა, ბერია მთელი წელი ერიდებოდა მასთან შეხვედრას. მამაჩემს კი უნდოდა, თავისი პერსპექტივა გაერკვია, ვინაიდან ის გაათავისუფლეს და არა მოხსნეს „მეგრელთა საქმეზე“. მაშინ ფორმულირებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ეს საქმე კი რა იყო? ის იყო დაწყებული სტალინისა და აქაური კარიერისტების მიერ, რომლებმაც მიზნად დაისახეს ძალაუფლების ხელში აღება, ხოლო სტალინს უნდოდა ბერიას მოცილება. 1953-ის აპრილში უკვე უნდა შემდგარიყო პროცესი. ახლა ვნახოთ: რომ დაწყებულიყო ეს პროცესი, ხომ ნამდვილად ვიღაცა ხელს გაიშვერდა ბერიასკენ და ბერია ამით დამთავრდებოდა. არადა, მარტის 5-ში სტალინი კვდება. მე არ ვარ კონსპიროლოგიის მომხრე – პირიქით, მე ამას ვებრძვი, მაგრამ აქ, ეჭვი არ მეპარება, რომ არა მარტო ბერიამ, არამედ ამათ (პარტიის იერარქებმა), ყველამ, ერთად მოკლეს. სტალინს, როგორც პრინციპში, მოსდით ხოლმე პარანოიდულ დიქტატორებს, უნდოდა ამათგან, ყველასგან გათავისუფლება. სხვებსაც – მალენკოვს, ხრუშჩოვს – ეშინოდათ. მისი დაცვის უფროსი, ვლასიკიც კი დაიჭირა სტალინმა ერთი თუ ორი თვით ადრე. ვლასიკი რომ არ დაეჭირა, შეიძლება ვერც მოეკლათ…

ესე იგი, „მეგრელთა საქმე“ არ იყო მხოლოდ ბერიას წინააღმდეგ მიმართული კამპანია. არადა, ვიცით, ხომ, სტალინის ცნობილი ფრაზა აბაკუმოვს რომ უთხრა – „თùèòå ბîëüøîჯî ìèíჯðåëჭ“…

თუ ყველას დაიჭერდა, მაშინ, რასაკვირველია, ბერიასაც დაიჭერდნენ. ჯამში, იმ პროცესიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი მივიდოდა ბერიამდე. თანაც, ამ საქმეს იძიებდა არა ჩვენი პროკურატურა, არამედ მოსკოვიდან გამოგზავნილი 30-კაციანი ბრიგადა, რომელიც აქ ხალხს აწამებდა. ნინა ჟვანია აწამეს! თან, როგორი წამება ჰქონდათ? მოხრიდნენ კაცს წელში და 24 საათის განმავლობაში ის ვერ იმართებოდა...

როგორც ვთქვი, მთელი წლის განმავლობაში (1952 წლის აპრილში კანდიდ ჩარკვიანის ცეკას პირველი მდივნობიდან გათავისუფლების შემდეგ) მამაჩემი სთხოვდა ბერიას შეხვედრას და ის არ ხვდებოდა. ეშინოდა. სტალინის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, 17 მარტს, მამაჩემმა დაურეკა ბერიას, რადგან ახლა კიდევ უფრო აინტერესებდა, რა იქნება და როგორ, და იმან – „მოდი, მოდიო“, უთხრა. ჰოდა, რატომ ეშინოდა ბერიას, სანამ სტალინი ცოცხალი იყო? ეშინოდა, იმიტომ, რომ იცოდა თავისი რთული მდგომარეობა და ფიქრობდა: „ეს კაცი, ჩარკვიანი, მაინც უკმაყოფილოა, ის მოხსნეს, გაუშვეს“ და ბერია ხვდება აქ, მოსკოვში და ვაითუ, იმან, იმ „ურჩხულმა“, სტალინმა გაიგოს! ჰოდა, აი, ამის ეშინოდა და გასაგებიც არის. მოკლედ, 17 მარტს მივიდა მამაჩემი ბერიასთან. არადა, წინათ ყოველთვის დგებოდა და ისე მიესალმებოდა, ახლა კი არც ადგა და ასე, მაგიდიდან ხელის ჩამორთმევით მომესალმა და მითხრა, დაჯექი, დაჯექიო. და, როდესაც კანდიდმა ჰკითხა რეაბილიტაციაზე, არადა, რეპრესირებულების რეაბილიტაცია უკვე იწყებოდა, ბერიამ იუარა, „არა, ახლა არა, მოსკოვსა და თბილისში ნუ იქნები“ და ფაქტობრივად, გადაასახლა მამაჩემი, მაგრამ, იქვე მოხდა ერთი საოცრება. ბერია 17 მარტს ეუბნება კანდიდს – „აი, თქვენ გახადეთ ეს ასეთად, კულტი რომ შექმენით ამისი, აბა, ვინ იყო ეგ უნიჭო, ეგაო“ – სტალინზე ეუბნება!.. ბერია უპირებდა სტალინს უარესს, ვიდრე გაუკეთა ხრუშჩოვმა. ეს უკვე ფაქტია, ვინაიდან 17 მარტს ეუბნება მამაჩემს ამას. „ომი ვინ მოიგო, იმან კი არა, ჩვენ მოვიგეთ ომიო“.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი